Once upon a time in America

Once upon a time in America

1997 წელი. ვაშინგტონი...... დავბორიალობ „პენსილვანიაზე“......

ისე, ამერიკის ქალაქებში უაზროდ ბორიალს არაფერი სჯობს. არა მხოლოდ მანჰეტენზე, არამედ პატარა ქალაქებში, ან თუნდაც ისეთ „ბიუროკრატიულ ცენტრში“, როგორიც ვაშინგტონია, სადაც თითქოს არც არაფერია საინტერესო - შესანიშნავი მუზეუმების გარდა რასაკვირველია.

მაინც იგრძნობა რაღაც საოცარი ენერგეტიკა ანგლოსაქსური სამყაროს ქალაქებში. მათ შორის ლონდონშიც.

აი, გერმანიაში მსგავსი არაფერია. ბერლინშიც კი უცნაური სევდა, მოწყენილობა და დეპრესიაა. „იმ“ ენერგეტიკის ნასახიც არ არის....... თითქოს საცოდავი ვერტერი შემოგცქერის მუდამ ტანჯული თვალებით....

ჰოდა.....მივადექი გაზეთების კიოსკს, სადაც სუვენირები იყიდება. ლითონის საიუბილეო დოლარიანი მინდა ვიყიდო-ჯორჯ ვაშინგტონის გამოსახულებით. 1,99 დოლარი ღირს. ანუ, არა ორი დოლარი, არამედ სწორედ ერთი დოლარი და ოთხმოცდაცხრამეტი ცენტი. ეს ამერიკაა, ენაცვალოს ჩემი თავი!

გამყიდველი დაახლოებთ 60-65 წლის თეთრკანიანი ამერიკელია. მაღალი, უფრო სწორად ვეება კაცი...... ჭკვიანი თვალებით და კეთილი ღიმილით.

- What country are you from?

ისე, ამერიკელი რომ შეგატყობს, უცხოელი ხარ, ამას აუცილებლად გკითხავს. ისევე, როგორც ინგლისელი, თუ შენი ინგლისური მოეწონა, აუცილებლად გეტყვის რა კარგად ლაპარაკობ ინგლისურადო („რა კარგია შენი ინგლისური“). აი რუსი არასდროს გეტყვის, რა კარგად ლაპარაკობ რუსულადო. Исключено.

- I,m From Georgia

- ოოოოო - გაუკვირდა, თუმცა მაშინვე ჩავურთე: ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა ( Former soviet republic)

- იე,იე, ვიცი, Near Russia.......

- Yes near Black sea. – „რუსეთის მეზობლის“ სტატუსს „შავი ზღვის“ მეზობლობა ვარჩიე. მით უმეტეს, იმედი მაქვს, მისი „გენეტიკური იდენტობა“, რომელიც ზღვებისა და ოკეანეების უსასრულობას უკავშირდება, ამგვარ „ლინკს“ უფრო მიიღებს. თუმცა ვხედავ, შავი ზღვა ისევე არ ეუბნება არაფერს, როგორც ბარენცის ზღვა არ ეტყოდა.

-

დიახ, დიახ - იჭმუხნის შუბლს. ვატყობ, ჩაირთო მისი „ასოციაციური აპარატი“ და ცდილობს რამე მაინც გაიხსენოს, რაც იმ „არანამდვილ ჯორჯიას“ უკავშირდება. ნამდვილი Georgia მისთვის, რა თქმა უნდა ის ჯორჯიაა- დედაქალაქით ატლანტაში, მაგრამ არ უნდა მაწყენინოს და აპირებს რაღაც გაიხსენოს საქართველოზე. ამიტომ დაძაბულად ფიქრობს.

მეც ვფიქრობ: ნეტავ რას გაიხსენებს საქართველოზე? საინეტრესოა. „შენ ხარ ვენახო“ რომ არ გაახსენდება, ცხადია. არც „ქართული ღვინო“: საერთოდ, ამერიკაში ღვინოს ან „ძააან სვეტები“ სვამენ, ან ლათინოსები, ან რუსები. საშუალო ამერიკელი „პივისტია“ და „ვისკისტი“

აშკარაა, მისი მენტალობიდან და „ელემენტარი სქულში“ მიღებული განათლებდიან გამომდინარე, აუცილებლად შეეცდება პერსონიფიცირებას პირველ რიგში და ამის გათვალისწინებით განა კითხვა უნდა, ვინ გაახსენდება საქართველოსთან და ქართველებთან დაკავშირებით? ჰა ჰა ჰა საკუთარ თავს ვენიძლავები, რამდენ წამში გაიხსენებს „ყველაზე დიდ ქართველს“, რომელიც მსოფლიოს აზანზარებდა და ამერიკასაც შიშის ზარს სცემდა......

ეს ყოველივე 10-15 წამს გრძელდება, უცბად თვალები გაუბრწყინდა, - გაახსენდა, გაახსენდა!!! Yes, Yes, Khrushov was from Georgia, Khrushov!

ვართმევ სუვენირს და ვუღიმი: Thank you very much sir, ვტრიალდები და მოვდივარ

-Y,r welcome!!! – გრგვინავს მისი „ამერიკული ინგლისური“. აშკარად გახარებულია, რომ არ მაწყენინა და ჩემი ქვეყნის შესახებ რაღაც მაინც გაიხსენა.

დათო