საერთაშორისო მიმოხილვა. 2 ნოემბერი. 2023 წელი
ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ `ჰამასის` თავდაცვის პირველი ხაზი გაარღვია ღაზას სექტორში.
თუმცა ნამდვილი მახე ტერორისტებს თვით ქალაქ ღაზაში აქვთ მოწყობილი და `ცახალს` იქ უფრო ელიან.
ამჟამად ქალაქი ღაზა მთლიანად ალყაშემორტყმულია და ალბათ შტურმიც დაიწყება, ოღონდ შესაძლოა ხანგრძლივი ბლოკადის შემდეგ.
ისრაელი აქტიურად იყენებს საინფორმაციო ტექნოლოგიებს: დღემდე არ ადასტურებენ, რომ რაც ხდება, სწორედ ის `სახმელეთო ოპერაციაა`, რასაც მთელი მსოფლიო ელოდა. რამდენიმე დღის წინ გაავრცელეს ცნობა, თითქოს პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ ბრძანებას ხელი არ მოაწერა.
ეს იმიტომ კეთდება, რომ თუ შეტევა წარუმატებელი აღმოჩნდა, არ იქნას აღქმული როგორც ისრაელის არმიის მარცხი. მაშინ იტყვიან, რომ სახმელეთო ოპერაცია ჯერ არც დაწყებულა და მხოლოდ ახლა იწყებაო.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
იემენმა უკვე მეორე ბალისტიკური რაკეტა ესროლა ისრაელს, თუმცა ისრაელის `საჰაერო თავდაცვამ` წითელი ზღვის თავზე ჩამოაგდო.
იემენს (მის უდიდეს ნაწილს და არმიას) ამჟამად აკონტროლებს პრო-ირანული შიიტური დაჯგუფება `ჰუსიტების` ლიდერშიპი.
თუმცა ქვეყანაში გრძელდება სამოქალაქო ომი და `ჰუსიტებს` ებრძვიან იემენელი სუნიტები, რომლებსაც მხარს უჭერს საუდის არაბეთი.
თუმცა.....მივაქციოთ ყურადღება, რომ სანამ წითელ ზღვას და ისრაელს მიაღწევდა, იმ ბალისტიკურ რაკეტას საუდის არაბეთზე უნდა გადაეფრინა. საუდებსაც ხომ აქვთ საზენიტო სისტემები, მაგრამ არ ჩამოუგდიათ. რატომ? სუნიტებსა და შიიტებს ისრაელის სიძულვილი აერთიანებთ.
კიდევ ერთი კითხვა: საიდან აქვთ მეამბოხე შიიტებს ბალისტიკური რაკეტები? ანუ ფორმალურად იემენის არმიას, რომელმაც ეს რაკეტა ისრაელს ესროლა?
ეს არის საბჭოთა წარმოების რაკეტა Скад, რომელიც საბჭოთა კავშირმა 1960-იანი წლებიდან მიაწოდა არაბულ ქვეყნებს, მათ შორის იემენს...... რასაკვირველია ისრაელის წინააღმდეგ.
ეს ძველის-ძველი ბალისტიკური რაკეტა, მისი ტექნიკური მახასიათებლებით, არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენს ისრაელისთვის. განსხვავებით ირანული წარმოების უახლესი `მძიმე` რაკეტებისგან, რომლებიც ირანს ჯერ არ უსვრია, თუმცა შესაძლოა ესროლოს კიდეც უახლოეს მომავალში.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
ხვალ, 3 ნოემბერს, ლიბანში დისლოცირებული პრო-ირანული შიიტური დაჯგუფება `ჰესბოლლას` მეთაური შეიჰი ნასრალლა გააკეთებს რაღაც განცხადებას ისრაელის წინააღმდეგ.
შესაძლოა ულტიმატუმიც წაუყენოს, რომ თუ ისრაელი ღაზიდან ჯარებს არ გამოიყვანს, `ჰესბოლლა` შეუტევს ისრაელს ჩრდილოეთიდან.
ასეც რომ მოხდეს, ისრაელისთვის ეს უკვე მოულოდნელობა არ იქნება და ყველაფერი მზად აქვს ორ ფრონტზე ბრძოლისთვის. მით უმეტეს ხმელთაშუა ზღვაში ორი ამერიკული საავიამზიდო `დამრტყმელი ჯგუფია` და ისინი სწორედ `ჰესბოლლას` წინააღმდეგ ემზადებიან და არა `ჰამასის` წინააღმდეგ
ჰესბოლლა - ჰამასზე ხუთჯერ ძლიერია. მაგრამ ისრაელთან და ამერიკასთან ვერაფერს გახდება რასაკვირველია.
ლიბანის პრემიერ-მინისტრმა გუშინ განაცხადა, რომ ომი არ სურს. რასაკვირველია არ სურს, რადგან იცის, რომ მისი ისედაც ნახევრად დანგრეული ქვეყანა საბოლოოდ დაინგრევა ამ ომით.
ლიბანის პრემიერიც და პრეზიდენტიც ნომინალური ფიგურები არიან: იმ ქვეყანას აკონტროლებენ `საველე მეთაურები` - შიიტების, სუნიტების, ქრისტიანებისა......ასე `დალაგდა` იქ 1980-იანი წლების საზარელი სამოქალაქო ომის შედეგად.
ნასრალლა მხოლოდ ერთი მათგანია. თუმცა ყველაზე ძლიერი.
ისრაელმა ორჯერ იომა ლიბანში `ჰესბოლლას` წინააღმდეგ: 1980-იან და 2000-იან წლებში და...... ორჯერვე იძულებული გახდა ჯარი გამოეყვანა ლიბანიდან საბოლოოდ.
ეს ისტორიული ფაქტია!
მეორედ ჯარი გამოიყვანა ისე რომ `ჰესბოლლას` მიერ გატაცებული ჯარისკაცი, გილათ შალიტი ვერ გაათავისუფლა. მერე იძულებული გახდა იგი გაეცვალა ათას (!) პალესტინელ ტერორისტ პატიმარში.
დღეს `ჰამასს` ერთი კი არა ასეულობით ებრაელი მძევალი ჰყავს, თუმცა ომიც სულ სხვა მასშტაბის იქნება.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
ისრაელს ახლა სხვა პრობლემა(ც) აქვს და ეს პრობლემა სულ უფრო მწვავდება: გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ ჰუმანიტარულ საკითხებში, მარტინ გრიფიტსმა `მხეცობა` უწოდა ისრაელის სარაკეტო დარტყმას `ჯებალიას` ლტოლვილთა ბანაკზე ღაზას სექტორში.
ისრაელი ამ დარტყმას ხსნის იმით, რომ ლტოლვილთა ბანაკს `ჰამასის` ლიდერები აფარებდნენ თავს.
აღსანიშნავია, რომ გრიფიტსის განცხადების შემდეგ ისრაელის არმიამ მეორედ დაარტყა იმავე ჯებალიას ბანაკს.
ნეტანიაჰუს და მის გენერალიტეტს უკან დასახევი გზა აღარ აქვთ. თუმცა ისრაელისთვის საინფორმაციო ფონი სულ უფრო მძიმე ხდება.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
პარადოქსია თითქოს, მაგრამ ამ საშინელებამ, რაც ახლა ხდება ისრაელში, ახალი ბიძგი მისცა `ორი სახელმწიფოს დაფუძნების` იდეას (Two state solution) ანუ პალესტინაში ორი თანასწორუფლებიანი სახელმწიფოს შექმნის პროექტს: ისრაელის სახელმწიფოს და პალესტინის სახელმწიფოს.
ეს იდეა სულ თან სდევს ისრაელ-პალესტინის დაპირისპირებას 1947 წლიდან, როდესაც გაერომ მიიღო რეზოლუცია პალესტინაში ორი სახელმწიფოს შექმნის შესახებ.
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში Two state solution იდეა კვლავ გაასიტყვეს აშშ პრეზიდენტმა ბაიდენმა, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა სუნაკმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა.
მაგრამ ახლაც, ისევე როგორც მთელი ამ ათწლეულების მანძილზე, პროექტის განხორციელებას ხელს უშლის ორი უდიდესი პრობლემა
ა) ისრაელს არ სჯერა, რომ არაბები მას თავს დაანებებენ მას შემდეგაც კი, თუ შეიქმნება დამოუკიდებელი პალესტინის სახელმწიფო. ანუ არსებობს უსაფრთხოების რისკები
ბ) ისრაელი არასდროს დათმობს იერუსალიმის მთლიანობას. პალესტინელები კი აღმოსავლეთ იერუსალიმს თავისი სახელმწიფოს დედაქალაქად აცხადებენ
. . . . . . . . . . . . . . . . . . .
ბელორუსის თავდაცვის სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ უკრაინამ 120 000 ჯარისკაცი განალაგა ბელორუსის საზღვართან.
ნეტავ რატომ? თითქოს არ იციან, რომ სწორედ ბელორუსიდან შეიჭრა შარშან რუსული ჯარი კიევისკენ.
ბელორუსის ხელისუფლება იმითაც უკმაყოფილოა, რომ უკრაინელები საზღვარს ნაღმავენ და უკრაინულ ჰიმნსაც რთავენ ხოლმე….`ჯინაზე`
. . . . . . . . . . . . . . . . . . .
7 ოქტომბერს `ჰამასი` თავს დაესხა ისრაელს. 10 ოქტომბერს კი რუსულმა არმიამ დაიწყო სტრატეგიული შეტევა ავდეევკას მიმართულებით.
ავდეევკა არის უკრაინული არმიის სტრატეგიული პლაცდარმი ქალაქ დონეცკთან ძალიან ახლოს. იმდენად ახლოს, რომ რუსები იძულებულნი არიან ამ მიმართულებაზე ჰყავდეთ მძლავრი დაჯგუფება, რათა უკრაინამ დონეცკი არ გაათავისუფლოს.
ათი ოქტომბრიდან დაწყებული, ავდეევკას მიმართულებაზე მიმდინარეობს გააფთრებული ბრძოლები. მათ მასშტაბს მსოფლიო ახლა დღეს ვერ ამჩნევს, რადგან ყველა გადართულია ახლო აღმოსავლეთზე.
რუსებს უზარმაზარი დანაკარგი აქვთ ცოცხალ ძალაში ანუ ათასობით რუსი დაიღუპა უკვე ავდეევკასთან. ზოგიერთი დივიზიის პირადი შემადგენლობის 70% ამოწყდა. მიუხედავად ამისა, მაინც უტევენ და უტევენ.
ერთდროულად სამი არმია უტევს ანუ დაახლოებით 200-250 ათასი ჯარისკაცი. თუმცა უკრაინელებიც მედგრად იცავენ თავს.
უკრაინელი სარდალი ვალერი ზალუჟნი აცხადებს, რომ ომი უკრაინაში იძენს პოზიციურ ხასიათს ანუ დროში იწელება; ეს კი მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის სასარგებლოდ იმუშავებს.
გენერალი ზალუჟნი თვლის, რომ უკრაინამ დიდი შეტევა უნდა დაიწყოს, მაგრამ მას ამისთვის სამი მიმართულებით სჭირდება დასავლეთის უფრო მეტად აქტიური მხარდაჭერა:
ა) ავიაცია. მათ შორის უპილოტო თვითმფრინავები. ჰაერში ბატონობის გარეშე სახმელეთო ოპერაციების წარმატება გამორიცხულია
ბ) რადიო-ელექტრონული ბრძოლის საშუალებები, რომლებიც თანამედროვე ომებში სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენენ.
გ) კონტრბატარეული სისტემები ანუ მტრის არტილერიის და ზალპური ცეცხლის დანადგარების წინააღმდეგ უახლესი დასავლური სისტემების გამოყენება, რომლის ჭურვები რუსების მიერ ზალპური ცეცხლის დანადგარებიდან გაშვებული რაკეტების `კვალს` მიჰყვება ჰაერში საპირისპირო მიმართულებით
დ) ნაღმების გაუვნებლება; მათ შორის, რაც მთავარია, სპეციალური რადარები, რომლებიც ნაღმებს პოულობენ.
ზოგადად, ნაღმების წინააღმდეგ ბრძოლა ძალიან გართულდა მას შემდეგ, რაც მთელს მსოფლიოში, მათ შორის რუსეთში, მოიგონეს ისეთი ნაღმები, რომლებიც ჰაერიდან, თვითმფრინავებიდან იყრება; მიწაში ეფლობა და მაინც ეფექტიანია, როცა ტანკი ან ჯავშანმანქანა გადაუვლის.
ამიტომ სპეციალური გამნაღმველი სისტემებით ასე თუ ისე არის შესაძლებელი ველის განაღმვა, მაგრამ შემდეგ ავიაციიდან კვლავ ჩამოყრიან ათასობით ნაღმს იმავე ველზე.