საერთაშორისო მიმოხილვა. 26 იანვარი. 2024 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 26 იანვარი. 2024 წელი

პუტინის პრეს-მდივანმა პესკოვმა მეტად სახიფათო და აგრესიული განცხადება გააკეთა ბალტიის ქვეყნების, ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის წინააღმდეგ.

აქვე უნდა ითქვას, რომ ამ სამი დამოუკიდებელი, NATO-სა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს ელიტები ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იბრძვიან იმისთვის, რათა ნარატივიდან გაქრეს  ტოპონიმი „ბალტიისპირა“, რაც რუსული Прибалтика-ს კალკია და ნაცვლად ამისა, დაამკვიდროს ტოპონიმი „ბალტიის სახელმწიფოები“ ანუ Baltic States. იმიტომ, რომ  Прибалтика - იმპერიული გადმონაშთია. ისევე, როგორც Закавказье.

პესკოვის თქმით, ბალტიის სახელმწიფოები, თურმე „საფრთხეს უქმნიან“ რუსეთს, კერძოდ რუსეთის კალინინგრადის ოლქს (ყოფილი კიონიგსბერგი), შემოჰყავთ თავიანთ ტერიტორიაზე დასავლური ჯარები, ქმნიან ახალ-ახალ სამხედრო ბაზებს, გაჟღენთილნი არიან რუსოფობიით, ამიტომ...... რუსეთი იძულებული იქნება მიიღოს ზომები თავისი გრძელვადიანი უსაფრთხოებისთვის.

ნიშანდობლივია, რომ ამ აგრესიულმა განცხადებამ გაიჟღერა მას შემდეგ, რაც პუტინმა (25 იანვარს) მოინახულა კალინინგრადის ოლქი. იგივე აღმოსავლეთ პრუსია, რომელიც 1945 წელს, მეორე მსოფლიო ომის დასასრულს, სტალინმა დაიპყრო და თან სსრკ-ს კი არ მიუერთა უბრალოდ „მოკავშირე რესპუბლიკის“ სტატუსით, არამედ რუსეთის საბჭოთა ფედერაციულ სოციალისტურ რესპუბლიკას მიუერთა მას შემდეგ, რაც კიონიგსბერგი (კანტის სამშობლო) გერმანელებისგან „გაწმინდა“.

 ბალტიის სახელმწიფოთა დისკურსთან დაკავშირებით ძალაუნებურად გახსენდება 1990-იანი წლების დროინდელი დისკუსიები დასავლეთში: მიეღოთ თუ არა ბალტიის სახელმწიფოები ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში.

მაშინაც იყვნენ ევროპაში „სასარგებლო იდიოტები“ ანუ ძალები, რომლებიც ამ სამ ბალტიკურ სახელმწიფოს (ისევე როგორც ახლა უკრაინას) „კეთილად ურჩევდნენ“, უარი ეთქვათ NATO-სა და EU-ში ინტეგრაციაზე, სანაცვლოდ კი გაეფორმებინათ უსაფრთხოების თაობაზე განსაკუთრებული ხელშეკრულება რუსეთის ფედერაციასთან.

საბედნიეროდ, ბალტიის სახელმწიფოთა ელიტები საკმარისად გონიერნი და შორსმჭვრეტელურნი აღმოჩნდნენ რათა ზუსტად განესაზღვრათ, რომ (ჩერჩილის პერიფრაზით) მოსკოვთან გაფორმებული ნებისმიერი ხელშეკრულება ღირს ზუსტად იმდენი, რამდენიც ღირს ქაღალდი, რომელზეც იგი გაფორმდა.

მეორეს მხრივ, პესკოვის აგრესიული განცხადება (ფაქტობრივად პუტინის განცხადება მისი „პირით“) ადასტურებს, რომ ბალტიის სახელმწიფოებს სჭირდებათ მეტი დაცვა და მეტი უსაფრთხოება.

 . . . . . . . . . . . . . . . . .

მას შემდეგ, რაც კვლავინდებურად ტრიუმფით მოიგო პრაიმერიზი ნიუ ჰემფშირში, დონალდ ტრამპი ისევ სასამართლოში აღმოჩნდა.

ამჯერად სამოქალაქო საქმეზე ცილისწამება-შეურაცხყოფის შესახებ მწერალ ქალბატონ ჯინ კეროლის მიმართ, რომელმაც უჩივლა, რაკი ტრამპმა ეს ქალბატონი ცრუპენტელობაში დაადანაშაულა, რისთვისაც კეროლი ახლა 10 მილიონი დოლარის კომპენსაციას ითხოვს/

შეგახსენებთ: კეროლი ტრამპს ბრალად სდებდა, რომ დიდი ხნის წინ მაღაზიის გასახდელში შეათრია და იქ გააუპატიურა.

სასამართლომ ტრამპი დამნაშავედ ცნო მხოლოდ სექსუალურ ჰარასმენტში, მაგრამ არა გაუპატიურებაში. 3 მილიონი დოლარის კომპენსაცია მიუსაჯა.

თუმცა ამ ქეისში ეს არ არის ყველაზე მთავარი. მთავარი ისაა, რომ დონალდ ტრამპს აბსოლუტურად არანაირ დისკომფორტს არ უქმნის და ვერაფერს აკლებს სასამართლოდან-სასამართლოში სიარული და ეს ასეც გაგრძელდება როგორც ჩანს: მოიგებს მორიგ პრაიმერიზს ან კოკუსს რესპუბლიკურ პარტიაში, წავა რომელიმე სხვა სასამართლო პროცესზე, კვლავ აღმოჩნდება ყურადღების ცენტრში, გააკეთებს ხმაურიან განცხადებებს, მოიზიდავს ყურადღებას და ა.შ და ა.შ.

აბსოლუტურად არ გამართლდა ბევრი დამკვირვებლის მოსაზრება, რომ მრავალრიცხოვანი  სასამართლო პროცესები ტრამპს დააზიანებდა და ხელს შეუშლიდა.

პირიქით ხდება.

ამით ის უტყუარი პოლიტ-ტექნოლოგიური დებულება დასტურდება, რომ პოლიტიკაში და ელექტორალურ დემოკრატიაში პოლიტიკოსისთვის მთავარია  აქტუალიზება ანუ ის, რომ იყოს აქტუალური, იყოს ყურადღების ცენტრში, თუნდაც სკანდალური სტატუსით,

სასამართლოდან - სასამართლოში სიარული ამას მხოლოდ ხელს უწყობს: ტრამპის წინააღმდეგ იმდენი საქმეა აღძრული (როგორც „სისხლის“, ასევე სამოქალაქო), რომ ამ „პოლიტტექნოლოგის“ გამოყენების საშუალება და შანსი მას ნამდვილად არ მოაკლდება 5 ნოემბრამდე, როცა საპრეზიდენტო არჩევნებია ჩანიშნული აშშ კონსტიტუციური ჩანაწერის თანახმად: „ყოველი ნაკიანი წლის ნოემბრის პირველი ორშაბათის მომდევნო სამშაბათს“,  რაც წელს 5 ნოემბერია.

ისიც ცხადია, რომ დაახლოებით 90%-იანი ალბათობით, ტრამპის ვერც ერთ საქმეზე ვერ მოესწრება იმგვარი გამამტყუნებელი განაჩენის დადგომა, რაც ციხეს ითვალისწინებს, რაკი, ბოლოს და ბოლოს, საქმე ყოფილ პრეზიდენტს და პრეზიდენტობის კანდიდატს ეხება.

 . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ივნისში ე.წ. „სამხრეთ ოსეთში“ უნდა ჩატარდეს ე.წ. „პარლამენტის“ არჩევნები.

კვლავინდებურად ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება „რუსეთთან შეერთება“.

მაგრამ ირკვევა, რომ როგორც ოსი პოლიტიკოსები ჩივიან, მოსკოველი კურატორები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან მორიგი რეფერენდუმის გამართვას ამ თემაზე.

როგორც ვიცით, ე.წ. „სამხრეთ ოსეთში“ უკვე ჩატარდა ორჯერ ეს ე.წ. „რეფერენდუმი რუსეთთან შეერთებაზე“: 1991 და 1992 წელს.

მაგრამ ახლა მოსკოვს არ აწყობს მორიგი რეფერენდუმი, რადგან, როგორც მოსკოველი კურატორები ამბობენ ცხინვალში ყოფნისას დახურულ კარს მიღმა „ეს გამოიწვევს მეორე ფრონტის გახსნას“.

იგულისხმება „მეორე ფრონტის“ გახსნა საქართველოსთან.

არანაირი „მეორე ფრონტი“ არ იქნება რასაკვირველია, თუმცა ცხადია, რომ „სამხრეთ ოსეთის შემოერთების“ საკითხი მოსკოვს შემონახული აქვს როგორც ბერკეტი თბილისზე ზეწოლისთვის. ამიტომ ჯერ არ განიხილავს „შემოერთებას“ და ხელს უშლის ამ თემაზე რეფერენდუმის ჩატარებას.

ან კი რაში სჭირდება ამგვარი დე-იურე „ინტეგრაცია“? განა ცხინვალის რეგიონი მთლიანად რუსული პოლიტიკური, სამხედრო, ეკონომიკური, ე.წ. „სამართლებრივი“ სივრცის დე-ფაქტო ნაწილი არ არის? განა ყველა გადაწყვეტილება ვლადიკავკაზში ან მოსკოვში არ მიიღება?

 . . . . . . . . . . . . . . . . . . .

მოსკოვის საქალაქო სასამართლომ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ცნობილ რუს ნაცისტს, ბანდიტს, ტერორისტსა და პროვოკატორს Игорь Стрелков (Гиркин) -ს

დამნაშავედ ცნო, თურმე ნუ იტყვით....„ექსტრემიზმში“

გირკინი - ФСБ-ს ყოფილი თანამშრომელი - ყირიმის და დონბასის ანექსიის სათავეებთან იდგა 2013 წლიდან.

სწორედ მისი ძალისხმევით ჩამოყალიბდა ჯერ  ყირიმში, შემდეგ დონბასზე შეიარაღებული ბანდა, რომელმაც ეს ტერიტორიები მოწყვიტა დასუსტებულ, უმწეო უკრაინას კრემლის ფარული მხარდაჭერით.

მაშინ მოსკოვი, პუტინი, ამჯობინებდა „სხვისი ხელით“ ემოქმედა და თვითონ ღიად არ გამოჩენილიყო საბრძოლო მოქმედებათა სცენაზე, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ყირიმის აეროპორტი და ქალაქი სევასტოპოლი, მათ შორის ყირიმის უმაღლესი საბჭო დაიპყრეს რუსულმა ჯარებმა 2014 წლის გაზაფხულზე, შემდეგ კი მოსკოვმა ყირიმი პირდაპირ შემოიერთა.

მაგრამ.....იგორ სტრელკოვ-გირკინის სახელი დაუკავშირდა საზარელ ტრაგედიას: 2014 წელს, როცა რუსულმა „საჰაერომ“, კერძოდ საზენიტო სისტემამ БУК ჩამოაგდო ნიდერლანდის მოქალაქეებით სავსე თვითმფრინავი, რომელიც მალაიზიაში მიფრინავდა;

ამის შემდეგ კრემლი იძულებული გახდა გირკინი სცენიდან „გაეწია“, რამაც ეს სამხედრო ავანტიურისტი დაბოღმა და პუტინის წინააღმდეგ ბრძოლა წამოიწყო: „არასწორად აწარმოებს ომს: უკრაინელები უბრალოდ უნდა ამოეწყვიტა და კიევი უნდა დაენგრიაო“.

სხვათა შორის, გირკინი არ არის ერთადერთი, ვინც პუტინს ადანაშაულებს, რომ 2022 წელს, როცა ბელორუსიდან შემოჭრილმა რუსის ჯარმა კიევი ალყაში მოაქცია, რუსულმა არტილერიამ მასირებული დაბომბვით ქალაქი არ დაანგრია.

პუტინს ამაზე სხვა არგუმენტი აქვს: კიევი არისო Мать городов русских და ჩვენ არ შეგვეძლო არტილერიით იგი ისე დაგვენგრია, როგორც 1945 წელს დავანგრიეთო ბერლინი.

ასეა თუ ისე, გირკინი პუტინის მტრად იქცა და ჩააგდეს კიდეც ციხეში 4 წლით. მიუხედავად მანამდელი „დამსახურებისა“

  . . . . . . . . . . . . . . . . . . .

 Bloomberg იტყობინება, რომ მარტისთვის დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების წინ, პუტინი აგზავნის ვაშინგტონში სიგნალებს ვითომდაც კომპრომისისთვის მზადყოფნის შესახებ უკრაინასთან.

ამგვარი „არხები“ მნიშვნელოვანი „მესიჯების“ გადასაცემად თეთრი სახლისთვის, პუტინს მუდამ ჰქონდა და ახლაც აქვს რასაკვირველია; მათ შორის არა მხოლოდ დიპლომატიური, არამედ სპეცსამსახურების არხით.

სპეცსამსახურები, მათი სპეციფიკიდან გამომდინარე, მუდამ ინარჩუნებენ კომუნიკაციას რაც არ უნდა მოხდეს და რა მდგომარეობაშიც არ უნდა იყოს ორმხრივი ურთიერთობები.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის ომის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე, მოსკოვში ჩავიდა CIA-ს დირექტორი უილიამ ბერნსი აბსოლუტურად იდუმალი ვიზიტით, რომლის შესახებ დანამდვილებით არავინ არაფერი იცის დღემდე.

Bloomberg ამტკიცებს, რომ მოსკოვის „ახალი“ წინადადებები გულისხმობენ შემდეგს: რუსეთი თანხმდება, რომ უკრაინის „გადარჩენილი ნაწილი“ შევიდეს NATO- ში (თუკი მიიღებენ!) ოღონდ იმ პირობით, რომ უკრაინა დე-ფაქტო ან დე-იურე დაეთანხმება ყირიმისა და დონბასის დაკარგვას.