საერთაშორისო მიმოხილვა. 29 სექტემბერი 2022 წელი
ლუკაშენკოს აფხაზეთში ვიზიტს არანაირი განსაკუთრებული სიხარული აფხაზურ ბლოგოსფეროში არ მოჰყოლია. იქ ძალიან კარგად იციან, რომ ამ შემთხვევაში ლუკაშენკომ აფხაზურ ხელისუფლებას უბრალოდ პუტინის ულტიმატუმი ჩამოუტანა: შეასრულონ ყველა ის მოთხოვნა, რაც ადრეც ჟღერდა, ანუ ბინების თავისუფალი ყიდვა-გაყიდვა, ენგურჰესის გადაცემა, იმ კანონის გაუქმება, რომელიც თანამდებობების დაკავებას უკრძალავს აფხაზური ენის არმცოდნეებს და ა.შ.
ბელორუსი, რასაკვირველია, სულაც არ იტყვის უარს, ამ გემრიელი `ნამცხვრის` (აფხაზეთის) რუსეთთან ერთად გაყოფაში მიიღოს მონაწილეობა.
სხვა ლუკაშენკოს არაფერი ამოძრავებს იქ - პუტინის ბრძანება და გამორჩენა თავისთვის.
ამავე დროს, აფხაზური მხარე კატეგორიულად მოითხოვს ე.წ. `ჟენევის კონსულტაციათა` განახლებას ამერიკის, რუსეთის, საქართველოს, ე.წ. `სამხრეთ ოსეთის` და ე.წ. `დამოუკიდებელი აფხაზეთის` წარმომადგენელთა მონაწილეობით.
რეალურად, იმ `კონსულტაციებზე` ყველა მონაწილეს თანაბარი, ანუ არაოფიციალური სტატუსი აქვთ, მაგრამ ამ `პლატფორმას` აფხაზი სეპარატისტები აქტიურად, თანაც დიდი წარმატებით იყენებდნენ მუდამ დასავლეთთან კავშირების დასამყარებალდ და პროპაგანდისტულ ტრიბუნად.
გუშინ აფხაზეთის ე.წ. `საგარეო საქმეთა მინისტრმა` ინალ არძინბამ განაცხადა, რომ საქართველოსთან მოლაპარაკება გაიმართება მხოლოდ მას შემდეგ, რაც საქართველო ხელს მოაწერს `თავდაუსხმელობის პაქტს`, რაც საქართველოს მხრიდან აფხაზეთის `დამოუკიდებლობის` აღიარება იქნება.
ინალ არძინბამ ასევე ერთმნიშვნელოვნად აღნიშნა, რომ აფხაზეთში ქართველი ლტოლვილების დაბრუნებაზე ლაპარაკი არც ჟენევაში, არც არსად აღარასოდეს გაიმართება, რაკი ეს თემა დახურულია ერთხელ და სამუდამოდ.
ამის გათვალისწინებით.......ბევრისთვის გაუგებარია...... რატომღა ვუთმობთ აფხაზებს ასეთ `პლატფორმასა` და ტრიბუნას სეპარატისტული მიზნების განსახორციელებალდ, როგორიცაა ეს ე.წ. `ჟენევის დისკუსიები`?
ბევრს ჰგონია, თითქოს ჟენევაში მიმდინარეობს მოლაპარაკება ფორმატში `აშშ-საქართველო-რუსეთი`.
სინამდვილეში ასე არ არის.
ამ ფორმატში `აშშ-საქართველო-რუსეთი` რეალურად არც ერთი სხდომა არ გამართულა.
პირველივე სხდომა, 2008 წელს, ჩაშალა რუსეთმა, რომელმაც მოითხოვა, ყოფილიყო მეოთხე და მეხუთე ოფიციალური მონაწილე - აფხაზეთისა და `სამხრეთ ოსეთის` სახით.
ბუნებრივია, ქართულმა მხარემ ამაზე უარი თქვა და ჟენევის მოლაპარაკებები კინაღამ საერთოდ შეწყდა.
თუმცა შემდეგ მხარეებმა მიაღწიეს კომპრომისს: კონსულტაციები განახლდა, ოღონდ ყველა მონაწილეს არაოფიციალური სტატუსი აქვს: ქართველებსაც, ამერიკელებსაც, რუსებსაც, აფხაზებსაც და ოსებსაც.
აფხაზებს სწორედ ამგვარი სტატუსი აწყობთ ყველაზე მეტად, რაკი ერთის მხრივ არც რუსეთის დელეგაციის შემადგენლობაში არიან (მათ ხომ, ოსებისგან განსხვავებით, გაეროს წევრობა უნდათ) და მეორეს მხრივ პლატფორმა/ტრიბუნას ბრწყინვალედ იყენებენ.
გასაგებია, რომ თავის დროზე საქართველოს მონაწილეობა ამ ფორმატში უსაფრთხოების საკითხი იყო, რადგან სწორედ ამ ფორმატში მოქმედებდა ე.წ. `ინციდენტების პრევენციის მექანიზმი`, თუმცა დღეს, დღევანდელ ვითარებაში, რაღა აზრი აქვს ამას და რატომ ვაძლევთ `კოზირებს` სეპარატისტებს, აბსოლუტურად გაუგებარია.
ვიმეორებ: ეს არ არის ფორმატი `აშშ-საქართველო-რუსეთი`, როგორც ბევრს ჰგონია. ეს არის ფორმატი `გაერო-ეუთო-ევროკავშირი-აშშ-რუსეთი-საქართველო-`სამხრეთ ოსეთი`-აფხაზეთი`
. . . . . . . . . . . . . .
სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ გაზსადენი `ჩრდილო ნაკადი`, რომლის ორივე ხაზი და ოთხივე მილსადენი ააფეთქა რუსულმა წყალქვეშა ნავმა, აღდგენას არ ექვემდებარება.
იმიტომ, რომ წყლით აივსო უკვე და იმ წყლის სწრაფად ამოტუმბვას (გამანადგურებელი კოროზიის შეუქცევადი პროცესის დაწყებამდე), მერე მილების წყალქვეშ უსაფრთხოდ შედუღებას (სამკვდრო-სასიცოცხლო საფრთხის მიუხედავად, რასაც `ტექნიკური გაზის` გაჟონვა ქმნის), იმდენი რესურსი დასჭირდება, ლამის ახალი გაზსადენი უფრო იაფი გამოვიდოდა, რომელსაც აღარავინ ააშენებს რასაკვირველია.
აღსანიშნავია, რომ ამ გაზსადენის მშენებლობაში გერმანიას არც ერთი ევროცენტი არ დაუხარჯავს! მთლიანად დააფინანსა `გაზპრომმა`! ათეულობით მილიარდი ევრო
საუკეთესო დასავლელი ანალიტიკოსები თავს იმტვრევენ, რაში დასჭირდა პუტინს გაზსადენ `ჩრდილო ნაკადის` აფეთქება, რომელსაც 15 წელი აშენებდა.
მიდიან შემდეგ დასკვნამდე: როგორც სჩანს, მას ამით სურდა ჰქონოდა `სათქმელი` გაზპრომს, რათა გაემართლებინა იმ უზარმაზარი ჯარიმების გადაუხდელობა, რაც უეჭველად დაეკისრება რუსეთს ევროპისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტის გამო.
ახლა კი რუსები ამბობენ: `ეს გაზსადენი ამერიკელებმა ააფეთქეს (ხომ გვემუქრებდაო ტრამპიც და ბაიდენიც მთელი პროექტის ჩაშლით) და ჩვენ რა შუაში ვართო`.
ყველაფერს თუ თავს დავანებებთ, ის, რაც ბალტიის ზღვაში ახლა მოხდა, ეკოლოგიური კატასტროფაა!
ჯერ ერთი თვით ზღვის ფლორისა და ფაუნისთვის და მეორეც - დედამიწის ოზონის შრისთვის, რაკი `ტექნიკური გაზი`, რაც ახლა ზღვის ზედაპირზე ამოდის, მერე ორთქლდება, საშინლად ტოქსიკურია, უბრალოდ მომაკვდინებლად შხამიანია ატმოსფეროსა და ოზონის შრისთვის.
ძნელი წარმოადგენი არ არის, რამდენად გაბრაზებულები და გაგიჟებულები არიან ახლა ნორვეგია, შვედეთი, დანია, სადაც `ეკოლოგია` ლამის რელიგიაა.
ჰოდა ძალიანაც კარგი: მიმართონ ეს რისხვა იმ გახრწნილი რეჟიმისკენ, ვინც ეს დანაშაული ჩაიდინა. ანუ პუტინისკენ.
სკანდინავიური პრესა მძვინვარებს - აი ამას კი ისინი ყველაზე ნაკლებად აპატიებენ პუტინს.
კომიკურია, რომ რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა `ტერორიზმის` მუხლით და `პირობა დადო`, სასტიკად დასაჯოს ისინი, ვინც რუსეთის ქონება(!) ტერორისტული აქტით გაანადგურა`.
ისევ და ისევ ამერიკას აბრალებენ რასაკვირველია.
. . . . . . . . . . . . . .
რუსეთის `სახელმწიფო სათათბიროს` სპიკერი, ვიაჩესლავ ვოლოდინი, რომელიც ოფიციალურად მეოთხე თანამდებობის პირია რუსეთში, პირდაპირ ემუქრება იმ რუსებს, ვინც საქართველოში შემოვიდა ლარსიდან: `თქვენ გგონიათ წახვედით და ჩვენ არ ვიცით ვინ წავიდა? გგონიათ ასე ადვილად დაბრუნდებით ვითომც არაფერი? სიები უკვე შედგენილია. ვინც წავიდა და მანქანაც კი მიატოვა, იმ მანქანებს იმათ ოჯახებს გადავცემთ, ვინც არ გაქცეულა და უკრაინაში იბრძვისო`.
როგორც ცნობილია, ბევრი რუსი ლტოლვილი, ვინც ახლა საქართველოში გადმოდის, მანქანებს გზაზე ტოვებს; თუმცა უმეტესობა ვლადიკავკაზში ბრუნდება, იქ მანქანას აყენებს ფასიან ავტოსადგომზე (ძვირია, მაგრამ უფრო იაფი, ვიდრე ავტომანქანის გადაგდება), მერე ბრუნდება ლარსისკენ და ფეხით ან ველოსიპედით აგრძელებს გზას. თუმცა ძველისძველი ველოსიპედი უკვე თითქმის 1 000 დოლარი ღირს. მაგრამ `უღირთ` მაინც.
აქვე უნდა ითქვას, რომ შემოსულთა უმეტესობა `საშუალო კლასის` წარმომადგენელია და ფული `ქეშად` მოაქვს, ანუ ნაღდი ფულის დიდი რაოდენობა უდევთ ჯიბეში, რაკი ძალიან კარგად იციან, რომ რუსული ბანკების პლასტიკური ბარათები საქართველოში არ მიიღება.
ესე იგი იმის იმედი აქვთ, რომ საქართველომ თავის დროზე კრიმინალი დაამარცხა
. . . . . . . . . . . . . .
ამერიკამ უკრაინას დამატებით 18 ზალპური ცეცხლის სისტემა HIMARS მიაწოდა.
ამჟამად უკრაინის შეიარაღებულ ძალებს 16 ერთეული აქვთ ეს შესანიშნავი იარაღი, რომელმაც გადამწყვეტი როლი შეასრულა უკრაინული არმიის წარმატებაში ხარკოვის მისადგომებთან.
სპეციალისტები ყურადღებას აქცევენ იმ გარემოებას, რომ ვერც ერთი HIMARS რუსებმა ვერ გაანადგურეს მათი ნაქები `ისკანდერებით`, თუმცა მოულოდნელად აღმოჩნდა, რომ ირანული უპილოტო აპარატები, რომლებიც აიათოლლათა რეჟიმმა მიაწოდა პუტინს, საკმაოდ საშიშია ამ დანადგარებისთვის.
ამიტომ ამერიკამ HIMARS-ების ამ ახალ პარტიაში დრონებთან ბრძოლის სისტემებიც მიაწოდა უკრაინას, ანუ ერთდროულად რადიო-ელექტრონული ბრძოლისა და ჰაერსაწინააღდმეგო რაკეტები, რომლებიც ირანულ უპილოტო აპარატებს ჩამოაგდებენ.
შესანიშნავი ამერიკული იარაღის ახალი პარტია იმაზე მეტყველებს, რომ უკრაინა უახლოეს მომავალში გააგრძელებს შეტევას ხერსონის ლუგანსკის და დონეცკის მიმართულებით.
სხვათა შორის, სამხედრო სპეციალისტები იმასაც ამბობენ, რომ საუკეთესო საშაულება ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებისგან თავის დაცვისა არის რაც შეიძლება ახლოს მისვლა რუსეთის საზღვრებთან და რუსული არმიის კვალში დევნა, რადგან რუსულ გენერალიტეტს შეეშინდება, ატომური ბომბი საკუთარ ჯარებს არ თხლიშოს. მივაქციოთ ყურადღება: პუტინმა შემთხვევით როდი ახსენა ბოლო გამოსვლაში `ქარი საით წაიღებს რადიაციას არავინ იცის, - შესაძლოა დასავლეთით წაიღოსო`.
არადა ზუსტად ასევე, არავინ იცის, აღმოსავლეთით წაიღებს რადიაციულ ღრუბელს თუ არა - ხომ შეიძელბა მოსკოვისკენ წაიღოს?
თავის დროზე ჩერნობილის კატასტროფის შემდეგ, ქარმა რადიაცია შავი ზღვისკენ წამოიღო. მათ შორის საქართველოში, რაც ონკოლოგიური აფეთქების მიზეზი გახდა ათწლეულების შემდეგაც კი. ექიმების მტკიცებით, ჩიყვის კიბოს 500%-ით (!!!) ზრდა სწორედ ამითაა გამოწვეული.
რაც შეეხება ამერიკული იარაღის ახალ პარტიას, მივაქციოთ ყურადღება, რომ ეს ხდება ჯერ კიდევ მანამ, სანამ ამერიკული ლენდ-ლიზი შევა ძალაში. კონგრესის კანონთა პაკეტი `ლენდ-ლიზის` შესახებ ზალაში შედის 1 ოქტომბრიდან ანუ ახალ ფინანსურ წელს.