საერთაშორისო მიმოხილვა. 22 მაისი. 2024 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 22 მაისი. 2024 წელი

ირკვევა, რომ უკრაინას F-16 ავიაგამანადგურებლებს მაქსიმუმ აგვისტომდე გადასცემენ დანია, ნორვეგია, ბელგია და ნიდერლანდი.

საქმე ისაა, რომ ჯერ ერთი, მათ აქვთ F-16 ის მოდიფიკაციები, რომლებიც 1980-იან წლებში ბელგიასა და ნიდერლანდში მზადდებოდა ამერიკული ლიცენზიით და რაც მთავარია, ამ ქვეყნებმა იმავე USA დახმარებით უკვე თითქმის 100%-ით ჩაანაცვლეს ეს თვითმფრინავები უახლესი ამერიკული F-22 Raptor და F-35 თვითმფრინავებით.

კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, რატომ არის F-16 ესოდენ მნიშვნელოვანი უკრაინისთვის: იმიტომ, რომ ამ თვითმფრინავს, ამერიკული ჰაერი-ჰაერის კლასის რაკეტებით შეუძლია ჩამოაგდოს რუსული ფრთოსანი რაკეტები ისევე წარმატებით, თანაც მასობრივად, როგორც Patriot-ს (დამატებითი ერთეულები კიევმა ვერა და ვერ მიიღო) და რაც მთავარია, F-16-ს შეუძლია ჩამოაგდოს СУ 34 ბომბდამშენები, რომლებიც დონბასის ფრონტზე უშვებენ Glide bombs ანუ პლანირებად ბომბებს, რაც რუსული არმიის წინწაწევის მთავარი ფაქტორი გახდა.

საბედნიეროდ, უკრაინამ შეძლო „დაემუხრუჭებინა“ (თუმცა ბოლომდე ვერ შეაჩერა) რუსული შეტევა ხარკოვის ოლქის სოფელ ვოლჩანსკთან, რომლის დაპყრობა ქმნიდა უკრაინული ძალების ალყაში მოქცევის საშიშროებას.

რუსებსაც ეწურებათ რეზერვები.

. . . . . . . . . . . . . . . . . . .

გუშინ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ მისი ქვეყნის სპეცსამსახურებმა დააპატიმრეს ცხრა დივერსანტი, რომლებიც ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის პოლონეთში დივერსიებს გეგმავდნენ რუსული სპეცსამსახურების დავალებით.

 დივერსანტები იყვნენ არა მხოლოდ პოლონელები (და არა იმდენად პოლონელები) რამდენადაც უკრაინელები რუსები და ბელორუსები.

ნიშანდობლივია, რომ „დივერსიებში“ არ იგულისხმება რაიმე მნიშვნელოვანი ობიექტების დაზიანება ან აფეთქება: ვროცლავში, მაგალითად ტანსაცმლის ქარხნის დაწვას ცდილობდნენ, სხვაგან კიდევ IKEA-ს ქარხნის დაწვას და ა.შ.

ამ „მცირე დივერსიებით“ მოსკოვი ევროკავშირის ქვეყნებში პანიკისა და გაურკვევლობის დათესვას აპირებს.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . .

 

როგორც იქნა რუსეთი „აკრუსუნდა“ და უკრაინას ბრალად დასდო, რომ უკრაინის არმია დასავლურ იარაღს იყენებს ბელგოროდის ანუ რუსეთის ტერიტორიის დასაბომბად.

კერძოდ, ბელგოროდის ოლქში სამიზნეების გასანადგურებლად უკრაინამ პირველად გამოიყენა ფრანგული რაკეტები Skalp და მისი ბრიტანული ანალოგი Storm shadow.

ამის შესახებ განცხადება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გააკეთა.

ეს ძალიან მნიშვნელოვანი ახალი ამბავია: ბოლო დროს უკრაინელები ჩიოდნენ, რომ დასავლეთი მათ არ აძლევდათ უფლებას, გამოეყენებინა დასავლური იარაღი სადმე, გარდა ყირიმისა.

ახლა, როგორც ჩანს, დართეს ნება, ოღონდ არა მოსკოვის და პეტერბურგის, არამედ მიმდებარე რუსული ტერიტორიების, ბელგოროდისა და კურსკის სამიზნეთა გასანადგურებლად.

Skalp და Storm shadow მოსკოვსა და პეტერბურგს ძნელად, თუმცა მაინც მისწვდება. განსაკუთრებით საჰაერო ბაზირებისა.

აი გერმანული Taurus კი ხმელეთიდანაც იოლად მისწვდებოდა რუსეთის ორივე დედაქალაქს. ამიტომაც იკავებენ თავს დღემდე გერმანელები.

. . . . . . . . . . . . . . . . . .

უკრაინამ გაანადგურა შავ ზღვაზე რუსეთის ბოლო სარაკეტო ხომალდი "Tsiklon", რომელსაც შეეძლო ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტების გაშვება 3 000 კილომეტრის სიშორეზე.

ეს სასიხარულო ინფორმაციაა იმ ფონზე, რაც ახლა დონბასის ფრონტზე ხდება, სადაც დასავლური, უპირველესად ამერიკული დახმარების დაგვიანების გამო რუსული საოკუპაციო არმია „ბაჯბაჯით“, თუმცა მაინც მიიწევს უკრაინის სიღრმეში - ხარკოვისკენ და დნეპრისკენ.

თუმცა პუტინი ამბობს, რომ ხარკოვის ან დნეპრის დაპყრობის გეგმები არა აქვს.

ეს სიმართლეა: დანგრევის გეგმები აქვს. დაპყრობა რაში სჭირდება?

იმპერატორ ალექსანდრე მეორესავით იტყვის: „ჩვენ არ გვაინტერესებს ქალაქი, ჩვენ გვაინტერესებს ტერიტორია“.

. . . . . . . . . . . . . . . . . .

ჩეჩნეთის „მიკროდიქტატორმა“, პუტინის სატრაპმა რამზან კადიროვმა თავისი 18 წლის შვილი აჰმად კადიროვი (ბაბუის სეხნია) ჩეჩნეთის ე.წ. „რესპუბლიკის“ სპორტის მინისტრად დანიშნა.

ცხადია, ამ 18 წლის „ყმაწვილს“ მემკვიდრედ ამზადებს, რაკი თვით რამზანს, როგორც ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციიდან ჩანს, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს.

რასაკვირველია, პუტინთან შეათანხმა ეს „დანიშვნაც“ და „მემკვიდრეც“.

როდის გადაულოცავს ძალაუფლებას, არავინ იცის ჯერ ზუსტად.

აქ მკაფიოდ ჩანს, როგორ სახელისუფლებო სისტემას აგებს კრემლი ჩეჩნეთში და სხვა სატრაპიებში: პუტინმა, როცა პრეზიდენტი გახდა, გააუქმა რესპუბლიკების პრეზიდენტებისა და მხარეების გუბერნატორების არჩევითობა. თვითონ ნიშნავდა. და რაკი თვითონ ნიშნავს დღემდე, სულაც არ არის წინააღმდეგი, სატრაპმა თავის შვილს გადაულოცოს ძალაუფლება.

დაპყრობილ ტერიტორიაზე დაახლოებით ასევე მოქმედებდა რუსეთის იმპერიაც ცარისტულ ეპოქაში: იმპერიისთვის ელიტათა ტახტისადმი  „ლოიალობა“ იყო მთავარი, თორემ ამ „ლოიალობის“ ფარგლებში ბევრის უფლებას აძლევდა.

შეგახსენებთ, რომ რამზან კადიროვის მამა, აჰმად კადიროვი (რომლის სახელსაც ატარებს ეს „მემკვიდრე“) პუტინის სპეცსამსახურებმა მოკლეს მეორე ჩეჩნური ომის დაწყების შემდეგ.

თან ისე, რომ ჩეჩნეთის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლებს დააბრალეს.

. . . . . . . . . . . . . . . .

რაც უფრო ახლოვდება პარიზის ოლიმპიური თამაშები (26 ივლისს იხსნება) მით უფრო „აყეფებს“ პუტინი მის ტელე-გოშიებს, - რუს სპორტსმენებს „ვუბალელშჩიკოთო“.

საქმე ის გახლავთ, რომ ბევრი რუსი გავლენიანი სპორტსმენი თუ სპორტული ფედერაციის ხელმძღვანელი, ვინც პარიზის ოლიმპიადაზე არ დაუშვეს, სასტიკად ლანძღავს იმ რუს სპორტსმენებს, ვინც შესარჩევი ტურნირი გაიარეს და მზად არიან ნეიტრალური სტატუსით, ნეიტრალური დროშით გამოვიდნენ პარიზში.

რუსეთის მხატვრული ტანვარჯიშის ფედერაციის ხელმძღვანელმა, ამ რუს სპორტსმენებს „ბომჟები“ უწოდა იმ ბოღმით, რომ რუსული სპორტული ტანვარჯიში სრული შემადგენლობით დაიბლოკა პარიზის  ოლიმპიადაზე.

ანალოგიური განცხადება (რაც თითქოს უცნაურია) გააკეთა რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარემაც - „როგორ არ რცხვენიათ, ოლიმპიადაზე ნეიტრალური სტატუსით გამოსვლა, სამშობლოს მოღალატეები არიანო....“

ერთი შეხედვით თითქოს უცნაური სიტუაციაა არა? მაგრამ საქმე ის არის, რომ პუტინი მხარს უჭერს რუს სპორტსმენებს, გამოვიდნენ „ნეიტრალური სტატუსით“ პარიზში, რადგან.......პუტინს ეს სჭირდება შიდა პოლიტიკური PR მიზნებისთვის: საკმარისი იქნება ამ „ნეიტრალური სტატუსით“ რომელიმე რუსმა სპორტსმენმა მოიგოს და......რუსული პროპუტინისტური პროპაგანდა ატეხს ზეიმს: „რუსმა მოიგო....რუსმა მოიგოო“.

იმას კი აღარ იტყვიან, რომ სამარცხვინოდ „ნეიტრალური სტატუსით“ მონაწილეობდნენ და ჰიმნიც არ შესრულდა დაჯილდოებისას.

აქაც მკაფიოდ ჩანს პუტინის რეჟიმის ბუნება: საერთაშორისო პრესტიჟი და საერთაშორისო ასპარეზზე მისი თავსლაფსხმა იმდენად არ აღელვებს, რამდენადაც ქვეყნის შიგნით საკუთარი  რეჟიმის გაPRება.

. . . . . . . . . . . . . . . . . .

პუტინის უბადრუკმა რეჟიმმა რომ ეს ქვეყანა სრულ ჭაობში ჩაფლა, თითქოსდა წვრილმანი დეტალებითაც ჩანს: რუსულმა პროპაგანდამ საზეიმო ისტერიკა მოაწყო: ლეგენდარული ავტომობილი Волга გამოვუშვითო. „საბჭოთა ადამიანის ოცნება“.

 სამი ნაირსახეობის Волга გამოუშვიათ (ჯერ არა სერიული, არამედ სანიმუშო), მაგრამ სინამდვილეში ეს არის...... ჩინური ავტომობილი Changan, რომელიც უბრალოდ ეწყობა რუსეთში.

სედანის ფასი.......$100 000! კომენტარიც კი  ზედმეტია.

. . . . . . . . . . . . . . . . . .

მოსკოვის გარეუბან ბირიულოვოში მასობრივი ჩხუბი მოხდა. ანუ 1990-იანების სტილის ბანდიტური Разборка.

50 ადამიანი მონაწილეობდა. თანაც სროლით. 4 ადამიანი მძიმედ დაიჭრა.

კარგა ხანია ასეთი რამ აღარ მომხდარა რუსეთში. ახლა ხდება - ომის დროს. ანუ პუტინს ნამდვილად აქვს პრობლემები ამ მიმართულებითაც.

. . . . . . . . . . . . . . . . . .

თურქეთში რუსი „რელოკანტების“ რაოდენობა ბოლო დროს 154 000 დან - 96 000 მდე შემცირდა.

Resident permit-ს არ აძლევენ თურქები, თანაც თურქეთში კატასტროფული ინფლაციაა.

რუსები თურქეთიდან მიდიან სერბეთში, ჩერნოგორიაში და....ბათუმში!

. . . . . . . . . . . . . . . . . .

ირანული დელეგაციის წევრები, რომლებიც სხვა ვერტმფრენებით ბრუნდებოდნენ აზერბაიჯანიდან (სულ 3 ვერტმფრენი იყო, მათ შორის ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენი, რომელიც ჩამოვარდა) იხსენებენ, რომ არავითარი წინაპირობა პრეზიდენტის  ვერტმფრენის ჩამოვარდნისა არ არსებობდა.

ირკვევა, რომ ამინდი იყო ნორმალური (კარგიც კი), ღრუბლიანობა მცირე, ადგილი და სივრცე არანისლიანი.....

მაშ რატომ უნდა ჩამოვარდნილიყო მაინცდამაინც ის ვერტმფრენი, რომელშიც ირანის პრეზიდენტი რაისი იჯდა?

ოფიციალური თეირანი ერიდება ტერაქტის ვერსიას.

იმიტომ ერიდება, რომ აზერბაიჯანი ამ ტერაქტს არ მოაწყობდა: ან ისრაელს უნდა დაეორგანიზებინა ან ამერიკას.

 ამას თუ ღიად იტყვიან ფანატიკურ ირანში, მაშინ ორივეს ომი უნდა გამოუცხადონ. რისი თავიც არა აქვთ.