ტერაქტი დემოკრატიის ხიდზე

ტერაქტი დემოკრატიის ხიდზე

 

ისლამისტმა ტერორისტებმა, დიდ ბრიტანეთში, ევროპის ტერიტორიაზე უკვე აპრობირებული „ტექნოლოგია“ გამოიყენეს“. ყბადაღებულმა „ბრექსიტმა“ შეერთებულ სამეფოს ვერ უშველა, ვერც უშველიდა და მომავალშიც ვერ უშველის, რადგან ექსპორტირებული მხოლოდ „ტექნოლოგიაა და არა მისი მატარებელნი თუ გამტარებელნი:  2005 წელს, ლონდონის მეტროში საზარელი ტერაქტის ჩამდენნი არსაიდან ჩამოსულნი არ ყოფილან: მათი  პაპის მამებიც კი სწორედ ბრიტანეთის კუნძულებზე დაიბადნენ.

22 მარტს, გრინვიჩის დროით 14 40 წ. უესტმინსტერის ხიდზე, რომელიც პარლამენტის შენობას უკავშირდება, მონოტონურად და ინგლისური წესრიგით მოძრავი მანქანების ნაკადს ერთი, როგორც ჩვენში უწოდებენ „პარკეტული ჯიპი“ გამოეყო მოულოდნელად და ხიდზე ფეხით მოსიარულეთა ჭყლეტა დაიწყო. ათეულობით ადამიანს რომ გადაუარა, შემდეგ პარლემენტის ერთ-ერთ ჭიშკარში შევარდნა მოინდომა, მაგრამ დამცავმა ფოლადის ჯებირმა შეაჩერა. მაშინ მძღოლი, - აღმოსავლური გარეგნობის 40 წლამდე მამაკაცი - მანქანიდან გამოვარდა და შესასვლელთან მდგარ პოლიციელებს დაესხა თავს. როგორც ჩანს, თვით შენობაში შეღწევა სურდა.

ამ ორი პოლიციელიდან ერთ-ერთი (სწორედ ის, ვისაც ტერორისტმა 40 სანტიმეტრიანი დანა მოუღერა) უიარაღო იყო. ზოგადად, ინგლისის ერთ-ერთი თავისებურება ისაა, რომ „შეიარაღებული პოლიციელი“ რატომღაც ცუდ ტონად ითვლება. ეს, როგორც ჩანს, ინგლისური ტრადიციონალიზმის გამოვლინებაა: მშვიდი ვიქტორიანული ეპოქიდან გამოყოლილი. ამიტომაც, დანით შეიარაღებულმა ნაძირალამ უიარაღო პოლიციელი სულ იოლად მოკლა. საბედნიეროდ, მეორე პოლიციელი შეიარაღებული იყო და სამი გასროლით, რომელთა ხმა მკაფიოდ ისმის ამ ჩანაწერზე, თავდამსხმელი ალაჰთან გაისტუმრა.

სულ, ტერაქტის შედეგად, 20 ადამიანი დაშავდა. მათგან ხუთი (თვით ტერორისტის ჩათვლით) გარდაიცვალა. ერთმა ქალმა თემზაში გადახტომით უშველა თავს. მეორე (დაღუპულ) ქალბატონს ლონდონის ორსართულიანმა ავტობუსმა გადაუარა იმ ქაოსში და ა.შ.

ამ დროს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი (ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი) „ოთხშაბათის“ რუტინულ ბრიფინგს ატარებდა პარლამენტში და დეპუტატთა კითხვებს პასუხობდა. ეს ჩვეულებრივი დამთხვევა არ შეიძლება ყოფილიყო: ის, რომ პრემიერი ყოველ ოთხშაბათს დაახლოებთ ამ დროს უესტმინსტერში იმყოფება, ყველა კანონმორჩილმა ბრიტანელმა და, მათთან ერთად, „ყველა ძაღლმა-მამაძაღლმა“ იცის.

პრემიერი მეი ვერტმფრენით გადააფრინეს ქალაქგარეთ საიდუმლო რეზიდენციაში, სადაც ბრიტანეთის უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა ჩაატარა. ამ საბჭოს ინგლისში „კომიტეტ კობრას“ უწოდებენ.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ამრიგად, ტერორისტმა ლონდონშიც გაიმეორა ნიცასა და ბერლინის ტერორისტული „ტექნოლოგია“, ოღონდ დახვეწილი სახით: დიდი ტრაილერის თუ ავტობუსის ნაცვლად ჩვეულებრივი ავტომობილი გამოიყენა, რაც კიდევ უფრო ართულებს პრევენციას: აბა როგორ გინდა განსაზღვრო, მანქანების ერთფეროვანი ნაკადიდან რომლის საჭეს უზის ნაძირალა, ვისაც უდანაშაულო ადამიანების მოკვლა და ამ გზით, ზეცაში მის მომლოდინე  77 ქალწულთან გაფრენა აქვს განზრახული?!

ბრიტანეთის სპეცსამსახურები მსოფლიოში საუკეთესოდ ითვლებიან. მათ შორის ანტიტერორისტული მიმართულებით. სწორედ ამ სპეცსამსახურთა ბრწყინვალე პროფესიონალიმზის წყალობით მოხერხდა ისტორიაში უპრეცედენტო ტერაქტის თავიდან აცილება 2006 წელს, როდესაც ისლამისტი ტერორისტები ერთდროულად ათი თვითმფრინავის აფეთქებას გეგმავდნენ ატლანტიკის ოკეანის თავზე. ამ მიზნით თხევადი ბომბები დაამზადეს და ლაინერთა ბორტზე „ჩვეულებრივი წყლის“ სახით მათ ატანას აპირებდნენ. სწორედ ამ ამბის შემდეგ აიკრძალა თვითმფრინავებში თხევადი ნივთიერებების შეტანა.

უესტმინსტერის ხიდზე ტერაქტამდე რამდენიმე დღით ადრე კი, აშშ და დიდმა ბრიტანეთმა აკრძალეს თვითმფრინავებში აიპადების, ლაპტოპებისა და პლანშეტების შეტანა: ანუ, თუ ლონდონში სტამბულის გავლით მიფრინავთ და ბარგი თბილისში უკვე  ჩაბარებული გაქვთ, სტამბულის „ათათურქის“ ან „საბიჰა გოგჩენის“ აეროპორტში სავსებით შესაძლებელია კომპიუტერი დაგატოვებინონ, ან თუ ეს დევაისი დასაკარგად არ გემეტებათ, მაშინ გაფრენაზე უნდა თქვათ უარი.

ესოდენ  მკაცრი გადაწყვეტილების მიზეზი ის გახდა, რომ სპეცსამსახურებმა მიიღეს ოპერატიული ინფორმაცია: თვითმკვლელი ტერორისტები დიდი მოწყობილობების ბატარეებში ნიღბავენ ბომბებს!

არასასიამოვნოა, თუმცა გასაგებია. მაგრამ იმ ათიათასობით გიჟს რა გინდა უყო, რომელიც უშუალოდ ინგლისში ცხოვრობს და მანქანით ჩვეულებრივად გადაადგილდება?

გარდა ამისა, კვლავინდებურად რჩება  სისტემური პრობლემა, როდესაც პოლიტკორექტულობასა და ადამიანის უფლებათა ფუნდამენტალისტურ გაგებას ეწირება უსაფრთხოება: სპეცსამსახურებს ათასგვარი ნორმით ხელ-ფეხი აქვთ შეკრული და თავიანთ საქმეს ბოლომდე ვერ აკეთებენ. თუმცა, მოსმენებსა და თვალთვალს სწორედ სპეცსამსახურები ახორციელებენ ყოველგვარი „სამი“, „შვიდი“ და „თვრამეტი „გასაღების“ გარეშე. საამისოდ მხოლოდ სახელმწიფო მდივნის ან სასამართლოს სანქცია სჭირდებათ. მაგრამ მეორეს მხრივ, ბრიტანეთში არც ის ათასობით ფაილის არქივი არსებობს, რომელიც მოქალაქეთა ლოგინებში შეძრომითაა მოპოვებული.

2017