დეზერტირობის წამალი მხოლოდ ძლევამოსილი ომია

დეზერტირობის წამალი მხოლოდ ძლევამოსილი ომია

    რამდენიმე თვის წინ საქართველოს პარლამენტმა გამოაცხადა სამხედრო ამნისტია და შეიწყალა დეზერტირები, რომლებიც პოლიციის მიერ იძებნებოდნენ (ან სასჯელს იხდიდნენ) სამხედრო ნაწილიდან გაპარვისათვის.
    როგორც ჩანს, ამ წინადადების ინიციატორებს სურდათ, ერთგვარი წინაპირობა შეექმნათ (ჰუმანური გადაწყვეტილების პრეცედენტით) კანონმდებლობის შემდგომი გამკაცრებისათვის სამხედრო დანაშაულის სფეროში. უახლოეს მომავალში პარლამენტი (თავდაცვის სამინისტროს წინადადებით) განიხილავს ახალ კანონს, რომლითაც უაღრესად მკაცრი ზომები იქნება მიღებული დეზერტირობის აღმოსაფხვრელად, ვინაიდან მას ძალზე ღრმა სოციალური ფესვები აქვს. დეზერტირობა საბჭოთა (თუ პოსტსაბჭოურ) არმიაში ჩვეულებრივი მოვლენაა - იგი არ შეიძლება არ არსებობდეს იქ, სადაც არმია მხოლოდ მუშტრაზე და რეკრუტის სისტემაზეა დაფუძნებული. სხვა საკითხია, რომ მყარი ეროვნული თვითშეგნების შემთხვევაში ბევრი პრობლემის კომპენსირება ხდება პატრიოტიზმითა და სახელმწიფოებრივი თვითშეგნების მაღალი დონით. საქართველოსთვის კი ესეც დეფიციტი გახდა. არმიაში სამსახური კვლავ აღიქმება, როგორც უმძიმესი ბეგარა, ხოლო «პატრიოტულ ვალზე» საუბარი ისეთივე ცინიკურ დამოკიდებულებას იწვევს (უმრავლეს შემთხვევაში), როგორსაც იწვევდა კომუნისტურ ეპოქაში.
    საბჭოთა არმია კომპლექტდებოდა ექსტერიტორიული პრინციპით, ანუ წვევამდელს საქართველოდან აგზავნიდნენ მოსკოვში, კრასნოიარსკში, ან კუიბიშევში. ამ ადგილებიდან გამოქცევა, რა თქმა უნდა, ძნელი იყო უფულო და უპატრონო ჯარისკაცისათვის. საქართველოში კი ასეთი მანძილები არ არის. უკიდურეს შემთხვევაში ფეხითაც მიაღწევ სახლამდე, სადაც არ უნდა მსახურობდე. პრობლემებს კიდევ უფრო ამძიმებს ის გარემოება, რომ არ არსებობს შესაბამისი ნეგატიური განწყობა თვით ჯარისკაცთა შორისაც - დეზერტირი აღიქმება, როგორც სამხედრო მუშტრის მსხვერპლი, რომელმაც თავს უშველა და მშობლებთან დაბრუნდა.
    ზემოთქმულის გათვალისწინებით, ადვილი აღსაქმელია, რა უფსკრული გვაშორებს, ვთქვათ, შვეიცარიას, სადაც არმია (ისევე, როგორც ჩვენთან) ძირითადად რეკრუტის სისტემას ემყარება. ეს ნეიტრალური ქვეყანა სამხედრო თვალსაზრისით ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფოა ევროპაში.
    ნეიტრალიტეტი არ ნიშნავს არმიის არარსებობას. ომის შემთხვევაში შვეიცარიას 450 ათასიანი არმიის გამოყვანა შეუძლია უმოკლეს ვადაში - ორი დღის განმავლობაში. თითოეული მოქალაქე წელიწადში ერთ თვეს მსახურობს არმიაში. წარმოვიდგინოთ, ამგვარი სისტემა საქართველოშიც რომ არსებობდეს და ყველა მოქალაქე (ოციდან -ორმოცდახუთ წლამდე) ვალდებული იყოს, წელიწადში ერთი თვე იმსახუროს არმიაში.
    აშკარაა, რომ საქართველოში ამგვარი რამ არარეალურია. ამდენად, თავდაცვის სამინისტრო ისევ საბჭოთა სამხედრო ტრადიციის განმტკიცებისათვის იღვწის. მდგომარეობის გასაუმჯობესებლად იდეალური ვარიანტი იქნებოდა ძლევამოსილი ომი აფხაზეთში, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ამჟამად დამკვიდრებული «დამარცხების კომპლექსის» მოშლა. ამ შემთხვევაში საზოგადოებრივ ცნობიერებაში სულ სხვა სტერეოტიპები გაბატონდება და სახელმწიფოსაც მიეცემა საშუალება, რეალურად გაამკაცროს პოზიცია დეზერტირობის აღმოსაფხვრელად. საზოგადოებრივი განწყობის შეცვლის გარეშე კი ვერანაირი რეპრესიული ზომა შედეგს ვერ გამოიღებს.

მერიდიანი, 10 ივნისი, 1997 წ.