ამერიკული დახმარება – გრძელვადიანი პერსპექტივა

ამერიკული დახმარება – გრძელვადიანი პერსპექტივა

        საქართველო-ამერიკის ბოლოდროინდელი დაახლოების კონტექსტში, სავსებით ბუნებრივად აღიქმება სამხრეთ-ცენტრალური სარდლობის ოთხი ოფიცრის ჩამოსვლა თბილისში, რომლებიც ატარებენ სემინარს «საარმიო დაზვერვის» მეთოდთა თაობაზე.
        სემინარები თავდაცვის სამინისტროს სასტუმრო «თორში» ტარდება და კიდევ რამდენიმე დღეს გაგრძელდება. დასავლელ სამხედროთა ამ ჯგუფის გარდა, საქართველოში იმყოფებიან, აგრეთვე, ამერიკელი სპეციალისტები, რომლებიც ქართველ კოლეგებს «იროკეზის» ტიპის ვერტმფრენების მართვასა და მომსახურებას ასწავლიან.
        რაც შეეხება ამერიკელ ინსტრუქტორებს, რომლებმაც «წვრთნისა და აღჭურვის» სამთვიანი პროგრამა უნდა განახორციელონ, პენტაგონს, ამასთან დაკავშირებით, აშკარა ჭოჭმანი დაეტყო. ყველას გვახსოვს, რომ ინსტრუქტორთა პირველი ჯგუფები მარტის შუა რიცხვებიდან – თვის ბოლომდე უნდა ჩამოსულიყვნენ, მაგრამ არ ჩანან.
        ამას თავისი მიზეზები აქვს: ამერიკელები ყოველთვის ზუსტად თვლიან თავიანთი ნაბიჯების პოლიტიკურ შედეგებს. მთელი ამ ხნის განმავლობაში რუსეთი თავისი ემისრების (მათ შორის, თავდაცვის მინისტრ ივანოვის) პირით ჩასსინებდა: «სად შედიხართ? რომელ ქვეყანაში? თქვენი დახმარება შეიძლება გამოყენებულ იქნას ომის გასაჩაღებლად აფხაზეთსა და «სამხრეთ ოსეთში», - პასუხისმგებლობა კი ამერიკას დაეკისრება.
        გარდა ამისა, ხომ ხედავთ, თვით საქართველოს ხელისუფლებაში არ არის ერთიანობა – საპარლამენტო ოპოზიცია ეჭვს გამოთქვამს, თუ რა მიზნით იქნება გამოყენებული თქვენი დახმარება – რატომ იტკივებთ აუტკივარ თავს?
        შეუძლებელია ამ «სისინს» ამერიკელები არ ჩაეფიქრებინა, მით უმეტეს, რომ რეაქცია მათ დახმარებაზე აშკარად არაადეკვატური იყო: «აღჭურვისა და სწავლების» პროგრამას ამერიკა ახორციელებს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ აზერბაიჯანში და, თქვენ წარმოიდგინეთ, სომხეთშიც კი. რა თქმა უნდა, ეს პროგრამა თანამშრომლობის საკმოად მაღალ ხარისხს გულისხმობს და მისი ამოქმედება სერიოზულ წარმატებად უნდა ჩაითვალოს, მაგრამ ეს მაინც არ არის ქვეყნის «გეოპოლიტიკური კუთვნილების» შეცვლის ტოლფასი მოვლენა. მით უმეტეს იმ ვითარებაში, როდესაც საქართველოში კვლავ განლაგებულია რუსეთის რამდენიმე სამხედრო ბაზა. ამ ბაზების გატანას რუსები არ აპირებენ და ვერც ვაიძულებთ, რაკი რეგიონული ელიტათა მხარდაჭერით სარგებლობენ.
        მიუხედავად რუსეთის ძალმომრეობისა, რასაც შიდაოპოზიციის გააქტიურება ახლავს თან, აბსოლუტურად გამორიცხულია, ამერიკამ ინსტრუქტორები საერთოდ აღარ გამოაგზავნოს. ისინი, ალბათ, მიანც ჩამოვლენ, შეზღუდული რაოდენობით, წვრთნებსაც ჩაატარებენ და მშვიდობიანად გაემგზავრებიან სამშობლოში, ოღონდ, დახმარება არ და ვერ იქნება ისეთი ოდენობის, რაიმე სერიოზული ზეგავლენა მოახდინოს ქართული არმიის ბრძოლისუნარიანობაზე.
        არსებობს ფუნდამენტური პროგრამა «პარტნიორობა მშვიდობისათვის», რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლისას წარმოშობილ გეოპოლიტიკურ რეალიებს შეესაბამებოდა. დასავლეთი ამ ბალანსს არც ერთ შემთხვევაში არ დაარღვევს, თუ ძალიან არ დასჭირდა – მაგალითად, ერაყის დასაბომბად არ დასჭირდა ჩვენი აეროდრომები.
        ამასაც ბევრი გაღიზიანებით ხვდება საქართველოში – თითქოს, ამერიკა ვალდებულია პრობლემები გადაგვიწყვიტოს და ჩვენ კი თავი არ უნდა ავიტკიოთ.
        ასეთივე დამოკიდებულება იგრძნობა აფხაზეთის პრობლემისადმი: ვიღაცამ უნდა იბრძოლოს ჩვენს ნაცვლად, დაღვაროს სისხლი, ჩვენ კი ბიჭვინთის სანახებში შემდგომ ვინებებთ დასასვენებლად წასვლას.

დილის გაზეთი, 4 აპრილი, 2002 წელი