საერთაშორისო მიმოხილვა. 13 ივლისი 2022 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 13 ივლისი 2022 წელი

აფხაზეთის პრეზიდენტი, ასლან ბჟანია დღეს უფაშია - ბაშკორტოსტანის (რფ სუბიექტი) დედაქალაქში.

აეროპორტში იქაც წითელი ხალიჩა გაუშალეს, როგორც მანამდე თათრეთის დედაქალაქ ყაზანში.

აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი ახლა ბაშკირეთში ეძიებს იაფ ბენზინს, თუმცა ჯერ უშედეგოდ, რადგან კრემლმა ბაშკირეთისა და თათრეთის ხელმძღვანელობა გააფრთხილა, ნაბიჯი არ გადადგან მოკოვის ნებართვის  გარეშე მანამ, სანამ აფხაზები რუსებს ნებას არ დართავენ იყიდონ ქართველ ლტოლვილთა ბინები (ეს ბინები აფხაზებს  აფხაზი მაჰაჯირებისთვის უნდათ - ახლა რომ თურქეთში ცხოვრობენ).

მოსკოვის მეორე მოთხოვნა გორბაჩოვის მიერ 1988 წელს აშენებული მიუსერას ზღაპრული აგარაკის გადაცემაა - წყალქევშა ნავი რომ შედის პირდაპირ აგარაკის ქვეშ.

. . . . . . . . . . 

სამწუხაროდ, პუტინის სერიოზულ წარმატებად უნდა ჩაითვალოს, რომ ევროსა და დოლარის კურსები თითქმის გათანაბრდა და არსებობს იმის პერსპექტივაც, პირველად ისტორიაში, ევრო დოლარზე იაფი ღირდეს.

ეს ტენდენცია ამერიკული დოლარის გაძლიერების შედეგი კი არ არის, არამედ იმის მაჩვენებელია, რომ ევროპა - ამერიკაზე ბევრად მეტადაა დამოკიდებული რუსეთზე. თუნდაც მარტო ენერგეტიკა რად ღირს, ასევე რუსეთის ბაზრების დაკარგვა და ა.შ.

ევროს დასუსტებამ კი `ევროკავშირის პროექტის` შემდგომი დასუსტება შეიძლება გამოიწვიოს და საბოლოოდ შეამციროს მისი წინააღდმეგობის უნარი რუსეთის მიმართ.

ოღონდ აქვე უნდა ითქვას: ევროს დამასუსტებელ ფაქტორებს შორის ისიცაა, რომ ევროპას აქვს ერთიანი საემისიო ცენტრი, თუმცა არა აქვს ერთიანი ფულად-საკრედიტო პოლიტიკა. ანუ მაგალითად საბერძნეთს და სხვა ქვეყნებს შეუძლიათ აიღონ ნებისმიერი სუვერენული ვალი ისე, რომ ბრიუსელს არც არაფერი კითხონ. და შეადგონონ სახელმწიფო ბიუჯეტი (ევროში) ისე, რომ არ გაითვალისწინონ ბრუსელის რეკომენდაციები.

ეს სისტემური პრობლემაა: ცენტრალური ბანკის არსებობას და ცენტრალურ საემისიო ორგანოს არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ არ არსებობს ერთიანი ფულად-საკრედიტო, ასევე საბიუჯეტო პოლიტიკა და მისი კონტროლის მექანიზმი.

სამწუხაროდ, ეს ყოველივე დაიბლოკა მაშინ, როცა მოსკოვის დიდი მეცადინეობით, ჩაიშალა ევროკავშირის კონფედერაციულ გაერთიანებად ტრანსფორმაციის პროექტი. ანუ ევროკავშირის კონსტიტუცია.

ეს მოხდა 2016 წელს, როდესაც ნიდერლანდში ჩავარდა რეფერენდუმი საერთო ევროპულ კონსტიტუციაზე. ის კონსტიტუცია სწორედაც გულისხმობდა ევროპარლამენტისთვის დამატებითი ფუნქციის მინიჭებას და ერთიანი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გატარებას.

. . . . . . . . . . 

გუშინ რუსეთმა კვლავ დართო ნება ყაზახეთს, განახორციელოს ნედლი ნავთობის ტრანზიტი და მისი ექსპორტი მილსადენით და ნოვოროსიისკის ნავთობ-ტერმინალით.

მანამდე ეს ნავთობტერმინალი ყაზახეთს რუსეთის ადგილობრივმა კრასნოდარის მხარის სასამართლომ დაუბლოკა, რაც სასაცილოა რასაკვირველია: სინამდვილეში მოკოვის სასჯელი იყო არალოიალობისთვის, რაზეც ადრე ვწერდით.

მაგრამ მას შემდეგ, რაც ყაზახეთმა განაცხადა, რომ დსთ-ს დატოვებდა და რაც მთავარია, იპოვა ნავთობის  ექსპორტის ალტერნატიული მარშრუტები კასპია-აზერბაიჯან-საქართველო-თურქეთი, მოსკოვი მიხვდა, რომ ყაზახეთს ასე ადვილად ვერ მოახრჩობდა და უკან დაიხია.

თუმცა ყაზახეთი მოსკოვს უკვე აღარასოდეს აღარ ენდობა და `სამხრეთის მარშრუტს` აუცილებლად შეინარჩუნებს ალტერნატივად, ანუ საქართველოს სატრანზიტო კოზირები მაგიდაზე რჩება.

. . . . . . . . . . 

გუშინ, როდესაც ვაშინგტონიდან `ბორტი ნომერი ერთი` (Air force one) აფრინდა და პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ახლო აღმოსავლეთში გაემგზავრა არა რეგიონული, არამედ გლობალური მნიშვნელობის ვიზიტით, ისრაელის  ბენ-გურიონის სახელობის აეროპორტში ჩაფრენილი არ იყო და თეთრმა სახლმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანმა, ზუსტად ამ ვიზიტის წინ, გააფორმა რუსეთთან ხელშეკრულება რამდენიმე ასეული უპილოტო საფრენი აპარატის რუსეთისთვის გადაცემის თაობაზე. ეს დრონები რასაკვირველია უკრაინის  წინააღმდეგ იქნება გამოყენებული.

საეჭვოა ირანული წარმოების დრონებმა სერიოზულად შეცვალონ ძალთა განლაგება უკრაინის ფრონტებზე, თუმცა თვით ფაქტია ნიშანდობლივი: უკრაინის ომში ირანი ღიად ერთვება და ეს ხდება მაშინ, როცა სულ უფრო აქტიურად მიმდინარეობს საუბრები ირანის ბირთვული პროგრამის გააქტიურებაზე, რის შედეგადაც ფანატიკოს აიათოლლებს შესაძლოა გაუჩნდეთ ატომური იარაღი. რაკეტები კი უკვე აქვთ - პუტინმა იზრუნა ამაზე.

ტრაგედიაა, რომ ამერიკას ირანის ბირთვულ დოსიესთან დაკავშირებით აუცილებლად სჭირდება პუტინის მხარდაჭერა. სხვა შემთხვევაში, პუტინი ვეტოს დაადებს გაეროს უშიშროების საბჭოს ნებისმიერ რეზოლუციას.

ან ამერიკა და ისრაელი შესაძლოა იძულებულნი გახდნენ, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის გარეშე დაიწყონ ირანის დაბომბვა.... ოღონდ ირანი არც ერაყია და არც ლიბია - უკრაინის ომზე უფრო სისხლისმღვრელი და სერიოზული ომი შეიძლება დაიწყოს .

ამერიკის მოკავშირეები ირანის წინააღმდეგ სუნიტური ისლამის არაბული ქვეყნები არიან. (ირანი შიიტურია);

 ზუსტად ესაა ამერიკის და დასავლეთის ერთადერთი კოზირი ახლა პუტინ-აიათოლათა ტანდემის წინააღმდეგ: საუდის არაბელებსაც და ერაყელებსაც და თითქმის ყველა არაბს შიიტური ისლამი ისევე სძულთ, როგორც ისრაელს.

ურთულესი პარტიის სათამაშოდ ჩავიდა ბაიდენი ახლო აღმოსავლეთში და ვნახოთ რა გამოვა.

ამ მხრივ ბაიდენი უგამოცდილესი პოლიტიკოსია..... ჯერ კიდევ გასული საუკუნის 1980-იანი წლებიდან, როცა სენატორი იყო, ახლო აღმოსავლეთის პრობლემატიკით იყო დაკავებული.

. . . . . . . . . . 

როგორც ერთ-ერთ წინა მიმოხილვაში ვწერდით, ამერიკელი კალათბურთელი ქალის, ბრიტნი გრაინერის ქეისი სულ უფრო დიდი პრობლემა ხდება ჯო ბაიდენისთვის.

გრაინერი პუტინის სპეცსამსახურებმა ჯერ შემოიტყუეს, მერე მძევლად აიყვანეს რუსეთში, დააბრალეს ნარკოტრაფიკი. სინამდვილეში უნდათ მისი გაცვლა იარაღით მოვაჭრე ვიქტორ ბუტში, რომელიც მრავალი წელია ამერიკულ ციხეში ზის.

გუშინ ამერიკული კალათბურთის `მეფემ` ლებრონ ჯეიმსმა დაწერა, რომ ამერიკის პრეზიდენტი არაფერს აკეთებს კალათბურთელი ქალის დასაბრუნებალდ და `მის ადგილზე მე ვიფიქრებდი, მენდომებოდა თუ არა ამერიკაში დაბრუნებაო` - აი ასეთ საოცრებას წერს `ლოს ანჟელეს ლეიკერსის` ცენტრი.

. . . . . . . . . . 

სიგიჟეებს აკეთებს ტრამპი მის საქმეზე კონგრესის Hearing-ისას:

გუშინ საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი ცდილობდა ამ საქმეზე ერთ-ერთი მოწმის დაბულინგებას: მობილურზე ურეკავდა. იმან არ უპასუხა და საკუთარ ადვოკატს შეატყობინა.

 ამერიკაში მოწმეზე ნებისმიერი ფორმით ზეწოლა, თუნდაც მასთან არასასურველი კომუნიკაციის დაჟინება, უმძიმესი დანაშაულია.

კონგრესის კომიტეტმა უკვე გადაუგზავნა დოკუმენტები ამის თაობაზე იუსტიციის სამინისტროს.

იგულისხმება, რომ გადაუგზავნა პროკურატურას, FBI-ს და სხვა საგამოძიებო ორგანოებს (ყველანი იუსტიციის სამინისტროს ექვემდებარება), თუმცა საეჭვოა დღევანდელ ვითარებაში, სულაც 10000%-იანი სამხილები და საფუძველი რომ ჰქონდეს, ამერიკის სამართალდამცველმა სისტემამ ტრამპის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა გაბედოს - ეს სამოქალაქო ომი იქნება.

ტრამპმა ეს ძალიან კარგად იცის და მოწმეებს აფრთხილებს, რომ მის წინააღდმეგ ჩვენებების მიცემა შესაძლოა ძვირად დაუჯდეთ.

. . . . . . . . . . 

მას შემდეგ, რაც იაპონიაში მანიაკმა მოკლა იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, სინძო აბე, საპარლამენტო არჩევნებში მისმა პარტიამ, ლიბერალურ-დემოკრატიულმა პარტიამ გაიმარჯვა, კვლავ მოიპოვა აბსოლუტური უმრავლესობა პარლამენტში და რაც მთავარია, პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კისიდამ განაცხადა, რომ პარტია აუცილებალდ შეასრულებს მისი თვალსაჩინო წარმომადგენლის  ანდერძს: დააბრუნოს იაპონია მსოფლიო ასპარეზზე.

როგორც ცნობილია, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იაპონიას აეკრძალა არმიისა და ფლოტის ყოლა. აქვს მხოლოდ `თავდაცვითი ძალები` - ძალიან მყიფე და სუსტი.

სინძო აბე იმ ხაზს ატარებდა, რომ იაპონიას უნდა ჰყავდეს უძლიერესი არმია და ფლოტი, რათა.....მხარი დაუჭირის დიდ მოკავშირეს, ამერიკის შეერთებულ შტატებს.

აშშ მეორე მსოფლიო ომში იაპონიის მტერი იყო და მაშინ დემილიტარიზებული იაპონია სჭირდებოდა.

ახლა ვითარება შეიცვალა: ამერიკას სჭირდება ძლიერი მოკავშირე იაპონიის სახით და ამჟამად უკვე  ვაშინგტონი სულაც არ იქნება წინააღმდეგი, იაპონიამ ჯარი და ფლოტი აღადგნინოს. პირიქით, დაეხმარება.

სინძო აბეს მკვლელობამ იაპონიაში გადაატრიალა საზოგადოებრივი აზრი მილიტარიზაციის სასარგებლოდ, რაკი მიცვალებული პოლიტიკოსის მთავარი საქმე სწორედ ეს იყო: იაპონიის ძლევამოსილების აღორძინება, რასაც არათუ შეეწინააღდმეგება ახლა, არამედ  პირიქით, ყველანაირად დაეხმარება ამერიკა.

ასე იცვლება ხოლმე ინტერესები - ეპოქათა ცვლასთან ერთად.

აბა 1945 წელს, როცა იაპონიის მინისტრთა კაბინეტის იმ წარმომადგენლებმა, ვინც ჰარაკირი (მუცლის გამოჭრის ცერემონიალი) არ ჩაიტარა, ვინ როგორ იფიქრებდა, რომ ამერიკა იაპონიის არმიის აღდეგნას მხარს დაუჭერდა;

 მაგრამ.....დრონი მეფობენ და არა მეფენი.