საერთაშორისო მიმოხილვა. 16 დეკემბერი. 2024 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 16 დეკემბერი. 2024 წელი

დღეს, 16 დეკემბერს, ვაშინგტონში, მრავალი წლის შემდეგ კვლავ გაიხსნება სირიის არაბთა რესპუბლიკის საელჩო.

ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია: ამით აშშ (მისი ამჟამინდელი „ჯერ კიდევ“ ადმინისტრაცია ყოველ შემთხვევაში) აღიარებს, რომ მზადაა იმუშაოს, ეთანამშრომლოს იმ მრავალფრაქციულ კოალიციას, რომელიც სირიაში სამოქალაქო ომის დროს იდლიბში იყო გამაგრებული, ემზადებოდა მომენტუმისთვის, ზუსტად შეარჩია ეს მომენტუმი რუსეთის დასუსტების კვალობაზე, გადავიდა შეტევაზე და გააძევა დიქტატორი ბაშარ ალ ასადი.

ვაშინგტონისთვის ამ ახალი ხელისუფლების აღიარებისას შემაფერხებელი ვერ გახდა ის, რომ ასადის შეიარაღებული (აწ უკვე გამარჯვებული) ოპოზიციის და ახალი ხელისუფლების „ხერხემალია“ ისლამისტური დაჯგუფება „ჰაიათ ტახრირ აშ შამ“.

 

ახლა მთავარი კითხვაა, რა ბედი ელის სირიას?

დაშლიან მას ამერიკა, ისრაელი და თურქეთი თუ არა?

ვაშინგტონს ამ საკითხზე სწორედ ისრაელთან და თურქეთთან მოუწევს მოლაპარაკება:

რუსეთი იქ უკვე სრული არარაობაა!!!

 

ბოლო დროს აშშ სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი რამდენჯერმე ესაუბრა ტელეფონით ამ თემაზე (!) ისრაელის პრემიერ ნეთანიაჰუს და თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანს.

ერდოღანს შეხვდა კიდეც ბლინკენი.

და მათი საუბრის მთავარი თემა სირია იყო.

 

ისრაელმა სირიის ტერიტორიაზე 3 დღის წინ სტრატეგიული სიმაღლე დაიკავა ანუ გააფართოვა ისრაელის არმიის დაკავებული სივრცე გოლანის მაღლობებს მიღმა.

თურქეთის არმია კი ზურგს უმაგრებდა სირიის ოპოზიციას იდლიბიდან დამასკოზე შეტევის დროს. ყველანაირად ეხმარებოდა გარდა ცოცხალი ძალის ჩართვისა.

ისრაელიც და თურქეთიც სირიის მთლიანობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგნი არიან სინამდვილეში.

ერდოღანმა 2 დღის წინ ისიც კი თქვა: დამასკო პირდაპირ თურქეთის სახელმწიფოს უნდა შევუერთოო.

ანუ, ფაქტობრივად, თურქეთის პრეზიდენტი სირიის სრულ ანექსიას არ გამორიცხავს, როგორც XVI-XVII საუკუნეებში, ანუ ოსმალთა იმპერიის ეპოქაში.

 

ამ დიდი თემის ნაწილია ისიც, შეინარჩუნებს თუ არა რუსეთი სირიის ტერიტორიაზე სამხედრო ბაზებს: ხმენინის საავიაციო ბაზას და ტარტუსის საზღვაო ბაზას.

პუტინი ცდილობს ამ თემაზე მოლაპარაკებას „ტახრირის“ ლიდერებთან.

ისინი კი დასცინიან: გუშინ „ტერორისტულ დაჯგუფებად“ გვაცხადებდი, იდლიბს ბარბაროსულად ბომბავდიო და.....

 

თუმცა რეალურად პუტინი იძულებული იქნება ეს საკითხები ერდოღანთან „გამოივაჭროს“, რომელმაც პუტინს ყველაფერი მოუგო: ყარაბაღიდან - იდლიბამდე.

2016 წელს, თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალთა თვითმფრინავმა F-16 სირიის რეგიონ იდლიბის ცაში ჩამოაგდო რუსული ბომბდამშენი СУ-24, რომელიც იდლიბს უმოწყალოდ ბომბავდა.

პუტინი ისე გაბრაზდა, სტრატეგიული ბომბდამშენები, ТУ-160 (ბირთვული რაკეტებით) ასწია ჰაერში, მაგრამ შემდეგ ერდოღანთან მოლაპარაკება არჩია რადგან......(ამ ნიუანსს დავაკვირდეთ)  ერდოღანი და თურქეთი მოსკოვისთვის ზოგადად „უხერხული და არაკომფორტული“ მოწინააღმდეგეა: „ჩვენი ტოლი და სწორი რუბს მხოლოდ ამერიკა გვყავსო“.

ერდოღანის ეშმაკურმა დიპლომატიამ იმას მიაღწია, რომ იდლიბი „დეესკალაციის“ ზონად გამოცხადდა.

რუსეთი მას ძველებურად აღარ ბომბავდა, რამაც საშუალება მისცა იდლიბში გამაგრებულ სირიულ შეიარაღებულ ოპოზიციას, გამაგრებულიყო, გაძლიერებულიყო, მომზადებულიყო, მომენტუმი შეერჩია და ასადი გაეგდო საბოლოოდ.

 

ახლა უკვე რუსული არმიის სირიაში საერთოდ ყოფნა-არყოფნაზეა  ლაპარაკი.

რუსი სამხედრო ექსპერტი, ანტიქართველი ხოდარონოკი წერს: „თმებს ვიგლეჯ, რამდენი ფული ჩავყარეთ ხმენინის ან ტარტუსი ბაზებში და ახლა ყველაფერი ოხრად გვრჩება, უნდა მივატოვოთო“.

აბსოლუტური დარწმუნებით შეიძლება  ითქვას, რომ რუსეთმა ეს გეოპოლიტიკური „პარტია“ თურქეთთან  წ ა ა გ ო!

 

ოღონდ, ასევე, ეს არის ირანის სერიოზული მარცხი. ასადის ოპოზიციას ძალიან დაეხმარა ის გარემოება, რომ ისრაელმა ლიბანში, შეიძლება ითქვას, გაანადგურა შიიტური პრო-ირანული დაჯგუფება „ჰესბოლლა“, რომელიც აქტიურად უჭერდა მხარს ასადს.

 

მას შემდეგ, რაც ასადი გაიქცა და მისი ოპოზიცია დამასკოში შევიდა, ისრაელის ავიაციამ 450 დარტყმა (!) განახორციელა სირიის ტერიტორიაზე არა მხოლოდ შიიტური ჯგუფების ან ირანის არმიის ქვედანაყოფების, არამედ უამრავი სხვა სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ, მათ შორის საწყობების, აეროდრომების და ა.შ.

ნეთანიაჰუმ ძალიან კარგად იცის მთავარი: ვინც არ უნდა მოვიდეს სირიის სათავეში, ეს არაბული ქვეყანა ისრაელის მოსისხლე მტრად დარჩება. ამიტომ ახლა ცდილობს მაქსიმალურად დაასუსტოს ეს მტრული ქვეყანა სამომავლოდ.

რაკი ამის ისტორიული შანსი მიეცა.

სირიამ ორჯერ სცადა ისრაელის განადგურება: 1967 და 1973 წლებში.

სირიის ახალი ხელისუფლების ლიდერი, Ahmed al-Shara, რომელიც სწორედ „ტახრირის“ წარმომადგენელია, საოცარ დიპლომატიურობას ამჟღავნებს, ისრაელს არ წყევლის და პირიქით, ამბობს, რომ სირია ომით დაიღალა მრავალი წლის მანძილზე და დროა პრობლემები ისრაელთან მოლაპარაკებით გადაწყდესო.

თუმცა ნეთანიაჰუს ამგვარი დიპლომატიით ის ვერ მოატყუებს.

დღეს ასე ამბობს და ხვალ სხვაგვარად იტყვის.

 

 

სირია დღეს ნამდვილად გლობალური მედიის მთავარი თემაა.

ვერავინ ამბობს, სტრატეგიულად როგორ უნდა შეინარჩუნოს ამ სახელმწიფომ მთლიანობა, როდესაც არსად გამქრალა მისი მრავალკონფესიურობა და პოლიეთნიკურობა?

 აწ გამარჯვებული Hayat Tahrir al-Sham ისლამის სუნიტური მიმდინარეობის წარმომადგენელია, მაგრამ სირიაში უამრავი შიიტი ცხოვრობს და ცხოვრობენ აგრეთვე ალავიტები - მესამე მიმდინარეობა, რომელიც შიიზმთან უფრო ახლოსაა ვიდრე სუნიზმთან.

სწორედ ალავიტურ უმცირესობას ეყრდნობოდა ასადთა კლანი 50 წლის განმავლობაში, ბაშარის მამის, ჰაფეზ ალ ასადის მმართველობით დაწყებული.

. . . . . . . . . . . . . . . . .

სამხრეთ კორეის პოლიციამ დააპატიმრა ქვეყნის სამხედრო დაზვერვის მეთაური მუნ სან ხო.

რამდენიმე დღის წინ გატყობინებდით, რომ ამ უნიკალურ, აყვავებულ, ფანტასტიკურად სწრაფად მზარდ, სამაგალითო ქვეყანაში მოხდა საოცრება: პრეზიდენტმა იუნ სოკ იოლმა სცადა ძალაუფლების უზურპაცია არმიის მეშვეობით.

ამის შემდეგ დააპატიმრეს თავდაცვის მინისტრი კიმ იონ ხონი.

მიუხედავად თავდაცვის მინისტრის დაპატიმრებისა, სწორედ სამხედრო დაზვერვის შეფი მუნ სან ხო ითვლება „კინაღამ განხორციელებული“ სამხედრო გადატრიალების მთავარ სულისჩამდგმელად.

ირკვევა, რომ მან (მის წინამორბედ ნონ სან ვინთან ერთად) დაუწერა სამხრეთ კორეის პრეზიდენტს შესაბამისი განცხადება სამხედრო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ და ამ განცხადების ეთერში გაჟღერებიდან 2 წუთში (!) უბრძანა მის დაქვემდებარებაში მყოფ ელიტურ ქვედანაყოფებს, დაეკავებინათ პარლამენტისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობები.

პრეზიდენტი ამჟამად დაიმპიჩმენტებულია პარლამენტის მიერ.

 

ეს ისტორია ძალიან საინტერესოა იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რამდენად მნიშვნელოვანია სამხედრო დაზვერვის ინსტიტუტი ზოგადად არმიის სტრუქტურაში და რა გავლენა შეიძლება მან მოახდინოს ნებისმიერ ქვეყანაში პროცესთა განვითარებაზე, თუ არ იარსებებენ შესაბამისი „ჩამკეტ/დამცავი“ მექანიზმები.

საბჭოთა კავშირში ГРУ ერთ ერთ უძლიერეს ინსტიტუტად ითვლებოდა.

. . . . . . . . . . . . . . . . .

გუშინ უკრაინის სამხედრო დაზვერვამ გამოაქვეყნა ვიდეო, რუსეთის ულიანოვსკის ოლქში სარკინიგზო ხიდის აფეთქების შესახებ.

როგორც ჩანს დივერსიის შედეგად.

უკრაინის სამხედრო დაზვერვის განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ სარკინიგზო ხიდს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა „რუსული საოკუპაციო არმიის მომარაგების თვალსაზრისით“.

ეს დივერსიული ოპერაცია განხორციელდა უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზე, ულიანოვსკის ოლქში, რომელიც საკმაოდ შორსაა უკრაინისგან.

მეორე ოპერაცია უკრაინის სამხედრო დაზვერვამ გუშინ განახორციელა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზაპოროჟიეს ოლქში.

იქ უკრაინელმა დივერსანტებმა ჯერ ააფეთქეს სარკინიგზო ხაზი, როდესაც მასზე ნავთობით დატვირთული შემადგენლობა მოძრაობდა და შემდეგ ეს შემადგენლობა ამერიკული რაკეტებით HIMARS დაბომბა უკრაინულმა არმიამ.

ანუ წინასწარ დაგეგმილი კომპლექსური ოპერაცია იყო და აქვე უნდა ითქვას, რომ კომუნიკაცია ამ შემთხვევაშიც ხორციელდებოდა ამერიკული საკომუნიკაციო სისტემებით. მათ შორის მიზანდასახულობა, ესე იგი დამიზნება - ამერიკული კოსმოსური თანამგზავრებით.

დივერსიის ადგილიდან - უკრაინული არმიის დისლოკაციამდე ასეულობით კილომეტრია.

უკრაინული სამხედრო დაზვერვა იმ ქვეყნის, მათ შორის უკრაინის შეიარაღებულ ძალთა უძლიერესი და ყველაზე შედეგიანად მოქმედი ქვედანაყოფია უდავოდ.

. . . . . . . . . . . . . . . . .

ჩეჩნეთის მიკროდიქტატორი რამზან კადიროვი 15 დეკემბერს სულ „ცოფებს ყრიდა“ ადგილობრივი ტელევიზიით: „უკრაინამ სამი დრონი ესროლა ქალაქ გროზნოსო“.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა გროზნოს უკრაინელები ბომბავენ უპილოტო აპარატებით.

თუმცა ყველაზე საინტერესო სხვაა: „სატელევიზიო ტირადის“ დროს წამოსცდა: ისე გავბრაზდი, ყურმილი ავიღე, რუსეთის გენერალურ შტაბში დავრეკე და რუსულმა არმიამ უკრაინულ ქალაქ ხარკოვს ორი SS-26 Iskander ბალისტიკური რაკეტა ესროლაო.

ბევრისთვის მოულოდნელად, „ისკანდერების“ ჩამოგდება უკრაინელებმა ისწავლეს ამერიკელი სპეციალისტების მეშვეობით. ოღონდ ეს შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ამერიკული Patriot-ით.

არც ერთ სამხედრო კონფლიქტში ბოლო 20 წლის მანძილზე, რაც ამერიკას ან მის მოკავშირეებს უწარმოებია, Patriot-ს არ ჰქონია ასეთი გამოწვევა და გამოცდა, როგორც რუსული აგრესიის დროს.

და ეს გამოცდა ამ სისტემამ ნამდვილად ჩააბარა.

წარმოებულია ორი გენიალური ამერიკული ინდუსტრიის მიერ Raytheon in Massachusetts and Lockheed Martin in Florida, US.