საერთაშორისო მიმოხილვა. 17 აგვისტო 2022 წელი.

საერთაშორისო მიმოხილვა. 17 აგვისტო 2022 წელი.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბრწყინვალე წარმატებას მიაღწიეს როგორც ფრონტზე, ასევე საინფორმაციო ომში რუს აგრესორებთან.

უკრაინულმა არმიამ მნიშვნელოვნად შეავიწროვა რუსი ოკუპანტები სამხრეთში, ხერსონის მიმართულებით მაშინ, როდესაც აგრესორები კვლავინდებურად ვერ ახერხებენ დონბასზე, ბახმუტის მიმართულებით გაჭრას და აქვე უნდა ითქვას, რომ აბსოლუტურად ზუსტი აღმოჩნდა უკრაინის გენერალური შტაბის გათვლა, რომ თავდაცვითი ბრძოლებით გამოეფიტათ მტერი და მერე გადასულიყვნენ სხვა თავდაცვით პოზიციებზე იმავე რეგიონებში.

გარდა ამისა, უკრაინამ, უპილოტო საფრენი აპარატებით და დივერსიული ჯგუფებით რამდენიმე დარტყმა მიაყენა მტერს უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზე. დაბომბეს იარაღის საწყობები; ხოლო კურსკის ოლქში, უკრაინელმა დივერსანტებმა სტრატეგიული მნიშვნელობის ელექტროგადამცემი ხაზები ააფეთქეს, რამაც მოსახლეობის დიდი ნაწილი კარგა ხნით ელექტროენერგიის გარეშე დატოვა.

ამავე დროს, ოკუპირებულ ყირიმში ჯერ სამხედრო აეროდრომზე მოხდა `უცნაური აფეთქება`, ახლა კი მეორე აფეთქება იარაღის საწყობზე...... თვით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აღიარა, რომ ეს `დივერსიის შედეგი იყოო`.

აქ საინტერესო და მნიშვნელოვანი ის არის, რომ უკრაინა დარტყმებს ახორციელებს რუსეთის ტერიტორიაზე (კურსკი, ბელგოროდი) მაგრამ ღიად არასდროს ამბობს: `დიახ, ჩვენ დავბომბეთ, დიახ, ჩვენი დივერსიული ჯგუფი იყოო`.

უკრაინის ხელისუფლება ამას არ ამბობს იმიტომ, რომ დასავლეთში, ევროპასა და ამერიკაში, უამრავი `სასარგებლო იდიოტია`, უამრავი პუტინის ხელის გულზე მიჩვეული `გერჰარდ შრედერია`, რომელიც უკრაინას თავხედურად აფრთხილებდა: `კი, რუსეთი ცუდია, კი რუსეთი აგერსორია, კი რუსეთმა უამრავი დანაშაული ჩაიდინა თქვენს ტერიტორიაზე, მაგრამ არ გაბედოთ რუსეთის ტერიტორიაზე შეტევა და ამით პუტინისთვის შეურაცხყოფის მიყენება, რადგან ამას პუტინი შეურაცხყოფად აღიქვამსო`.

ზუსტად, სიტყვა-სიტყვით ასე თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემმანუელ მაკრონმა: პუტინმა თავი შეურაცხყოფილად არ უნდა იგრძნოსო.

მეორეს მხრივ, პუტინსაც უჭირს იმის აღაირება, რომ დივერსიებს მის ტერიტორიაზე უკრაინა ახორციელებს, რადგან ამით ჩანს მისი არმიის, მისი სპეცსამსახურების, მისი საჰაერო თავდაცვის და მთლიანობაში მისი რეჟიმის უსუსურობა.

ამ `შეურაცხყოფის` პასუხად კი რუსული არმია, ხერსონის, დნეპროპეტროვსკის, მშვიდობიან კვარტალებს ბომბავს. უდანაშაულო ადამიანებს ჟლეტს კასეტური ბომბებით, რომ შური იძიოს `დამცირებისთვის`, როცა ყირიმის დაბომბვის შემდეგ იქედან მოსკოველები და პეტერბურგელები კუდამოძუებულნი გარბიან და თან პუტინს ლანძღავენ.

უკრაინა  პუტინს გულ და გულ მიანიშნებს, რომ არც ოკუპირებულ ტერიტორიებზე, არც თვით რუსეთში, მშვიდი ცხოვრება არ ექნება.

პრეზიდენტი ზელენსკი გუშინ სპეციალურად გამოვიდა და მიმართა ყირიმელებს: `რუსულ სამხედრო ობიექტებს ნუ მიუახლოვდებითო`. ანუ, დავაკვირდეთ: ერთის მხრივ ღიად არ ამბობენ `ჩვენ დავარტყითო` (ხსენებული მიზეზით) ხოლო მეორეს მხრივ, პრეზიდენტი ყირიმელებს აფრთხილებს, `ოკუპანტებთან ნუ ითანამშრომლებთო` იქ ნუ მიხვალთო და ამით ირიბად აღიარებს, რომ ყველა ეს წარამტებული დივერსია უკრაინის შეიარაღებულ ძალთა და სპეცდანიშნულების რაზმთა განხორციელებულია.

რეალურად, დივერსიული ომი, მათ შორის ხიდების აფეთქება, ჩასაფრებები, პუტინისთვის ძალიან საშიშია, რადგან ამ დივერსიების შედეგად მტრის ზურგში, უკრაინის შეიარაღებული ძალები და მისი სპეცდანიშნულების რაზმები ახერხებენ `ლოგისტიკური ჯაჭვის გაწყვეტას` ესე იგი საოკუპაციო არმია ან საერთოდ ვეღარ იღებს, ან მით უმეტეს ვეღარ იღებს დროულად საბრძოლო მასალებს, ახალ იარაღს, ბენზინს, საკვებს და ა.შ.

სამხედრო სპეციალისტებმა ხერსონის ოლქში საოცარი ფაქტი აღმოაჩინეს; რუსეთის არმია იქ უკვე თავდაცვის ეშელონირებულ ზღუდეებს ქმნის ანუ ემზადება სტარტეგიული თავდაცვისათვის. და ამ მიზნით ძველ საბჭოთა ტანკებს Т-62-საც კი იყენებს. მათ ფლავენ მიწაში და ბრძოლის დროს უბრალოდ ქვემეხიდან ისვრის, როგორც ჩვეულებრივი არტილერია.

მთლიანობაში, სპეციალისტები ასკვნიან, რომ უკრაინულმა არმიამ თავდაცვის შემდეგი სქემა აირჩია: მტრის შეკავება ამჟამინდელ ზღუდესთან, მისი გამოფიტვა, ლოგისტიკური მარშრუტების და ხაზების ანუ შესაბამისი ინფრასტრუქტურის  მწყობრიდან გამოყვანა, დივერსიები მტრის ღრმა ზურგში, მათ შორის რუსეთის ტერიტორიაზე, - მტრულ საზოგადოებაზე ფსიქოლოგიური წნეხის გასაძლიერებლად  - და ამ ყოველივეს შედეგად საშემოდგომოდ მძლავრი კონტრშეტევის მომზადება/განხორციელება.

არც ერთი სერიოზული სპეციალისტი არ პროგნოზირებს, რომ წელს ომი დამთავრდება. მინიმუმ მომავალი წლის გაზაფხულამდე გაგრძელდება და ამჟამად არსებული ალგორითმით, აუცილებლად დასრულდება უკრაინის გამარჯვებით!

გუშინ უკრაინელმა დივერსანტებმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე გაანადგურეს დიმიტრი ცხე ზედსახელად `კორეელი` - ადგილობრივ სეპარატისტულ დაჯგუფებათა ყველაზე პოპულარული ლიდერი.

ამგვარი `პოპულარული ლიდერების` განადგურება თრგუნავს სეპარატისტებს და აჩვევს მათ აზრს, რომ დამარცხება გარდაუვალია.

2014 წლიდან ეს ე.წ. `კორეელი`, რომელსაც ალბათ მართლაც ჰქონდა კორეული ფესვები, აქტიურად მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში. ბევრი მისი `კოლეგა` უკრაინულმა სპეცსამსახურებმა ჯერ კიდევ 2022 წლის ომამდე გაანადგურეს და ეს უკრაინის სერიოზული სამხედრო-პოლიტიკური წარმატება იყო.

. . . . . . . . . . . . . .

რუსეთის არმია უკრაინაში ყოველდღიურად 100 000 ჭურვს ხარჯავს!  

თითქოსდა ჭურვების მეტი რა აქვს რუსეთს?

მაგრამ გუშინ პუტინის თავმჯდომარეობით სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის დირექტორთა თათბირი ჩატარდა, რომ სამხედრო მრეწველობაში სამობილიზაციო რესურსი უნდა აამოქმედონ.

`მობილიზაცია` მხოლოდ ჯარში გაწვევას არ ნიშნავს. ამის პუტინს ეშინია. მაგრამ `მობილიზაცია` ნიშნავს სპეციალისტთა და მუსა-ხელის მობილიზაციასაც სამხედრო მრეწველობაში.

დიდი სიშორის უახლესი რაკეტები (ცირკონი მაგალითად) რუსეთს, თვით რუსი სამხედრო ექსპერტის, ხოდარიონოკის ცნობით, სულ 50 ცალი ჰქონდა ამ აგრესიამდე და თითქმის ყველა გამოიყენა უკვე. განსაკუთრებით დასავლეთ უკრაინაზე, ლვოვზე დარტყმისას, რადგან იქ მხოლოდ დიდი სიზუსტის რაკეტებით უნდა განეხორციელებინა შეტევა : ვაითუ ავაცილო, ევროპაში შევარდეს რაკეტა და NATO-მ გამოიყენოს როგორც Casus belli ანუ ომის მიზეზიო.

სხვათა შორის, ამას რუსული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის ფინანსური დანაკარგიც მოაქვს. თან კოლოსალური. იმიტომ, რომ უკრაინაში შეჭრამდე რუსეთი მსოფლიოში მეორე ადგილზე იყო (ამერიკის შემდეგ) იარაღის ექსპორტით. ახლა თვითონ არ ჰყოფნით იარაღი და რაღას გაყიდიან არაბეთში ან აფრიკაში ან აზიაში ან ლათინურ ამერიკაში, სადაც ყოველწლიურად ათეულობით მილიარდი დოლარის იარაღს ყიდდნენ ომამდე?

. . . . . . . . . . . . . .

ყაზახეთის ხელისუფლებამ აკრძალა სკოლებში პირველი კლასიდან რუსული ენის სწავლება.

ეს კიდევ ერთი გამოწვევა გახდა მოსკოვისთვის. თუმცა უკრაინულ ომში ჩაფლულ პუტინს ახლა ამისთვის არ სცალია.

. . . . . . . . . . . . . .

ფინელებმა, რომლებსაც რუსებზე წყენა სტალინის დროიდან არ განელებიათ, კრეატიულ ხერხს მიაგნეს, რათა მხარი დაუჭირონ უკრაინას: საზღვრისპირა ქალაქებში და სხვა დასახლებულ პუნტქებში უკრაინულ ჰიმნს რთავენ ისეთ ხმაზე, მეზობელ რუსულ სოფლებში და დაბებში ისმოდეს.

არადა, დღეს ისეთი ვითარებაა რუსეთის გარშემო, რომ ფინეთი რუსებისთვის (განსაკუთრებით ჩრდილოეთ რეგიონებში მცხოვრები რუსებისთვის) `ფანჯარად` იქცა - მასობრივად მიემგზავრებიან, მათ შორის საყიდლებზე......ფინეთის გავლით დაფრინავენ და ა.შ.

ფინეთი ისევე მნიშვნელოვანია რუსეთის იმ რეგიონებისთვის, როგორც თურქეთი - რუსეთის  სამხრეთ რეგიონებისთვის.

ოღონდ ეს მხოლოდ მანამ გაგრძელდება, სანამ ფინეთი NATO-ს სრულუფლებიანი წევრი არ გახდება.

როცა გაწევრდება, იგი ბევრად უფრო ლოიალური მიმდევარი იქნება  დასავლური `ანტიპუტინისტური` კურსისა, ვიდრე თურქეთი. რადგან თურქეთისგან განსხვავებით, ფინეთი პატარა ქვეყანაა.

. . . . . . . . . . . . . .

ამერიკის სამხედრო-საჰაერო ძალებმა წყნარ ოკეანეში გამოსცადეს `მინიტმენ- 3`  შორი მანძილის რაკეტა ბირთვული საბრძოლო ნაწილის იმიტირებით.

ეს იყო პირდაპირი მინიშნება ჩინეთისთვის, რომელიც ისტერიკაში ჩავარდა ნენსი პელოსის ტაივანზე ვიზიტის გამო, თუმცა რეალურად ვერაფერი გაბედა.

სწორედ იმიტომ ვერ გაბედა, რომ სამხედრო თვალსაზრისით ამერიკა ჯერ კიდევ შეუდარებლად ძლიერია.

აშშ სამხედრო-საჰაერო ძალთა სარდლობის განცახდებაში პირდაპირ ასეა ნათქვამი: ეს წარმატებული გამოცდა ყევლას უჩვენებს, რამდენად ძლიერია ამერიკული `ბირთვული შეკავების რესურსიო`.

საერთაშორისო პოლიტიკაში ძალის ფაქტორი და მათ შორის ამ ძალით მუქარისა, არავის გამოურიცხავს.

ასე იყო, ასეა და ალბათ დიდხანს იქნება `ასე`.

 სხვა შემთხვევაში ჩინელები ნენსი პელოსის თვითმფრინავს ჩამოაგდებდნენ, რადგან ამგვარი შეურაცხყოფა ჩინეთის სახელმწიფოს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ განუცდია, - როგორიც ნენსი პელოსის ტაივანზე ვიზიტი იყო.

მით უმეტეს იმ საერთაშორისო საინფორმაციო `ფონზე`, რაც მას თან ახლდა.  

. . . . . . . . . . . . . .

გენიალურმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ აპირებს იყიდოს ინგლისური პრემიერ ლიგის კლუბი Manchester United.

ამ განცხადებას მოაყოლა, რომ იგი `მხარს უჭერს აშშ `რესპუბლიკური პარტიის` მემარცხენე ფრთას და აშშ `დემოკრატიული პარტიის` მემარჯვენე ფრთას`.

ანუ, ამით მასკი ამბობს `ჩემი მსოფლმხედველობით და პროგრამით `ცენტრისტი` ვარო.

ქართულად `შუაშისტი`.

 

დათო