საერთაშორისო მიმოხილვა. 26 აპრილი. 2024 წელი
დონალდ ტრამპის სასამართლო პროცესები, მთლიანობაში, უკვე „გორდიასის კვანძად“ იქცა, რომელიც სულ უფრო მჭიდროდ „ინასკვება“ და ფაქტობრივად გაუხსნადი ხდება.
ამაზე მიანიშნებს გუშინ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ამერიკის უზენაესი სასამართლო, რომელიც აშშ-ში საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქციას(აც) ასრულებს, იხრება „საპრეზიდენტო იმუნიტეტის“ საკითხის იმგვარი გადაწყვეტისკენ, რაც ფაქტობრივად გამორიცხავს დონალდ ტრამპის მიმართ განაჩენის გამოტანას 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ყველაზე მძიმე საქმეებზე, რაზეც მას ნამდვილად ემუქრება ციხე: 2021 წლის იანვრის ამბოხი და არჩევნების შედეგთა შეცვლის მცდელობა.
შეგახსენებთ რაშია საქმე: ტრამპის ადვოკატებმა სარჩელი შეიტანეს უზენაეს სასამართლოში და ამტკიცებდნენ, რომ პრეზიდენტ ტრამპს ჰქონდა იმუნიტეტი.....შესაბამისად ის არ შეიძლება დევნოს სისხლის სამართლებრივად პროკურატურამ მას შემდეგაც კი, რაც პრეზიდენტი აღარ არის, რადგან როცა სავარაუდო დანაშაული ჩაიდინა (თუ ჩაიდინა კიდეც), იმ მომენტში საპრეზიდენტო იმუნიტეტი იცავდაო.
მათი ლოგიკით, საპრეზიდენტო იმუნიტეტი ვრცელდება არა მხოლოდ მოქმედ, არამედ ყოფილ პრეზიდენტებზეც.
უზენაესი სასამართლოს კონსერვატორმა წევრებმა, რომელთაგან ზოგიერთი თვით ტრამპის დანიშნულია, ეს არგუმენტი „ხელზე დაიხვიეს“ და იხრებიან გადაწყვეტილებისკენ, რომ დონალდ ტრამპის იმუნიტეტის საქმე ყველა კონკრეტულ შემთხვევაში ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა გადაწყვიტონ, რაც დე-ფაქტო იმას ნიშნავს, რომ....... ჯერ პირველ ინსტანციებში, შემდეგ „სააპელაციოებში“ ამ საკითხის განხილვა შესაძლოა თვეობით გაიწელოს.
გარდა ამისა, მიმდინარეობს ურთულესი, ლამის სოფისტური კამათი იმაზე, უნდა გაიმიჯნოს თუ არა დონალდ ტრამპის, როგორც პრეზიდენტის და თანამდებობის პირის დანაშაული - დონალდ ტრამპის, როგორც კერძო პირის ქმედებისგან.
მაგალითად, ის, რომ დონალდ ტრამპმა შექმნა კერძო ადვოკატების ჯგუფი, რათა არჩევნების შედეგი ეჭვქვეშ დაეყენებინა, ერთია(ო) ხოლო თუ ის სახელმწიფო სტრუქტურებს (მაგალითად თავისი ადმინისტრაციის თანამშრომლებს) იყენებდა იმავე მიზნით - სულ სხვა.
ადვოკატები ამტკიცებენ, რომ ნებისმიერ კერძო პირს აქვს უფლება შექმნას ადვოკატთა ჯგუფი და იბრძოლოს საკუთარი ინტერესებისთვის;
ეს იმდენად რთული იურიდიული „მატერია“ აღმოჩნდა, რომ ყველაზე განსწავლული ამერიკელი იურისტებიც კი იბნევიან - იურიდიულად ზუსტ ინსტრუმენტებს ვერ პოულობენ ამ კოლიზიის „გადასაჭრელად“.
და ამას აქვს ერთი ფუნდამენტური, სისტემური მიზეზი: უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაცია, რაც ტრამპს, როგორც პოლიტიკურ ფიგურას და მთელს საარჩევნო პროცესს თან სდევს.
ისიც საკითხავია უკვე, ამ „გორდიასის კვანძს“ 5 ნოემბრის არჩევნების ნებისმიერი შედეგი რაიმენაირად „გაჰკვეთს“ თუ ვერა.
. . . . . . . . . . . . . . . . .
ომი ღაზაში კიდევ ერთი „ტეხილია“, რომელიც ყოფს ამჟამად ისედაც არაკონსოლიდირებულ ამერიკულ სოციუმს: ამერიკაში სულ უფრო მასობრივ ხასიათს იძენს სტუდენტური მოძრაობა ელიტურ უნივერსიტეტებში ისრაელის წინააღმდეგ, რომელსაც ადანაშაულებენ მშვიდობიან პალესტინელთა ხოცვაში და გენოციდშიც კი.
რამდენიმე უნივერსიტეტთან სტუდენტური „კარვის ქალაქებიც“ კი აშენდა. მაგალითად ნიუ იორკის „კოლუმბიის“ უნივერსიტეტთან.
ბუნებრივია, ამ სტუდენტურ „გადაძახილში“ ქალაქიდან - ქალაქში და ოკეანიდან - ოკეანემდე ძირითადად არაბები მონაწილეობენ, თუმცა არა მხოლოდ.
პრობლემა იმდენად მწვავეა, რომ კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, მაიკ ჯონსონი, სპეციალურად ჩავიდა ვაშინგტონიდან ნიუ იორკში, მივიდა „ქალამბიაში“ და საჯაროდ მოითხოვა ამ უნივერსიტეტისპრეზიდენტისგან მინუშ შაფიკ (Minouce Shafik - აზიური წარმოშობისაა) ძალა გამოიყენოს სტუდენტური „კარვის ქალაქის“ დასარბევად, რაც ვიეტნამის ომის შემდეგ არ მომხდარა.
სპიკერმა განაცხადა, რომ ყველა, ვინც ამ პროტესტებში მონაწილეობს, ანტისემიტია და ებრაელები მათი რელიგიის (!) გამო სძულს.
ეს დაპირისპირება თუ რაიმენაირად „დაპარალელდა“ შემოდგომაზე დანიშნულ არჩევნებთან, შედეგი კიდევ უფრო მძიმე იქნება.
. . . . . . . . . . . . . . . . .
ევროატლანტიკური ელიტები, მათ შორის Think tanks ანუ ანალიტიკური ცენტრები აქტიურად მსჯელობენ, რა ბედი ელის ევროატლანტიკურ სოლიდარობას, თუ დონალდ ტრამპი „გააგდებს ბაიდენს თეთრი სახლიდან და თავად დაბრუნდება ოვალურ კაბინეტში“.
უკვე ვწერდით ერთ-ერთ მიმოხილვაში, რომ ამერიკის კონგრესმა სპეციალური კანონიც კი მიიღო, რომლის თანახმად მხოლოდ პრეზიდენტი ვერ გამოიყვანს ამერიკას NATO-დან: საამისოდ კონგრესის გადაწყვეტილება იქნება აუცილებელი. თანაც ორივე პალატისა კვალიფიციური უმრავლესობით.
მაგრამ.....როგორც რეზონულად წერენ Politico-ს ავტორები Barbara Moens, Jacopo Barigazzi, Karl Mathiesen, Alex Ward და Camille Gijs (ანუ თემა იმდენად მნიშვნელოვანია, მთელი კოლექტივი შეიკრიბა ამ ტექსტის გამოსაქვეყნებლად) დონალდ ტრამპს ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის ტორპედირებისთვის სულაც არ დასჭირდება მაინცდამაინც ალიანსიდან ოფიციალურად გასვლა: მას შეეძლება, უბრალოდ „შეშფოთება გამოთქვას“ თუკი პუტინი NATO-ს რომელიმე წევრს თავს დაესხმება, ნაცვლად აქტიური საბრძოლო მოქმედებების და სამხედრო პასუხისა.
საქმე ის გახლავთ, რომ NATO-ს წესდების ყბადაღებული მეხუთე პუნქტი, რომელზეც ჩვენში ყველა ლაპარაკობს, თუმცა ძალიან ცოტას აქვს წაკითხული, აცხადებს შემდეგს: NATO-ს რომელიმე წევრზე თავდასხმა ყველაზე თავდასხმაა, შესაბამისად თუ ამგვარი თავდასხმა განხორციელდა „NATO-ს წევრები გადადგამენ ნაბიჯებს და განახორციელებენ ქმედებებს, რათა დაეხმარონ აგრესიის მსხვერპლს“
ჰოდა - წერენ ავტორები - ტრამპმაც შეიძლება თქვას, რომ „გაეროში შეშფოთების გამოთქმაა“ სწორედ ასეთი ნაბიჯი, ამგვარი ქმედება, ამგვარი დახმარება და არა ამერიკული არმიის ჩართვა საბრძოლო მოქმედებებშიო.
რასაკვირველია, გარკვეულწილად, ასეთი ინტერპრეტაცია უტრირებაა, თუმცა ამ შემთხვევაში ლეგიტიმური უტრირება გამოდის, რაკი...... დონალდ ტრამპის ფენომენია თავისთავად პოლიტიკური უტრირება.
ტრამპმა არც თუ ისე დიდი ხნის წინ ღიად თქვა, რომ არ დაეხმარება ქვეყნებს, რომლებიც 2%-ზე ნაკლებს ხარჯავენ თავდაცვაზე.
პატარა ესტონეთი 2%-ს დახარჯავს თუ 3%-ს ამით განა რა იცვლება?
აქ დონალდ ტრამპის მიდგომა ძალიან ჰგავს ამერიკელი მეხანძრეების მიდგომას: თუკი კერძო დიდი სახლის მფლობელი ოჯახი არ იხდის ე.წ. „სახანძრო უსაფრთხოების გადასახადს“ (არსებობს ბევრ შტატში ასეთი გადასახადი) მაშინ ამერიკელი მეხანძრეები, ხანძრის შემთხვევაში, ადამიანებს გამოიყვანენ ცეცხლმოკიდებული სახლიდან, თუმცა ხანძარს არ ჩააქრობენ და ქონებას არ გადაარჩენენ რისი გადარჩენაც შეიძლებოდა.
აი დაახლოებით ასეთივე უტილიტარული მიდგომა აქვს ტრამპს
რომ აღარაფერი ვთქვათ მის განცხადებაზე, რომ „აიძულებს პუტინსაც და ზელენსკისაც გაყინონ ფრონტი ამჟამინდელ ხაზზე“ ანუ რუსეთმა შეინარჩუნოს ყირიმი და დონბასის დიდი ნაწილი.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
ავდეევკას მახლობლად, ოჩერტინოს რაიონშიიქმნება სახიფათო ვითარება: რუსებმა ისარგებლეს როტაციით, რომელიც უკრაინული არმიის შტაბმა უხეიროდ განახორციელა და შეუტიეს ამ სოფელს, რომელსაც სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.
Forbes წერს, რომ თუ რუსები შეძლებენ სატანკო ბრიგადით ოჩერტინოს საბოლოო აღებას, ამან შესაძლოა დონბასის ფრონტი„გაარღვიოს“.........
თუმცა უკრაინელებს „სულზე მიუსწრო“ ამერიკულმა დახმარებამ: 1 მილიარდი დოლარის იარაღი, ტყვიები და საარტილერიო ჭურვები უკრაინელებმა უკვე მიიღეს - მიუხედავად იმისა, რომ კონგრესის გადაწყვეტილებიდან და პრეზიდენტის ხელმოწერიდან სულ რამდენიმე დღეა გასული.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
უკრაინამ უკვე გამოიყენა ორჯერ ამერიკული შორსმწვდომი ATACMS მიუხედავად იმისა, რომ ეს რაკეტები სულ რამდენიმე დღის წინ მიიღო: დაარტყა პორტ ბერდიანსკს აზოვის ზღვაზე, რომელსაც ახლა მთლიანად რუსეთი აკონტროლებს და ასევე წარმატებით დაარტყა ჯანკოის სამხედრო აეროდრომს ყირიმში.
ATACMS ერთ ერთი თვისებაა, რომ მისი აღმოჩენა და „დაჭერა/ჩამოგდება“ რთულია.
ATACMS გასროლა ხდება HIMARS ზალპური ცეცხლის აპარატიდან. უკრაინას ეს აპარატი მანამდეც დიდი წარმატებით გამოუყენებია, ოღონდ 165 კილომეტრის სიშორეზე (წინა მოდიფიკაციის რაკეტებით) მაშინ როდესაც ამ ახლადმიწოდებული ATACMSრაკეტების შორსმწვდომობა უკვე 305 კილომეტრია.
ბევრ რამეს „მისწვდებიან“, თუმცა..... ამერიკელების უმკაცრესი პირობაა ისინი უკრაინამ გამოიყენოს არა რუსეთის არამედ უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიაზე.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
სენსაციური განცხადება გააკეთა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა. მისი თქმით, თუკი სომხეთი დათანხმდება ე.წ. „ზანგეზურის დერეფნის“ გაჭრას სომხეთის ტერიტორიის გავლით ნახჭევანის აზერბაიჯანული ექსკლავისკენ, მაშინ აზერბაიჯანი მზად იქნება სომხეთს იაფად მიაწოდოს აზერბაიჯანული ბუნებრივი აირი!
თუ ერევანმა და ბაქომ ამაზე მოილაპარაკეს, ეს იქნება უკანასკნელი ლურსმანი რუსეთის იმპერიის კუბოში!
იმიტომ, რომ ახლა თუკი რაიმე აკავებს სომხეთს პირდაპირ, ღიად შეტრიალდეს დასავლეთისკენ, არის სწორედ „უგაზოდ დარჩენის“ შიში. დღეს 100%-ით რუსეთიდან იღებენ ბუნებრივ აირს (საქართველოს გავლით).
ოღონდ „ზანგეზურის დერეფანი“ იოლი საქმე არ არის“: აზერბაიჯანი მოითხოვს ეს გზა ექსტერიტორიული იყოს ანუ მასზე სომხეთის იურისდიქცია არ ვრცელდებოდეს.