საერთაშორისო მიმოხილვა. 19 მარტი. 2023 წელი
ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი შესაძლოა სამშაბათს (ზეგ, 21 მარტს) დააპატიმრონ.
ამის შესახებ მან თავად განაცხადა: `სამშაბათს დამაპატიმრებენ მე - პრეზიდენტს და რესპუბლიკური პარტიის მთავარ კანდიდატს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე` - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში Truth.
დონალდ ტრამპი ამტკიცებს, რომ ამის შესახებ ინფორმაციამ გაჟონა მანჰეტენის ოლქის (ანუ ნიუ იორკის) პროკურატურიდან.
ეს ზუსტად არავინ იცის: მართლა გაჟონა თუ ტრამპი უბრალოდ მიხვდა, რომ მრავალწლიანი გამოძიება მის ერთ-ერთ საქმეზე ლოგიკურ დასასრულს მიუახლოვდა.
ყოველ შემთხვევაში ტრამპის ადვოკატები ამბობენ, რომ არანაირი წინასწარი შეტყობინება პროკურორის ოფისიდან მათ არ მიუღიათ.
ანუ 50%-50% - ზეა, რომ ტრამპს მართლა აქვს ინფორმაცია დაპატიმრებაზე ან მან პრევენციული ნაბიჯი გადადგა და საკუთარ მომხრეებს მობილიზებისკენ მოუწოდა.
საქმე ეხება 2016 წლის ეპიზოდს, როდესაც მან ფული გადაუხადა ცნობილ ნიუ იორკელ პორნო-ვარსკვლავს, რათა მას ჟურნალისტებისთვის არ მოეყოლა ტრამპთან სექსის შესახებ.
აქ იურიდიულ ასპექტებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. არანაკლები, ვიდრე საქმის მორალურ მხარეს ტრადიციონალისტურ და `ოჯახისშვილურ` ამერიკაში, ესე იგი იმ სოციალურ სეგმენტში, რომელიც მხარს უჭერ(და) ტრამპს
არავინ დააპატიმრებდა დონალდს მხოლოდ იმისთვის, რომ მან ფული გადაუხადა პორნოვარსკვლავს, რათა მისი დუმილი ეყიდა, - სექსი დანაშაული არ არის, მხოლოდ მორალური გადაცდომაა და მელანია ტრამპისთვისაა პრობლემა.
არავინ დააპატიმრებდა დონალდ ტრამპს მხოლოდ იმისთვის, რომ მან, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატმა 2016 წლის არჩევნებზე, ფული გადაუხადა სექსმუშაკს, რათა ის გაეჩუმებინა. ეს იქნებოდა უძლიერესი კომპრომასი საარჩევნო პროცესში (2024წ) ოღონდ არა სისხლის სამართლის დანაშაული.
მაგრამ......ტრამპმა, როგორც ჩანს მართლა ჩაიდინა საოცრება და 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიისას იმ სექსმუშაკს გაჩუმებითვის ფული გადაუხადა...... საარჩევნო ფონდიდან!
აი ეს უკვე სისხლის სამართლის დანაშაულია და არა უბრალოდ `კომპრომასი`.
გამოდის, ტრამპმა ფული გადაიხადა არა საკუთარი ჯიბიდან არამედ იმ შემოწირულებებიდან, რასაც მხარდამჭერებისგან იღებდა საპრეზიდენტო კამპანიის დროს.
თუკი ნამდვილად აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ტრამპის წინააღმდეგ და იგი მართლაც დააპატიმრეს, ეს იქნება პირველი შემთხვევა ამერიკის ისტორიაში.
ანუ პირველი შემთხვევა იქნება, რომ ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. თუნდაც იგი არ დააპატიმრონ და გირაოთი გამოუშვან:
1970-იან წლებში, `უოთერგეითის` სკანდალის გამო, როცა გამომძიებელმა ჟურნალისტებმა გამოააშკარავეს პრეზიდენტ ნიქსონის დანაშაული - დემოკრატიული პარტიის შტაბ-ბინაში მოსასმენი აპარატურის დამონტაჟება, - პრეზიდენტის გადადგა, ოღონდ ვიცე-პრეზიდენტმა ფორდმა, როგორც კი ოვალურ კაბინეტში შევიდა, იგი მაშინვე შეიწყალა.
განსხვავებით საქართველოს პრეზიდენტისგან, ამერიკის პრეზიდენტს კანონით აქვს უფლება ეჭვმიტანილი შეიწყალოს ჯერ კიდევ სისხლის სამართლის საქმის აღძვრამდეც კი.
სარწმუნო წყაროთა მტკიცებით, ტრამპის ადვოკატები ექს-პრეზიდენტს ურჩევენ, საჯარო სამარცხვინო დაპატიმრება თავიდან აიცილოს იმით, რომ თვითონ გამოცხადდეს ნიუ იორკის `დიდი ჟიურის` წინაშე და გამოთქვას მზადყოფნა უპასუხოს ნებისმიერ კითხვას. ტრამპისთვის იდეალური იქნებოდა დიდი ჟიურის წინაშე წარდგომა დისტანციურად - მისი ფლორიდის სასახლიდან Zoom ჩართვით. მაგრამ დაეთანხმება თუ არა ამას მოსამართლე, ეს კიდევ საკითხავია.
თუ მოსამართლე ანტიტრამპისტია, მას აქვს დისკრეცია უარი უთხრას ტრამპს დისტანციურ ჩართვაზე და მისი სასამართლოზე გამოცხადება მოითხოვოს.
ოღონდ ამ შემთხვევაშიც კი, ერთია როცა ტრამპი პირადად გამოცხადდება ნიუ იორკის სასამართლოში `დიდი ჟიურისთვის` ჩვენების მისაცემად და მერე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლებენ საქმის არსებით განხილვამდე და სულ სხვაა, როცა ამერიკის ყოფილ პრეზიდენტს, პრეზიდენტობის კანდიდატს, მისივე ტრამპ-ტაუერში (NYC) ან მარა ლაგოს (ფლორიდა) სასახლეში დაადგებიან გამომძიებლები, წამოიყვენენ ადგილობრივი პოლიციის ერთ ან ორ რიგით თანამშრომელს, დაადებენ ხელბორკილებს, გაატარებენ ორმოცდაათი ტელეკამერის წინ, თავზე ხელდადებით ჩასვამენ მანქანაში, მიიყვანეს სასამართლოში და მერე გაათავისუფლებენ გირაოთი.
რთული თამაში მიდის და ამერიკული Deep state (ანუ გადაწყვეტილების მიმღები ძალისმიერი ბიუროკრატია) ახლა მსჯელობს ალბათ თუ რა უფრო მიზანშეწონილი იქნება და როგორ.
ტრამპი რომ პრეზიდენტობის რეალური კანდიდატია და ათეულობით მილიონი მომხრე ჰყავს, ეს ხომ მოცემულობაა?!
თუმცა ძალიან მტკივნეულ ადგილას დაარტყეს, რადგან 2021 წ. 6 იანვარს კაპიტოლიუმის შტურმის საქმე სხვაა და სექსმუშაკის მოსყიდვის საქმე - სულ სხვა.
ვიმეორებ: `ოჯახისშვილურ`, კონსერვატიულ, ტრადიციონალისტურ ამერიკაში ასე არ შეიძლება!
. . . . . . . . . . . . . . .
ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შემდეგ პუტინი ცდილობს თავი ისე აჩვენოს, თითქოს არაფრის ეშინია: გუშინ თავად მიუჯდა საჭეს ოკუპირებულ მარიუპოლში და ასევე თავად მართავდა მანქანას ოკუპირებულ ყირიმში.
ეს პოლიტტექნოლოგებმა და რუსმა PR სპეციალისტებმა ურჩიეს ალბათ.
თუმცა 120-ზე მეტი ქვეყანაა `სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს` წევრი და ამ ქვეყნებში როგორ იმოგზაურებს, როცა მასზე დაპატიმრების ორდერია უკვე გაცემული?!
თანაც აქვე გავითვალისწინოთ, რომ თუ სახელმწიფო არ არის `ჰააგის` წევრი და არ მიერთებია `რომის სტატუტს` ამ სასამართლოს შექმნის შესახებ, ეს სულაც არ ამცირებს რისკს, რომ პუტინი ამ `არაწევრ ქვეყნებშიც` შეიძლება (თეორიულად) დააპატიმრონ.
მაგალითად, ყაზახეთი არ არის რომის შეთანხმების წევრი. ეს მას არ ავალდებულებს თავისი მოქალაქეები (!) გადასცეს ჰააგას, თუმცა არ უხსნის ვალდებულებას, საკუთარ ტერიტორიაზე დააპატიმროს რომელიმე სხვა ქვეყნის მოქალაქე თუკი მასზე გაცემულია დაპატიმრების ორდერი.
ასევე არ არიან ამ სასამართლოს წევრები ამერიკა, ისრაელი, ჩინეთი ინდოეთი და ზოგიერთი სხვა ქვეყანა.
თეორიულად და იურიდიულად ასეა.
პოლიტიკურად და გეოპოლიტიკურად კი ეს არის ისეთი თავსლაფდასხმა რუსეთისთვის, რაც მას დიდ ხანია არ განუცდია.
ტყუილად ჰგონია პუტინს და მის მარჯვენა ხელს (შესაძლო მემკვიდრეს) მედვედევს, თითქოს `გაატარებენ` სირცხვილს იოლად. თანამედროვე მსოფლიოში ამგვარ `პოზიციას`, რაც ამიერიდან პუტინს უკავია, გეოპოლიტიკური და ეკონომიკური მდგენელებიც აქვს.
რუსეთი არის `დიდი ოცეულის` პირველი სახელმწიფო, რომლის მოქმედი (!) პრეზიდენტის წინააღმდეგ აღიძრა საქმე.
შესაძლოა რეალურ დაპატიმრებამდე, ანუ რეალურად ხელბორკილების დადებამდე ჯერ შორს იყოს, თუმცა ამით რუსეთის კატასტროფული, ისტორიული მარცხი არ იცვლება და ოდნავადაც არ რბილდება.
საგულისხმოა ასევე სუფთად სამხედრო შედეგიც: პუტინის დაპატიმრების ორდერი აღაფრთოვანებს უკრაინელ მეომრებს.
გავითვალისწინოთ აგრეთვე, რომ საერთაშორისო სასამართლომ ღიად განაცხადა პუტინის დაპატიმრების ორდერის შესახებ. ოღონდ ეს არ ნიშნავს, რომ უკვე არ არის გაცემული სხვა დაპატიმრების ორდერებიც. უბრალოდ არ ჩათვალეს აუცილებლად და საჭიროდ მათი გამოქვეყნება: იმავე მედვედევზე, რუს გენერლებზე და ასე შემდეგ.
პუტინის წინააღმდეგ სხვა საქმეებიც იქნება. ამჯერად დაპატიმრების ორდერი გაცემულია უკრაინელი ბავშვების რუსეთში დეპორტაციის გამო.
. . . . . . . . . . . . . . .
ხვალ, 20 მარტს, მოსკოვში სახელმწიფო ვიზიტით (!) ჩადის ჩინეთის რესპუბლიკის თავმჯდომარე (ასე ქვია ოფიციალურად მის თანამდებობას) სი ძინპინი.
აუცილებლად უნდა გაესვას ხაზი ორ გარემოებას:
ა) ვიზიტი შედგება მას შემდეგ, რაც ჰააგამ გასცა დაპატიმრების ორდერი პუტინზე და
ბ) ვიზიტი არის არა `სამუშაო` ან `ოფიციალური` არამედ `სახელმწიფო`. ეს უმაღლესი დიპლომატიური დონეა.
და რაკი ჩინეთს აქვს პრეტენზია, რომ არის (უკვე არის) გლობალური ზესახელმწიფო, ბუნებრივია სი ძინპინს სურს მისი მზარდი გავლენის დემონსტრირება ანუ უკრაინის ეგზისტენციური კონფლიქტის შეწყვეტის თვალსაზრისით რაიმე შედეგის `დადება`.
ალბათ რაღაც გეგმას ჩაიტანს მოსკოვში, თუმცა დამკვირვებელთა აბსოლუტური უმრავლესობის აზრით, რა გეგმაც არ უნდა ჩაიტანოს, დღეს რაიმე კომპრომისი შეუძლებელია. სანამ უკრაინა არ გაათავისუფლებს თავის ტერიტორიებს.
მინიმუმ (!) დონბასს მთლიანად - დონეცკისა და ლუგანსკის ჩათვლით.
. . . . . . . . . . . . . . .
ფრანგი მემარცხენეები ასრულებენ თავის მუქარას და მზად არიან გადაწვან პარიზი საპენსიო რეფორმის გამო.
პარიზის `იტალიის მოედანზე` ამაღამ რამდენიმე კოცონი გააჩაღეს და პოლიციასთან უსასტიკესი შეტაკებების შემდეგ დატოვეს მოედანი.
`ეს დასაწყისიაო` - იმუქრებიან.
. . . . . . . . . . . . . . .
ბახმუტთან გრძელდება გააფთრებული ბრძოლები.
რუსული ე.წ. `არმიის` ანუ ე.წ. `პრიგოჟინის კერძო სამხედრო კომპანიის `მებრძოლთა უდიდესი ნაწილი ციხიდან გამოშვებული კრიმინალია.
რამდენიმე მათგანი უკრაინელებმა ტყვედ აიყვანეს და ირკვევა, რომ მათ ციხიდან გამოშვებისას დაუდეს პირობა: რაზეც არ უნდა ჰქონდეთ მისჯილი, რა დანაშაულიც არ უნდა ჰქონდეთ ჩადენილი, რამდენიც არ უნდა ჰქონდეთ მისჯილი, თუ 6 თვეს იმსახურებენ ჯარში ანუ 6 თვეს იომებენ, სამუდამოდ ათავისუფლებენ.
ამ მეთოდს სტალინიც იყენებდა: ლაგერები სავსე ჰქონდა. თუმცა `პოლიტიკურზე` დაპატიმრებულებთან კი არ დებდა ამგვარ გარიგებებს, არამედ ბანდიტებთან და ნამდვილ რეციდივისტებთან.
ოღონდ კი ეომათ.
დათო