საერთაშორისო მიმოხილვა. 2 იანვარი 2022 წელი.

საერთაშორისო მიმოხილვა. 2 იანვარი 2022 წელი.

პუტინისა და ბაიდენის საახალწლო საუბარი აბსოლუტურად უშედეგო გამოდგა.

მოსკოვმა აღიარა, რომ სატელეფონო საუბრის ინიციატივა პუტინისგან მოდიოდა და არა ბაიდენისგან. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ყირიმის ანექსიის შემდეგ პუტინს ჰქონდა ასეთი სტილი: ათიდან რვა შემთხვევაში მისი დასავლელი, მათ შორის ევროპელი კოლეგები გამოთქვამდნენ ხოლმე სურვილს, დალაპარაკებოდნენ ტელეფონით და ამით პუტინი მანიფესტირებდა: `ხომ ხედავთ, არანაირ იზოლაციაში არა ვარ - თვითონ მეხვეწებიან დაველაპარაკოო`.

თუმცა პუტინი როგორ არ არის იზოლაციაში? აბა სად და როდის იყო მიწვეული ვიზიტით ყირიმის ანექსიის შემდეგ? არსად! სატელეფონო საუბრები არ ითვლება.

ამჯერად პუტინმა ინიციატივა იმიტომ აღიარა, რომ უნდოდა `გაეძლიერებინა` მისი ე.წ `ულტიმატუმის`შთაბეჭდილება.

საუბრისას ბაიდენმა პირდაპირ, სიტყვა-სიტყვით უთხრა:  თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, მაშინ ამერიკა და მთლიანად დასავლეთი  უმკაცრეს სანქციებს შემოიღებსო. პუტინმა ამაზე უპასუხა ჩვეული ბოლოდროინდელი თავხედობით, რაც დასავლეთის გაუბედავობის შედეგია: `თუ მე უკრაინაში შევიჭრები, ხოლო თქვენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს შემოიღებთ, მაშინ რუსეთი გაწყვეტს ყოველგვარ ურთიერთობას დასავლეთთანო`

იგულისხმება, რომ რუსეთი უახლეს რაკეტებს განალაგებს კალინინგრადში (ყოფილი კიონიგსბერგი) და შესაძლოა ბირთვული ტექნოლოგიები გადასცეს ირანს; ასევე ატომური წყალქვეშა ნავები შეაჩეროს ამერიკის სანაპიროებთან და ა.შ.

რუსეთს აქვს ზოგ-ზოგიერთი კოზირი, რაც არა აქვს (ჯერ) ამერიკასაც კი. ოღონდ არა ეკონომიკის და ფინანსების, არამედ სამხედრო სფეროში.

მაგალითად, დასავლელმა ექსპერტებმა და რესპექტაბელურმა მედიამ დაადასტურა: პუტინმა ზებგერითი რაკეტების კლასში ნამდვილად გაუსწრო ჯერ-ჯერობით ამერიკას. ახლახანს გამოსცადეს ზებგერითი რაკეტა `ცირკონი`, რომელიც 9 მახის სისწრაფეს ავითარებს.

`მახი` ზებგერითობის საზომი ერთეულია.

ერთი მახი უდრის ერთ ხმის სიჩქარეს (დააახლოებით 1 224 კმ საათში). 9 მახის სისწრაფე უდრის  დაახლოებით 11 000 კილომეტრს საათში.

რაკეტის სიშორე 1 000 კილომატრია.

ეს იმას ნიშნავს, რომ მაგალითად კალინინგრადიდან გაშვებული რაკეტა `ცირკონი`  9 წუთში მიაღწევს ბერლინს და 3 წუთში - ვარშავას.

თანაც `ცირკონი`, განსხვავებით `კალიბრისგან`, რაც მანამდე გამოსცადეს რუსებმა, ამ სიჩქარეს ავითარებს საკუთარი ძრავით და არა დედამიწის ზედაპირიდან 50 კილომეტრზე აფრენით და მერე დაშვებისას მიზიდულობის კინეტიკური ძალის გამოყენებით სიჩქარის გასაზრდელად. ეს პრინციპული სხვაობაა. ანუ `ცირკონი` ბევრად საშიშია.

აი ამ ახალი იარაღებით ცდილობს პუტინი დააშინოს დასავლეთი. ტრამპის ბრძანებით, ამერიკის თავდაცვის სამინისტრომ 2020 წლიდან მილიარდობით დოლარი ჩაასხა ზებგერით რაკეტების პროექტირება-დამზადებაში, თუმცა ჯერ არა აქვთ და პუტინი ამით სარგებლობს.

ყველაზე საინტერესო კი ამ საუბრისას გამოდგა ბაიდენის სიტყვები: უკრაინაში `სტრატეგიული იარაღის განთავსებას არ ვგეგმავთო`.

`სტრატეგიულ იარაღში` ბირთვული ბალისტიკური  რაკეტები იგულისხმება.

რა თქმა უნდა, ამერიკა ამას არ გეგმავს არც ერთ შემთხვევაში, თუმცა პუტინს სინამდვილეში ის კი არ აღელვებს, ატომური ბომბები და სხვა სერიოზული შეიარაღება არ განალაგოს ამერიკამ უკრაინაში და არც ის, უკრაინა NATO-ში ვერ მიიღონ (იცის, რომ ვერ მიიღებენ ჯერ - კონსენსუსის პრინციპის გამო), არამედ ის აღელვებს და აგიჟებს, რომ უკრაინა ეკონომიკურად, კულტურულად, ენობრივადაც კი სულ უფრო შორდება რუსეთს და უახლოვდება ევროკავშირს. მაგალითად, უკრაინელებს აქვთ უვიზო რეჟიმი, რუსებს კი - არა.

ეს აგიჟებს  რეალურად  პუტინს - უკრაინა ეკონომიკურადაც, კულტურულადაც, ენობრივადაც მის ორბიტაზე დარჩეს.

თუმცა აქ უომარი გამოსავალი უბრალოდ არ არსებობს: ჯერ ერთი, 21-საუკუნეში უკრაინელი ხალხი რატომღა `ჩამოეკიდება` ცივილიზაციურად ჩამორჩენილ რუსეთს? იმ რუსეთს, რომელიც ეკონომიკურად, ფინანსურად, ტექნოლოგიურად თვითონაც მთლიანად დასავლეთზეა დამოკიდებული?!

 და გარდა ამისა, ევროპამ რაღა გააკეთოს? უკრაინელებს უვიზო რეჟიმი გააუქმოს - ოღონდ კი პუტინს ასიამოვნოს?

NATO-ში შესაძლოა არ მიიღოს ჯერ, მაგრამ ეკონომიკურ, სამოქალაქო, კულტურულ ინტეგრაციაზე უარი როგორ უნდა უთხრას? საზღვარი ჩაკეტოს უკრაინასთან?

რაკი ამ საკითხში (რაც სინამდვილეში მთავარია  პუტინისთვის და არა შეიარაღების განლაგება უკრაინაში) კომპრომისი კიდევ უფრო გამორიცხულია ვიდრე ის, NATO-მ პუტინს ხელი მოუწეროს `არ მივიღებ ალიანსში უკრაინას და საქართველოსო`,  რუსეთის აგრესიაც ამა თუ იმ ფორმით აუცილებლად გაძლიერდება.

შესაძლოა უშუალოდ რუსული არმიის შეჭრით არა, მაგრამ `ჰიბრიდული ომის` მეთოდებით;  რაც ნიშნავს პროქსი-ომს (ომს სეპარატისტთა ხელით), კიბერ-შეტევებს, საინფორმაციო დივერსიებს, ეკონომიკურ ბლოკადას, ენერგეტიკულ ბლოკადას  და ა.შ.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ამერიკა რუსეთთან ჰიბრიდულ ცივ ომში გულხელდაკრეფილი მაინც არ არის: საახალწლოდ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დაიწუწუნა: ``ამერიკა ვიზების გაცემას აფერხებს რუსეთის მოქალაქეებზეო``.

რა თქმა უნდა აფერხებს! მაგრამ აბა ამერიკის სახელმწიფო მდივანი  თუ წუწუნებს: `რუსეთი ვიზების გაცემას აფერხებს იმ ამერიკელებისთვის, ვისაც რუსეთში ჩასვლა უნდაო`

არ წუწუნებს იმიტომ, რომ მილიონობით რუსი ოცნებობს ამერიკაში სწავლაზე, ამერიკაში მოგზაურობაზე, ამერიკაში მუშაობაზე, მილიონობით რუსი გადაბარგდა ამერიკაში ბოლო 35 წლის მანძილზე......აი ამერიკელები კი სულაც არ ოცნებობენ რუსეთში მოგზაურობაზე, რუსეთში მუშაობაზე, რუსეთში ცხოვრებაზე, რუსეთში სწავლაზე......ეს ისეთი სტრატრეგიული უპირატესობაა, რასაც ამერიკა რასაკვირველია ადრე თუ გვიან აუცილებლად გამოიყენებდა პუტინის რეჟიმთან ჰიბრიდულ ცივ ომში და, როგორც ვხედავთ, წარმატებით იყენებს კიდეც უკვე.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

საახალწლოდ, ისრაელმა დაბომბა სირიაში რუსული სამხედრო ბაზის,  `ლატაკია-ტარტუს` მიმდებარე ტერიტორია, სადაც ირანული სამხედრო საწყობებია.

რუსეთს სირიაში ორი დიდი სამხედრო ბაზა აქვს: ტარტუსი, ლატაკიას მახლობლად,  სადაც რუსული სამხედრო გემებია დისლოცირებული და საავიაციო ბაზა ხმეიმიმში.

ლატაკიასთან ირანმა მოაწყო თავისი სამხედრო საწყობები, საიდანაც იარაღით ამარაგებს ლიბანში` ჰესბოლლას` ანტიისრაელულ დაჯგუფებას. ისრაელმა კი 6 ავიაგამანადგურებელ-ბომბდამშენით ეს საწყობები ისე გაანადგურა, რუსულ ობიექტებს არ შეხებია. უზუსტესი რაკეტები და `ჭკვიანი ბომბები` გამოიყენა

ლატაკიას იცავენ რუსეთის საზენიტო-სარაკეტო სისტემები. მათ შორის უახლესი         С-400 და С-500.

რასაკვირველია, მათ შეუძლიათ ისრაელის თვითმფრინავებს შეუტიონ, ზოგი კიდეც ჩამოაგდონ, მაგრამ მოსკოვი ამას არ აკეთებს. არსებობს არაოფიციალური შეთანხმება ისრაელის სახელმწიფოსთან, რომ თუ ისრაელი დაბომბავს ირანის ობიექტებს სირიაში, თუნდაც რუსული ბაზების მახლობლად, რუსეთი არ ჩაერევა.

ამ არაოფიციალურ შეთანხმებას პუტინმა ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთენიაჰუს პრემიერობისას  მიაღწია. სამაგიეროდ არც ისრაელი არ უშლის ხელს რუსეთს სირიაში.

გამორიცხულია ეს მოსწონდეს ირანს. ირანი და რუსეთი ხომ მოკავშირეები არიან სირიაში და ორივე მხარს უჭერს ბაშარ ასადის დიქტატორულ რეჟიმს?

თუმცა, ირანს სხვა გზა ახლა არა აქვს გარდა იმისა, რეალობას შეურიგდეს, თორემ ბაშარ ასადი მისი უკანასკნელი საყრდენი-სახელმწიფოა რეგიონში, სადაც აიათოლლები შიიტური ისლამის გაძლიერებას ცდილობენ. რუსეთის დახმარების გარეშე კი ირანი ბაშარ ასადს სირიაში ძალაუფლებას ვერ შეუნარჩუნებს.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ე.წ `სამხრეთ ოსეთის` პრეზიდენტ ბიბილოვს ოპოზიციონერი ოსი დეპუტატები იმპიჩმენტს უმზადებენ იმის გამო, რომ ის დაეთანხმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვის წინადადებას: `საქართველოსთან საზღვარი` გაავლოს 1922 წლის საბჭოთა რუკებით.

ოპოზიციონერი დეპუტატები კი მოითხოვენ საზღვარი გაივლოს უფრო გვიანდელი რუკებით, რომლითაც ქართული სოფელი ორჭოსანი და კიდევ ბევრი ქართული სოფელი `სამხრეთ ოსეთის` შემადგენლობაშია.

 დისკუსია ამ თემაზე იმდენად მწვავე იყო, რომ `პრეზიდენტი ბიბილოვი` ე.წ. `პარლამენტის სხდომიდან` გაიქცა.

ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ სინამდვილეში ე.წ. `ოპოზიციური დეპუტატები` საქართველოსთან ნებისმიერი სასაზღვრო დოკუმენტის ხელმოწერას ეწინააღმდგებიან - რომც დათანხმდეს თბილისი ამგვარ სიგიჟეს.

იმიტომ, რომ ოსური ელიტების ნაწილი მიიჩნევს: თრუსოს ხეობა და ყაზბეგი, ე.წ. `აღმოსავლეთ ოსეთი` მთლიანად, ხევი გუდაურის ჩათვლით....... თურმე  `ოსური მიწაა`, თუმცა ყველანაირი საბჭოთა რუკებითაც კი `სამხრეთ ოსეთის` შემადგენლობაში არ შედიოდაო. ანუ `სტალინმა უსამართლოდ გაავლო საზღვრები ქართველების სასარგებლოდიო` - ეს არის გათავხედებულ სეპარატისტთა არგუმენტი.