საერთაშორისო მიმოხილვა. 11 იანვარი. 2025 წელი
ევროკავშირის „საგარეომ“ კაია კალასმა განაცხადა, რომ თუ ამერიკა 20 იანვრის შემდეგ უარს იტყვის უკრაინის დახმარებაზე, ამ მისიას ევროპა იკისრებს.
ეს განცხადება, როგორც ჩანს, იმითაა ინსპირირებული, რომ ვრცელდება ჭორები 20 იანვრის შემდეგ „რამშტაინის“ ფორმატის გაუქმების შესახებ.
ხსენებული ფორმატი გულისხმობს ამერიკის ლიდერობას უკრაინის სამხედრო დახმარების (!) კოორდინაციის თვალსაზრისით.
რამშტაინი ამერიკის უდიდესი სამხედრო ბაზაა ევროპაში, გერმანიის ტერიტორიაზე.
ჯერ მართლაც არ არის ცხადი, გააგრძელებს თუ არა აშშ ახალი ადმინისტრაცია პარტნიორებთან თანამშრომლობას ამ თვალსაზრისით და ასეთ დონეზე.
ყოველ შემთხვევაში კაია კალასის განცხადება ამ მხრივ სამწუხარო სიმპტომია: რაკი ამ დონის ფიგურა ასეთ განცხადებას აკეთებს, მაშასადამე ამას აქვს საფუძველი.
Bloomberg აქტიურად სპეკულირებს ამ თემაზე და წერს, რომ დონალდ ტრამპმა შესაძლოა „კოორდინატორის“ მისია იტალიის პრემიერ მინისტრ ჯორჯა მელონის „გადააბაროს“.
ბუნებრივია, ქალბატონი მელონი უარს კი არ იტყვის ამაზე....... მაგრამ რამდენად შ ე ძ ლ ე ბ ს სხვა საქმეა.
Bloomberg-ის წყაროთა და ანალიტიკოსთა მოსაზრებით, ტრამპის მოტივი შესაძლოა ის იყოს, რომ თუ „რამშტაინის“ ფორმატი გაგრძელდა, მაშინ ამერიკა ვეღარ შეასრულებს „შუამავლის“ როლს უკრაინასა და რუსეთს შორის.
კაია კალასის წინამორბედი ევროკავშირის „უმაღლესი წარმომადგენლის“ პოსტზე საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჟოზეფ ბორელი საპირისპიროს ამბობდა: ევროკავშირი ვერ შეცვლისო ამერიკას უკრაინის სამხედრო დახმარების საკითხში.
ეს „აღრეულობა“ ყველაზე ცუდია რაც შეიძლება იყოს, რაკი აიმედებს აგრესორს.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
ამერიკა უახლოვდება ისტორიულ გადაწყვეტილებას: აშშ უზენაესი სასამართლო (იგივე „საკონსტიტუციო სასამართლო“) გამოიტანს ვერდიქტს, აკრძალოს თუ არა TikTok, რომელიც ეკუთვნის ჩინურ კომპანიას ByteDance და ნამდვილად (ნ ა მ დ ვ ი ლ ა დ!!!) ქმნის უსაფრთხოების რისკებს, რაკი ჩინეთში ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი კომპანიები არ არსებობენ დე-ფაქტოდ.
ამ პლატფორმას ამერიკაში 170 მილიონი მომხმარებელი ყავს.
განსაკუთრებით ახალგაზრდობა, მათ შორის თინეიჯერები, რაც მართლაც, ულაპარაკოდ, უეჭველად ეგზისტენციალური რისკია.
თუ აშშ უზენაესი სასამართლო (Supreme court) აკრძალავს ჩინურ პლატფორმას, ეს იმას ნიშნავს, რომ ამერიკული გიგანტები Apple და Google იძულებულნი გახდებიან ამოიღონ იგი თავიანთი Store-ებიდან ანუ მათი მეშვეობით ამ აპლიკაციის ჩამოტვირთვა შეუძლებელი გახდება.
ასევე აიკრძალება ინტერნეტიდან, ინტერნეტ-ჰოსტინგით, ინტერნეტმაღაზიებიდან აპლიკაციის ჩამოტვირთვა, თუმცა არსებობს VPN სერვისები, რომლებიც მუდამ ქმნიან საშუალებას ამგვარ აკრძალვებს გვერდი აუაროთ.
სხვათა შორის აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ეს ამერიკული გიგანტები, Apple და Google იძულებულნი გახდნენ ჩინეთში ამოეღოთ გაყიდვიდან და შეთავაზებებიდან WhatsApp, Signal, Threads ჩინეთის კომპარტიის მოთხოვნით.
ოღონდ......ამერიკელებს არ აეკრძალებათ, ჰქონდეთ თავიანთ ტელეფონებში TikTok აპლიკაცია თუ როგორმე მოახერხებენ ამ აპლიკაციის მოპოვებას და ამ „მოხერხებისთვის“ უამრავი შეთავაზება ექნებათ რასაკვირველია ჩინეთისგან.
გამოდის, ამერიკის იუსტიციის სამინისტროს ეს სარჩელი, რასაც ახლა აშშ უზენაესი სასამართლო განიხილავს, მიზნად ისახავს მხოლოდ (თუნდაც) მომხმარებელთა რიცხვის გარკვეულწილად შემცირებას (მაინც) თუკი ამ საფრთხის საერთოდ მოშორება ვერ ხერხდება და კომუნიცირებულ სამყაროში ვერც მოხერხდება.
ეს შეუძლებელია უბრალოდ: ამერიკელებს ვერავინ დასჯის ისე, როგორც ისჯებიან ნარკოტიკის ფლობისთვის, მხოლოდ იმიტომ, რომ ტელეფონში TikTok აქვთ და მიკროვიდეოებს ავრცელებენ-აზიარებენ.
აქ კიდევ ერთხელ გვიწევს იმის ხაზგასმა, რომ საქართველოში ყველაზე პოპულარული სოციალური პლატფორმა კვლავინდებურად არის Facebook. ამერიკაში ასე არაა. ამერიკაში TikTok და X ბევრად პოპულარულია და ბევრად გავლენიანია.
და მაინც, სარჩელის ინიციატორებს (ანუ ამერიკის მთავრობას) აქვთ იმედი, რომ განახლების, აპდეიტების და რეკლამის გარეშე ჩინური პლატფორმა თანდათან დეგრადირდება და ძალას დაკარგავს.
ინდოეთმა 2020 წელს აკრძალა TikTok. ზუსტად იმ მიზეზით, რის გამოც ახლა ამერიკაში ცდილობენ შეზღუდონ.
ოღონდ აქვე დავაკვირდეთ, რამდენად „ტექნოლოგიურია“ ამ შემთხვევაში(ც) ამერიკული Deep state: უზენაესი სასამართლოს ვერდიქტი მოითხოვს TikTok-ის Parent-კომპანიისგან, შეიცვალოს მფლობელი 19 იანვრამდე, ანუ, უბრალოდ....გაყიდოს ეს პლატფორმა.
ყოველ შემთხვევაში, აშშ ტერიტორიაზე იგი სხვას ეკუთვნოდეს - არაჩინურ კომპანიას.
რასაკვირველია ByteDance ამას არ გააკეთებს, მაგრამ ამ ტექნოლოგიით ამერიკელები ამბობენ: ჩვენ თავისთავად TikTok-ის საწინააღმდეგო კი არა გვაქვს რაიმე, ანუ იმის წინააღმდეგი კი არ ვართ, რომ ეს პლატფორმა ადამიანებმა გამოიყენონ იმისთვის, რისთვისაც სჭირდებათ და უნდათ, არამედ მ ფ ლ ო ბ ე ლ ი ს მოტივაციაში, ჩინური კომპარტიის მოტივებში და განზრახვებში გვეპარება ეჭვი: ხომ არ ხდება ამ პლატფორმის გამოყენება ამერიკის სახელმწიფო ინტერესებსი საწინააღმდეგოდ? ამერიკაში სოციალური, რასობრივი მშვიდობის საწინააღმდეგოდ? სხვადასხვა სოციალური „ხლეჩის“ გასაღვივებლად?
როგორც პუტინი იყენებდა ამერიკულ (!) სოციალურ ქსელებს მისი „საინფორმაციო არმიით“, პრიგოჟინის ტროლ-ბოტებით ამგვარ „ხლეჩათა“ გასაღვივებლად, ოღონდ ამ რისკების კუპირება იოლად მოხერხდა, რაკი პუტინის რეჟიმს, მისი უნიჭობის და არატექნოლოგიურობის წყალობით, არ გააჩნდა და არც შეიძლებოდა ჰქონოდა საკუთარი პლატფორმა, როგორიც აქვს ამერიკაში ჩინეთის კომპარტიას.
რა თქმა უნდა, როგორც მუდამ ხდება, ამერიკაშიც გამოჩნდნენ „სასარგებლო იდიოტები“ (ზოგჯერ პეკინიდან კარგად ანაზღაურებადნი), რომლებიც ალაპარაკდნენ „აშშ კონსტიტუციის პირველი შესწორების დარღვევის ანუ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაზე“, მაგრამ მოსარჩელეები სწორედ იმას პასუხობენ, რომ თავისთავად სოციალური პლატფორმის აკრძალვას კი არ მოითხოვენ, არამედ მის გაუვნებლებას ბოროტგანმზრახველი მფლობელის ხელში.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
როგორც გატყობინებდით, ნიუ იორკის მოსამართლემ „დამნაშავეა სასჯელის გარეშე“ (Felone without penalty) განაჩენი გამოუტანა ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს. პორნოვარსკვლავ სთორმი დენიელსის მოსყიდვის და ფინანსური დოკუმენტაციის გაყალბების საქმეზე.
ტრამპი იქნება პირველი პრეზიდენტი ამერიკის ისტორიაში, ვინც დამნაშავედ არის ცნობილი (Guilty) სისხლის სამართლის საქმეზე.
იურიდიულად, რასაკვირველია, მოსამართლეს შეეძლო გამოეტანა სანქცია ამ საქმეზე, რაკი დონალდ ტრამპს 20 იანვრამდე არ იცავს არანაირი იმუნიტეტი.
მაგრამ ახლა ტრამპი არის უკვე არათუ President-elect ანუ არჩეული პრეზიდენტი, არამედ Incoming president ანუ დღე-დღეზე რომ შევა თეთრ სახლში.
ამერიკის მრავალნაცადმა და გამჭრიახმა Deep state-მა ამ სიტუაციაში ამჯობინა ორი შესაძლო გადაწყვეტილებიდან აერჩია არა „უკეთესი“ არამედ „ნაკლებად ცუდი“ გადაწყვეტილება, რაც სისტემურ სახელმწიფოებრივ პრობლემებს არ გაზრდიდა მაინც.
იმ იმედით, რომ „ტრამპის ფენომენი“, რომელიც ახლა გრენლანდიაზე ლაპარაკობს და მექსიკის ყურეზე ლაპარაკობს და დიდ უენ გრეცკის კანადის გუბერნატორობას სთავაზობს მისი სამშობლოს გაუქმების სანაცვლოდ.....საუკუნეში ერთხელ იბადება მხოლოდ.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . .
საზარელი ტრაგედია დატრიალდა კალიფორნიაში, სადაც ხანძარმა ათასობით სახლი გაანადგურა.
კალიფორნიის სახელმწიფომ (State) და ამერიკის სახელმწიფომაც მთლიანობაში ვერ მართა ეს სიტუაცია და ვერ განახორციელა ქმედითი მენეჯმენტი.
ეს ფაქტია და ტრამპის არგუმენტებს აძლიერებს წარმავალი დემოკრატიული ადმინისტრაციის წინააღმდეგ.
მაგრამ.....უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში, ეს უბედურება გააძლიერებს Climate change ანუ კლიმატის ცვლილების ნარატივს, რაც სუფთად „დემოკრატიული“ („დემოკრატიული პარტიის“) ნარატივია ანუ ტრამპისა და „რესპუბლიკელების“ ხედვათა წინააღმდეგ იმუშავებს.
ამერიკაში ახალი დაპირისპირება მხოლოდ იწყება. 5 ნოემბერს არაფერი დასრულებულა.
ამ „ახალი საჭადრაკო/რაგბის“ პარტიის მთავარი პრიზი კი (ეს უკვე დღესაც კი ცხადია) გახდება 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნები და ის, შეძლებს თუ ვერა ტრამპი მისი Vice ჯეი დი ვანსის „დატოვებას“ თეთრ სახლში 48-ე პრეზიდენტად.
კალიფორნიის ხანძრები ბუნებრივი მიზეზით კი არის გამოწვეული ანუ სიცხით, მაგრამ....აქვე ფრთხილად შევნიშნოთ, რომ გუშინ კალიფორნიის პოლიციამ დააკავა პირომანი, რომელსაც ლოს ანჟელესის ერთ-ერთ რაიონში ხანძრის ხელოვნურად გაჩენა ედება ბრალად.
განა ვინ თქვა, რომ სპეცსამსახურები არ იყენებენ ო ბ ი ე ქ ტ უ რ ა დ არსებულ პრობლემებს ამ პრობლემების ხელოვნურად გასამწვავებლად?
კალიფორნიის პროკურატურის განცხადებით, დაკავებულს სამუდამო პატიმრობა ემუქრება.
სრულიად სამართლიანად!