სისხლიანი დრამა დასავლეთ საქართველოში

სამოქალაქო ომი დასავლეთ საქართველოში ნელ-ნელა იღებს ისეთ მასშტაბებს, რომ თუ იგი უახლოეს ხანში არ დამთავრდა და პერმანენტული გახდა, - ამ რეგიონსაც ისეთივე განადგურება ელის, როგორც ჩვენი ქვეყნის სხვა ტერიტორიებს, სადაც, ფაქტობრივად, ნანგრევების გარდა არაფერი დარჩა.

სისხლიანი დრამა  დასავლეთ საქართველოში

სამოქალაქო ომი დასავლეთ საქართველოში ნელ-ნელა იღებს ისეთ მასშტაბებს, რომ თუ იგი უახლოეს ხანში არ დამთავრდა და პერმანენტული გახდა, - ამ რეგიონსაც ისეთივე განადგურება ელის, როგორც ჩვენი ქვეყნის სხვა ტერიტორიებს, სადაც, ფაქტობრივად, ნანგრევების გარდა არაფერი დარჩა.
    როგორც ჩანს, ვიღაცას განზრახული აქვს მთელი საქართველოც ასეთივე ნანგრევებად აქციოს და ამას გეგმაზომიერად ახორციელებს. ჯერ შიდა ქართლი განადგურდა, შემდეგ თბილისი, შემდეგ აფხაზეთი. ახლა - დასავლეთ საქართველო. და ეს რიგი გაგრძელდება მანამ, სანამ ჩვენ არ გამოვფხიზლდებით და არ დავუსვამთ საკუთარ თავს კითხვას: «გვყავს თუ არა მტერი და თუ გვყავს, რატომ ვახარებთ მტერს?»

    რასაკვირველია, დღევანდელი ხოცვა-ჟლეტა და სამოქალაქო ომის ხელახალი აფეთქება სოხუმის დაცემამ და, მთლიანად, აფხაზეთის ტრაგედიამ გამოიწვია.
    აფხაზეთი რუსეთმა წაგლიჯა საქართველოს. არა «დემოკრატიულმა რუსეთმა» ან «კომუნისტურმა რუსეთმა», არამედ რუსეთმა. სახელმწიფომ, რომელსაც, თავისი გეოპოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, შავ ზღვაზე საკუთარი პოზიციების განმტკიცება სჭირდებოდა. სახელმწიფომ, რომელსაც არაფრის დიდებით არ აძლევს ხელს (იმავე ინტერესებიდან გამომდინარე) კავკასიაში დამოუკიდებელი და, რაც მთავარია, სტაბილური სახელმწიფოს არსებობა.
    მიუხედავად ამისა, იგი ვერ შეძლებდა თავისი გეგმის განხორციელებას, არავითარ შემთხვევაში არ აიღებდა სოხუმს, არ მოაწყობდა აფხაზეთში საქართველოს გენოციდს, დარწმუნებული რომ ყოფილიყო: ამის შემდეგ ქართველი ერი დაინახავს მტრის სახეს, მოხდება დიდი ეროვნული კონსოლიდაცია, თითოეული ქართველი აენთება ერთი მიზნით: გაემიჯნოს ამ მტერს, დაუპირისპირდეს მას.
    მაგრამ კრემლის ლაბორატორიაში ძალიან ზუსტად გათვალეს, რომ სოხუმის დაცემას სწორედ საპირისპირო შედეგები მოჰყვებოდა: ახალი ძალით იფეთქებდა სამოქალაქო ომი, ხოლო ლეგალური თუ არალეგალური პროპაგანდა ერთ ქართველს აღზრდიდა იმ რწმენით, იმ სულისკვეთებით, რომ «საქართველომ აფხაზეთი შევარდნაძის გამო დაკარგა», ხოლო მეორეს, რომ «აფხაზეთი დაიკარგა გამსახურდიას ღალატის წყალობით». შედეგად კი, ჭეშმარიტ მტერთან დაპირისპირების ნაცვლად, ქართველები ერთმანეთს დავერიეთ და ჩვენი სამშობლოს კიდევ ერთ კუთხეს ვანადგურებთ.

    მოდით საკუთარ თავს დავუსვათ უმთავრესი კითხვა: არის თუ არა რუსეთი საქართველოში სამოქალაქო ომის დამთავრებით დაინტერესებული?
    ეს კითხვა მართლაც უმთავრესია, რადგან სავსებით ნათელია, რომ თუ იგი ამით დაინტერესებული არ არის, მაშინ ეს ომი არ დამთავრდება.
    თითქოს ყველა მისი სურვილი დავაკმაყოფილეთ - СНГ-ში შევედით, დავაკანონეთ მისი ჯარის სტატუსი საქართველოში, მაგრამ არაერთგზის მითქვამს: ამ სახელმწიფოს ჭეშმარიტ, არადეკლარირებულ ინტერესთა ყველაზე ზუსტი ინდიკატორი არის რუსეთის ტელევიზია. რამდენიმე დღის წინ «ოსტანკინომ» ძალზე უცნაური ინფორმაცია გადმოსცა: «ოქტომბრის ბოლოს იწურება პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა, რომელიც ზვიად გამსახურდიამ თავის დროზე მიიღო. სწორედ ამიტომ ჩქარობენ მისი მომხრენი დასავლეთ საქართველოში».
    რა მიზანს ისახავდა ეს ინფორმაცია? - საქმე ის გახლავთ, რომ იმ ანალიტიკურ ცენტრებში, სადაც სხვადასხვა «საინფორმაციო დივერსია» მზადდება, შესანიშნავად იციან: გამსახურდია 1991 წელს არჩეულ იქნა ხუთი წლის ვადით. ამიტომ, ინფორმაცია მიზნად ისახავდა მისი მომხრეებისათვის ეს შეეხსენებინა, გამოეწვია მათში შინაგანი პროტესტი და კიდევ უფრო გაეღვივებინა სამოქალაქო ომი, რომელიც საზოგადოებრივ ცნობიერებაში მიმდინარეობს.
    კიდევ ერთი მაგალითი: იმავე ოსტანკინომ, ძალიან ფრთხილად, თითქოს გაკვრით, მაგრამ რამდენჯერმე მაინც უკვე უწოდა დასავლეთ საქართველოში მოქმედ სამთავრობო ჯარებს «შევარდნაძის ჯარები». ეს «საინფორმაციო ჭურვიც» იმავე მიზანს ისახავს.
    ღმერთმა ქნას ვაჭარბებდე, მაგრამ ვაი თუ კრემლს მართლაც განზრახული აქვს, ქართული სამოქალაქო ომი «მარადიულ ომად» აქციოს და მანამ არ დაამთავროს, სანამ ქვეყანა სრულად არ განადგურდება, სანამ «აფხაზურ პრობლემასთან» ერთად საქართველოში «მეგრული პრობლემაც» არ წარმოიშობა?!
    ან რით შეიძლება ავხსნათ ის უცნაური გარემოება, რომ ქალაქები ხელიდან-ხელში გადადის და გამარჯვების სასწორიც ხან ერთ მხარეს გადაიხრება ხან მეორეს, თითქოს რაღაც უხილავი ძალა ხან ერთ მხარეს დაჰკრავს პინას, ხან მეორეს?
    შედეგად კი, ორივე დაპირისპირებულ ძალას უჩნდება ილუზია, რომ გამარჯვებამდე სულ ერთი ნაბიჯიღა, ერთი ძალისხმევა დარჩა. . . ეს ილუზია კი იმისთვის არის «საჭირო», რათა მხარეები ვერ მიხვდნენ, როგორ ათამაშებენ მარიონეტებივით სხვის ნება-სურვილზე.
    სამოქალაქო ომი საქართველოში უნდა დამთავრდეს! უნდა დამთავრდეს თუნდაც ერთ-ერთი ძალის პოლიტიკური არენიდან სამუდამოდ წასვლის ფასად და თუ დღევანდელმა ხელისუფლებამ უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში ეს ვერ მოახერხა, შემდეგ სიტუაცია ძალზე გართულდება, რადგან თბილისის პოლიტიკურ წრეებში უკვე ისმის ჩუმი დრტვინვა სახელმწიფოს მეთაურის პოზიციის გამო.
    ეს ადვილი ასახსნელია. ზოგიერთებმა იგრძნეს: საქართველოში სამოქალაქო ომის დამთავრებით მათი კარიერაც სრულდება - ისინი ვეღარ შეძლებენ ადრე არსებულ ანტაგონიზმზე ბალანსირებას და საზოგადოების ერთ ნაწილში დაგროვილი უსაზღვრო ბოღმის ექსპლუატაციით მომგებიანი ქულების ჩაწერას.
    გარდა ამისა, გამსახურდიას, როგორც პოლიტიკური ფაქტორის მოსპობის შემდეგ, დღის წესრიგში უეჭველად დადგება «შევარდნაძის პარტიის» ჩამოყალიბებისა და ახალი არჩევნების ჩატარების საკითხი. ამ არჩევნებში კი ზემოთხსენებულ ძალებს არათუ გამარჯვების, არამედ მინიმალური წარმატების შანსიც არა აქვთ.

    ამასობაში კი, მთელი ეს სისხლიანი დრამა თამაშდება იმ გრანდიოზული პროცესების ფონზე, რომელიც რუსეთში ვითარდება. ელცინის გუნდი იმპერიული სახელმწიფოს მეორედ მოდერნიზაციას ამთავრებს: უკანასკნელი აქტი დაიწყო სვერდლოვსკის საოლქო საბჭოს მიერ «ურალის რესპუბლიკის» გამოცხადებით. ერთი შეხედვით, თითქოს ელცინის საწინააღმდეგო ნაბიჯია, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. სინამდვილეში «ურალის რესპუბლიკის» გამოცხადება იმ მიზანს ისახავს, რომ ყოველგვარი პოლიტიკური წონა და გავლენა მოუსპოს ე.წ. «ეროვნულ რესპუბლიკებს», რომლებიც რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შედიან.
    როგორც ჩანს, თათრებს, ყალმუხებს, ბაშკირებს, ოსებს, დაღესტნელებს, ყაბარდოელებს იმედი ჰქონდათ, თავად შეექმნათ მომავალი სახელმწიფო სათათბიროს ზედა პალატა (ე.წ. «ფედერაციის საბჭო») და ამ გზით რუსეთი, ფაქტობრივად, კონფედერაციად ექციათ. მაგრამ ნურას უკაცრავად! მომავალ «ფედერაციის საბჭოში» შევა არა მარტო 21 ყოფილი «ავტონომიური რესპუბლიკის» ხელმძღვანელი, არამედ იმ ოცდაოთხამდე ახალი «რესპუბლიკისაც», რომელთა დეკლარირების პროცესიც ურალმა დაიწყო. ეს კი უეჭველად გამოიწვევს არარუსული რესპუბლიკების უკმაყოფილებას. განსაკუთრებით ჩრდილოეთ კავკასიაში, სადაც ყველაფერი მზადაა მძლავრი ანტირუსული ტალღის ასაღორძინებლად.
    ამ ტალღაზე «კავკასიის კონფედერაცია» შეიძლება საერთო სახელმწიფოებრივ სტრუქტურად იქცეს. ხოლო ზვიად გამსახურდია, ასეთ შემთხვევაში, მისთვის ფასდაუდებელი ფიგურა გახდება, რადგან თუ საქართველოს სამოქალაქო ომში შევარდნაძემ გაიმარჯვა, მაშინ მაჰმადიანური ჩრდილოეთ კავკასია რუსეთს უკვე ვეღარსად გაექცევა.

«ივერია-ექსპრესი», 3 ნოემბერი, 1993წ.