საერთაშორისო მიმოხილვა. 15 დეკემბერი. 2023 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 15 დეკემბერი. 2023 წელი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა არ გამოიყენა ვეტოს უფლება ევროპული საბჭოს სხდომაზე უკრაინასთან მოლაპარაკების დაწყების დასაბლოკად.

ოღონდ ეს მაინც გააკეთა დემარშის ფორმით,  `ხმაურიანად`: უბრალოდ დატოვა სხდომათა დარბაზი, როცა საკითხი კენჭისყრაზე დაისვა.

ავსტრიამ და სლოვაკეთმა, რომლებიც ასევე წინააღმდეგნი იყვნენ, დარბაზი არ დატოვეს, თუმცა ვეტოს უფლება არც მათ გამოიყენეს.

ძალიან საინტერესო განცხადება გააკეთა გუშინდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით რუსეთის `საგარეომ` სერგეი ლავროვმა: `ევროკავშირსა და NATO-ს შორის ყოველგვარი ზღვარი მოიშალა და ევროკავშირი აგრესიული ბლოკი ხდებაო`.

ანუ ლავროვი გულისხმობს, რომ ევროკავშირის წევრობა ან თუნდაც მასთან ასე დაახლოება ნამდვილად ნიშნავს NATO-ს მეტ როლს უკრაინისა და საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, რაკი ამ ქვეყნების უსაფრთხოება უკვე საერთო-ევროპული საქმეა!!!

 . . . . . . . . . . . . . . . . .

ძალიან კარგი ამბავია აგრეთვე, რომ ამერიკელმა სენატორებმა გადაწყვიტეს გადადონ საშობაო არდადეგებზე გასვლა და ორშაბათს შეიკრიბონ, რათა დაამტკიცონ უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტი 61,4 მილიარდი დოლარის ოდენობით.

მოსალოდნელია კომპრომისი.

  . . . . . . . . . . . . . . . . .

ცუდი ამბავი ისაა, რომ ავსტრიამ, როგორც ირკვევა, EU სამიტზე დაბლოკა რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა მეთორმეტე პაკეტი იმ საბაბით, რომ უკრაინამ ავსტრიული Raiffeisen Bank შეიტანა `რუსული აგრესიის სპონსორთა` სიაში.

ეს ბანკი ნამდვილად აქტიურად თანამშრომლობს მოსკოვთან. ოღონდ ტანამშრომლობს იმიტომ, რომ ევროკავშირმა არ დაავალდებულა შეწყვიტოს ტანამშრომლობა ანუ ბრიუსელმა ეს ავსტრიული ბანკი დატოვა `არხად` რუსეთისკენ  იმ დროს, როცა პირველი და მეორე პაკეტები მზადდებოდა და გარკვეული ძალები ევროპაში კვლავაც `კუდს უქიცინებდნენ` პუტინს.

  . . . . . . . . . . . . . . . . .

გუშინ, ზუსტად იმ დროს, როცა ევროპული საბჭო მსჯელობდა უკრაინასთან მოლაპარაკების დაწყებაზე, სერიოზული ინციდენტი მოხდა NATO-ს წევრი რუმინეთის საჰაერო სივრცეში: რუსულმა დრონმა დაარღვია რუმინეთის (ანუ ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის) საჰაერო სივრცე და მასში რამდენიმე კილომეტრით შეიჭრა უკრაინის (ოდესას) დაბომბვის დროს.

გერმანული ავიაგამანადგურებლები Eurofighter მიუახლოვდნენ რუსულ დრონს; სამხედრო ენით თუ ვიტყვით `ვიზუალური კონტაქტი დაამყარეს`,  მაგრამ NATO-ს სარდლობამ არ გასცა ბრძანება მისი ჩამოგდების შესახებ.

ამის მიუხედავად დრონი აფეთქდა და რუმინეთის ტერიტორიაზე ნამსხვრევებმა დიდი ორმოც გააჩინეს.

როგორც ჩანს რუსულმა სარდლობამ გასცა დრონის თვითგანადგურების ბრძანება (ეს მექანიზმი თითქმის ყველა დრონს აქვს) როცა დარწმუნდა, რომ ალიანსის საჰაერო სივრცეში იმყოფებოდა და  გერმანული  ავიაგამანადგურებლები მიუახლოვდნენ.

   . . . . . . . . . . . . . . . . .

პირველად 2021 წლის შემდეგ, პუტინმა ჩაატარა ე.წ. `პირდაპირი ხაზი` ანუ დიდი პრეს-კონფერენცია, რომელზეც განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის მიზნები არ იცვლება: ე.წ. `დენაციფიკაცია`. ე.წ. `დემილიტარიზაცია` და/ანუ უკრაინული სახელმწიფოს განადგურება.

პუტინის თქმით, მობილიზაციის ახალი ტალღის აუცილებლობა არ არსებობს, რაკი რუსულ არმიასთან კონტრაქტები გააფორმა 500 000 რუსმა. ხოლო მთლიანად, როგორც მისი განცხადებიდან ირკვევა, უკრაინას ამჟამად ეომება 617 000-იანი არმია.

სულ რუსეთის არმია დაახლოებით 1 მილიონი ჯარისკაცი და ოფიცერია მთლიანად - სამხედრო საზღვაო ფლოტის ჩათვლით.

`ჩვენ მზად ვართ ამერიკასთან ავაშენოთ კარგი ურთიერთობები, თუ უარს იტყვიან იმპერიალისტურ პოლიტიკაზე` - უტიფრად განაცხადა პუტინმა.

   . . . . . . . . . . . . . . . . .

რუსეთმა შესაძლოა დაბლოკოს ნაკლებგამდიდრებული  ურანის მიწოდება ამერიკისთვის, სადაც ეს ურანი ატომურ ელექტროსადგურებზე გამოიყენება.

ურანის თემა ერთ-ერთი იშვიათი და გამონაკლისი ბერკეტია, რომელიც მოსკოვს აქვს და შეიძლება აამოქმედოს დასავლური სანქციების პასუხად.

ოღონდ არც ამერიკისთვის, არც დასავლეთისთვის ეს მომაკვდინებელი არ იქნება რასაკვირველია და აქ კეთილისმყოფელი როლი შეასრულა ყოფილი `საბჭოთა იმპერიის` დაშლამ: ურანის 25%-ს ამერიკა ყაზახეთიდან იღებს; რუსეთიდან კი მხოლოდ 12%-ს.

27%-ს კანადიდან, ხოლო საკუთრივ ამერიკული ურანი საერთო ბრუნვის და გამოყენების 5%-ია მხოლოდ.

   . . . . . . . . . . . . . . . . .

ცუდად არის საქმე უკრაინულ ავდეევკასთან, სადაც მიუხედავად უკრაინული არმიის გმირული წინააღმდეგობისა, რუსებმა შეძლეს წინ წაწევა და დაიკავეს ქალაქის სამრეწველო ზონა.

ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს ავდეევკას სრულ ოკუპაციას, იქ ბრძოლები გრძელდება, თუმცა არსებობს საფრთხე, რომ ავდეევკას, რომელიც სოლივით არის შეჭრილი რუსების პოზიციებში დონეცკისკენ, აგრესორებმა დაარტყან ერთდროულად ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან რაც შექმნის ამ ქალაქში დისლოცირებული უკრაინული ჯარების ალყის საფრთხეს.

    . . . . . . . . . . . . . . . . .

18 დეკემბერი ისტორიული დღე იქნება ფინეთისთვის: ამ დღეს გაფორმდება Defence Cooperation Agreement (DCA), რომლითაც ფინეთის 15 რაიონში გამოიყოფა ლოკაციები ამერიკული ბაზების და იარაღის საწყობების მოსაწყობად მას შემდეგ, რაც უახლოეს მომავალში, ამერიკის ჯარები შევლენ ფინეთის ტერიტორიაზე.

ბუნებრივია იგულისხმება ამერიკული ავიაციის და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების განლაგებაც.

ანალოგიური ხელშეკრულება ამერიკამ უკვე გააფორმა შვედეთთანაც. მაგრამ ფინეთი უფრო ნიშანდობლივია, რაკი მრავალი წლის მანძილზე ეს ქვეყანა ცდილობდა `ნეიტრალურ-ლოიალური` ყოფილიყო მოსკოვის მიმართ.

    . . . . . . . . . . . . . . . . .

ჰამასი უკვე ამერიკის სახელმწიფო მდივანს ემუქრება ისრაელის მხარდაჭერის გამო: „როდესაც (სახელმწიფო მდივანი ანტონი) ბლინკენი ამართლებს ქალებისა და ბავშვების მკვლელობას, ჩვენი ერის შვილებმა მას უნდა უთხრეს: შენ ხარ მტერი, ისევე როგორც (ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ) ნეთანიაჰუ და უნდა გადაიხადო ფასი. - განაცხადა  სამი აბუ ზუხრიმ, - ჰამასის საზღვარგარეთ პოლიტიკური განყოფილების ხელმძღვანელმა.

ზუხრის თქმით, პალესტინელები პასუხს აგებინებენ ამერიკელებს და ბრიტანელებს ყველგან, სადაც მისწვდებიან - მთელს მსოფლიოში. იგულისხმება თვით ამერიკის და დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზეც.

ჯერ უცნობია, ნიშნავს თუ არა ეს, რომ ამერიკა და ბრიტანეთი უნდა ემზადონ ტერაქტებისთვის. ორივე ქვეყანაში უამრავი პალესტინელი და არაბი ცხოვრობს.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ ევროპაში `ჰამასის` რამდენიმე ტერორისტი დააპატიმრეს. სამი გერმანიაში, სამი დანიაში და ერთი - ნიდერლანდში.

ბუნებრივია, ევროპული სპეცსამსახურები და პოლიცია სერიოზული საფუძვლის გარეშე ასეთ ხმაურიან დაკავებებს არ განახორციელებდნენ.

 . . . . . . . . . . . . . . . . .

დიდ თამაშში, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, კანადაც ჩაერთო. ჩინეთის `საგარეომ` მკაცრად გააკრიტიკა კანადა იმის გამო, რომ ფილიპინებს დაუჭირა მხარი ჩინეთთან დაპირისპირებისას.

სამხრეთ ჩინეთის ზღვაში კი გრძელდება ინციდენტები.

შეიარაღებულ შეტაკებამდე საქმე არ მისულა, თუმცა ჩინურმა გემებმა რამდენჯერმე წყალმტყორცნებით და ტარანით სცადეს ფილიპინების თევზმჭერი გემების განდევნა იმ წყლებიდან, რომელიც პეკინს თავისად მიაჩნია; თუმცა არც ფილიპინები, არც რეგიონის სხვა სახელმწიფოები, არც ამერიკა და ახლა უკვე კანადა ამას არ ეთანხმება.

ნამდვილ სამხედრო ინციდენტამდე, როცა მხარეები არა წყლის ჭავლს ან ტარანს, არამედ ნამდვილ შეიარაღებას გამოიყენებენ, არც ისე დიდი დრო დარჩა თუ ასე გაგრძელდა.

ისმის კითხვა: რატომ არის ასე მნიშვნელოვანი სამხრეთ ჩინეთის ზღვა პეკინისთვის? რატომ ცდილობს ჩინეთის არმია, სამხედრო საზღვაო ფლოტი მთლიანად გააკონტროლოს ამ ზღვის აკვატორია?

საქმე ისაა, რომ სწორედ სამხრეთ ჩინეთის ზღვის გავლით  იღებს ჩინეთი იმპორტირებული ნავთობის 60%-ს!

ეს უზარმაზარი რაოდენობაა. ყოველდღიურად 11,27 მილიონი ბარელი!

ამ ხაზზე ნებისმიერი შეფერხება ჩინეთისთვის კატასტროფა იქნება.

ამიტომ ჩინეთი ცდილობს მარშრუტების დივერსიფიცირებას, თუმცა არ გამოსდის, რადგან მაგალითად რუსეთიდან ნავთობსადენებით ნავთობის მხოლოდ 10%-ს იღებს.

 . . . . . . . . . . . . . . . . .

აზერბაიჯანი აგრძელებს ძალზე რაფინირებულ თამაშს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში.

ილჰამ ალიევი სერბეთში ჩავიდა და პრეზიდენტ ვუჩიჩს ბუნებრივი აირის მიწოდებაზე მოელაპარაკა. სანაცვლოდ, ალიევი ცდილობს მიიღოს სერბული წარმოების დრონები და `ჭკვიანი ბომბები`.

თუ გავითვალისწინებთ, რომ ალიევი ასევე აქტიურია რუმინეთთან, ბულგარეთთან და უნგრეთთან ურთიერთობაში, უნდა დავასკვნათ, რომ რეალურად საქმე გვაქვს პოლიტიკურ ხაზთან, რომელიც არ შეიძლება მოსწონდეთ მოსკოვში, რადგან აზერბაიჯანის ბუნებრივი აირი ამცირებს აღმოსავლეთ ევროპის დამოკიდებულებას რუსეთზე

ჩვენთვის კი აქ მნიშვნელოვანია საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი: სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, ბალკანეთის სახელმწიფოებთან `წვდომა` აზერბაიჯანმა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის  გავლით შეიძლება მიიღოს.