საერთაშორისო მიმოხილვა. 24 მარტი. 2022 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 24 მარტი. 2022 წელი

უკრაინაში რუსული აგრესიის ფონზე, დასავლელი ანალიტიკოსები ალაპარაკდნენ `პოსტ-პოსტ ცივი ომის` ხანაზე (post-, post-Cold War era).

ეს დეფინიცია მეტყველებს, რომ ჯერ მაინც ვერ ჩამოყალიბდნენ  ტერმინზე და რაც მთავარია განსაზღვრებაზე, თუ რა ჰქვია იმას, რაც ახლა ხდება მსოფლიოს `მზის წნულში` და ატლანტიკური ცივილიზაციის  გულში, - ევროპაში.

ამიტომაც, `ტრიპლ-სამიტს`, რომელიც ახლა იხსნება ბრიუსელში (დიდი შვიდეული, ევროკავშირი, NATO) განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

ჯო ბაიდენი უკვე ბრიუსელშია.

`ბერლინის კედლის` დანგრევიდან (1989 წელი) მცირე ხნის შემდეგ, იაპონური წარმოშობის ამერიკელმა ფილოსოფოსმა ფრენსის ფუკუიამამ გამოაქვეყნა ნაშრომი `ისტორიის დასასრული`.

ფუკუიამა იმ დროს გახმაურებულ, სენსაციურ წიგნში ამტკიცებდა, რომ ცივ ომში დასავლეთის ძლევამოსილი გამარჯვებისა და რუსეთის (სსრკ) კრახის შემდეგ ისტორიის შემდგომი განვითარების ხაზი სამუდამოდ განისაზღვრაო: დემოკრატია..... ლიბერალიზმი..... ხალხთა შორის მეგობრობა.... სახელმწიფოთა თანასწორობა და ა.შ.

სამწუხაროდ, დრომ და იმავე ისტორიამ დაამტკიცა, რამდენად მწარედ შეცდა ფუკუიამა.

მისი წიგნის გამოქვეყნებიდან 30 წელი გავიდა და მსოფლიო იმაზე მეტად არის დღეს ახლოს გამანადგურებელ ბირთვულ ომთან, ვიდრე იყო კარიბის კრიზისის დროს (1962 წელი) და 1983 წელს, როცა საბჭოთა ავიაგამანადგურებელმა სამხრეთ კორეული `ბოინგი` ჩამოაგდო, რომელიც ამერიკელი მგზავრებით იყო სავსე. (`სადაზვერვო რეისი იყოო - ამტკიცებდნენ მაშინ რუსები)

იმ დროს (დიდი პრეზიდენტის, რონალდ რეიგანის ეპოქაში) რომ ამბავი ატყდა, იმაზე უფრო რეალურია დღეს ატომ-ბირთვული ომი და 1962 წელზე რეალურიც, როცა ნიკიტა ხრუშჩოვმა კუბაზე ბირთვული რაკეტები განალაგა და პრეზიდენტმა კენედიმ მას ულტიმატუმი წაუყენა: სასწრაფოდ გაიყვანე თორემ ატომურ იარაღს გამოვიყენებო.

რუსებმა კუბადან ატომურ/ქობინებიანი რაკეტები კი გაიყვანეს 1962 წელს, მაგრამ ამერიკელებმაც გაიყვანეს ისეთივე რაკეტები თურქეთიდან.

ეს იყო იმდროინდელი კომპრომისი.

დღეს კომპრომისი კიდევ უფრო რთულია, რადგან საქმე დამოუკიდებელი, მშვიდობიანი ქვეყნის, უკრაინის ბედს ეხება. მისი გაწირვა იმას ნიშნავს, რომ დასაველთმა საკუთარ ინდეტობაზე თქვა უარი, რაც გამორიცხულია.

ამიტომაც ენიჭება ამ `ტრიპლ-სამიტს` ასეთი მნიშვნელობა.

როგორც ყოველთვის, ისტორიული, ეპოქალური სამიტებისას, ზოგიერთი თემა ხდება საკვანძო, ხოლო ერთი რაიმე მოვლენა იქცევა `მაკონსოლიდირებელ თრიგერად`.

უპირველესი სამსჯელო თემა გახდება, რა უნდა იღონოს ალიანსმა, თუ პუტინი, რომლის ჯარები უკრაინელთა გმირული წინააღდმეგობის გამო წინ ვერ მიიწევენ, ქიმიურ იარაღს გამოიყენებს.

მთავარი ხატი კი იქნება უკრაინელი ებრაელი ბორის რომაჩენკო, 96 წლისა, რომელიც ჰიტლერის გენოციდს, ხოლოკოსტს (ასე ეწოდება ებრაელთა ჟლეტას) გადაურჩა მეორე მსოფლიო ომის დროს და ახლა მოკლეს რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვში.

ანუ არ არის გამორიცხული, ბრიუსელის ეპოქალურ `ტრიპლ-სამიტზე` დაფუძნდეს `ანტიპუტინური კოალიცია`  - `ანტიჰიტლერული კოალიციის `მსგავსად.

ეს არ ნიშნავს, რომ მაშინვე ომს დაიწყებენ, მაგრამ თუ ასეთი კოალიცია გაფორმდა, დასავლეთი დადგება პოზიციაზე: ან ჩვენ, ან პუტინის რუსეთი და უკიდურეს შემთხვევაში` ცხელ ომშიც` ჩაებმება, თუ ეკონომიკური მეთოდებით პუტინ-ჰიტლერს ვერ შეაჩერებს.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

უკრაინულმა ჯარებმა სერიოზულ წარმატებას მიაღწიეს ოთხშაბათს კიევთან, სადაც 20-25 კილომეტრით დაახევინეს უკან რუს აგრესორებს.

მათ დაიბრუნეს ქალაქი ირპენი, რომელსაც საკვანძო მნიშვნელობა აქვს კიევის ალტყაშემორტმის საფრთხის გასანეიტრალებლად.

ეს საფრთხე ჯერ-ჯერობით განეიტრალებულია და რუსეთი ბრაზით მშვიდობიან კვარტლებს ბომბავს.

კიევთან პუტინის სტრატეგია იყო არა ქალაქის აღება, არამედ მისი ალყა და მოსახლების შიმშილით ამოწყვეტა ან ზელენსკის წინააღმდეგ აჯანყება

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

უკრაინის მიმართ აგრესიის პარალელურად, რუსეთი აგრძელებს ჰიბრიდულ ომს, მათ შორის ენერგეტიკულ ომს მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ.

პუტინმა იცის, რომ მისთვის გადარჩენის ერთადერთი ეკონომიკური ბერკეტია ენერგომატარებლები ანუ ნავთობსა და გაზზე მაღალი ფასების შენარჩუნება

გუშინ პუტინის ბრძანებით გაითიშა სტრატეგიული ნავთობსადენი ყაზახეთი - ციმბირი-შავი ზღვა (ნოვოროსიისკი) სადაც ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან მოქმედებენ უზარმაზარი ნავთობტერმინალები.

მოსკოვმა გათიშვა დააბრალა ავარიას, თუმცა ყაზახ სპეციალისტებს არ უშვებს შესამოწმებლად. ამერიკელებს და ევროპელებს რომ არ უშვებს - ცხადია.

ამ დიდი ნავთობსადენით, ძირითადად, ყაზახური ნავთობის გადატვირთვა ხდებოდა და არა რუსული ნავთობისა.

პუტინი ამით ორ ბანქოს ერთდროულად `ჭრის`: ყაზახეთსაც სჯის, რაკი პრეზიდენტი ტოკაევი ამაწინანდელ ამბოხს გადაარჩინა, იმან კი `უმადურად` (პუტინის აზრით) მოითხოვა რუსული ჯარების სწრაფი გაყვანა.

და მეორე: რაც მისთვის ახლა ყველაზე მთავარია, მსოფლიო ბაზრებიდან ყაზახური ნავთობის დიდი ნაწილის ამოღებით, ხელოვნურად ზრდის ნავთობის ფასს. რუბლი კი ნავთობის ფასზე პირდაპირ არის მიბმული.

ნოვოროსიისკის ტერმინალებიდან მსოფლიო ბაზარზე ყოველდღიურად (!) 3-4 მილიონი ბარელი ნავთობი იტვირთებოდა.

 

///აქვე: Barrel (კასრი) ამერიკელმა მენავთობეებმა დაამკვიდრეს ნავთობის ოდენობის საზომად ჯერ კიდევ XX საუკუნის დასაწყისოდან, როცა ტეხასში ნავთობის ბუმი დაიწყო და უდროს 158,988 ლიტრ ნავთობს ანუ თითქმის 160 ლიტრია.

თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ Barrel (1 კასრი) საზომ ერთეულად ევროპაში ჯერ კიდევ XV საუკუნიდან გამოიყენებოდა, ოღონდ არა ნავთობისა რასაკვირველია, არამედ ხორბლის მაგალითად, ლუდის, ზეთისხილის და ა.შ და ა.შ.///

 

დავუბრუნდეთ თემას: ნოვოროსიისკის ტერმინალთა გამოთიშვის შემდეგ მსოფლიო ბაზრებს, როგორც მოგახსენეთ, ყოველდღიურად (!)  3-4 მილიონი ბარელი მოაკლდა. შედარებისათვის: უდიდესი მწარმოებელი, საუდის არაბეთი 5-7 მილიონ ბარელს აწარმოებს დღეში.

ბუნებრივია, ნავთობზე ფასი უმალვე გაიზარდა და 1 ბარელისთვის (ესე იგი თითქმის 160 ლიტრისათვის) 120 დოლარი შეადგინა.

ეს ზრდის რუსეთის სავალუტო შემოსავლებს.

ამავე დროს პუტინმა განაცხადა, რომ ბუნებრივი აირის შესაძენად, ევროპელებმა ამიერიდან არა ევრო არამედ რუბლი უნდა გადაიხადონ.

ერთი შეხედვით თითქოს ძალიან უცნაური გადაწყვეტილებაა: ევროპელები რეგულარულად იხდიდნენ რუსული ბუნებრივი აირის საფასურს ევროში. რუსულ გაზზე ევროპა 40%-ითაა დამოკიდებული (გერმანია კიდევ უფრო მეტად).

როდესაც დასავლეთმა რუსული ბანკები დაასანქცირა და SWIFTის საბანკო გადარიცხვათა ვერიფიკაციის სისტემიდან მათი უმრავლესობა გარიცხა, სისტემაში დატოვა ის რუსული ბანკები, სადაც ხდება მიღებული ბუნებრივი აირის ანაზღაურება. ანუ, ევრო მაინც რეგულარულად ირიცხებოდა რუსეთის ბიუჯეტში, ხოლო ბიუჯეტიდან რუსეთის მთავრობა ხარჯავდა ევროს ინტერვენციებზე - რუბლის შესაკავებლად.

პუტინის გადაწყვეტილება იმას ნიშნავს, რომ ევროპამ (გერმანიამ) ჯერ რუსეთის შიდა ბაზარზე უნდა იყიდოს რუბლი (უმაღლესი კურსით რასაკვირველია) და ეს რუბლი ჩარიცხოს მერე ისევ რუსეთის ბიუჯეტში.

ამით პუტინი ისევ და ისევ ორ ბანქოს ჭრის: ცდილობს დასავლეთი დაინტერესებული იყოს რუბლის სიმყარეში და მეორე - `აფიარებს` რუბლის მნიშვნელობას დასავლეთისთვის.

შედეგად, თუ რუსული რუბლი სულ ცოტა ხნის წინ 150 დოლარი ღირდა, ამ განცხადების შემდეგ მისი ღირებულება დოლართან  ფსიქოლოგიურად მნიშვნელოვან ზღვარს, 100 დოლარს ჩამოსცდა.

იმავე ტექნოლოგიით, რუსეთმა, როგორც ვწერდით, 2 დღის წინ განაცხადა, რომ დასავლეთში განთავსებულ ხანმოკლე ან საშუალოვადიან ობლიგაციათა  განაღდებისთვის მუდამ მზდაა.  ოღონდ...... რაკი ამერიკის ფედრეზერვმა სავალუტო რეზერვი დაუყადაღა, მხოლოდ რუბლში აანაზღაურებს.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

რუსეთის `ოფიციალური რეფორმატორი` 1992 წლიდან, ანატოლი ჩუბაისი საკუთარი ნებით გადადგა ყველა თანამდებობიდან და რუსეთიდან გაიქცა.

რეფორმატორობის გამო (ჩუბაისი რუსი რეფორმატორების გუნდის ლიდერი იყო პრეზიდენტ ელცინის დროს, ეგორ გაიდართან ერთად) ჩუბაისს პუტინი საკუთარ გუნდში ბოლომდე ინარჩუნებდა, რადგან სჭირდებოდა დასავლეთში `ლიბერალობის `იმიჯისთვის.

ჩუბაისს პუტინმა 2001 წლიდან ნანო-ტექნოლოგიების მიმართულება ჩააბარა.

თუმცა ახლა, ამ მხეცური ომისა და დასავლეთის აღშფოთების ფონზე, რომელ `ლიბერალობაზეა ლაპარაკი`?!!! ამიტომაც ჩუბაისი რუსეთიდან გაიქცა თურქეთის გავლით. დასავლური სანქციების გამო ჩუბაისის პლასტიკური ბარათები თურქეთშიც დაბლოკილია ნაწილობრივ, თუმცა `ქეშიც` ექნებოდა ნაშოვნი, სანამ პუტინის გუნდში იყო.