კვირის მიმოხილვა. გიორგი მახარაძე და ქართული პოლიტიკური კულტურა

კვირის მიმოხილვა. გიორგი მახარაძე და ქართული პოლიტიკური კულტურა

   

    პარასკევს ვაშინგტონის სასამართლომ ქართველ დიპლომატს გიგა მახარაძეს სულ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. იგულისხმება, რომ მახარაძეს მიესაჯა 5 წელი ადამიანის გაუფრთხილებლობით მკვლელობისთვის და ორი წელი - იმავე ადამიანის სხეულის მძიმე დაზიანების გამო, აგრეთვე, მისი ქონების განადგურებისთვის.
    ფედერალურ ციხეში მახარაძე 5 წელს გაატარებს. თუ სანიმუშოდ მოიქცევა, სასჯელს წელიწადნახევარი დააკლდება, ხოლო ოთხი თვე მან განაჩენამდეც ციხეში გაატარა.
    ამრიგად, რაოდენ მტკივნეულიც უნდა იყოს ჩვენთვის (არ მეგულება ქართველი, რომელსაც გიგა მახარაძის ბედმა გული არ ატკინა). ბოლოს და ბოლოს, ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ გიგა მახარაძემ მიიღო ისეთივე სასჯელი, როგორსაც მიიღებდა მსგავსი დანაშაულისათვის საქართველოში. მთვრალ მდგომარეობაში ავტომობილის მართვისას ადამიანის «გაუფრთხილებლობით მკვლელობის მუხლი» საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 5 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
    სხვა საკითხია, რომ, რა თქმა უნდა, სჯობდა, გიორგი მახარაძე სამშობლოშივე გასამართლებულიყო. თუმცა ამერიკელთა (უპირველესად, დაზარალებულის მშობელთა) არგუმენტი ამერიკისთვის ურყევად აღიქმებოდა: «საქართველო არ არის დემოკრატიული ქვეყანა, ამრიგად არ არსებობს იმის გარანტია, რომ საქართველოში დამნაშავე საკადრისად, დაისჯება». მივაქციოთ ყურადღება: ამერიკელთათვის, ამა თუ იმ ქვეყნის «დემოკრატიულობის» დამადასტურებელი ფაქტორია არა მხოლოდ «ადამიანის უფლებათა» დაცვა, არამედ დანაშაულისათვის სასჯელის გარდაუვალობაც.
    ეს მომენტი კარგად უნდა იცოდნენ და გაითვალისწინონ იმ «ადამიანის უფლებათა დამცველებმა» საქართველოში, რომლებიც მხოლოდ მსჯავრდადებულისა თუ ბრალდებულის ინტერესებს იცავენ. მათ ავიწყდებათ (ელემენტარულად, სამართლებრივი კულტურა არ ჰყოფნით), რომ დაზარალებულის უფლებათა დაცვაც იმავე სფეროს განეკუთვნება. «დაზარალებულის უფლება» კი ცივილიზებულ, დემოკრატიულ ქვეყანაში (ვთქვათ, იმავე ამერიკაში) ესმით, როგორც მისი მორალური დაკმაყოფილება, ანუ დამნაშავის დასჯა. რაც უფრო ნაკლებად ცივილიზებული და დემოკრატიული ქვეყანა, რაც უფრო ნაკლებია სამართლებრივი შეგნების დონე, მით უფრო ნაკლებია დამნაშავის დასჯის საზოგადოებრივი მოთხოვნილება - თუ ეს დამნაშავე უშუალოდ შენ ან შენს ახლობელს არ შეეხო.
    იმავე პრობლემას სხვა, პოლიტიკური ასპექტიც გააჩნია. არა მხოლოდ საზოგადოებაში, არამედ თვით ხელისუფლების კულუარებშიც კი ჩურჩულებენ: «უნდა მოეხსნა თუ არა პრეზიდენტს იმუნიტეტი გიგა მახარაძისათვის, როგორ მოიქცეოდა ამ შემთხვევაში «თავმოყვარე ქვეყანა» და ასე შემდეგ».
    ჯერ ერთი, ჩვენ არ ვიცით, როგორ მოიქცეოდა ამ შემთხვევაში სხვა პრეზიდენტი, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მსგავსი შემთხვევა დიპლომატიის ისტორიას არ ახსოვს. არათუ ბოლო წლების, არამედ საერთოდ არ ყოფილა შემთხვევა, დიპლომატს უცხო ქვეყანაში კრიმინალური დანაშაული ჩაედინოს (ვთქვათ, გაუფრთხილებლობით მკვლელობა) და მისი ქვეყნის მთავრობა ისეთივე დილემის წინაშე დამდგარიყოს, როგორიც პრეზიდენტ შევარდნაძის წინაშე დაისვა.
    ვგულისხმობ სწორედ კრიმინალურ დანაშაულს და არა ჯაშუშობას, რომელიც ყველა დროსა და ეპოქაში დიპლომატის «ჩვეულებრივი საქმიანობა» იყო.
    ყოვლისმცოდნე ამერიკელმა ჟურნალისტებმა გამოჩხრიკეს, რომ 80-იან წლებში რაღაც მსგავსი მოხდა საფრანგეთში, სადაც შვედი თუ ნორვეგიელი დიპლომატის მძღოლმა (მძღოლმა და არა დიპლომატმა - ავტ.) შემთხვევით ადამიანი გაიტანა - მას იმუნიტეტი დაუყოვნებლივ მოუხსნეს და ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისად გაასამართლეს. მოუხსნიდნენ თუ არა იმუნიტეტს თვით დიპლომატს - არავინ იცის, რადგან მას თავად არავინ მოუკლავს - არც განგებ, არც შემთხვევით.
    თავისთავად ძალზე ნიშანდობლივი ფაქტია, რომ აქაც ქართველებმა შევქმენით პრეცედენტი. ეს პირველი შემთხვევა როდია. გავიხსენოთ ატლანტის ოლიმპიადა, სადაც აგრეთვე შეიქმნა «თავზარდამცემი» პრეცედენტი - ორასი ქვეყნის მოჭიდავიდან მაინცდამაინც ქართველმა დააგვიანა აწონვაზე. ამგვარ «პრეცედენტთა» სიხშირე უეჭველად მიგვითითებს, რომ ეს არის უფრო რთული მოვლენა - კერძოდ, ჩვენი ეროვნული ეთნოფსიქოლოგიისთვის დამახასიათებელი უპასუხისმგებლობა. ის, რაც დაემართა დათო ხახალეიშვილს - მხოლოდ ქართველს შეიძლებოდა დამართნოდა. ეს უბედური შემთხვევა ჩვენი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი უპასუხისმგებლობის გამოვლენაა.
    რაც შეეხება იმუნიტეტის მოხსნას - შევარდნაძე სხვაგვარად ვერ მოიქცეოდა. ისევ და ისევ საქართველოს პოლიტიკური კულტურის დეფიციტის გამო.
    დავუშვათ, არ მოეხსნა იმუნიტეტი გიგა მახარაძისათვის; გამოეყვანა იგი საქართველოში. ეს, რა თქმა უნდა, გამოიწვევდა ვაშინგტონის ადმინისტრაციის გულისწყრომას - ის ხომ მთლიანად ამერიკის საზოგადოებრივ აზრზეა დამოკიდებული. საკმარისი იყო კლინტონს ან კლინტონის ადმინისტრაციის რომელიმე წევრს შევარდნაძის მისამართით ერთი მკვახე სიტყვა ეთქვა, რომ ჩვენებური ოპოზიცია (მან ხომ ასეთი უპასუხისმგებლობა გამოავლინა, თუნდაც ახლახან, - დარიალის ხეობაში გამართული აქციის დროს) უმალ ატეხდა აჟიოტაჟს: «ვაშინგტონმა» შევარდნაძეს ზურგი შეაქცია». «შევარდნაძე ამერიკას კავკასიაში აღარ სჭირდება, როგორც პოლიტიკური ფიგურა» და ასე შემდეგ.
    ქართული საზოგადოების ზოგადი პოლიტიკური უკულტურობის პირობებში საკმაოდ მძლავრი არგუმენტი გახდებოდა და შესაძლოა, მადესტაბილიზებელი ფაქტორის როლიც კი შეესრულებინა. ამერიკელებმა ყოველივე შესანიშნავად უწყიან და ჩვენი იმ უკულტურობით სარფიანადაც სარგებლობენ.
    წარმოუდგენელია, ვთქვათ, ესტონელ დიპლომატს მოსვლოდა იგივე, რაც ქართველ დიპლომატს შეემთხვა, მაგრამ რომც დამართნოდა ასეთი უბედურება და ესტონეთის პრეზიდენტს რომც არ მოეხსნა დიპლომატისთვის იმუნიტეტი - ამერიკელებს იგივე ხრიკი ესტონეთში არ გაუვიდოდათ.
    რამდენიც უნდა ელანძღათ შემდგომ ლენარდ მერი - ესტონური ოპოზიცია ამას არგუმენტად გამოიყენებდა. ისევე, როგორც ერთმნიშვნელოვნად დაუჭერდა მხარს საკუთარი ქვეყნის მთავრობას თუ «დარიალის» მსგავს აქციას გამართავდა რუსეთ-ესტონეთის საზღვარზე
   

რატომ გადადგა გენერალი ნიკოლაევი?
   

    როგორც ცნობილია, რუსეთის პრეზიდენტმა დააკმაყოფილა სასაზღვრო ჯარების სარდლის, გენერალ ნიკოლაევის თხოვნა გადადგომის შესახებ. ამ მოვლენას იმდენად ფართო რეზონანსი მოჰყვა, რომ ტელეკომპანია ОРТ-მ, რომელსაც ბორის ბერეზოვსკი აკონტროლებს, «პროფილაქტიკური» კომენტარიც კი გააკეთა. ქარაგმა ასეთი იყო: გენერალმა ნიკოლაევმა ზუსტად გათვალა თავისი ნაბიჯი - იგი უეჭველად ემზადება მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისათვის და ამ გზით სურდა «ქულების დაგროვება». სინამდვილეში, გენერალ ნიკოლაევს «საპრეზიდენტო» ამბიცია არა აქვს - «სამშობლოს მხსნელი გენერლის» ქარიზმა ალექსანდრე ლებედმა დაისაკუთრა; მაგრამ იგი ნამდვილად იქცა პოლიტიკურ ფიგურად და მისი მხარდაჭერა ამიერიდან ნებისმიერ პოლიტიკურ დაჯგუფებას გააძლიერებს, ვისაც იგი მიემხრობა. რუსების ეთნოფსიქოლოგიური თვისებებიდან გამომდინარე, მოღვაწე, რომელიც «მაფიასა და ფულის ქისებს» ებრძვის, - «განწირულია წარმატებისათვის».
    თუმცა, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, თვით ნიკოლაევი და მისი პოლიტიკური პერსპექტივა ნაკლებად გვაინტერესებს. გაცილებით უფრო საინტერესოა ელცინის მოტივაცია. ფედერალური სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელის გადაყენება მისთვის ადვილი არ იქნებოდა, ვინაიდან ანდრეი ნიკოლაევი პოპულარულია არმიაში და, კაცმა რომ თქვას (რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე), თავის საქმესაც კარგად უძღვებოდა. მაშასადამე, ამჯერად მას ისეთი შეცდომა მოუვიდა, ელცინისათვის მისი შეწყნარება შეუძლებელი აღმოჩნდა.
    სანამ სათაურში დასმულ კითხვას გავცემთ პასუხს, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ამჟამად რუსეთის ხელისუფლებაში შექმნილი ვითარება. ბორის ელცინი ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს თითქმის არ იღებს - ყველა მნიშვნელოვან ნაბიჯს იგი შესაბამისი ანალიტიკური ცენტრების რეკომენდაციათა შესაბამისად დგამს; დარწმუნებული ვარ, ელცინის მრჩევლები ამჯერად ერთსულოვანნი იქნებოდნენ: გენერალი ნიკოლაევის თხოვნა გადადგომის შესახებ უნდა დაკმაყოფილებულიყო, ნიკოლაევი უნდა წასულიყო, ვინაიდან მისმა მოქმედებამ სერიოზული საფრთხე შეუქმნა დესტრუქციულ პოლიტიკას საქართველოში.
    გავიხსენოთ: ამ ცოტა ხნის წინ «ნეზავისიმაია გაზეტაში» ბორის ელცინის ოფიციალური და არაოფიციალური მრჩევლების - ანდრანიკ მიგრანიანისა და კონსტანტინე ზატულინის სტატია, რომელშიც რუსეთისთვის მთავარ საშიშროებად «კავკასიის სახელმწიფოებში ხელისუფლების ანტირუსულ საფუძველზე კონსოლიდაციას ასახელებდნენ». მათი აზრით, რუსეთმა ყველაფერი უნდა იღონოს, რათა არ დაუშვას ამგვარი კონსოლიდაცია, ვინაიდან ეს კავკასიაში კრემლის ძალმოსილების დასასრული იქნება.
    გენერალ ნიკოლაევის ქმედებამ კი საქართველოში სწორედ ამგვარი კონსოლიდაციის საშიშროება შექმნა. რუსმა მესაზღვრეებმა 1350 მეტრით გადმოსწიეს საზღვარი ნეიტრალურ ზოლში. ამან საქართველოში საყოველთაო აღშფოთება გამოიწვია. «მოქალაქეთა კავშირის» ახალგაზრდულმა ფრთამ საპროტესტო აქცია მოაწყო დარიალის ხეობაში. მართალია, ოპოზიციურმა ძალებმა ამ აქციას ღიად მხარი არ დაუჭირეს (საკუთარი, მერკანტილური პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე), მაგრამ შინაარსობრივად ისინი, რა თქმა უნდა, ეთანხმებოდნენ მმართველი პარტიის მოქმედებას და სამართლიანად მიიჩნევდნენ რუსული საგუშაგოს ძველ პოზიციაზე დაბრუნების მოთხოვნას.
    «პრორუსული» ძალების პოზიცია კი მნიშვნელოვნად შეირყა - მათ საზოგადოების დასარწმუნებლად აღარ დარჩათ არგუმენტი, რომ რუსეთი საქართველოსადმი მეგობრულ პოლიტიკას ატარებს, ხოლო დაძაბულობა «ჩვენივე ბრალია».
    ერთადერთი, ვინც ღიად უარყოფითად შეაფასა დარიალის აქცია, იყო «ერთიანი კომუნისტური პარტიის» თავმჯდომარე პანტელეიმონ გიორგაძე. თუმცა იგი ნამდვილად არ არის ანგარიშგასაწევი პოლიტიკური ფიგურა. ამდენად, გენერალ ნიკოლაევის მოქმედებამ საქართველოში რუსეთისათვის ძალზე არახელსაყრელი ვითარება წარმოშვა: გააძლიერა მმართველი პარტიის პოზიციები, მოახდინა ოპოზიციურ პარტიათა დისკრედიტაცია (საზოგადოების მნიშვნელოვანმა ნაწილმა მათი «გამიჯვნა» დარიალის აქციისაგან ელემენტარულ უსინდისობად, პარტიული ინტერესების ქვეყნის ინტერესებზე მაღლა დაყენების მცდელობად აღიქვა) და შექმნა იმის საშიშროება, რომ მომხდარიყო საქართველოს მმართველი ისტებლიშმენტის კონსოლიდაცია ხელისუფლების გარშემო.
    ის ძალები და პოლიტიკური მოღვაწეები, ვინც დღენიადაგ ქადაგებენ «რუსეთისადმი ლოიალური პოლიტიკის გატარების» აუცილებლობას - დისკრედიტირებულნი აღმოჩნდნენ. ხელისუფლებამ უკვე იმით მოიპოვა «ქულები», რომ მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ მისი მოთხოვნა სამართლიანად მიიჩნია. კრემლისათვის კი საქართველოში მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის დისტანციის, უნდობლობის ატმოსფეროს შენარჩუნება სასიცოცხლოდ აუცილებელია. ამგვარი «გამიჯვნის» უზრუნველსაყოფად იგი სხვადასხვა ვითარებაში სხვადასხვა მეთოდს მიმართავს: იქნება ეს «დეკემბერ-იანვრის მოვლენებით» გამოწვეული წყენა, მხედრიონის პრობლემა, სოციალური სიდუხჭირე თუ სხვა.
    კონკრეტულ არგუმენტს მნიშვნელობა არა აქვს - მთავარია, არსებობდეს გაუცხოება ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის. მხოლოდ ამგვარ ვითარებაში გახდება შესაძლებელი «მართვადი ქაოსის» დოქტრინიდან გამომდინარე სხვადასხვა მეთოდის ამოქმედება. გენერალ ნიკოლაევის სალდაფონურმა სიჯიუტემ და მოუქნელობამ კი საქართველოს ხელისუფლებას საშუალება მისცა, საკმაოდ წარმატებული ნაბიჯი გადაედგა გაუცხოების აღმოსაფხვრელად, «პრორუსულ ძალთა» დასასუსტებლად.
    სწორედ ამ უმძიმესი შეცდომისთვის მკაცრად დაისაჯა გენერალი ნიკოლაევი. თავისი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, სტრატეგიული თვალსაზრისით, ბორის ელცინი, რასაკვირველია, სწორად მოიქცა - პოლიტიკა მოქნილი და ელასტიკური უნდა იყოს. «ხისტი» პოლიტიკა სუსტი პოლიტიკაა.
   

ქართულ-აფხაზური დიალოგი სტატუს-კვოს ადასტურებს
   

    მიუხედავად იმისა, რომ აფხაზ სეპარატისტთა ლიდერები საკმაოდ ოსტატურად ასრულებენ თავიანთ პარტიას, თვით პოლიტიკური შესაძლებლობები ამოუწურავი როდი აქვთ. საქართველოს მიმართ მცირეოდენი დათმობაც კი მათთვის მიუღებელია, ვინაიდან შექმნილ ვითარებაში ეს «მცირეოდენი დათმობაც» აძლიერებს საქართველოში იმ ტენდენციას, რომ ამჟამინდელი კურსი აფხაზეთის მიმართ (მოლაპარაკება ძალისმიერი ზეგავლენის თანხლებით) სწორია და მიზანშეწონილი.
    თუ ამ კურსმა თუნდაც მცირეოდენი წარმატება მოუტანა საქართველოს, - იგი გაგრძელდება «სრულ გამარჯვებამდე», ანუ სეპარატისტთა უპირობო კაპიტულაციამდე. იმის გათვალისწინებით, რომ ლტოლვილთა მოძრაობა ვერ იქცა საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების დომინანტად, «არძინბისტებს» ისღა დარჩენიათ, «შეუვალ კედლად» იდგნენ და საქართველოს არაფერი დაუთმონ.
    ყველაფერთან ერთად, ისინი იმასაც ითვალისწინებენ, რომ გალის რაიონს სეპარატისტული აფხაზეთისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. თუ საქართველომ შეძლო ენგურჰესის სამართავი პულტის, ანუ საკუთრივ ელექტროსადგურის გაკონტროლება - «აფხაზთა საქმეს» გარდაუვალი კრახი ელის, ვინაიდან ოფიციალური თბილისი, რა თქმა უნდა, უმალვე შეუწყვეტს ელექტროენერგიის მიწოდებას სოხუმის, გულრიფშის, ოჩამჩირის რაიონებს. ასევე შეუწყდებათ ენერგიის მიწოდება რუსეთიდან გაგრასა და გუდაუთას. დღეს სოხუმის ხელისუფლება რუსეთიდან ენერგიას იღებს საქართველოს მეშვეობით. «საქენერგოს ხელმძღვანელობა» იძულებულია სთხოვოს რუსეთს, აფხაზეთის ორ რაიონს მიაწოდოს ენერგია. თუ არა და, აფხაზები გამორთავენ ელექტროგადამცემ ხაზ «პალიასტომს» და «კოლხეთს», რომლითაც დენი საქართველოს მიეწოდება. პასუხად, საქართველოს შეუძლია ძველ კალაპოტში მიუშვას ენგური, მაგრამ შედეგად ელექტროენერგია აღარც ჩვენ გვექნება, აღარც აფხაზეთს. სპეციალისტთა მტკიცებით კი, ენგურჰესის გარეშე საქართველოს ენერგეტიკა საერთოდ ვერ იმუშავებს.
    შექმნილ ვითარებაში, რომელიც ენგურთან არსებული სამხედრო დისპოზიციის გამოხატულებაა, სავებით ბუნებრივია პატური სიტუაციის აღიარება, - რასაც აკეთებს კიდეც ქართული მხარე დიპლომატიურ დონეზე.
    ერთადერთი ფაქტორი, რომელსაც ამ სიტუაციის დარღვევა ძალუძს, არის ქართული პარტიზანული მოძრაობა აფხაზეთში. არაერთ დამკვირვებელს აღუნიშნავს, რომ, თუ რაიმესი ეშინია არძინბას, თუ რაიმე აქვს მისთვის რეალური მნიშვნელობა შესაძლო დათმობის თვალსაზრისით - ესაა მხოლოდ და მხოლოდ პარტიზანული მოძრაობა, ქართველ პარტიზანთა აქტიურობა აფხაზეთის ტერიტორიაზე. ყველაფერი დანარჩენი - ელექტროენერგიის შეწყვეტა; ბლოკადა; ეკონომიკური სიდუხჭირე; მხოლოდ მეორადი მნიშვნელობის ფაქტორებია.
    აფხაზური მხარე ამიტომაც ცდილობს მოლაპარაკებათა ყოველი რაუნდის შემდეგ მიღებულ რეზოლუციაში, ხელმოწერილ დოკუმენტში აისახოს «დივერსიული მოქმედებების დაგმობა ორივე მხარის მიერ». ეს არის ერთადერთი პრობლემა, რომელიც აფხაზებს საერთოდ აინტერესებთ. მხოლოდ და მხოლოდ ამ მიზნით ადგენენ «საკოორდინაციო საბჭოებს», «ერთობლივ კომისიებს» - რათა შექმნან ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს ქართული მხარე თანახმაა, განხორციელდეს რეპრესიები ქართველ პარტიზანთა წინააღმდეგ. შემდგომ კი, რუსეთის ეგრეთ წოდებული «სამშვიდობო ძალები» დაითანხმონ და ერთობლივად გაატარონ დამსჯელი ოპერაციები მშვიდობიანი ქართული მოსახლეობის წინააღმდეგ - ვითომდაც «პარტიზანთა დევნის» მოტივით.
    საქართველოს ხელისუფლებამ უნდა იგრძნოს, რომ პარტიზანები ერთადერთი რეალური ბერკეტია ეიფორიაში მყოფ სეპარატისტთა გონს მოსაყვანად. თუ იგი ამ ბერკეტს ძალუმად არ აამოქმედებს, ყველა მოლაპარაკება სოხუმთან უშედეგოდ დასრულდება. პარტიზანებს შეუძლიათ აფხაზეთის ტერიტორიაზე შექმნან ცხოვრების გაუსაძლისი პირობები, რაც თანდათანობით შეარყევს და ძალას გამოაცლის სეპარატისტთა რწმენას - კომპრომისის გუნებაზე დააყენებს ვლადისლავ არძინბას და მის ხროვას.
    ამ უკანასკნელთ, რასაკვირველია, საპასუხო ზომების მიღება სურთ, მაგრამ ყველაზე ქმედითი «საპასუხო არგუმენტი» მათ ხელში შეიძლება აღმოჩნდეს დასავლეთის პოზიცია. შემთხვევითი არ არის, რომ არძინბა ბოლო დროს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროსადმი კი არ აპელირებს «ქართველ დივერსანტთა ქმედებებთან დაკავშირებით», არამედ უფრო დასავლეთისადმი.
    ყოველდღიურად იგზავნება წერილები ვაშინგტონში, პარიზში, ლონდონში. ზოგიერთი მონაცემებით კი, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა საქართველოს ერთ-ერთ დელეგაციასთან შეხვედრისას მართლაც გამოთქვა «შეშფოთება» აფხაზეთში ქართველ პარტიზანთა გააქტიურების გამო.
    ამან არ უნდა შეგვაშინოს - ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა ოფიციალურადაც რომ გამოთქვას პროტესტი - საქართველოს პოზიცია უნდა იყოს მტკიცე და შეუვალი; პარტიზანულ მოძრაობას საქართველო ვერ გააკონტროლებს; პარტიზანები არიან დევნილები და მოქმედებენ იმ ტერიტორიაზე, საიდანაც ისინი გამოაძევეს აფხაზმა ფაშისტებმა ეთნიკური წმენდების შედეგად.
    თუ დასავლეთს ეს არ მოსწონს - კეთილი ინებოს და უფრო აქტიურად ჩაერიოს კონფლიქტის გადაწყვეტაში, ანუ უზრუნველყოს ლტოლვილთა უსაფრთხო დაბრუნება მშობლიურ სახლებში.

დილის გაზეთი, 22 დეკემბერი, 1997 წ.