საერთაშორისო მიმოხილვა. 25 ოქტომბერი. 2023 წელი
`ჰამასის` ბოროტი ლიდერები რომ არც თუ სულელები არიან (თუმცაღა არიან ფანატიკოსები) ან/და ჭკვიანი მრჩევლები ჰყავთ, იქიდან ჩანს, რა ოსტატურად იყენებენ ისინი მძევლებს, რათა ზემოქმედება მოახდინონ ისრაელზე და დასავლეთზე.
დავაკვირდეთ: რამდენიმე მძევალი გაათავისუფლეს და აცხადებენ, ეს პროცესი გაგრძელდებაო, რათა დასავლეთს და ასევე ისრაელის ხელისუფლებას შეუქმნან მოტივაცია, გადადოს სახმელეთო ოპერაციის დაწყება ღაზას სექტორში.
თან იმის პარალელურად, რომ სწორედ მძევალთა თემა ხდება მეინსტრიმული როგორც დასავლურ, ასევე ისრაელის მედიაში.
ისრაელი თავისი სოციალური არსით ევროპული საზოგადოებაა. ოღონ ისეთი ევროპული საზოგადოება, რომელიც ცხოვრობს ომის პირობებში.
შესაბამისად, მძევალთა თემა (თითოეული ადამიანისა) ამ საზოგადოებისთვის ძალიან მტკივნეულია არა მხოლოდ პოლიტიკურად, არამედ ღირებულებითად: 220 მძევალი ისრაელის საზოგადოებისთვის კოშმარულად დიდი ციფრია; ამ მძევლებს შორის კი ამერიკის, ასევე სხვა დასავლური ქვეყნების მოქალაქეები არიან;
როცა `ჰამასი` დოზირებულად ათავისუფლებს რამდენიმე მძევალს, ამით ქმნის ინტენციას, რომ შესაძლოა ლტოლვილთა გამოხსნა რაღაცაში `გაიცვალოს`.
მაგალითად გაიცვალოს საწვავში, რომელსაც ისრაელი ახლა არ უშვებს ეგვიპტიდან ღაზაში.
სინამდვილეში კი `ჰამასს` მთელი მიწისქვეშა ქალაქი აქვს აშენებული ღაზას ქვეშ და ტერორისტულ არმიას იქ წყალიც აქვს, საკვებიც აქვს, საწვავიც აქვს და ყველაფერ რაც არმიას სჭირდება - იარაღზე რომ აღარაფერი ვთქვათ.\
მეორეს მხრივ, სახმელეთო ოპერაცია იმას ნიშნავს, რომ მძევლებს უბრალოდ დახოცავენ.
ეს უდიდესი დარტყმა იქნება ისრაელის საზოგადოებაზე. `ჰამასი` იტყვის: მძევლები ისრაელის არმიის შეტევის გამო დაიხოცნენო.
უკვე თქვა კიდეც, რომ რამდენიმე მძევალი დაიღუპა ისრაელის საავიაციო და სარაკეტო დარტყმების შედეგად, თუმცა (დავაკვირდეთ) დაღუპულ მძევალთა ვინაობა არ გამოუქვეყნებია.
ამ დროს კი ისრაელის, ასევე დასავლური მედია აღსავსეა იმ უბედური ადამიანების ინტერვიუებით, ფოტოებით, ვიდეოებით, მათი მონაყოლით, რომლებიც `ჰამასმა` სწორედ ამ მიზნით გაათავისუფლა: მისთვის სასარგებლო საინფორმაციო `მეინსტრიმის` შესაქმნელად.
ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც არ იწყება ჯერ სახმელეთო ოპერაცია.
ოღონდ `მთავარი` არ ნიშნავს `ერთადერთს` .
CNN და სხვა დასავლური რესურსები იტყობინებიან თეთრი სახლიდან `გაჟონვების` საფუძველზე, რომ როდესაც ბაიდენი ისრაელში მიფრინავდა, თვითმფრინავში და თვითმფრინავიდან 9 საათის განმავლობაში ჰქონდა განუწყვეტელი თათბირი ამერიკული გენერალიტეტის წევრებთან.
მათთან თათბირის შედეგად კი ისრაელის პრემიერ ნეთანიაჰუს, ზოგადად ისრაელის ხელისუფლებას და ელიტებს ჩაუტანა შემდეგი `დახურული` (ანუ ღიად გაუჟღერებელი) მესიჯი: `იმოქმედეთ გონებით და არა გულით!`.
ესე იგი..... ნუ აჰყვებიან ემოციებს, რაც კონტრპროდუქტიულია.
ვიზიტის შემდეგ ბაიდენმა ისრაელში დატოვა ძალიან გამოცდილი ამერიკელი გენერალი ჯეიმს გლინი, რომელიც შეასრულებს ისრაელის მთავრობისა და გენერალიტეტის მრჩევლის ფუნქციას.
სამვარსკვლავიანი გენერალი გლინი ხელმძღვანელობდა `ურბანულ ბრძოლებს` ერაყში 2003 წლის შემდეგ. ანუ ქუჩის ბრძოლებს მოსულსა და ფალუჯაში.
იქ ზუსტად ამგვარი სამხედრო დისპოზიცია იყო: მიწისქვეშა გვირაბები და მშვიდობიანი მოსახლეობა, როგორც `ფარი`.
იმ `ურბანული ბრძოლების` დროს ამერიკულმა არმიამ უდიდესი დანაკარგი განიცადა.
ანუ გენერალი გლინი ისრაელელ კოლეგებს ურჩევს, გაითვალისწინონ ამერიკის გამოცდილება იმავე რეგიონში: ერთის მხრივ მძევლებს ვერ გაათავისუფლებს ამ სახმელეთო ოპერაციით და მეორეს მხრივ ისრაელის არმიაშიც დიდი დანაკარგი იქნება.
არადა ისრაელის საზოგადოება მისი ხელისუფლებისგან სულაც არ მოითხოვს პირველ რიგში` ჰამასის` ლიდერთა ამოწყვეტას. `პირველ რიგში` მოითხოვს მძევლების გათავისუფლებას და იმას, რომ ისრაელის ჯარში მაქსიმალურად ნაკლები დანაკარგი იყოს.
ისრაელის მთავრობა ახლა უმძიმესი არჩევანის წინაშეა: მდგომარეობის ურთულესი პარადოქსი ისაა, რომ რასაც არ უნდა მოითხოვდეს ან რასაც არ უნდა ელოდოს ახლა ისრაელის საზოგადოება ხელისუფლებისგან, ისტორიულად (!) თუ ღაზას პრობლემა არ გადაწყდა ამ საშინელი თავდასხმის შემდეგ, რასაც 1400-მდე ისრაელელი შეეწირა, ისრაელი დამარცხებულია! ა
ანუ ეს წყლული ისრაელს როგორმე უნდა მოშორდეს, ამის მიღწევა კი სახმელეთო ოპერაციის გარეშე, მხოლოდ საჰაერო დაბომბვებით შეუძლებელია.
გუშინ ნეთანიაჰუ შეხვდა ისრაელის სახელგანთქმულ სპეცდანს `იაჰალომ`. მან ღიად თქვა, რომ `შემდეგი ეტაპი ახლოვდება`.
ისრაელში ასევე იმყოფება ამერიკის `ზღვის კატების` ელიტური სპეცდანი....ბრიტანული და ფრანგული რაზმები.
მათი დანიშნულებაა მძევლების გათავისუფლება.
თუმცა ყველა ობიექტური დამკვირვებელი აღნიშნავს: რა შესანიშნავი სპეცდანიშნულების რაზმებიც არ უნდა იყონ, საქალაქო ბრძოლების დროს მძევალთა გათავისუფლება თითქმის შეუძლებელია.
ჯერ ერთი არავინ იცის ისინი ზუსტად სად არიან ანუ გვირაბების რომელ ნაწილში და რაც მთავარია: 2 მილიონიანი ქალაქის აღება აეროპორტის ან გატაცებული თვითმფრინავის შტურმი არ არის: მძევლებს მანამდე დახოცავენ, სანამ სპეცდანი მათ მიუახლოვდება.
ამ თემაზე ბევრი დასავლური რესურსი წერს.
The new york times აღნიშნავს, რომ `ურბანული ომი` ღაზაში შესაძლოა გამოდგეს ყველაზე სისხლისმღვრელი `ქუჩის ბრძოლა` მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.
ბევრად სისხლისმღვრელი, ვიდრე ქუჩის ბრძოლები მოსულში 2004 წელს, რომლის შედეგად 10 000 ადამიანი დაიღუპა. თანაც `ჰამასს` დაახლოებით 40 000 ფანატიკოსი მებრძოლი ჰყავს: ოთხჯერ მეტი, ვიდრე ამერიკის მტრებს ჰყავდათ მოსულში.
სხვათა შორის, NYT ერთ-ერთ მაგალითად მოჰყავს აგრეთვე მარიუპოლი, რომელიც რუსის ჯარმა ვერ აიღო დიდი ხნის განმავლობაში სწორედ იმიტომ, რომ ქალაქის მცველები აქტიურად იყენებდნენ მიწისქვეშა კომუნიკაციებს.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . .
იდუმალი ამბები ხდება ჩინეთში: გუშინ თანამდებობიდან გაათავისუფლეს ჩინეთის თავდაცვის მინისტრი Li Shangfu, რომელიც აგვისტოს მერე გამქრალია და არავინ იცის, ცოცხალია, მკვდარია, დაპატიმრებულია, სად არის ამჟამად, რა ბედი ეწია და ასე შემდეგ;
შეგახსენებთ (ამაზე ვწერდით), რომ მანამდე, ივლისში, ასევე გაუჩინარდა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი Qin Gang.
ექსპერტები თვლიან, რომ ეს ამბები უკავშირდება სი ძინპინის ერთპიროვნული ძალაუფლების განმტკიცებას: ჩინური ელიტების ნაწილი გრძნობდა (ჯერ კიდევ ზაფხულში), რომ სი ძინპინი აპირებდა კომპარტიის ყრილობაზე ავტორატიული რეჟიმის კიდევ უფრო განმტკიცებას და როგორც ჩანს განიხილებოდა ან გარკვეული წინააღდმეგობის ან სულაც სამხედრო გადატრიალების ვარიანტები. თუმცა ჩინურმა სპეცსამსახურებმა სი-ს დაუჭირეს მხარი და ყრილობის წინ ორივე გავლენიანი მინისტრი `გააქრეს`.
ეს კიდევ არაფერი: ახალი თავდაცვს მინისტრის ვინაობასაც არ ასახელებენ: კაცმა არ იცის ვინ არის, დაინიშნა თუ არა.....
აი ასე მუშაობს ავტოკრატია. მისი არსებობის უმთავრესი იმმანენტური პირობა დახურულობაა - რა ეკონომიკური წარმატებებიც არ უნდა ჰქონდეს.
. . . . . . . . . . . . . . . . . . .
ცუდი ამბავი ტრამპისთვს: მისი საარჩევნო შტაბის წევრმა, ადვოკატმა Jenna Ellis აღიარა თავი დამნაშავედ `ჯორჯიის` ქეისზე, ანუ იმ საქმეზე, რომელიც ჯორჯიის შტატმა აღძრა დონალდ ტრამპის წინააღმდეგ 2020 წლის არჩევნების შედეგთა არაღიარების მიზნით ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ბრალდებით. Abuse of power.
Jenna Ellis გააფორმა `საპროცესო` პროკურატურასთან, მას მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა პირობით და.....5000 დოლარი ჯარიმა.
ყველას გვესმის, რომ პროკურატურა ელისს `საპროცესოს` არავითარ შემთხვევაში არ გაუფორმებდა, თუ არ მიიღებდა მისგან საჭირო ჩვენებებს დონალდ ტრამპის, ასევე მისი მთავარი ადვოკატის, რუდი ჯულიანისა და ტრამპის ადმინისტრაციის შეფის, მარკ მედოუზის წინააღმდეგ.
ასეც მოხდა უკვე: ქალბატონმა ელისმა, ისევე როგორც ტრამპის შტაბის კიდევ ორმა წევრმა (აწ ბრალდებულებმა) სასამართლოში ტრამპი, ჯულიანი და მედოუზი ამხილეს და მწარედ მოინანიეს, რომ იმათი ზეწოლით უკანონო შეთქმულებაში აღმოჩნდნენ ჩათრეულნი.
ეს ყოველივე კი იმას ნიშნავს, რომ ციხის თავიდან ასაცილებლად, ჯულიანი და მედოუზი (როგორც ტრამპის შემდეგ მთავარი ბრალდებულები) საბოლოოდ ასევე მისცემენ ჩვენებას ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ.
თუმცა საეჭვოა დონალდ ტრამპს ეს ყოველივე აშინებდეს: ის საარჩევნო ომისთვის ემზადება, რაკი იცის, რომ ამ კამპანიის დროს მისი დაპატიმრება ამერიკისთვის პოლიტიკური კატასტროფა იქნება და მინიმუმ სამოქალაქო დაპირისპირებას გამოიწვევს.
ზოგადად...... ამ საქმესთან დაკავშირებით რაღაც საოცრებები ხდება: ტრაპის გუნდის წევრებს იმაში ადანაშაულებენ, რომ საჯაროდ გააკეთეს პოლიტიკური (!) განცხადებები `არჩევნების მოპარვის` შესახებ. ანუ უკვე ეს განცხადებები კვალიფიცირდება, როგორც დანაშაული, რაკი ოფიციალურმა გამოძიებამ ვერანაირი დარღვევა ვერ აღმოაჩინა არჩევნებზე.