საერთაშორისო მიმოხილვა. 21 ივლისი. 2022 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 21 ივლისი. 2022 წელი

2022 წლის ივლისის მდგომარეობით, რუსეთი დატოვა ყოველმა მეორემ იმ 1 400 მსხვილი დასავლური კომპანიიდან, რომელიც უკრაინის ომამდე რუსეთში მუშაობდა და სერიოზული წარმატებებიც ჰქონდა.

ყაზახეთის პრეზიდენტმა, კასიმ ჟომარტ ტოკაევმა, რომელიც სულ უფრო საინტერესო ფიგურად ყალიბდება ევრაზიის პოლიტიკურ სცენაზე, გადაწყვიტა, ამ კომპანიათა დიდი ნაწილი `გადმოიყვანოს` ყაზახეთში, რაც მისი ქვეყნისთვის დიდი სარგებლის მომტანი იქნება როგორც ეკონომიკურად, ასევე პოლიტიკურად, რადგან გიგანტურ დასავლურ- ამერიკულ და ევროპულ კომპანიებს, რა თქმა უნდა `მიჰყვება` დასავლეთის პოლიტიკური ინტერესიც.

ფორმას ამ შემთხვევაში არანაკლები მნიშვნელობა აქვს ვიდრე შინაარსს: პრეზიდენტმა ტოკაევმა სპეციალურად მოიწვია მთავრობის სხდომა, ასევე მოიწვია ადგილობრივი და დასავლური მედია და ამ სხდომაზე გამოვიდა სიტყვით (რაც იშვიათად ხდება), რომელშიც საჯაროდ უბრძანა მინისტრთა კაბინეტს, `დაამუშავონ დასავლურ კომპანიათა ყაზახეთში `რელოკაციის` გეგმა.

თავისთავად ტერმინი Relocation  უკრაინის ომის დაწყებისთანავე დასავლეთში გამოიყენება იმ პროცესის აღსანიშნავად, რომ დასავლური კომპანიები, კერძო, ფიზიკური  თუ კორპორაციული პირები სტოვებენ რუსეთს პუტინის აგრესიული და რეპრესიული რეჟიმის გამო.

 მაგალითად როცა ჩემმა კორპორაცია Radio free Europe radio liberty (RFERL) წავიდა რუსეთიდან, მან სწორედ ამ ტერმინით (Relocation) ააგო თანამშრომელთა და საკორესპონდენტო ბიუროთა ევაკუაციის გეგმა. შესაბამისად, ეს ტერმინი ანტიპუტინურ კონოტაციას ატარებს და ეს არ შეიძლება (გამორიცხულია) კასიმ ტოკაევმა არ იცოდეს. მიუხედავად ამისა, ღიად აძლევს ამგვარ ბრძანებას მთავრობას.

უკვე ცნობილია, რომ რუსეთიდან - ყაზახეთში გადავიდა ასამდე დიდი ევროპული და ამერიკული კომპანია. ყველა ის სათავო ოფისი, რომელიც პოსტსაბჭოურ სივრცეზე მუშაობდა, ადრე მოსკოვში იყო ან ეკატერინბურგში, ახლა უკვე ყაზახეთში იდებს ბინას.

დიდი დასავლური კომპანიების ეს სათავო ოფისები  მართავდნენ ბიზნესს მთელს პოსტსაბჭოურ სივრცეზე. მაგალითად McDonalds, Universal Pictures, Cisco, IBM, Coca-Cola Company, Lego, Electrolux Professional და სხვა კიდევ უამრავი.

ყაზახეთში განთავსდნენ უდიდესი IT კომპანიები Рlауriх, კოლოსალური ონლაინ ბანკი Tinkoff, გიგანტური გადამყვანი სერვისი  InDriver, შრიფტური სტუდია Туре Туре,  პროგრამული უზრუნველყოფის უზარმაზარი კომპანია  Red Mad.

ათასამდე A კლასის IT სპეციალისტი ჩამოიყვანეს ყაზახეთში, ბინები დაუქირავეს და ბევრს უფასოდაც კი დაუთმეს დროებით ასტანასა (ნურსულტანსა)  და ალმა-ატაში.

 

აქვე ვიტყვი, რომ ამ პროცესის ერთმნიშვნელოვნად შეფასება არ შეიძლება. იგი რუსეთისთვისაც მომგებიანია

დავაკვირდეთ 2 მომენტს:

 

ა) არა მხოლოდ დასავლურმა, არამედ რამდენიმე დიდმა რუსულმა მწარმოებელმა ასევე გადაიტანა ბიზნესი ყაზახეთში.

მაგალითად მოტოციკლების მწარმოებელმა ქარხანა Урал.

რატომ? იმიტომ, რომ რუსეთში ყველა წარმოება, პატარიდან - დიდამდე, დამოკიდებულია დასავლურ მაკომპლექტებლებზე ანუ დასავლურ ტექნოლოგიურ დეტალებზე და სათადარიგო ნაწილებზე. აგრეთვე სხვადასხვა მასალაზე.

რაკი ყაზახეთში გადადიან და იქ რეგისტრირდებიან, მათ აღარ შეეხებათ ის დასავლური სანქციები, რაც კრძალავს რუსული კომპანიებისთვის მაკომპლექტებლების და სხვადასხვა მასალების გადაცემას, რასაც `ორმაგი` (სამოქალაქო-საბრძოლო) დანიშნულება შეიძლება ჰქონდეს - ისინი ამ ყველაფერს იღებენ როგორც `ყაზახური კომპანიები`.

თუმცა მათი პროდუქციის ბაზრები იგივეა და საწარმოო სიმძლავრეთა  დიდი ნაწილიც რუსეთში დარჩა. უბრალოდ კომპანიას ამიერიდან ქვია `ყაზახური` კომპანია.

 

ბ) რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა პესკოვმა მოულოდნელად მოიწონა მთელი ეს პროცესი, ანუ დასავლური ბიზნესის ტოტალური` რელოკაცია` ყაზახეთში და იქ თვით რუსული კომპანიების ერთი ნაწილის გაქცევაც, რომელიც დასავლურ დეტალებზე და მასალებზეა  დამოკიდებული.

რატომ? იმიტომ, რომ ის, რასაც კასიმ ტოკაევი ახლა აკეთებს, არის დახვეწილი (Sophisticate) თამაში ერთდროულად რუსეთთან და დასავლეთთან.   პირველ რიგში ყაზახეთის ინეტრესების გათვალისწინებით.

დიდი პოლიტიკა ხომ ინტერესთა თანხვედრის ხელოვნებაა?

რა აზრი აქვს ახლა პუტინი გამოვიდეს და შეუტიოს ტოკაევს იმის გამო, რომ იგი `არამეგობრულად მოიქცა რუსეთის მიმართ`, რაკი ეს რესურსები ყაზახეთში გადმოქაჩა. განა (თვით პუტინის თვალთახედვითაც) ბევრად უფრო ჭკვიანური არ იქნება თვალთმაქცურად მიესალმოს (მიესალმა უკვე) და შემდეგ სცადოს (ახერხებს უკვე) `დაალაგოს` ყაზახეთის ხელისუფლებასთან ისე, რომ ამ ბიზნესის თუნდაც 30% პოტენციალი მოაბრუნოს ჩუმად რუსეთისკენ? ჩუმად პროდუქციაც მიიღოს სხვადასხვა `ნაცრისფერი` სქემებით?! და ა.შ და ა.შ. ეს უფრო მომგებიანი არ იქნება ვიდრე ემოციებს აყოლა?

ქართული გამოთქმით` ხელი-ხელს ბანს`.

რუსეთისთვის ეს ბევრად მომგებიანია, ვიდრე ის, რომ დასავლური კომპანიები საქართველოში ან ბალტიის ქვეყნებში გადავიდნენ. ყაზახეთი მისთვის უფრო `მახლობელია` როგორც ლოგისტიკურად, ასევე რეჟიმის შინაარსითაც.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდიდან, ყაზახეთი შედიოდა უძლიერეს რესპუბლიკათა სამეულში რუსეთის ფედერაციასა და უკრაინასთან ერთად. ოღონდ არა მოსახლეობის რაოდენობით.

 დღესაც კი, ყაზახეთი სულ 20 მილიონიანი ქვეყანაა. ეს არაფერია რუსეთის 140 მილიონთან და თუნდაც უკრაინის 45 მილიონთან შედარებით.

მაგრამ ყაზახეთი, ჯერ ერთი, ტერიტორიითაა უზარმაზარი. ოთხნახევარჯერ (!!!)  მეტია უკრაინაზე: 2 724 მილიონი კვადრატული კილომეტრია ყაზახეთი მაშინ როდესაც უკრაინა 603 ათასი კვადრატული კილომეტრია!

გარდა ამისა, ყაზახეთი მინერალური რესურსებით ზღაპრულად მდიდარია.  

 

თანამედროვე ყაზახეთი შექმნა ექს-პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა.

ის 1990 წელს აირჩიეს პრეზიდენტად და 2019 წლამდე (29 წელი) იყო პრეზიდენტი.

2019 წელს  განაცხადა, რომ მიდის პრეზიდენტის თანამდებობიდან ოღონდ `შორს არ წასულა: ყაზახეთის უშიშროების საბჭოს მუდმივი თავმჯდომარე გახდა. (ზუსტად ამას აპირებდა ედუარდ შევარდნაძე 2005 წელს,  - რომ არ მომხდარიყო `ვარდების რევოლუცია`. შემიძლია დაწვრილებით მოგიყვეთ ის ამბები როგორც მისმა ყოფილმა თანაშემწემ).

 

2019 წელს,  უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის პოტსტზე გადასვლის შემდეგ, ყაზახეთის დედაქალაქ ასტანას გადაერქვა სახელი და ეწოდა ნურსულთანი. ყველა საკვანძო პოზიცია ყაზახეთის ბიზნესში დაიკავეს ნაზარაბევის კლანის წევრებმა.

 

2022 წლის 2 იანვარს, ყაზახეთში დაიწყო მასობრივი აჯანყება (არა უბრალოდ გამოსვლები, არამედ აჯანყება) ნაზარბაევის კლანისა და ტოკაევის მარიონეტული, იმ კლანის მიერ მართული რეჟიმის წინააღდმეგ. ფორმალური საბაბი გახდა საწვავზე ფასის გაზრდა.

ბუნტის ჩაცხრობა პრეზიდენტმა ტოკაევმა მოახერხა რუსეთის არმიის და პოსტსაბჭოურ სივრცეზე მოსკოვის მიერ თავის დროზე დაფუძნებული `კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის`(ОДКБ-Организация коллективной безопасности) დახმარებით.

ბუნებრივია, ОДКБ რეალურად არის რუსეთი.

 

რატომ გადაარჩინა პუტინმა მაშინ ტოკაევი და ყაზახეთი მუდმივ ქაოსს? ორი მიზეზით

ა) უკვე დაგეგმილი ჰქონდა ომი უკრაინაში და მეზობლად  დესტაბილიზაციის მეორე კერა არ აწყობდა;

ბ) თუ პუტინი არ გააგზავნიდა ჯარს, მაშინ ტოკაევი სთხოვდა თურქეთს ან/და ჩინეთს - ისინი გააგზავნიდნენ ჯარს, მაინც გადაარჩენდნენ ტოკაევს ოღონდ ეს ჯარები იქიდან აღარასოდეს წავიდოდნენ.

 

კასიმ ჟომარტ ტოკაევი, მოულოდნელად უძლიერესი  მოთამაშე აღმოჩნდა: ჯერ რუსის ჯარით ჩაახშო ბუნტი, მერე ის ჯარი პუტინს გააყვანინა ჩინეთის დახმარებით:  პეკინმა მაშინვე ფარული ულტიმატუმი წაუყენა პუტინს!

ამის მერე და ამ ყველაფრის წყალობით კი, ტოკაევი  `ჩაეხსნა` ნაზარბაევის კლანს და მისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა: ნაზარბაევი გადააყენა უშიშროების საბჭოს თამჯდომარეობიდან, მისი ოჯახის წევრები კი გაერთიანებულ არაბ ემირატებში გააძევა- ყაზახეთში ყველა ბიზნესი წაართვა;

ანუ ტოკაევი გახდა ყაზახეთში ახლა ის, რაც მანამდე ნაზარბაევი იყო:

მოხუც დამფუძნებელს გულის მოსაოხებლად დაუტოვა მისი ისტორიული სახელი: ყაზახეთის დედაქალაქს 2019 წლიდან ხომ  ნურსულთანი ერქვა..... და ასე დარჩება ალბათ....... სანამ პრეზიდენტი ტოკაევი არ გადაწყვეტს `კასიმჟომარტი` დაარქვას ყოფილ `ნურსულტანს`, როგორც ნურსულტანმა დაარქვა საკუთარი სახელი ყოფილ `ასტანას` და ა.შ

ეს აზიური დესპოტიები მენტალური გენეტიკით ჰგვანან ერთმანეთს/

 

თუმცა, ვიმეორებ: პრეზიდენტი ტოკაევი და მისი გუნდი უდიდესი ოსტატობითა ასრულებენ ახლა საჭადრაკო `მიტელშპილს` ერთდროულად დასავლეთთან და რუსეთთან, რითაც დიდი ნურსულთან ნაზარბაევის `კომპლემენტარიზმის` ანუ მრავალვექტორულობის პოლიტიკას აგრძელებენ:

ტოკაევი უდიდესი ოსტატობით იყენებს ჩინეთის ფაქტორს...... ოღონდ აქ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყაზახურ ელიტებს იმმანენტური შიში(ც) აქვთ მილიარდნახევრიანი ჩინეთისა - ყაზახეთის უზარმაზარი ტერიტორიები ხომ თითქმის ცარიელია: ყაზახეთი ათას კვადრატულ მეტრზე მოსახლეობის განსახლების კოეფიციანტით მსოფლიოს ერთ ერთი `მეჩხერ-მოსახლე` ქვეყანაა.

ანუ ყაზახური ელიტები მაინც ფრთხილობენ ჩინეთთან მიმართებაში;

 თუმცაღა ჩინეთის ეკონომიკური, პოლიტიკური, სოციალური და ძალისმიერი (ჩინური მილიცია) შესვლა ყაზახეთის ტერიტორიაზე უკვე უდავო ფაქტია.

ოღონდ ამ ფობიებზე პუტინს და მის სპეცსამსახურებს ასე თუ ისე  მაინც შეუძლიათ თამაში.

 

 სამწუხაროდ, ამ დიდი ევრაზიული პარტიის `ყაზახური კლასტერი` უფრო პეკინსა და მოსკოვს შორის თამაშდება. ხოლო დასავლეთის პოლიტიკური პოზიციები ამ რეგიონში  ორ გიგანტთან შედარებით განხუხრელად სუსტდებოდა ბოლო 10-15 წლის განმავლობაში.

თუმცაღა ყაზახეთის ენერგეტიკულ სექტორში ამერიკულ კომპანიებს სერიოზული პოზიციები აქვთ.

 

ეს ყოველივე ტოკაევს უქმნის მანევრირების დიდ სივრცეს: სანკტ - პეტერბურგის ეკონომიკურ სამიტზე, რამდენიმე კვირის წინ, მან პირდაპირ `სილა გაულაწუნა` დიპლომატიურად პუტინს, როცა თქვა, რომ დონეცკი და ლუგანსკი, ისევე როგორც აფხაზეთი და ცხინვალი `კვაზისახელმწიფოებრივი წარმონაქმნებია და მათ არ ვაღიარებთოო`.

თან  არა მხოლოდ ეს თქვა: რუსეთის საწინააღმდეგო ყველა სანქციას შევასრულებთო. პუტინი გვერდით ეჯდა ეს რომ თქვა.

 

რასაკვირველია,  ამაზე პუტინი გაცოფდებოდა, მაგრამ ბევრი ბერკეტი მას არც აქვს ყაზახეთის წინააღმდეგ. მით უმეტეს, როცა უკრაინაში ჩაეფლო.

 

მაგალითად: ერთ-ერთ ასეთ ბერკეტად ითვლებოდა ყაზახეთ-რუსეთის დიდი მილსადენი, რომლითაც ყაზახური ნავთობი (ყოველწლიურად 70 მილიონი ტონა - ეს ძააააალიან ბევრია!) მიედინებოდა შავ ზღვაზე რუსული ტერმინალებისკენ (Новороссийск-ის მიდამოებში).

სანკტ-პეტერბურგის სამიტზე ტოკაევის განცხადებებით გაცოფებულმა პუტინმა გადაუკეტა ეს არხი, მაგრამ ტოკაევმა ამ ნავთობის ნაწილი მაშინვე გაუშვა აზერბაიჯან-საქართველო-შავი ზღვის პორტების მიმართულებით. პუტინი მიხვდა, რომ ტრანზიტი შესაძლოა სამუდამოდ დაეკარგა, ამიტომ მილსადენის ბლოკადა მოხსნა

 

მეორე ბერკეტი, რუსეთის ხელში - ჩრდილო ყაზახეთში მცხოვრები ეთნიკური რუსები არიან.

ანუ, თეორიულად პუტინს შეუძლია იქ იგივე კარტის გათამაშება, რაც აღმოსავლეთ უკრაინაში გაათამაშა.

ოღონდ ეს მხოლოდ თეორიულად! პრაქტიკულად, იგი ამას ვერ გაბედავს, რადგან ჩინეთი ისეთი ძალით ჩაერთვება, როგორი ძალით ჩართვა უკრაინაში NATO-მ ვერ გაბედა.

ანუ ჩაერევა არმიით.

პუტინი სი ზინპინს ვერ გაუბედავს იმას, რაც დასავლელ ლიდერებს გაუბედა სამწუხაროდ.

სხვა არანაირი განსაკუთრებული ბერკეტი პუტინს ყაზახეთზე არა აქვს.

 

დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რუსეთ-ყაზახეთის ურთიერთობა კასიმ ჟომარტ ტოკაევის ერთმმართველობისას შენარჩუნდება იმ პარადიგმაში, რაც ჯერ კიდევ დიდმა ნურსულთან ნაზარბაევმა ჩამოაყალიბა: მუდმივი ვაჭრობა, მუდმივი `მომეცი-მოგცემ` quid pro quo, ბალანსირება და ა.შ.

 

ყაზახეთი არც ნაზარბაევის პარადიგმაში, არც ახლა, არც არასდროს (კომუნიზმის დანგრევის შემდეგ) მოსკოვის მარიონეტი არ ყოფილა: უდიდესი ოსტატობით თამაშობდა მუდამ თავისი გეოგრაფიით (ცენტრალური აზია - ევრაზიის გულის-გული!) ასევე კოლოსალური რესურსებით, აგრეთვე გავლენით მეზობელ ქვეყნებზე (უზბეკეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი);  ჩინეთთან მეზობლობით და თურქეთთან ეთნო-ნათესაობით.

 

ასე გაგრძელდება უეჭველად, თუმცა....სიახლე ისაა, რომ უკრაინის ომმა უკრაინულ ელიტებს ასწავლა კიდევ უფრო მეტი სიფრთხილით მოეკიდონ მოსკოვის ინტეგრაციულ პროექტებს, ასევე პუტინის მაცდურ წინადადებებს და რაც მთავარია, აუცილებლად შეინარჩუნონ აქტაუ-ბაქო-თბილისი-შავი ზღვის ხაზი ენერგომატარებლების საექსპორტო, თუნდაც სათადარიგო, მაგრამ მაინც რუსეთის შესაძლოდ ალტერნატიულ მუდმივმოქმედ არხად.