საერთაშორისო მიმოხილვა. 25 ოქტომბერი. 2021 წელი.

საერთაშორისო მიმოხილვა. 25 ოქტომბერი. 2021 წელი.

აფხაზეთის ე.წ. `მართლმადიდებელი ეკლესიის` წინამძღვარმა, `მამა` ბესარიონ აპლიააააამ (სინამდვილეში ფილიაა - წარსულში ბანდიტიზმისთვის ნასამართლევია) ჯერ მოითხოვა საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებთან მოლაპარაკება, შემდეგ კი, როცა თბილისში მოიწვიეს, მორიგი ქართველოფობიური განცხადებებით გამოვიდა და თქვა: თუ შეგხვდებით, მხოლოდ მოსკოვშიო.

აქ აღსანიშნავია, რომ აპლიაააა ფორმალურად (!) საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქად რჩება მიუხედავად მისი სეპარატიზმისა. საქართველოს საპატრიარქოს იგი არ განუკვეთავს. ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ აფხაზეთში არ გაძლიერდეს მეორე ე.წ. `აფხაზური ეკლესია`, რომელიც რუსეთსა და საბერძნეთში განსწავლულმა `მამა` დოროთეი დბარმა შექმნა და უწოდა `აფხაზეთის წმიდა მიტროპოლია`.

აპლიააასგან განსხვავებით დბარი მსოფლიო საპატრიარქოზე აკეთებს გათვლას და ცდილობს მსოფლიო პატრიარქი ანტიქართულ თამაშებში ჩაითრიოს.

დბარს ცუდი ურთიერთობა აქვს მოსკოვთან, რადგან `აფხაზეთის წმიდა მიტროპოლიამ` დაიპყრო ახალი ათონის მონასტერი, რომელიც ითვლება რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთ უდიდეს სიწმინდედ.

ძნელი მისახვედრი არ არის, რომ აპლიაააა და დბარი უბრალოდ სპექტაკლს დგამენ და საქართველო-რუსეთის ბუნებრივ წინააღმდეგობებზე თამაშობენ. მათ შორის საეკლესიო სფეროში. ერთი ვითომ `პრორუსული`, მეორე ვითომ `პრობერძნული` ანუ კონსტანტინეპოლზეა ორიენტირებული. ერთი ვითომ ფორმალურად მაინც რჩება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქად, მეორე სულ წყევლა-კრულვას გვითვლის ჩვენც და მოსკოვსაც (ვითომ)

. . . . . . . . . . . . . . . . .

ე.წ. `ვალდაის` ფორუმზე რუსეთის პრეზიდენტი გამოვიდა სკანდალური  `საპროგრამო` სფიჩით, რომელსაც მის `მიუნჰენის` სფიჩს ადარებენ - 2007 წელს რომ გააჟღერა უსაფრთხოების გლობალურ ფორუმზე. 2007 წლის სფიჩში პუტინს პირდაპირ არ უთქვამს, მაგრამ მიანიშნა, რომ რუსეთი არ დაუშვებდა უკრაინის და საქართველოს შესვლას დასავლურ სივრცეში. იგულისხმებოდა არა მხოლოდ NATO არამედ EU.

 ის სიტყვა იყო პირდაპირი მუქარა, ხოლო და მისი `ფილოსოფია` რუსეთის ძველ-ახალ საგარეო პოლიტიკას ეხებოდა; ესე იგი აგრესიას, უკუპაციას და ა.შ.

ახლახანს კი, ვალდაიში გამართულ ფორუმზე პუტინის იმავე მასშტაბის საპროგრამო სიტყვა ეხებოდა რუსეთის შიდა პოლიტიკას, თუმცა ეს პოლიტიკა ისევ და ისევ კორელირებს საგარეო პოლიტიკასთან.

პუტინის `მანიფესტი` განიხილავს კონსერვატიზმს` რუსული საზოგადოების, ასევე ეკონომიკის და სხვა სფეროების განვითარების ქვაკუთხედად. პუტინი ამბობს, რომ ის არის კონსერვატორი და კონსერვატიული  ღირებულებების მატარებელი.

ესე იგი მისი პარტიაც იქნება კონსერვატიული ამ მხრივ და მისი მემკვიდრეც. ბუნებრივია,   2036 წლის შემდეგ.

რაში მდგომარეობს პუტინის `კონსერვატიზმი`? რასაკვირველია მას არაფერი აქვს სააერთო დასავლურ, ჯანსაღ კონსერვატიზმთან და ფაქტიურად პოპულისტური ნაციზმის თუ ფაშიზმის ფორმაა. ამის მთავარი მარკერია უპრეცედენტოდ აგრესიული, პოპულისტური დამოკიდებულება LGBTQ+ პრობლემატკისადმი და (რაც ყველაზე ნიშანდობლივია) ამ პრობლემატიკის `ინსტრუმენტალიზება` საკუთარი რეჟიმის გასამყარებლად იმ რუსი ამომრჩევლის თვალში, ვინც ტრადიციული შეხედულებებისაა ოჯახის, სქესის შესახებ.

მაგალითად პუტინი ამბობს, რომ მისთვის მიუღებელია დასავლეთში, გარკვეულ სეგმენტებში (და არა ყველგან ყოველთვის, როგორც პუტინი იტყუება-დ.)  ცირკულირება ტერმინებისა `მშობელი ნომერი ერთი` და `მშობელი ნომერი ორი`. ამით პუტინი  თამაშობს ტრადიციონალისტური პოსტსაბჭოური პატრიარქალური საზოგადოებებისთვის დამახასიათებელ ფობიებზე და `იპრავებს` თავს ამ სოციუმის თვალში მისივე მენტალობის ცბიერი გამოყენებით. მეთოდად იყენებს, როგორც ყოველთვის, უტრირებას.

ეს კონტროვერსული თემატიკა დასავლეთში არის ისევ და ისევ `მარკერი` ღირებულებითი არჩევანისა, ხოლო რუსეთში, პუტინის ძალისხმევით, - პოპულისტური ნარატივი რეჟიმისადმი ლოიალისტური განწყობის, თანაც განსაკუთრებით აგრესიული ლოიალიზმის გასაღვივებლად და გასაძლიერებლად.

. . . . . . . . . . . . . . . . .

უკრაინა რაკეტებს დაუმიზნებს მოსკოვს.

ამის შესახებ არა რომელიმე დამოუკიდებელმა უკრაინელმა ექსპერტმა, არამედ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის  წამყვანმა ექსპერტმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა. ამასთან, ის წარმოადგენს უკრაინას დონბასის შესახებ მოლაპარაკებებში, სადაც ასევე ჩართულნი არიან გერმანია და საფრანგეთი.

არისტოვიჩმა ეს განაცხადა არა შემთხვევით, არამედ ოფიციალურად და გამორიცხულია ეს განცხადება არ ყოფილიყო შეთანხმებული უკრაინის პრეზიდენტთან.

საქართველოსაგან განსხვავებით, უკრაინას ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან მოყოლებული აქვს რაკეტები, რომლებიც იოლად `მისწვდებიან` მოსკოვსაც და ნებისმიერ წერტილს რუსეთის ევროპულ ნაწილში. ამ სარაკეტო ტექნოლოგიების შექმნაში ქართველებსაც აქვთ წვლილი. მათ შორის სერგო ბერიას-ლავრენტის შვილს.

ეს რაკეტები უდავოდ რჩება რუსეთის აგრესიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან `შემაკავებელ` ფაქტორად. იმ შემთხევვაში, თუ ახალი აგრესიის დროს რუსეთი დაბომბავს კიევს (სამხედრო ლოგიკით ასეა) მაშინ უკრაინა დაბომბავს მოსკოვს.

პუტინის ერთ-ერთი კოზირი უკრაინის და სხვა მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ აგრესიის დროს ისაა, რომ რუსეთის არმია ბომბავს, ხოცავს, რაკეტებს ესვრის და ამ დროს რუსები მოსკოვში, პეტერბურგში, ყველგან ისე ცხოვრობენ, თითქოს ეს მათ არ ეხებათ - ყავას წრუპავენ კაფეებში გულგრილად და მშვიდად.

უკრაინის განცხადება რაკეტების შესახებ ამ რუს ობივატელსაც აფრთხილებს და რუსეთის ფედერაციასაც, რომ ასე ვეღარ იქნება ახალი აგრესიის შემთხვევაში, ანუ ჩვეულებრივ რუსებსაც მოუწევთ `ფასის გადახდა` ისევე, როგორც უწევთ ფასის გადახდა უკრაინელებს.

ეს აუცილებლად იმოქმედებს პუტინის რეიტინგზე: პუტინი მხოლოდ მანამ არის პოპულარული რუსებს შორის, სანამ ახალ-ახალ ტერიტორიებს იპყრობს........ოღონდ ისე, რომ ჩვეულებრივი მოსკოველები და პიტერელები აგრძელებენ ყავის წრუპვას და შოფინგს უზარმაზარ მოლ-ებში.

აი როცა ეს იდილია დაირღვევა, როცა `ფასის გადახდა` მოუწევთ, პუტინის რეიტინგი ა უ ც ი ლ ე ბ ლ ა დ დაეცემა.

პუტინმა და მისმა  მრჩევლებმა ეს იციან.

თუმცა აღსანიშნავია, რომ ამავდროულად, უკრაინა არ ჩქარობს რუსეთთან სავიზო რეჟიმის შემოღებას - ამით ხომ ის მილიონობით უკრაინელი დაზარალდება, ვინც რუსეთში რეგულარულად დადის ან მოგზაურობსო. ეს რუსეთის `რბილი ძალის` რესურსია თანამედროვე უკრაინის წინააღმდეგ

. . . . . . . . . . . . . . . . .

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ამიერიდან რუსეთის მოქალაქეები მხოლოდ ვარშავაში, ამერიკის საელჩოში შეძლებენ ამერიკული ვიზის აღებას. თანაც დამამცირებელი `უსახლკაროების` სტატუსით. Homeless - ასეთი დიპლომატიური ტერმინია, რომელიც  `ითარგმნება` და ნიშნავს იმ ქვეყნის მოქალაქეს, სადაც ამერიკული საელჩო არ არის ანუ ფაქტიურად საელჩოს მთავარ ფუნქციას აუქმებს ამერიკა რუსეთში.

რუსი ხალხის ფართო მასებისთვის  ეს დიდი ვერაფერი დარტყმაა, მაგრამ როგორც უკვე ვთქვით, ძალიან მტკივნეული დარტყმაა რუსულ ელიტებზე, ხოლო პუტინი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ამ ელიტებზე.

იმიტომ, რომ რუსი ოლიგარქების, ჩინოსნების უდიდესი ნაწილის ოჯახის წევრები, შვილები და შვილიშვილები ამერიკაზე ოცნებობენ, ამერიკაშის წავლობენ და იქ აპირებენ ცხოვრებას - ზაფხულს ფლორიდაში ან ჰავაიზე ატარებდნენ. ახლა პოლონეთში უნდა იარონ ვიზის ასაღებად.......გაწვალდებიან და პუტინიც შესძულდებათ.

ხოლო  თუ `საყვარელ შვილიშვილს`, ვისაც ფლორიდაში ბოიფრენდი ჰყავს,  შესძულდება პუტინის რეჟიმი, ბაბუამისიც არ იქნება ასე გაუტეხელი.

ანუ სავიზო საკითხი ამერიკის უძლიერესი `რბილი იარაღია `პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ.

. . . . . . . . . . . . . . . . .

ძალიან ცუდად და სახიფათოდ ვითარდება მოვლენები ევროკავშირში: მას შემდეგ რაც 7 ოქტომბერს პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაცხადა, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე პოლონურ კანონებს აღმატებული ძალა აქვთ საერთო-ევროპულ კანონდებლობაზე, ბრიუსელმა, კერძოდ ევროკომისიის თავმჯდომარემ, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში გამოაქვეყნა სანქციები პოლონეთის წინააღმდეგ და უკვე შეუდგა მათ შესრულებას.

კერძოდ, პოლონეთი ვეღარ მიიღებს ევროკავშირისაგან ეკონომიკის აღდგენისათვის დაპირებულ 32 მილიარდ ევროს. ამის პასუხად, პოლონეთის პრემიერმა მათეუშ მორავეცკიმ თქვა: `თუ ევროკავშირი გვერბრძვის და მესამე მსოფლიო ომს გვიცხადებს (?-დ) მაშინ პოლონეთიც მიიღებს საპასუხო ზომებს ევროკავშირსი წინააღმდეგ`.....

აი სადამდე მივიდა საქმე. ამის სისტემური მიზეზი კი, ჩემი აზრით ისაა, რომ მას შემდეგ რაც დიდი ბრიტანეთი გავიდა ევროკავშირიდან, მან ფაქტობრივად შეინარჩუნა ყველა ის პრივილეგია, რასაც ევროკავშირის წევრობა გულისხმობს სავაჭრო თავლსაზრისით, სავიზო თვალსაზრისით და ა.შ. პოლონეთს იმავეს იმედი აქვს.

ამ ყოველივეთი კი, უეჭველად ისარგებლებს პუტინი.

. . . . . . . . . . . . . . . . .

ხვალ, 26 ოქტომბერს, თურქეთის პრეზიდენტი ჩადის ფიზულიში, მთიანი ყარაბაღის ერთ-ერთ რაიონში, რომლის გათავისუფლების შემდეგ ალიევმა დაიწყო აეროპორტის მშენებლობა, რათა ეს აეროპორტი სწრაფად დაუკავშიროს ახალი გზით აზერბაიჯანის ისტორიულ დედაქალაქ შუშას. აეროპორტი ფანტასტიურად მოკლე ვადებში აშენდა. ასევე სწრაფად შენდება ახალი გზაც. შუშა აზერბაიჯანელებისათვის იგივეა, რაც ჩვენთვის მცხეთა.

7 ნოემბერს კი, სტამბულში (!) ტარდება თურქული ხალხების ლიდერთა მორიგი კონფერენცია. მიწვეულია ალიევიც. საინტერესოა, მიიწვევენ თუ არა არათურქულენოვან ხალხებს. მაგალითად საქართველოს.

არ არის გამორიცხული, ჩვენც მიგვიწვიონ და ერდოღანმა კიდევ ერთხელ მოითხოვოს საქართველოს შესვლა 3+3 ფორმატში (თურქეთი, რუსეთი, ირანი, აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო). ამ საკითხზე საქართველოს მთავრობის პოზიცია გაურკვეველია ჯერ.