საერთაშორისო მიმოხილვა. 25 ივლისი. 2022 წელი
ამერიკელებს არაფრის ისე არ ეშინიათ ტრადიციულად, არაფერი ისე არ სძულთ და არაფერზე ისე არ ბრაზდებიან, როგორც ინფლაციაზე!
საშუალო ამერიკელი ხელისუფლებას ბევრ რამეს აპატიებს, მაგრამ არა ინფლაციას.
დღეს ამერიკაში წლიურმა ინფლაციამ 9,1%-ს მიაღწია.
ამერიკისთვის ეს კოლოსალური ციფრია.
ასეთი ინფლაცია ამერიკაში 40 წლის განმავლობაში - დიდი პრეზიდენტის, რონალდ რეიგანის შემდეგ არ ყოფილა.
ძალიან მოკლედ: 1980 წელს, როდესაც ამერიკაში ინფლაციამ 11%-ს მიაღწია პრეზიდენტ კარტერის უუნარობის გამო, ამერიკელებმა აირჩიეს ალბათ ერთ-ერთი უდიდესი პრეზიდენტი მათ ისტორიაში აბრაჰამ ლინკოლნისა და ფრანკლინ დელანო რუზუველტის შემდეგ: რონალდ რეიგანმა 1981 წლიდან გაატარა რადიკალური ლიბერალური რეფორმები, შეამცირა გადასახადები, შედეგად შეამცირა უმუშევრობაც და შეამცირა ინფლაციაც.
შეგახსენებთ ინფლაციის ყველაზე ზუსტ და ღრმა განსაზღვერაბს: `ინფლაცია არის `გადასახადი` ანუ ფასი, რომელსაც იხდიან არა მდიდრები, არამედ ღარიბები. მისი თვისება ისაა, რომ რაც უფრო ღარიბია ადამიანი, ინფლაციის `ფასს` უფრო მეტად და მტკივნეულად იხდის საკუთარი ჯიბიდან.
დღევანდელი, შეიძლება ითქვას ამერიკისთვის არათუ უჩვეულო, არამედ შოკისმომგვრელი ინფლაციის მიზეზი ორია. ორივე სისტემურია და ორივე `დალინკულია` ეგზისტენციურ პრობლემაზე, რაც სულ უფრო მეტად ხდება ამერიკის სახელმწიფოებრივი პრობლემა
ა) პოსტკოვიდურ ამერიკაში, ეკონომიკა რომ `დაექოქა` უპრეცედენტო გაჩერებისა და სტაგნაციის შემდეგ, პრეზიდენტმა ბაიდენმა ფედერალურ რეზერვს (ცენტრალურ ბანკს) უბრძანა, ჩაერთო დოლარის საბეჭდი მანქანა და ფინანსურ ბაზარზე გამოეშვა უზარამზარი ფულადი მასა, რათა დაეფინანსებინა 1 ტრილიონ 900 მილიარდი დოლარის (!!!) ეკონომიკის აღორძინების პროგრამა.
სხვაგვარად, ამერიკის კოლოსალური ეკონომიკის `ძილიდან` გამოყვანა ვერ მოხეხდებოდა, რადგან ინვესტორებს რისკ-ფაქტორების ცეცხლივით ეშინიათ.
ბუნებრივია, ფულის ეს კოლოსალური მასა დააწვა ინფლაციას და იქცა მის აქსელერატორად. შედეგად მივიღეთ აბსოლუტური პარადოქსი, უმაგალითო ამერიკის ისტორიაში: უმუშევრობის დონე, ამ ფინანსური ინექციის წყალობით, სულ რაღაც 3,6%-ია დღეს ამერიკაში (ამ ქვეყნისთვის ძალიან ცოტაა), მაგრამ პრეზიდენტის მოწონების რეიტინგი კატასტროფულ 30%-მდე დაეცა.
რატომ? იმიტომ, რომ როდესაც მაგალითად ამერიკაში დიდი დეპრესიის დროს (1929 წლიდან) იმ ქვეყანაში საშინელი კრიზისი გამეფდა და ამერიკელებმა ფრანკლინ დელანო რუზველტი აირჩიეს პრეზიდენტად, მან მილიონობით ადამიანი სახელმწიფო პროგრამების განხორციელებაზე დაასაქმა (გზების მშენებლობა და ა.შ), მაგრამ დიდი სამხედრო შეკვეთების გამო ამას ინფლაცია მაინც არ მოჰყოლია. დღეს ამის საშუალება ბაიდენს აღარ აქვს. დღეს ამერიკა სხვა ქვეყანაა ვიდრე 1920-იან წლებში იყო. `სხვა ქვეყანაა` პირველ რიგში სოციალური თვალსაზრისით.
დღეს ამერიკაში გზების მშენებლობისთვის თუ მუშა-ხელი დაგჭირდა, სხვა ქვეყნებიდან უნდა ჩამოიყვანო - რუზველტის ეპოქასთან თვალუწვდენელი უფსკრულია. ან იმდენი უნდა გადაუხადო, ინფლაციას კიდევ უფრო გაზრდი.
ბ) მეორე მიზეზია ომი უკრაინაში, რაც ამერიკას ასეულობით მილიარდი დოლარი უჯდება და ეს თანხებიც `იბეჭდება`, რაც ასევე მძიმედ აწვება ეკონომიკას. ამერიკის ბიუჯეტი უსაზღვრო და განუზომელი სულაც არ არის.
ამას ემატება ბენზინზე ფასის მატება.
დღეს ამერიკელი 1 გალონში 5 დოლარს იხდის ანუ დაახლოებით 3 ლარს - 1 ლიტრში.
პირველ რიგში ამერიკელი ინფლაციას ამით `საზღვრავს“: რა ღირს `გაზოლინი` ანუ ბენზინი. და რომ ძვირდება, ეს არის მისთვის ინფლაცია. არ სჭირდება ამას არანაირი ეკონომიკური ფილოსოფია და არავითარ ახსნას არ მიიღებს.
ხოლო რაც შეეხება იმ დიდ პრობლემას, რასთანაც `დალინკულია` ორივე ფაქტორი, ეს არის ამერიკის ისედაც უზარმაზარი სახელმწიფო შიდა ვალის შემდგომი ზრდა. ეს ვალი 30 ტრილიონ დოლარს (!!!) აჭარბებს უკვე და მართლა დიდი პრობლემა ხდება.
ამერიკა ამ პრობლემას იოლად უმკვლავდებოდა სწორედ იმის წყალობით, რომ აქვს ისეთი ფასდაუდებელი რესურსი, როგორიცაა დოლარი, მსოფლიოში დოლარისადმი ნდობა და მისი განუზასზღვრელი ოდენობით ემისიის საშუალება. მაგრამ....ყველაფერს აქვს ზღვარი:
გამოჩნდნენ გლობალური კონკურენტები/მტრები პირველ რიგში ჩინეთის და მისი ეკონომიკის სახით;
ამავე დროს რუსეთი, მიუხედავად მისი სუსტი და ნაგავი ეკონომიკისა, ამ აგრესიით ამერიკას დიდ პრობლემებს უქმნის არა მხოლოდ გეოპოლიტიკურად, არამედ უკვე გეო-ეკონომიკურად (ჩინეთთან უნისონში)
შესაბამისად, ბაიდენი ვალდებულია უახლოეს მომავალში დაამთავროს ერთ-ერთი გამაღიზიანებელი და დამამძიმებელი ფაქტორი მაინც.
ანუ უკრაინის ომი.
ხოლო მისი ელიმინაციის ერთადერთი მეთოდი პუტინის სასტიკი დამარცხებაა.
არა პუტინთან კომპრომისი, რაც საძირკვლამდე შეარყევდა ამერიკას, არამედ როგორც მინიმუმ, პუტინის დამარცხება.
თუ დღევანდელ ვითარებაში განვითარდება საპრეზიდენტო არჩევნები ამერიკაში, ტრამპის შანსები, როგორც `ძლიერი ხელისა` იზრდება. და 2024 წლამდე კიდევ უფრო გაიზრდება!
ამიტომაც: ისევ და ისევ, ბაიდენის ნომერ პირველი ამოცანაა ახლა: დაამარცხოს და `ცხვირპირი მიუნგრიოს` პუტინს!
სხვას ყველაფერს მერეც მოევლება.
. . . . . . . . . . . . . .
ევროკომისიამ შეიმუშავა ბუნებრივი აირის მოხმარების 15%-ით შემცირების პროგრამა, რომელიც აუცილებელია ევროკავშირის წევრი ყველა სახელმწიფოსათვის. პროგრამა 1 სექტემბრიდან უნდა ამუშავდეს და უკვე იწვევს ბობოქარ პროტესტებს წევრ სახელმწიფოთა ლიდერების მხრიდან.
რაც უფრო `ანტიუკრაინულადაა` განწყობილი მთავრობა ამა თუ იმ ევროპული ქვეყნისა, მით უფრო ხმამაღალ პროტესტს გამოთქვამს. მაგალითად უნგრეთი და მისი ავტორიტარ/ნაციონალისტი ლიდერი ვიქტორ ორბანი.
არადა, 15%-ით შემცირება ბუნებრივი აირის მოხმარებისა - კიდევ ძალიან რბილი ვარიანტია და გათვლილია იმ რეალობაზე, როცა რუსეთი (გაზპრომი, ანუ პუტინი) შემოდგომა/ზამთრის განმავლობაში აგრძელებს ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებას `ჩრდილო ნაკადი - 1-ით` ასევე უკრაინის გავლით.
მაგრამ თუ პუტინმა ბუნებრივი აირის მიწოდება კიდევ უფრო შეამცირა აცივების კვალობაზე, ევროპელებს ეს 15% საოცნებოდ მოეჩვენებათ.
აქ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სამხედრო-პოლიტიკური ფაქტორი: როგორც ცნობილია, უკრაინა ემზადება დიდი შეტევისთვის ხერსონის (უკრაინის სამხრეთი) მიმართულებით. უკრაინულ არმიას, მას შემდეგ რაც დასავლეთისგან იარაღი მიიღო, ნამდვილად აქვს ხერსონის მიმართულებით წარმატების შანსი.
ახლა პუტინი დასავლელ ლიდერებს მიანიშნებს (პირველ რიგში ევროპელ ლიდერებს რასაკვირველია), რომ თუ ისინი არ შეაკავებენ ზელენსკის და არ გადაათქმევინებენ ხერსონზე შეტევას იმ ვითარებაში, როცა რუსული არმია გადაღლილია და დასვენება სჭირდება, მაშინ პუტინი უკრაინის ტერიტორიაზე გამავალ გაზსადენებსაც ააფეთქებს და ბალტი ისზღვის ფსკერზე გამავალი `ჩრდილო ნაკადითაც` შეწყვეტს გაზის მიწოდებას.
ანუ, დავაკვირდეთ რა იქედნურად მოქმედებს პუტინი: უქმნის დასავლურ ელიტებს იმის მოტივაციას, რომ დღევანდელი სამხედრო-პოლიტიკური სტატუს-კვოს შენარჩუნებაზე იმუშავონ.
დღეს პუტინს (რომლის არმიამ უდიდესი დანაკარგი განიცადა დონბასზე) ეს სტატუს-კვოს შენარჩუნება, (რამდენიმე თვით მაინც) ნამდვილად აწყობს. თუნდაც იმიტომ, რომ თებერვლიდან დღემდე მან მიაღწია მის პროგრამა მინიმუმს:
ა) მოიპოვა სახმელეთო გასასვლელი ყირიმზე მარიუპოლის და ხერსონის გავლით;
ბ) სარაკეტო დარტყმებით მთლიანობაში სერიოზულად დააზიანა უკრაინის ინდუსტრიული პოტენციალი და კონტროლი დაამყარა აღმოსავლეთ უკრაინის უნიკალურ ინდუსტრიულ კომპლექსზე, ასევე შავმიწა ნიადაგიან რეგიონებზე
დ) ჩაკეტა შავი ზღვა უკრაინისთვის. ყველა უკრაინული პორტი, მათ შორის ნიკოლაევი, ოდესა, ილიჩოვსკი ახლა ბლოკირებულია რუსული ფლოტით.
ამჟამად `გაზის ბერკეტს` პუტინი იყენებს იმისთვის, რათა ეს სტატუს-კვო დასავლეთის მეშვეობით შეინარჩუნოს და ზელენსკი წარმატებული შეტევისგან შეაკავოს დასაველთის ხელით: ანუ ცდილობს დასავლეთმა `გადაათქმევინოს` ზელენსკის რათა კიევი არ გადავიდეს კონტრშეტევაზე და დაკმაყოფილდეს იმით, რომ რუსეთმა ოდესა და კიევი არ აიღეს.
თუ ზელენსკი ხერსონის მიმართულებით შეტევას დაიწყებს, აი მაშინ პუტინი ევროპას შეუწყვეტს ბუნებრივი აირის მიწოდებას და ევროპელები ვერ მოასწრებენ ოქტომბრის ბოლომდე გაზსაცავების შევსებას, რაც ძალიან სერიოზულ ეკონომიკურ და რაც მთავარია სოციალურ კრიზისს გამოიწვევს - გაიყინება ელემენტარულად მილიონობით ადამიანი.
ან თუ არ გაიყინება, შეწუხდება საშინლად, ხოლო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საყოფაცხოვრებო კომფორტს მიჩვეული ევროპელებისათვის ეს უკვე დიდი პრობლემა გახდება.
. . . . . . . . . . . . . .
რუსეთის დანაშაულობათა გამოსაძიებლად საერთაშორისო ტრიბუნალების შექმნის მოწოდების მოთხოვნით გაშლილი საერთაშორისო მოძრაობის საპირისპიროდ, რუსეთი ახლა ცდილობს, შექმნას `ალტერნატიული` ტრიბუნალები ვენესუელას, სირიისა და ირანის მონაწილეობით.
ესეც პროპაგანდისთვის ესაჭიროება, რადგან სამწუხაროდ, გაეროს ტრიბუნალი რუსეთის თანხმობის გარეშე ვერ შეიქმნება: რუსეთს გაეროს უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლება აქვს.
საკუთარ თავს კი პუტინი არ გაასამართლებს.
. . . . . . . . . . . . . .
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მკაცრად გააკრიტიკა რუსეთი და რუსეთის ე.წ. `სამშვიდობო ძალები`იმისთვის, რომ ისინი კვლავინდებურად არ ასრულებენ 2020 წლის 9 ნოემბრის შეთანხმებას ყველაზე მთავარი მიმართულებით: არ გაჰყავთ `სომხური ჯარები` მთიანი ყარაბაღიდან ანუ აზერბაიჯანის ტერიტორიიდან.
რუსეთი და სომხეთი პასუხობენ, რომ ყარაბაღიდან `ყველა სომხური საჯარისო ფორმირება` გასულიაო.
რეალურად აქ საქმე გვაქვს ინტერპრეტაციათა სხვაობასთან და ეს მეთოდი მოსკოვს ხშირად გამოუყენებია ჯერ კიდევ საქართველოს წინააღდმეგ აფხაზეთის ომიდან: `სომხურ ჯარებში` აზერბაიჯანი გულისხმობს ასევე უშუალოდ ყარაბაღის საჯარისო ფორმირებას, ხოლო მოსკოვი და ერევანი `გულუბრყვილოდ` იჩეჩენ მხრებს: `ეგენი ხომ სომხური ჯარები არ არიან - ყარაბაღი თავს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ თვლის და სომხური სახელმწიფოს ნაწილი არ არისო`.
დემაგოგიაა რასაკვირველია.
აქ დაძაბულობის სისტემური მიზეზი ის არის, რომ ალიევი ახლა ცდილობს, სომხეთს ხელი მოაწერინოს სამშვიდობო ხელშეკრულებაზე (აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებით) მანამ, სანამ უკრაინაში ომი გრძელდება და რუსეთი იქ არის `ჩაფლული`.
იმიტომ, რომ შემდეგ შესაძლოა მოსკვმა `მოიცალოს` და უფრო აგრესიული გახდეს აზერბაიჯანის წინააღმდეგ.
განურჩევლად იმისა, გაიმარჯვებს იმ ომში (ღმერთმა ნუ ქნას) თუ დამარცხდება.
დათო