საერთაშორისო მიმოხილვა. 14 იანვარი. 2025 წელი
მ დროს, როცა ამერიკა შეძრულია კალიფორნიას ისტორიული (უკვე ნამდვილად ისტორიული!) კატასტროფით, სადაც ხანძარმა ლამის ნახევარი ლოს-ანჟელესის აგლომერაცია გადაწვა, NYT აქვეყნებს სენსაციურ ტექსტს Biden Aides Warned Putin as Russia’s Shadow War Threatened Air Disaster (ბაიდენის თანაშემწეები აფრთხილებდნენ პუტინს, რომ რუსეთის „ჩრდილოვანი ომი“ ავიაკატასტროფას გამოიწვევს), რომელშიც აღწერილია 2022 წლის სახიფათო სიტუაცია, როდესაც CIA-მ მოიპოვა ინფორმაცია რუსული ГРУ (Главное разведывательное управление - რუსული სამხედრო დაზვერვა) მომზადებული ოპერაციის შესახებ: მცირე ზომის ელექტრონული მოწყობილობები, „დივაისები“ უნდა აღჭურვილიყო არა იმდენად ასაფეთქებელი რამდენადაც ცეცხლგამჩენი მუხტებით და მერე აალებულიყო ამერიკაში.
კვლავ დავაზუსტოთ: უშუალოდ კი არ აფეთქებულიყო ლეტალურად, არამედ ცეცხლი გამოეწვია, აალება გამოეწვია!
გვსმენია ყველას, რომ ტელეფონის აკუმულატორები ზოგჯერ ალდება, ცეცხლს იწვევს და ა.შ.
თუმცა რუსული სამხედრო დაზვერვის ტექნოლოგიით, ეს უნდა მომხდარიყო „მიწაზე“, ბინებში, სახლებში, ოფისებში, რაც ამერიკელების მიერ კვალიფიცირდება, როგორც „საბოტაჟის აქტი“.
2022 წელს ბაიდენმა მიიღო გადაწყვეტილება თავისი მრჩეველი უშიშროების საკითხებში სალივანი და CIA დირექტორი ბერნსი გაეგზავნა მოსკოვში რათა პუტინის თანაშემწეები, მისი უახლოესი წრე გაეფრთხილებინა დაახლოებით ასეთი ტექსტით: „ხომ შეიძლება აალება მიწაზე კი არა თვითმფრინავშივე მოხდეს? ეს ხომ ტოტალური კატასტროფა იქნება? მაშინ ამერიკა უმკაცრეს ზომებს მიიღებსო“.
რა „უმკაცრეს ზომებზე“ იყო ლაპარაკი არ დაუზუსტებია წყაროს, რომელმაც NYT ეს ინფორმაცია მიაწოდა. „ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა ვერ გაარკვიეს, იცოდა თუ არა პუტინმა ამ საბოტაჟის ოპერაციის შესახებ თუ მას არ უთხრესო“.
ეს კიდევ ცალკე საოცარი კითხვაა: აბა როგორ შეიძლება, ხომ გამორიცხულია პუტინს არ სცოდნოდა ამ მასშტაბის ოპერაციის შესახებ?!!!
ავტორები ასკვნიან, რომ ამგვარი საბოტაჟით, უკრაინაში შეჭრის და დასავლეთის, მათ შორის ამერიკის მხრიდან კიევის მხარდაჭერის გამო, პუტინი ცდილობდა დაეშინებინა დასავლეთი, „გაეტეხა“ NATO-ს ნება.
ეს იყო კრემლის „დაბალი ინტენსივობის“ აგრესია დასავლეთის წინააღმდეგ.
უფრო ზუსტად „ეს იქნებოდა“, რადგან რესურსი ირწმუნება, თითქოს ბერნსმა და სალივანმა „გადაარწმუნეს“ პუტინი..... კრემლმაც „გადაიფიქრა“ ამ სპეცოპერაციის განხორციელება, მაგრამ ახლა, როცა უკრაინა ინარჩუნებს კონტროლს კურსკის ოლქის დიდ ნაწილზე და შეტევებსაც ახორციელებს, „პუტინი შესაძლოა იმ გეგმას კვლავ დაუბრუნდეს“.
თუმცა პუტინმა ისიც იცის, რომ თეთრ სახლში ტრამპი იქნება უკვე და არ ბაიდენი. ტრამპი კი ბევრ რამეს „გაატარებს“, თუმცა ამერიკაზე უშუალოდ თავდასხმას და მისი ხელისუფლების „სუსტად წარმოჩენას“ - გამორიცხულია.
ახლა მოსკოვშიც და მარ ა ლაგოშიც ბევრს საუბრობენ პუტინ-ტრამპის შეხვედრის შესახებ, რომელიც გაიმართება მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი ფლორიდიდან ვაშინგტონის თეთრ სახლში გადაინაცვლებს.
სხვათა შორის, შვეიცარიამ უკვე შესთავაზა მათ მასპინძლობა.
დამკვირვებლები წერენ, რომ ეს შეხვედრა შესაძლოა ისეთივე მნიშვნელოვანი აღმოჩნდესო, როგორც 1985 წლის შეხვედრა იმავე შვეიცარიაში (ჟენევაში) რონალდ რეიგანსა და მიხეილ გორბაჩოვს შორის.
თუმცა საეჭვოა: პუტინის რუსეთი სსრკ არ არის - კურსკი ვერ დაუბრუნებია.
ტრამპ-პუტინის მომავალი სამიტის მთავარი თემა ისევ და ისევ რუსეთის „დაბალი ინტენსივობის ჩრდილოვანი ომი“ (Shadow war) იქნება.
NYT წერს, რომ ბრძოლები კურსკის ოლქში გამწვავდა, რაკი პუტინი ცდილობს დაიბევოს უფრო მომგებიანი „ბანქო“ ტრამპთან მომავალი მოლაპარაკების“ დროს.
ანუ პუტინმა ძალიან კარგად იცის, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, ტრამპთან კომუნიკაციის შედეგი დამოკიდებული იქნება იმ რეალურ (On the ground) სიტუაციაზე, რაც იარსებებს აღმოსავლეთ უკრაინასა და კურსკში.
განსაკუთრებით კურსკში, რაკი ეს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაა.
თუ პუტინი უახლოეს მომავალში ვერ შეძლებს (არადა ვხედავთ, რომ ვერ ახერხებს) უკრაინული არმიის განდევნას კურსკიდან, ბანქო ტრამპთან თამაშისას სხვანაირად „დალაგდება“ და აშშ პრეზიდენტსაც სხვა მოტივატორები, სხვა არგუმენტები ექნება სამშვიდობო გეგმის შეთავაზებისას.
ხოლო ეს გეგმა პუტინისთვის ძალიან „მძიმე“ შეიძლება აღმოჩნდეს..... მაგალითად გაითვალისწინოს კურსკიდან უკრაინული ჯარების გაყვანა ოღონდ „ცეცხლის შეწყვეტის“ ხაზზე ევროპული, ვთქვათ ფრანგული და გერმანული თუ ბრიტანული სამშვიდობო ძალების შეყვანით რაც პუტინისთვის კატეგორიულად, სამკვდრო-სასიცოცხლოდ მიუღებელია.
12 000 ჩრდილო კორეელი სამხედრო მონაწილეობს ახლა კურსკის ბრძოლებში.
აქვთ წინსვლა, მაგრამ მეორეს მხრივ აქვთ წინსვლა აგრეთვე უკრაინელებსაც.
საოცარი ისტორიული პარადოქსია, რომ სატანკო ბრძოლები იმართება კურსკთან, სადაც კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი (მანამდეც და მას შემდეგაც უდიდესი) სატანკო ბრძოლები გაიმართა მეორე მსოფლიო ომის დროს - 1943 წელს, საბჭოთა არმიასა და ვერმახტს შორის.
ახლა უკრაინის სატანკო არმიას ეომებიან იმავე რეგიონში და ამ სატანკო არმიის მცირე თუმცა მაინც ნაწილია გერმანული ტანკები Leopard
. . . . . . . . . . . . . . . . . . .
ისრაელმა და ჰამასმა თითქმის (!) მიაღწიეს ანუ ძალიან ახლოს არიან (ისე ახლოს, როგორც არასდროს ამ გაჭიანურებული ომის დროს) სამშვიდობო შეთანხმებას, რომლის პირველ ეტაპზე „ჰამასი“ გაათავისუფლებს 33 ისრაელელ (და უცხოელ, მათ შორის ამერიკელ) მძევალს.
ხოლო ისრაელის არმია „ცახალი“ 42 დღით შეწყვეტს ცეცხლს
აქ პირველ რიგში უბრალოდ განცვიფრებას იწვევს ის გარემოება, რომ „ჰამასი“ კვლავინდებურად „პყრობს“ ასამდე მძევალს, რომლებიც ხელთ იგდო 2023 (!) წლის 7 ოქტომბრის მასშტაბური ტერაქტის შემდეგ.
და მიუხედავად იმისა, რომ „ცახალმა“ სრულად დაიკავა ღაზას სექტორი, ამ მძევლებს ვერა და ვერ მიაგნო, ახლა კი „ჰამასი“ დოჰაში „ვაჭრობს“ ამ მძევლებით, რითაც ხდება „ჰამასის“, როგორც პოლიტიკური Entity-ს ლეგიტიმაცია.
არადა თავად ისრაელი ამბობდა, რომ ჰამასი ტერორისტული ორგანიზაციაა და არა მმართველი პარტია ან/და პოლიტიკური ძალა.
დღეს, სამშაბათს, შესაძლოა მხარეებმა მიაღწიონ საბოლოო შეთანხმებას.
მეორე ეტაპი ითვალისწინებს ომის დასრულებას და ისრაელის „უსაფრთხოების“ უზრუნველყოფას. ასევე საერთაშორისო ჰუმანიტარულ დახმარებას ღაზას გაუბედურებული მოსახლეობისთვის.
თუმცა, გაუგებარია რა იგულისხმება „ისრაელის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში?“ – „ჰამასის ლიდერები“ (ვისი ლიკვიდაციაც ჯერ „მოსსადმა“ ვერ მოახერხა) „დედას დაიფიცებენ“, რომ ისრაელს თავს აღარ დაესხმებიან?
თუმცა დოჰას კონსულტაციებიდან გამოჟონილი ინფორმაციით, ისრაელი შეინარჩუნებს „ბუფერულ ზონას“ ღაზაში (ჯარების გაყვანის შემდეგ) და რაც არანაკლებ არსებითია, შეინარჩუნებს სრულ კონტროლს ღაზა-ეგვიპტის საზღვარზე.
მათ შორის სახმელეთო კონტროლს და არა მხოლოდ დრონებით.
ზოგიერთი ცნობით, 60 ათასი ღაზელი (მათ შორის უამრავი ქალი და ბავშვი) დაიღუპა ომში, რომელიც ჰამასმა დაიწყო 7 ოქტომბერს, მაგრამ „ცახალმა“ განახორციელა „მიწაზე“.
„დიდ სურათს“ თუ შევხედავთ, ამ შეთანხმებით (თუ ნამდვილად შედგა) აღდგება 7 ოქტომბრამდე არსებული სტატუს-ქვო დიდწილად, ანუ ისრაელის ელიტებში მწიფდება აზრი, რომ აღარ ღირს გარისკვა საერთაშორისო რეაქციით (60 000 მოკლული ცოტა არაა) მაშინ, როდესაც ისრაელმა უკვე ნამდვილად აღასრულა ბიბლიური მაქსიმა: „სისხლი სისხლისა წილ...თვალი თვალისა წილ.....“
აქ განსაკუთრებით მივაქციოთ ყურადღება, რომ ისრაელის ხელისუფლება და ელიტები ამ გადაწყვეტილებას იღებენ ჯერ კიდევ 20 იანვრამდე, რაკი არ არიან დარწმუნებულნი, რომ ნებისმიერი მხარდაჭერის შემთხვევაში (ხოლო ტრამპი მათ ნ ე ბ ი ს მ ი ე რ, აბსოლუტურად ტოტალურ მხარდაჭერას ჰპირდება) მიაღწევენ იმაზე მეტს, რასაც მიაღწიეს შეძლებენ მძევალთა გათავისუფლებას
და რაც მეტი დრო გავა, ევროპული საზოგადოების „მიმღებლობაც“ სულ უფრო ანუ კიდევ უფრო საეჭვო გახდება.
ისრაელ-ჰამასის შეთანხმება ძალიან დადებითი მოვლენა იქნება უკრაინისთვის.
იმიტომ, რტომ ეს ომი, რაც ახლო აღმოსაველთში ვიტარდებოდა და ბოლოი არ უცანდა, ჯერ ერთი ქმნიდა დიდი ალო აღმოსავლური ომის საფრთხეს და ისედაც უდიდესი სამხედრო თუ პოლიტიკური თუ დიპლომატიური„ რესუირსები“ იხარჯებოდა მისი კუპირებისთვის. იმდენად, რომ უკრაინის ომზეც ახდენდა აფექტაციას. მაგალითად (ეს მხოლოდ ერთი მაგალითია) ამერიკამ ვერ მიაწოდა 2024 წელს უკრაინას საზენიტო სისტემები Patriot, რაკი ახლო აღმოსაველთში, ისრაელის „ცა“ იყო გასაკონტროლებელი ირანის მხრიდან მოსალოდნელი თავდასხმისას.