საერთაშორისო მიმოხილვა. 24 სექტემბერი. 2024 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 24 სექტემბერი. 2024 წელი

ისრაელი აქტიურად ბომბავს ავიაციით და უძლიერესი დრონებით ლიბანის სამხრეთს, თუმცა ვერავინ ამბობს და პროგნოზირებს ზუსტად, დაიწყებს თუ არა „ცახალი“ (ისრაელის არმია) სახმელეთო ოპერაციებს ანუ დაიწყება თუ არა „მესამე ლიბანური ომი“.

პირველი ლიბანური ომი ცახალმა განახორციელა 1982 წელს, მეორე 2006 წელს და ორივე წააგო იმ აზრით, რომ ტერორისტული ორგანიზაცია „ჰესბოლლა“ ვერ გაანადგურა.

აქ ყველაზე ცუდი მაინც ის არის, რომ როგორც პენტაგონის გავლენიანმა მრჩეველმა, გენერალმა მაკრგრეგორმა განაცხადა გუშინ ABC-თან ინტერვიუში „ამერიკისთვის ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი ბევრად სახიფათოა, ამიტომ უნდა აიძულოს უკრაინა, დათანხმდეს მშვიდობასო“.

„მშვიდობაში“ იგულისხმება, ფაქტობრივად, კაპიტულაცია პუტინის პირობებზე.

. . . . . . . . . . . . . . . . .

რუსული მედია აქტიურად აფიარებს პოლონეთის პრეზიდენტ დუდას უადგილო და უდროო განცხადებას, რომ უკრაინელები მონაწილეობდნენ როგორც პოლონელების, ასევე ებრაელების გენოციდში.

ეს განცხადება პრეზიდენტმა დუდამ გუშინ პოლონური ტელეარხისთვის Polsat მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

რატომ ახლა? რის მიღწევას ცდილობს?

თანაც დუდა - ყველაზე პროევროპული და პროდასავლური და პროამერიკელი პოლონელი პრეზიდენტი.

ეს რომ კაჩინსკებს ეთქვათ, რაღაც იოლი ახსნა კიდევ შესაძლებელი იქნებოდა, მაგრამ დუდა?

იმიტომ ხომ არა, რომ პოლონურ ელიტებს, ისევე როგორც აღმოსავლეთ ევროპულ ელიტებს მთლიანობაში, უზარმაზარი 45 მილიონიანი ქვეყნის „ევროკავშირული პერსპექტივა“ სულაც არ ეპიტნავებათ?

. . . . . . . . . . . . . . . . .

ამერიკაში პრეზიდენტ ზელენსკის ვიზიტის კომენტირებისას დონალდ ტრამპმა განაცხადა: „ზელენსკი საუკეთესო ვაჭრუკანაა, რაკი რამდენი ამერიკაში ჩამოვა, იმდენი მილიარდობით დოლარი მიაქვს აქედანო“.

თან დაამატა: „ბოლო ვიზიტის შემდეგ ამერიკელ გადასახადის გადამხდელთა 60 მილიარდი დოლარი წაიღოო“.

იმავე განცხადებაში დონალდ ტრამპმა, რომელიც ძალიან შეურაცხმყოფელი ტონით გამოთქვამდა თავის საზრისს, განაცხადა, რომ ზელენსკი კამალა ჰარისს უჭერს მხარს, რადგან მათგან იღებს ფულს.

„მე სულ სხვანაირად მოვიქცევი: როგორც კი გავხდები პრეზიდენტი, დავურეკავ ზელენსკისაც, პუტინსაც და მოვითხოვ მათგან, დადონ გარიგება“ - აღნიშნა ტრამპმა.

 რა „გარიგებაზე“ საუბრობს ზოგადად ცნობილია:

ცეცხლის შეწყვეტა ამჟამად არსებულ ფრონტის ხაზზე, რაც უკრაინის ტერიტორიათა რუსეთისთვის დე-ფაქტო გადაბარებას ნიშნავს.

 

ამასობაში, ზელენსკიმ, რომელიც ამერიკაში ჩავიდა ფორმალურად გაეროს ტრიბუნიდან გამოსასვლელად, რეალურად კი, ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩაიტანა ახალი პროგრამა ე.წ. „გამარჯვების გეგმა“, თუ როგორ უნდა დასრულდეს რუსული აგრესია.

ეს „გეგმა“ აბსოლუტურად არ გულისხმობს რაიმე არსებით კომპრომისს მოსკოვთან, იმდენად მაქსიმალისტური პოზიციებიდანაა შედგენილი.

მასში ერთადერთი კომპრომისი ისაა (თუ ამას „კომპრომისი“ ჰქვია) რომ უკრაინა არ მოსთხოვს რუსეთს იმაზე მეტ კომპენსაციას, რაც 300 თუ 400 მილიარდი დოლარია - დასავლურ ბანკებში გაყინული რუსული აქტივები.

აი ამაზე მეტს აღარ მოვთხოვთო - „ჰპირდება“ პუტინს ზელენსკი.

ბუნებრივია, მისი მტკიცე პოზიცია განპირობებულია ჯერ ერთი, კურსკის, მთლიანობაში მაინც წარმატებული ოპერაციით, მეორეც ძალიან წარმატებული დაბომბვებით რუსეთის სიღრმეში, სადაც უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში უკრაინელებმა უკრაინული წარმოების რაკეტით რუსეთის არმიის სტრატეგიული საწყობები გაანადგურეს და რაც არანაკლებ არსებითია (მესამე) იმ მოსაზრებით, რომ ნებისმიერი „კომპრომისულობა“ და არარადიკალიზმი უკრაინის მხრიდან „უღვივებს მადას“ იმ ძალებს დასავლეთში, მათ შორის ამერიკაში, რომლებიც მუდამ განწყობილნი არიან უკრაინის (ასევე საქართველოს და ა.შ) ხარჯზე „დააშოშმინონ“ (Appeasing) პუტინი.

 ისევე, როგორც თავის დროზე ჰიტლერს „აშოშმინებდნენ“ მიუნხენის გარიგებით ჩეხეთის ხარჯზე.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ფეხბურთი დიდი პოლიტიკაა ისევე, როგორც ყველაფერი, რაც მილიონებს აღელვებს.

საინტერესოდ ვითარდება მოვლენები ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის შემდეგ:

UEFA-ს მსაჯთა კომიტეტმა დაადგინა, რომ ინგლისელმა მსაჯმა ენტონი ტეილორმა უსამართლოდ დაჩაგრა გერმანელები, როდესაც ანგარიშისას 1-1 ესპანელების კარში არ დანიშნა პენალტი მას შემდეგ რაც გერმანელი “ჯამალ მუსიალას (!) დარტყმის შემდეგ ესპანელ მარკუ კუკურელიას ბურთი საჯარიმო მოედანში ხელზე მოხვდა, - როდესაც ხელი ჰქონდა ისეთ მდგომარეობაში, სხეულზე „მიჭერილად“ ვერ ჩაითვლებოდა, ანუ ზრდიდა სხეულის ფართობს და აუცილებლად პენალტით უნდა დასჯილიყო“ - ასე წერია მსაჯთა კომიტეტის დადგენილებაში.

იქვე აღნიშნულია, რომ VAR-ის წამყვანმა გაუგებარი მიზეზით დაუშვა ანალოგიური „შეცდომა“, როდესაც არ მოსთხოვა მსაჯს „წასულიყო სანახავად“.

ეს თითქოს დიდი არაფერი პოლიტიკური ამბავია, მაგრამ.......გერმანულ და ბრიტანულ ასევე ესპანურ მედიაში (თან არა მხოლოდ ტაბლოიდებში) და განსაკუთრებით სოციალურ ქსელთა სეგმენტებში უმძვინვარესი რეაქცია გამოიწვია და ინგლისელი მსაჯის გადაწყვეტილება აიხსნება იმით, თითქოს ტეილორის დიდი ბაბუა მეორე მსოფლიო ომის დროს ნორმანდიაში დესანტირებისას დაიღუპა და ა.შ და ა.შ.

ესპანურ პრესაში კი ამგვარ ინტერპრეტაციებს „სისულელეს“ უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ ასე ინგლისელებს ესპანელების მიმართაც შეიძლება ჰქონდეთ „რესენტიმენტები“ - XVI საუკუნეში ინგლისური საზღვაო ფლოტის მიერ ესპანეთის „დიადი არმადას“ განადგურების გამო.

რატომ არის ეს ეპიზოდი კიდევ ნიშანდობლივი?

იმიტომ, რომ ადასტურებს, რა დამანგრეველი შედეგი შეიძლება მოიტანოს სოციალურ ქსელთა იმგვარმა განვითარებამ, როდესაც ფაქტობრივად არ ხდება (უფრო ზუსტად „ვერ ხდება“) კონტენტის მოდერირება, განსხვავებით პრესისა და ტელევიზიისგან, სადაც „პოლიტკორექტულობის“ მოტივით „ადმინები“ უფრო მეტად აკონტროლებენ კონტენტს, ხოლო  აბსოლუტურად ყველა ქვეყანაში არსებულ სპეციალურ სახელმწიფო ორგანოს (რომლის ანალოგსაც ჩვენში „კომუნიკაციების კომისია“ ჰქვია) აქვს საშუალება, გააკონტროლოს საზრისები, რაც ვრცელდება.

სოციალურ ქსელებში ამის საშუალება თითქმის არ არსებობს, რაკი სოციალურ ქსელთა ფუნქციონირება შეუძლებელია შეზღუდვისა და ანონიმურობის დარღვევის შემთხვევაში.

და ეს სულაც არ არის „წვრილმანი“, როგორც ზოგს ეჩვენება ან შეიძლება მოეჩვენოს, რაკი მილიონობით ადამიანს უნერგავს და მთელს სოციუმებში კულტივირებს წარსულ კონფრონტაციულ, ქსენოფობიურ, ნაცისტურ წარმოდგენათა არქეტიპებს; ეს კი ხელს უშლის ევროპული კონსოლიდაციის პროცესს.

ზედმეტიცაა იმის აღნიშვნა, რომ რუსული „ტროილ-ბოტები“ არც ერთ შანსს არ უშვებენ ხელიდან, რათა გამოიყენონ ასეთი „ვირტუალური კონფლიქტები“ დასავლეთის დასასუსტებლად და შიდა წინააღმდეგობათა გასაღვივებლად.

 

ამასთანვე კავშირში: ძალიან ცუდი ინციდენტი მოხდა ჩინეთის ქალაქ შენჟენში.

სულ მცირე ხნის წინ ამგვარი რამ წარმოუდგენელი იყო: ჩინელმა მამაკაცმა დანით აჩეხა 10 წლის (!!!) იაპონელი მოსწავლე, როდესაც იგი იაპონური სკოლიდან გამოვიდა.

აჩეხა იაპონიის მიერ ჩინეთის წინააღმდეგ 1931 წლის აგრესიის დაწყების მორიგ წლისთავზე - 23 სექტემბერს.

ჩინეთისა და იაპონიის ხელისუფალნი ნამდვილად ცდილობენ „გადაფურცლონ“ წარსული იმ აზრით მაინც, რომ ჩინელებსა და იაპონელებს არ სძულდეთ ერთმანეთი, თუმცა რესენტიმენტი მაინც არსებობს და თუკი წარსულ ეპოქაში, როცა ჩინეთი კომუნისტური იყო და სიტყვის თავისუფლება არ არსებობდა იქ, ეს რესენტიმენტები მჟღავნდებოდა მხოლოდ ბრიუს ლის ფილმებში შეურიგებელი ანტიიაპონური სიძულვილით, ახლა ისევ და ისევ სოციალური ქსელების გამო, ეს წარსული რესენტიმენტები სულ უფრო გამანადგურებელ ძალას იძენენ და რაც ყველაზე უარესია, გამოსავალიც არ არსებობს:

აკი მოგახსენეთ, მედიას (TV და Press) მოდერირება კიდევ შესაძლებელია, მაგრამ Social networks ამ მხრივ ან უნდა დახურო მთლიანად, ან მის ფუნქციას უნდა შეურიგდე.

ზედმეტიც კია იმის აღნიშვნა, რომ 10 წლის ბავშვის მკვლელობამ მძვინვარე რეაქცია გამოიწვია იაპონიაში.

მით უმეტეს, ლამის რიტუალური მკვლელობა გამოდის- იაპონური აგრესიის წლისთავზე.

მაგრამ ჩინეთშიც მაშინვე იფეთქა ხსენებულმა რესენტიმენტმა და წარსულის ფსიქოლოგიურ არქეტიპთა „კვანძმა“.

იმდენად, რომ მობოდიშების ნაცვლად ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს გაუგზავნა ნოტა ცივი მოთხოვნით: „ემოციები დაიოკეთო“.

ობიექტური შედეგი ისაა, რომ იაპონია, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მჭიდროდ და აქტიურად ინტეგრირდება იმ უსაფრთხოების სისტემებში, რასაც ახლა ანგლოსაქსები ქმნიან წყნარი ოკეანის აუზში ჩინეთის საწინააღმდეგოდ: AUKUS (ავსტრალია, დიდი ბრიტანეთი აშშ) ბირთვში, რომელიც უახლოეს მომავალში აუცილებლად გაფართოვდება იაპონიის და ფილიპინების ხარჯზე.