როცა აფხაზეთის ინტერესები რუსეთისას აღარ დაემთხვევა - გამოსავალი მოიძებნება

როცა აფხაზეთის ინტერესები რუსეთისას აღარ დაემთხვევა - გამოსავალი მოიძებნება

  

    საქართველო საზარელი, საბოლოო და სამუდამო კრახის წინაშე დგას. ფაქტობრივად, მტერმა ერთი დარტყმით დაგვაბრუნა ვითარებაში, რომელშიც 1993 წლის შემოდგომაზე ვიმყოფებოდით, - როცა გალიც (გაგრის, სოხუმის და ოჩამჩირის შემდეგ) დაიცალა ქართული მოსახლეობისგან; აფხაზური ტანკი ენგურის პირას «ცეკვავდა», ასეულობით ათასი ლტოლვილი მთელს ქვეყანას მოედო. საოცარი სიზუსტით აღდგა იმდროინდელი განწყობა და სულიერი ატმოსფეროც.
    თურმე მოჩვენებითი, ეფემერული ყოფილა ყოველივე, რასაც თითქოს მივაღწიეთ ოთხი წლის განმავლობაში - 1994 წლიდან. ამჟამინდელი ვითარება უფრო მეტად შემაძრწუნებელიცაა, ვინაიდან ტრაგედია ვითარდება იმ ფონზე, როცა თბილისი სულაც არ არის ჩამკვდარი და ჩაბნელებული ქალაქი, როგორც ოთხი წლის წინ - იგი მხიარული, მჩქეფარე ცხოვრებით ცხოვრობს, იხსნება ახალი რესტორნები, კაზინოები, ტოტალიზატორები, რომელთაც მიმსვლელი, სტუმარი არ აკლია. ამასობაში კი ენგურზე გადმოსული უბედური გალელები შიმშილით კვდებიან, უკანასკნელ სარჩოს კარგავენ, თავბედს იწყევლიან, ეროვნულობაზეც კი ხელს იღებენ - წავალთ, არძინბას მუხლებში ჩავუვარდებით, ეგება შეგვინდოს, გვაპატიოს, მის თვალწინ დავხევთ ქართულ პასპორტებს და აფხაზეთის მოქალაქეობას მივიღებთო. ძალიან ძნელია ამ ადამიანებს უსაყვედურო. ყოველ შემთხვევაში, საყვედურის უფლება მხოლოდ იმას თუ ექნება, ვინც ეს ჯოჯოხეთი გამოიარა, მაგრამ მაინც არ გატყდა.
    როგორც აღმოჩნდა, საქართველო თვისებრივად ახლაც კვლავ ძველებურ მდგომარეობაში იმყოფება. რუსეთის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ ენგურისა და ლიახვის აუზებს, აქვთ ოთხი სამხედრო ბაზაც, ანუ როცა მოესურვებათ, მაშინვე შეუძლიათ ერთდროულად რამდენიმე კუთხიდან წაუკიდონ ცეცხლი ქვეყანას. ახლადდანიშნულმა თავდაცვის მინისტრმაც განაცხადა, რომ ძალისმიერი მეთოდით აფხაზეთის პრობლემა არ გადაიჭრება. რუსეთი მტკიცედ აკონტროლებს პროცესებს. ბორის პასტუხოვის თქმით, თუ საქართველოს ხელისუფალნი (იგი პირადად პრეზიდენტს გულისხმობდა) არ შეწყვეტენ რუსეთის სამშვიდობო ძალთა შეურაცხყოფას, მოსკოვი თავად დასვავს კონფლიქტის ზონიდან მათი გაყვანის საკითხს. პასტუხოვმა შესანიშნავად უწყის, რომ ამ განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას დიახაც შეაშინებს, ვინაიდან როგორც აღმოჩნდა, მაისის მოვლენათა დროს მისი ძირითადი საზრუნავი ის იყო, როგორმე საომარი მოქმედებები ზუგდიდში არ გადმოსულიყო, სამეგრელოზეც არ გავრცელებულიყო.
    თუ რუსეთის სამშვიდობო ძალები ენგურიდან გავლენ (ეს სულაც აღარ არის გამორიცხული) პროვოკაციის მიზნით, - ადრე თუ გვიან ამას უეჭველად მოჰყვება ფართომაშტაბიანი ომის განახლება საქართველოსა და აფხაზეთს (დიახაც, საქართველოსა და აფხაზეთს) შორის. საქართველოს ამ ომში კვლავ დაუპირისპირდება ის ძალა, რომელმაც იგი სასტიკად დაამარცხა და კვლავაც დაამარცხებს. არძინბასათვის ეს ომი სამკვდრო-სასიცოცხლო იქნება, ამიტომ ისინი არ მოერიდებიან არაფერს, არანაირ ალიანსს საქართველოს კიდევ ერთხელ დასამარცხებლად; ამ ომში საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება მაშინ, როდესაც ჩვენს მოწინააღმდეგეს უამრავი ფარული თუ აშკარა მხარდამჭერი გამოუჩნდება.
    ერთხელ და სამუდამოდ უნდა მივხვდეთ, რომ პრობლემის არსი უკვე რუსეთ-საქართველოს დაპირისპირებაში, ჩრდილოელ მეზობლებთან ურთიერთობაში აღარ არის. ბევრს იქნებ უნდა ასე იყოს, იქნებ სჯობდა კიდეც ასე ყოფილიყო, მაგრამ ასე არ არის. პრობლემის გასაღები მართლაც სეპარატისტებთან მოლაპარაკებაში უნდა ვეძიოთ. ამ ომში ყველა თვალსაზრისით, ტრადიციულად ვმარცხდებით, ვინაიდან მოხდა რუსეთისა და აფხაზეთის ინტერესთა თანხვედრა. სანამ ასეთი თანხვედრა იარსებებს, მუდამ «ტრადიციულად დამარცხებული» ვიქნებით. მაშასადამე, ერთადერთი გამოსავალი შექმნილი მდგომარეობიდან ის არის, რომ როგორმე მოვახერხოთ ამ ალიანსის დაშლა, როგორმე მივაღწიოთ ინტერესთა ამ თანხვედრის მოშლას, - რათა აფხაზეთის ინტერესები აღარ ემთხვეოდეს რუსეთის ინტერესებს, აფხაზეთი აღარ იყოს სისხლხორცეულად დაინტერესებული რუსეთთან ალიანსით.
    ერთი შეხედვით, ეს თითქოს შეუძლებელი ჩანს, მაგრამ შანსი მაინც გვაქვს. აუცილებელია, გარდაუვალია ისტორიული კომპრომისი სეპარატისტებთან. წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთი მოახერხებს ბოლოს და ბოლოს ამ ნაღმის მეშვეობით ააფეთქოს საქართველო. ამ ორი დღის წინ, ედუარდ შევარდნაძესთან შეხვედრის შემდეგ, ბერეზოვსკი კვლავ აფხაზეთში გაფრინდა; თავდაპირველად მისი ხელმეორე ვიზიტი დაგეგმილი არ იყო, მაშასადამე ხუთშაბათს კომპრომისული გადაწყვეტილება უკვე «ბეწვზე ეკიდა». სხვა გამოსავალი საქართველოს მაინც არ ექნება, ამიტომ ხელისუფლებამ უნდა იჩქაროს, ვინაიდან ყოველწლიურად უარესდება მდგომარეობა და ინგრევა შესაძლო კომპრომისის საფუძველი.
    რუსეთის გამოთიშვა სტრატეგიული კომპრომისის თემიდან არათუ სასურველი, აუცილებელი, არამედ უკვე ბუნებრივიცაა. არძინბამ ოსტატურად შექმნა ისეთი ვითარება, როდესაც (რაოდენ საოცარიც უნდა იყოს) რუსეთ-აფხაზეთის ალიანსში პირობებს სწორედ იგი კარნახობს და არა კრემლი. ეს ალბათ, საკაცობრიო მნიშვნელობის პოლიტიკური კურიოზი თუ ფენომენია.
    არძინბას შეუძლია დაარღვიოს ალიანსი, იპოვოს სხვა გამოსავალი შექმნილი ვითარებიდან, დაიტოვოს მანევრისთვის აუცილებელი სივრცე - რუსეთს კი მასზე ზემოქმედების არანაირი რეალური ბერკეტი არ გააჩნია. ეს უცნაურობაც საქართველოს უკანასკნელი შანსია. სხვაგვარად თუ ვიტყვით, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ის მდგომარეობა, რომ აფხაზეთი არ არის დნესტრისპირეთი. არძინბას ორიენტაცია «პრორუსულია» მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ანტიქართული.

7 დღე, 8 ივნისი, 1998 წ.