საერთაშორისო მიმოხილვა. 23 მაისი 2022 წელი
აფხაზეთის `პრეზიდენტმა` ასლან ბჟანიამ 45 დღიანი შვებულება აიღო და მოსკოვში გაემგზავრა ოპერაციის გასაკეთებლად.
კონკრეტულად რითაა ავად, `სახელმწიფო საიდუმლოებაა`;
თუმცა ერთ-ერთი მისი წინამორბედი, სერგეი ბაღაფში ასევე ოპერაციას იკეთებდა მოსკოვში 2011 წელს და... იმ საოპერაციო მაგიდაზე დარჩა - იქვე განუტევა სული.
ამდენად, აფხაზეთში შეშფოთებულნი არიან - რა იცი რა ხდება.
. . . . . . . . . .
აფხაზეთის `საგარეო საქემთა მინისტრმა`, ინალ არძინბამ განაცხადა, რომ თურმე, აფხაზეთის მზად არის შეუერთდეს `პარიზის ეკოლოგიურ ქარტიას`
`პარიზის ქარტია კლიმატის შესახებ` (2015წ) არის უმნიშვნელოვანესი გლობალური კონვენცია, რომელიც არეგულირებს გლობალურ პროცესებს და სახელმწიფოთა ვალდებულებებს კლიმატის სფეროში.
აფხაზეთის თვითმარქვია `საგარეო საქმეთა მინისტრი` აცხადებს, რომ აფხაზეთი მზადაა აიღოს ანალოგიური ვალდებულება ჰაერის დაბინძურების შემცირებაზე, რაც გათვალისწინებულია `პარიზის კონვენციით`.
ამაზე ადვილი რა არის? - არც ერთი ქარხანა აფხაზეთში არ მუშაობს, არანაირი მშენებლობა არ მიმდინარეობს და არც ერთი საწარმო არ მოქმედებს .... რაღა გამონაბოლქვი უნდა იყოს, რაც `ოზონის შრეს` დააზიანებდა?
ოღონდ ეს სახუმარო თემა ჩვენთვის არ არის, რადგან აფხაზი სეპარატისტები ყოველნაირად ცდილობენ მიიპყრონ მსოფლიოს ყურადღება ნებისმიერ თემატიკით. ამ შემთხვევაში კლიმატის საკითხით.
აფხაზეთს აქვს უნიკალური ბუნება. ეს საყოველთაოდ ცნობილია.
ამიტომ ინალ არძინბას წამოწყება საკმარისად ეშმაკური ნაბიჯია.
არ არის გამორიცხული, თუ ყურადღებით არ ვიქნებით, აფხაზეთს მიაშურონ სხვადასხვა ჯურის `ეკოლოგებმა`, `მწვანეებმა` და გრეტა ტუნბერგის მსგავსმა ფანატიკოსებმა იმ დემაგოგიური სააბაბით, რომ `ეკოლოგია არ სცნობს საზღვრებს`, რომ `აფხაზური ბუნება მსოფლიო ბუნების ნაწილია`, რომ `შავი ზღვა საერთოა`, `მსოფლიო ოკეანეზე საზღვრები არ არსებობს`, `აფხაზეთის მთავრობის ეკოლოგიურ ძალისხმევას დაფასება/მხარდაჭერა სჭირდება` და ა.შ და ა.შ. და ა.შ.
სეპარატისტები ყოველნაირად შეეცდებიან თავიანთი ე.წ. `დამოუკიდებლობის` პრომოუტირებას ნებისმიერი თემატიკის გამოყენებით: ფეხბურთიდან - ეკოლოგიამდე.
თუმცა CONIFA-2022 სეპარატისტულ ტერიტორიათა მსოფლიო ჩემპიონატი წელს ჩაეშალათ:
ნიცამ, სადაც იგი უნდა გამართულიყო და აფხაზეთის `ნაკრებს` უნდა მიეღო მონაწილეობა, საფრანგეთის მთავრობის ბრძანებით, ეს `მსოფლიო ჩემპიონატი` გააუქმა - `უკრაინის ომის ფონზე სეპარატიზმის ამ ფორმით მხარდაჭერის დრო არ არისო`.
. . . . . . . . . .
ევროკომისარმა ფინეთისგან, იუტა ერპილაინენმა განაცხადა, რომ მისი ქვეყნის ასპირაცია, - გახდეს NATO-ს წევრი - არავის უნდა გაუკვირდეს, რადგან `ფინეთი დიდი ხანია დე-ფაქტო ნეიტრალური ქვეყანა არ არისო`.
ნამდვილად სენსაციური განცხადებაა.
ოღონდ `სენსაციურია` მხოლოდ იმიტომ, რომ ღიად გაიჟღერა იმან, რაც ისედაც ყველამ იცოდა: ფინეთი, რომელსაც პატარა ქვეყნის კვალობაზე შესანიშნავი არმია ჰყავს, დიდი ხანია ფარულად თანამშრომლობს ალიანსთან ყველა მიმართულებით. განსაკუთრებით იმ საკითხებში, რაც ეხება ბალტიის რესპუბლიკებში (ლიტვა, ლატვია ესტონეთი) დისლოცირებული NATO-ს წევრი სახელმწიფოების კონტინგენთა ლოჯისტიკას, ამ სამი პატარა ქვეყნის იარაღით აღჭურვას, რუსეთის ტერიტორიის დაზვერვისთვის საჰაერო სივრცის დათმობას და ა.შ და ა.შ.
. . . . . . . . . .
მას შემდეგ, რაც მარიუპოლს მთლიანად რუსული ჯარები დაეპატრონენ, მათი დიდი ნაწილი დონბასზე გადაისროლეს, სადაც ახლა მიმდინარეობს გააფთრებული ბრძოლები.
იქ რუსები სხვა ტაქტიკას მიმართავენ: აღარ ცდილობენ ალყა შემოარტყან უკრაინულ ძალებს, - უტოვებენ მათ უკან დასახევად დერეფანს და მოუწოდებენ, უკან დაიხიონ, სანამ ამის შაასი აქვთ.
გამოუვათ თუ არა, ეს სხვა თემაა, მაგრამ სამხედრო სპეციალისტების თქმით, ეს ახალი ტაქტიკა ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს: პუტინის მიზანი უკვე კიევის აღება კი არ არის (საითკენაც დაიხევენ უკრაინული ჯარები), არამედ მხოლოდ უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილისა. სხვა შემთხვევაში, რუსული არმია აუცილებლად შეეცდებოდა უკრაინული არმიის ალყაშემორტყმასა და განადგურებას.
ცხადია, უკრაინული ჯარი უკან, კიევისკენ დაიხევს.
ეს არის ირიბი მინიშნება იმაზე, რომ პუტინი დასავლეთსაც და ზელენსკისაც სთავაზობს ცეცხლის შეწყვეტას დონეცკის რესპუბლიკისა და დონბასის რესპუბლიკის, ასევე ხერსონის იმ ხაზზე, სადამდეც ახლა მიაღწია რუსის ჯარმა.
პუტინმა მოიპოვა სახმელეთო გასასვლელი ყირიმისკენ და ხერსონის რაიონში დაიპყრო წყალსაცავი, საიდანაც ყირიმი მარაგდება წყლით. ეს მისი პროგრამა- მინიმუმი იყო.
ამ დათქმით შესაძლოა კიდეც `დააპაუზოს ომი` რამდენიმე წლით, - დაელოდოს უკრაინის დასუსტებას, შიდა არეულობებს და მერე განაახლოს შეტევა, სანამ მთლიანად არ გაანადგურებს უკრაინულ სახელმწიფოს.
მოსალოდნელია, რომ ამ `სამშვიდობო გეგმით` მოსკოვში მალე რომელიმე ევროპელ ლიდერს გამოიძახებენ - მაგალითად საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონს.
ოღონდ დათანხმდება ამას ზელენსკი?
რომც უნდოდეს, ძალიან გაუჭირდება - ამდენი მსხვერპლისა და უბედურების შემდეგ.
მით უმეტეს, როცა ამერიკული` ლენდ-ლიზი` ძალაში შედის.
. . . . . . . . . .
აშშ პრეზიდენტი მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ რუსეთის სარაკეტო დარტყმები დასავლეთ უკრაინის სარკინიგზო კვანძებზე და სხვა სატრანსპორტო ჰაბებზე `ვერ ჩაშლის და ვერ გაანადგურებს იმ სატრანსპორტო/ლოჯისტიკურ ინფრასტრუქტურას, რომლითაც დასავლური შეიარაღება უკრაინას მიეწოდება`
ეს ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებაა, რომელიც ადასტურებს, რომ მოსკოვი ახლა ნამდვილად ცდილობს ამ სატრანსპორტო/ლოჯისტიკური ხაზების გაწყვეტას, რითაც უკრაინა იარაღს იღებს;
თუმცა, საბედნიეროდ, აშშ და ევროპამ (იგულისხმება NATO-მ მთლიანობაში) იმდენად დივერსიფიცირებული ქსელი შექმნეს, რომ მოსკოვი ამას ვერ ახერხებს.
დივერსიფიცირებული სატრანსპორტო/ლოჯისტიკური ხაზები გადის მხოლოდ ხმელეთზე და ნაკლებად - ჰაერზე (ზღვა რუსულ ფლოტს ჩაკეტილი აქვს) ბულგარეთის, რუმინეთის, ჩეხეთის და პოლონეთის გავლით. ოღონდ არა ერთი, არამედ რამდენიმე სახმელეთო ხაზი, რომლებიც უკრაინის ტერიტორიაზე შემდეგ კიდევ იყოფა და ა.შ.
სამწუხაროდ, უნგრეთი და მისი ავტოკრატი ლიდერი ვიქტორ ორბანი, მიუხედავად საერთო საზღვარისა უკრაინასთან, არაფერს არ ატარებს!
ეს, უკვე შეიძლება ითქვას, ისტორიული ღალატია!!!
თუმცა ორბანი მზადაა ეს `ფასი` გადაიხადოს. ოღონდ კი ახლა შეინარჩუნოის რეიტინგი.
ისტორიულად უპასუხისმგებლო მმართველის კლასიკური ნიმუშია.
როგორც არ უნდა დასრულდეს ომი უკრაინაში - უნგრეთის პოზიცია ხომ ისტორიას დარჩება?!
. . . . . . . . . .
ევროკავშირს თუ რამ დაღუპავს, დაღუპავს მისი ბიუროკრატიული მოუქნელობა: ევროკომისიამ 160 მილიონ ევრომდე გაზარდა ჯარიმა, რომელიც პოლონეთს დაეკისრა იმის გამო, რომ სასამართლოს რეფორმის პროცესში არ გაითვალისწინა ბრიუსელის მოთხოვნა და ეროვნული კანონმდებლობა დააყენა საერთოევროპულ კანონმდებლობაზე მაღლა.
რეალურად, აქ ლაპარაკია არა იმაზე, რომ პოლონეთმა თავისი ბიუჯეტიდან უნდა გადაიხადოს ეს ჯარიმა, არამედ ევროკავშირი 160 მილიონი ევროთი უმცირებს პოლონეთს დახმარებას, რომელსაც ევროკავშირის ქვეყნები იღებენ ხოლმე საერთოევროპული ბიუჯეტიდან.
და ეს მაშინ, როცა პოლონეთი `ფრონტის წინა ხაზზეა` - რუსეთის ველური აგრესიის დროს.....
ამის დროა ახლა?
. . . . . . . . . .
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ნორვეგიას მოუწოდა, ნავთობის გაძვირებიდან მიღებული 100 მილიარდი ევრო მეომარ უკრაინას უწილადოს.
ლოგიკა ასეთია: რუსულმა აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ მსოფლიო ბაზრებზე ნავთობი გააძვირა და აქედან ნორვეგიამ დამატებით 100 მილიარდი ევრო მოიგო. ანუ მოიგო უკრაინის ტანჯვის შედეგად.
რა თქმა უნდა, ნორვეგია ამაში დამნაშავე არ არის, მაგრამ...ამ მოგებიდან ცოტა ხომ უნდა უწილადოთ უკრაინას?
ნორვეგიის მთავრობამ განაცხადა, რომ ამგვარ შესაძლებლობას განიხილავს; ანუ აღიარა: საკითხის ასე დასმა ლეგიტიმურია.
. . . . . . . . . .
ნეტარ თურქმენეთში მოქმედი პრეზიდენტის მამის (!), ექს-პრეზიდენტ და ოლიგარქ გურბანგული ბერდიმუხამედოვის ცხენის (!) ძეგლი დადგეს.
ცალკე ცხენისა, თორემ თვით `დიადი პრეზიდენტის` ძეგლებს რა მოსთვლის - ზოგი ოქროსია და მზის მიმართულებით ბრუნავს.
რა `ბეეეედნიერი ხალხია` ეს თურქმენები: აბა ჩვენ, ქართველები, 35 წელია სულ ვიბრძვით, ვჯახირობთ, რაღაცას ვახერხებთ, რაღაცას ვერა, რაღაცას ვაღწევთ, რაღაცას ვერ ვაღწევთ, რაღაცაში ვიმარჯვებთ, რაღაცაში ვმარცხდებით.....ისინი კი არიან ასე: `ნეტარად` და `მშვიდად` - აწ განსვენებულ ოლიგარქ/პრეზიდენტ ბერდიმუხამედოვის ცხენის ძეგლის შემხედვარენი....
აღსანიშნავია, რომ აწ განსვენებულ ექს-პრეზიდენტ გურბანგული ბერდიმუხამედოვის ცხენის(!) ძეგლის დადგმის თაობაზე ბრძანებულებას თვით მისმა შვილმა, მოქმედმა პრეზიდენტმა სერდარ ბერდიმუხამედოვმა მოაწერა ხელი.