საერთაშორისო მიმოხილვა. 26 აპრილი. 2023 წელი
აფხაზეთის ოპოზიციამ ულტიმატუმი წაუყენა `პრეზიდენტ ბჟანიას` და მისი მთავრობის გადადგომას მოითხოვს.
ოპოზიციური გაერთიანების `ხერხემალია` ომის ვეტერანთა (იგულისხმება საქართველოსთან ომის ვეტერანთა) ორგანზიაცია `არუაა`, რომლის ლიდერებს და წევრებს საბრძოლო გამოცდილება აქვთ.
ერთ-ერთი მთავარი პრეტენზია ბჟანიას მიმართ `საქართველოსთან საზღვარზე დუთი ფრის მაღაზიის გახსნაა`, რასაც (თურმე) `მტრულ სახელმწიფოსთან ვაჭრობის დაწყება მოჰყვა`
. . . . . . . . . . . . . . . . .
25 აპრილს აფხაზეთში `ჩერქეზული დროშის` დღე აღინიშნა.
ეს ნიშანდობლივი მოვლენაა, რადგან აფხაზეთს დღემდე არ უცვნია ჩერქეზთა გენოციდი.
საქართველოს პარლამენტმა კი სცნო ჩერქეზთა გენოციდი 2011 წელს.
აფხაზებს თავი ადიღური ერთობის (იგივე ჩერქეზების) ნაწილად მიაჩნიათ, თუმცა არ სცნობენ ჩერქეზთა გენოციდს რუსეთის იმპერიის მიერ XIX საუკუნეში.
ამის მიზეზია შიში მოსკოვის მიმართ.
თუმცა მთლიანად დააიგნორონ ადიღური (ჩერქეზული) სამყარო აფხაზებს არ გამოუვათ, ამიტომ `ჩერქეზული დროშის დღე` აღნიშნეს.
. . . . . . . . . . . . . . . . .
პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლითაც მთავრობას დაევალა დააყადაღოს უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ქონება რუსეთის ტერიტორიაზე თუ ეს მოქალაქეები წარმოადგენენ `არამეგობრულ სახელმწიფობს`, სადაც რუსეთის მოქალაქეებს დაუყადაღეს ქონება`.
ანუ, მაგალითად, რუსი პროპაგანდისტის, ვლადიმერ სოლოვიოვის ქონება (ვილლა კომოს ტბაზე) რომ დააყადაღეს იტალიაში უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გამართლების გამო, ამ ბრძანებულებით რუსეთის მთავრობას ეძლევა უფლება, დააყადაღოს იტალიის ნებისმიერი მოქალაქის ნებისმიერი ქონება რუსეთის ტერიტორიაზე. ესე იგი როგორც ბიზნესი, ასევე პირადად მასზე გაფორმებული ბინები, მანქანები და ა.შ.
. . . . . . . . . . . . . . . . .
სამხრეთ აფრიკის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ტოვებს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, რომელმაც დაპატიმრების ორდერი გასცა პუტინზე.
ამის მიზეზი ის გახდა, რომ აგვისტოში, სამხრეთ აფრიკა უმასპინძლებს BRICS (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთ აფრიკა) სამიტს უმაღლეს დონეზე ანუ პუტინიც ჩავა სამხრეთ აფრიკაში და ამ რესპუბლიკის მთავრობა იძულებული იქნება იგი დააპატიმროს, რისი გაკეთებაც არ სურს.
იოჰანესბურგის ამ განცხადებას ისეთი ბობოქარი რეაქცია მოჰყვა დასაველთში, რომ ზოგიერთი ცნობიტ სამხრეთ აფრიკის ხელისუფელბამ შესაძლოა კდიეც გადაიფიქროს: ვაშინგტონიდან და ბრიუსელიდან მას პირდაპირ უთხრეს, რომ `ორ სკამზე ჯდომა` არ გამოუვა.
. . . . . . . . . . . . . . . . .
ჩინეთმა სერიოზული ბონუსი მიიღო იმით, რომ რუსეთმა და ევროკავშირმა დახურეს თავისი საჰაერო სივრცეები რუსული და ევროპული ავიაკომპანიებისთვის.
ევროკავშირმა აკრძალა რუსული ავიაკომპანიების ფრენა, ხოლო რუსეთმა, პასუხად აკრძალა მისი საჰაერო სივრცის გამოყენება.
შესაბამისად, British Airways, AirFrance, KLM და სხვები იძულებულნი არიან იფრინონ რუსეთის გვერდის ავლით; ეს მნიშვნელოვნად აძვირებს ბილეთის ფასს; იმიტომ, რომ თვითმფრინავებს მეტი საწვავი ესაჭიროებათ, რათა `გვერდი აუარონ` რუსეთს მაშინ, როცა ადრე პირდაპირი მარშრუტები ჰქონდათ.
მაგალითად ადრე თუ British Airways დაფრინავდა რუსეთის თავზე სინგაპურში ან სეულში პირდაპირ, ახლა, ლონდონიდან აფრენის შემდეგ, თვითმფრინავი იძულებულია 4 000 კილომეტრით (!) დაიგრძელოს მარშრუტი, რათა გვერდი აუაროს რუსეთს.
სამაგიეროდ ჩინურ ავიაკომპანიებს არა აქვთ ეს შეზღუდვები არც ევროკავშირში არც რუსეთში. მათ შეუძლიათ შეასრულონ პირდაპირი რეისები რუსეთის საჰაერო სივრცის გავლით. ოღონდ არა მხოლოდ ჩინეთიდან და ჩინეთის მიმართულებით: ჩინურ ავიაკომპანიებს ვერავინ დაუშლის ან შეუშლის, იფრინონ იმავე ლონდონი-სეულის ან ლონდონი-სინგაპურის მიმართულებით. ეს პირდაპირ გამომდინარეობს WTO წესდებიდან.
ევროპელი დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ აღწერილი პრობლემა აბსოლუტურად ობიექტური და მოცემულობითია: მას ვერ გაექცევი, რადგან მოცემულობაა, რომ რუსეთი დედამიწის ხმელეთის, ასევე საჰაერი სივრცის დიდ ნაწილს იკავებს.
. . . . . . . . . . . . . . . . .
როგორც გატყობინებდით, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აპირებს კენჭი იყაროს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე.
ბაიდენის ანონსში, ასევე ბოლოდროინდელ აქტივობაში აბორტებთან დაკავშირებით, აშკარად იკვეთება, რომ ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი არათუ დარჩება ვიცე-პრეზიდენტად, არამედ ჯო ბაიდენის საარჩევნო კამპანიის ცენტრალურ ფიგურადაა განხილული.
კამალა ჰარისი დაეხმარება ბაიდენს, დემოკრატიული პარტიის ლიბერალური (ახალი გაგებით ამ ტერმინისა) დღის წესრიგის კიდევ უფრო მკაფიოდ არტიკულირებაში, რათა მოიზიდოს დემოკრატი ამომრჩეველი.
ჰარისი იმდენად ძლიერი ფიგურა ხდება დემოკრატიულ პარტიაში, როგორც ქალი და ფერადკანიანი, რომ ექნება რესურსი დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაშიც წამოიწყოს ბაიდენის მეორე საპრეზიდენტოი ვადის მიწურულს, - თუ ბაიდენს კვლავ აირჩევენ პრეზიდენტად მომავალ წელს. ანუ `დემოკრატთა` კანდიდატიც გახდეს 2028 წლის არჩევნებში.
ეს ქალბატონი (კალიფორნიის ყოფილი პროკურორი 2011-2017 წლებში) 58 წლისაა. რკინის ნებისყოფით გამოირჩევა იმავე ქალბატონ ჰილარი კლინტონისგან განსხვავებით, რომელიც საბოლოოდ საკმაოდ სუსტი აღმოჩნდა ყოველ მხრივ და ტრამპთან კონკურენციას ნამდვილად ვერ გაუძლო.ასე რომ, 2028 წელს შესაძლოა ამერიკის პრეზიდენტი მაინც გახდეს ქალი, ოღონდ ფერადკანიანი ქალი - აკმალა ჰარისი.
ყოველ შემთხვევაში, ამერიკელი ექსპერტები ამ ალბათობას სერიოზულად განიხილავენ.
საინტერესოა ასევე, რომ დემოკრატმა სენატორმა ბერნი სანდერსმა, რომელიც ლამის `სოციალისტად` ითვლება ამერიკაში, ბაიდენს სრული მხარდაჭერტა გამოუცხადა მომავალ არჩევნებში.
არადა სანდერსი წინა არჩევნებზე დემოკრატების ერთ-ერთი კანდიდატი იყო პრაიმერისზე.
. . . . . . . . . . . . . . . . .
92 წლის მედიამაგნატ რუპერტ მერდოკს კვლავინდებურად პრობლემები აქვს: იგი იძულებული გახდა 787 მილიონი დოლარი გადაეხადა ჯარიმის სახით 2020 წლის არჩევნების გაყალბების თაობაზე მისი ჟურნალისტების განცხადებათა გამო და `გაეშვა` სამსახურიდან ზე-პოპულარული სკანდალისტი ჟურნალისტი ტაკერ კარლსონი; დახურა მისი თოლქ-შოუ Tucker Carlson Tonight.
თუმცა შედეგად დაკარგა კიდევ 690 მილიონი დოლარი, რადგან ეს შოუ, რომელიც ყოველ საღამოს გადიოდა, ნამდვილად სუპერ-პოპულარული იყო ამერიკაში. შესაბამისად, მას შემდეგ, რაც კარლსონი გაუშვეს, მერდოკის FOX CORP 5%-ით გაიაფდა.
. . . . . . . . . . . . . . . . .
საოცარი შემთხვევა რუსეთში, რომელიც სისტემას ადასტურებს: ლეგენდარული ГРУ (ანუ რუსეთის სამხედრო დაზვერვა) ბიზნესმენმა ქალმა, ვინმე ალიაბიევამ 5 მილიონ დოლარზე (რუსული ტერმინით) Развела ანუ მიითვისა თანხა, რომელიც ამ სპეცსამსახურის თანამშრომელთათვის საცხოვრებელის სახლების მშენებლობას უნდა მოხმარებოდა.
ალიაბიევა იმუქრება, რომ იმ პერსონებს დაასახელებს, რომლებიც ГРУ-ში მისგან `ატკატებს` ითხოვდნენ!
კორუფციამ საბოლოოდ დაალპო ის ქვეყანა.
. . . . . . . . . . . . . . . . .
იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონიმ მონაწილეობა მიიღო `ფაშიზმისგან იტალიის გათავისუფლების დღის` აღნიშვნაში.
ეს თითქოს დიდი ვერაფერი ახალი ამბავია, რაკი ევროპის ბევრ სახელმწიფოში აღინიშნება ეს დღე.
მაგრამ, სინამდვილეში, აქ აღსანიშნავია რამდენიმე გარემოება: იტალია ფაშიზმის სამშობლოდ ითვლება; ჯორჯა მელონი წარმოადგენს პარტიას `იტალიის საძმო`, რომელიც 1945 წელს დაფუძნებული `ნაციონალური ალიანსის` შთამომავალია. `ნაციონალური ალიანსი` კი მაშინ იტალიის ავტოკრატი მმართველის, ბენიტო მუსოლინის მემკვიდეებმა შექმნეს.
მიუხედავად ამისა, პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონი ერთმნიშვნელოვნად მიჰყვება ევროპულ `მეგანარატივს` და ამით კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს ნარატივი, ასევე ცივილიზაციური `კოდი`, რაც ევროპაში ჩაიდო ნაციზმისა და ფაშიზმის დამარცხების შემდეგ, მეტისმეტად ძლიერია - ვერც ერთი ელიტური ჯგუფი და ცალკე აღებული პოლიტიკოსი მას ასე იოლად ვერ გადალახავს:
აბა გავიხსენოთ: რამდენი ვარაუდი იყო, თითქოს ულტრამემარჯვენე ჯორჯა მელონი იტალიას ევროკავშირიდან გაიყვანდა, პუტინის მოკავშირე გახდებოდა, მაგრამ როგორც კი ხელისუფლებაში მოვიდა, მაშასადამე პასუხისმგებლობა დაეკისრა, უკრაინის მოკავშირეც გახდა და ევროკავშირის შემდგომი განმტკიცება/ურღვევობის ადეპტიც.
რაც კვლავ ადასტურებს ევროპული `მეგანარატრივის` რეალურ სიძლიერეს. მიუხედავად პუტინის უბადრუკი მცდელობისა, იგი დაანგრიოს და ევროკავშირი დაშალოს.
. . . . . . . . . . . . . . . . .
კრემლის კულუარებიდან გაჟონილი ინფორმაციის თანახმად, პუტინმა ჯერ კიდევ 2021 წელს მიიღო გადაწყვეტილება (საბოლოოდ) უკრაინაში შეჭრის შესახებ და ამის `თრიგერი` ან/და `ბოლო წვეთი`, რამაც რუს დიქტატორს ეს ნაბიჯი გადაადგმევინა, გახდა უკრაინელი ოლიგარქისა და პუტინის ნათელ-მირონის, ვიქტორ მედვედჩუკის კუთვნილი ტელევიზიების დახურვა უკრაინაში.
ამის შემდეგ პუტინი მიხვდა, რომ უკრაინაში პოზიციებს საბოლოოდ კარგავდა.
მანამდე მედვედჩუკს იგი უკრაინის ალტერნატიული, პრორუსული მთავრობის ლიდერად განიხილავდა.
რუსული აგრესიის დაწყების შემდეგ მედვედჩუკი უკრაინაში დააპატიმრეს მაგრამ სულ მალე გაცვალეს უკრაინელ ტყვეებში.
. . . . . . . . . . . . . . . . .
ზელენსკის ოფისის მრჩეველმა, მიხეილ პოდოლიაკმა განაცხადა, რომ უკრაინას აქვს იურიდიული, პოლიტიკური და მორალური უფლება `გაანადგუროს ყველაფერი ოკუპირებულ ტერიტორიაზე და არანაირი აუცილებლობა არ არსებობს მოსკოვის დაბომბვისა`.
როგორც ჩანს ეს განცხადება არის პასუხი იმ `გაჟონვაზე`, რომ უკრაინას ჰქონდა გეგმა დაებომბა მოსკოვი, თუმცა პრეზიდენტმა ბაიდენმა შეძლო ზელენსკის დარწმუნება ამ ნაბიჯის მიზანშეუწონლობაში.
პოდოლიაკის განცხადებაში ისიც ნათქვამია, რომ უკრაინას კვლავინდებურად სჭირდება დიდი სიშორის რაკეტები, ოღონდ არა მოსკოვის და პეტერბურგის, არამედ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მტრის გასანადგურებლად.
მათ შორის ყ ი რ ი მ შ ი!