საერთაშორისო მიმოხილვა. 28 დეკემბერი. 2024 წელი
რუსეთი იძულებულია დახუროს აეროპორტები მას შემდეგ, რაც გროზნოს თავზე რუსულმა „საზენიტომ“ ჩამოაგდო აზერბაიჯანული თვითმფრინავი......
ყაზახეთამდე მიფრინდა და იქ ჩამოვარდა.
რაღაც სასწაულით მგზავრთა ნაწილი გადარჩა.
მაგრამ მოგზაურობის მოყვარულ რუსებს ეს ისტორია ჯოჯოხეთად ექცათ, საათობით უწევთ აეროპორტებში ყურყუტი. ტან ყველაზე პრესტიჟულ აეროპორტებშიც: მოსკოვის „ვნუკოვო“ მაგალითად ან „შერემეტიევო“.
უკრაინა ძალიან გონებამახვილურად იყენებს „თვითმფრინავის ტიპის“ დრონებს, რომელთა გარჩევა სამგზავრო თვითმფრინავებისაგან არც ისე იოლია რადარზე.
ახლა აზერბაიჯანი და ყაზახეთი ამ ისტორიას ოსტატურად იყენებენ პუტინის წინააღმდეგ ბერკეტების მოსაპოვებლად: ბოდიშს მოითხოვენ, რაც „ამაყი ერის ლიდერი“ პუტინისთვის სულაც არ არის იოლი.
თან ბაქო იმ ნარატივს ავითარებს დიპლომატიური ტექნოლოგიის დაცვით, რომ მას შემდეგ რაც ყარაბაღის ომის დროს აზერბაიჯანის არმიამ რუსული სამხედრო ვერტმფრენი ჩამოაგდო, ბაქომ ბოდიში მოიხადა.
მაშ მოსკოვმა რატომ არ უნდა მოიხადოს ბოდიში?
. . . . . . . . . . . . . . . . . . . .
სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ რუსულ გაზსადენს „ჩრდილო ნაკადი-2“, რომელიც უკრაინულმა დივერსიულმა ჯგუფმა ააფეთქა, სულ მალე ამერიკა იყიდის.
ჟურნალისტები საგონებელში ჩავარდნენ, რატომ უნდა იყიდოს ამერიკამ გაზსადენი, რომელიც არ ფუნქციონირებს? მით უმეტეს, რომ გერმანიისგან განსხვავებით, ამერიკა მუდამ წინააღმდეგი იყო მისი გამოყენებისა ევროპისთვის რუსული გაზის მისაწოდებლად?
ჟურნალისტებმა ყურადღება მიაქციეს ამერიკელი მულტიმილიონერის, სტივენ ლინჩის განცხადებას, რომ ის მზადაა შეიძინოს „ჩრდილო ნაკადი“, რათა „გააკონტროლოს რუსეთის მიერ ევროპისთვის გაზის მიწოდება“
ვუჩიჩი ამტკიცებს, თითქოს ლინჩი დონალდ ტრამპთან შეთანხმებით მოქმედებს მიუხედავად იმისა, რომ ტრამპს აქვს ნათქვამი: „მე გავანადგურე პუტინის გაზსადენები იმით, რომ სანქციები დავაწესეო“.
არა.
ამერიკულ სანქციებს არ გაუნადგურებია ეს მილსადენები - უკრაინელმა გმირებმა გაანადგურეს რეალურად.
ოღონდ აი ამ გაურკვევლობას იგივე ვუჩიჩი და ზოგიერთი აღმოსავლეთ ევროპული სახელმწიფო მასთან ერთად იყენებს მთავარი „სათქმელის“ გასამართლებლად: „ჩვენ, პატარა ქვეყნები, ახლა უნდა დავიმალოთ ქვებს მიღმა, რათა ეს ქარიშხალი, რაც მსოფლიოში იწყება დონალდ ტრამპის პრეზიდენტობით, ჩვენ არ შეგვეხოსო“.
ეს მოტივაცია ამგვარი (!) ქვეყნებისა, როგორც „ორ სკამზე განთავსებული“ ვუჩიჩის სერბეთია, გასაგებია, მაგრამ აქ ნიშანდობლივია, რომ მათ „წყაროს“ უქმნის დონალდ ტრამპის გამაოგნებელი განცხადებები „კანადის შემოერთების“, „მექსიკის შემოერთების“ „პანამისთვის არხის წართმევის“ შესახებ, რაც ბევრად მნიშვნელოვანია სინამდვილეში, ვიდრე პირველი კადენციის დროს იმავე ტრამპის განცხადებები NATO-დან აშშ გასვლის შესახებ თუ ალიანსის წევრი სახელმწიფოები, პირველ რიგში გერმანია და საფრანგეთი GDP-ს 2%-მდე არ გაზრდიდნენ სამხედრო ხარჯებს.
. . . . . . . . . . . . . . . . . . .
უკრაინის ურთიერთობა აღმოსავლეთ ევროპულ სახელმწიფოებთან კრიტიკულ ნიშნულს და „უკანმოუბრუნებლობის წერტილს“ უახლოვდება: 1 იანვრიდან უკრაინა წყვეტს რუსული ბუნებრივი აირის ტრანზიტს, როგორც ითქვა „ერთხელ და სამუდამოდ“.
ზოგადად პოლიტიკაში „ერთხელ და სამუდამოდ“ იშვიათია, რაკი პოლიტიკური პრინციპია Never say never, მაგრამ უკრაინის ხელისუფლებამ, მათ შორის პრეზიდენტმა ზელენსკიმ ნამდვილად თქვა ერთმნიშვნელოვნად: 2025 წლის 1 იანვრიდან ვაჩერებ ბუნებრივი აირის ტრანზიტს!
აი ამის პასუხად კი, გუშინ გამოვიდა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო და განაცხადა: თუ უკრაინა შეწყვეტს რუსული ბუნებრივი აირის ტრანზიტს (პირველად ისტორიაში) მაშინ ჩვენ შევწყვეტთ უკრაინისთვის ელექტროენერგიის მიწოდებას.
სინამდვილეში იგი გულისხმობდა ელექტროენერგიის ტრანზიტს, რაკი ეს გერმანული ენერგიაა, რომელიც სხვადასხვა სქემებით მიეწოდება უკრაინას და უკრაინისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.
იმიტომ აქვს ესოდენი მნიშვნელობა, რომ როდესაც რუსეთი ბომბავს უკრაინას, ანადგურებს უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, უკრაინა ახერხებს ამ ინფრასტრუქტურის აღდგენას დასავლეთის დახმარებით, მაგრამ ამას დრო სჭირდება. ზოგჯერ რამდენიმე კვირა, ზოგჯერ 2-3 თვე. აი ამ პერიოდში კი, უკრაინის მოსახლეობა რომ სულ ელექტროენერგიის გარეშე არ დარჩეს, მას ევროპა აწვდის ელექტროენერგიას, ხოლო მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები, ჯერ კიდევ სსრკ ეპოქიდან დაწყებული, სწორედ სლოვაკეთზე გადის.
სხვათა შორის აქვე აუცილებლად უნდა შევნიშნოთ, რომ ეს და ამგვარი გარემოებები ხდება „აღმძრავი“ აღმოსავლეთ ევროპული ელიტებისთვის, მოსკოვისთვის მოსაწონი პოზიციები დაიკავონ.
მეორე მაგალითია უნგრეთი - მისი ელიტები და მათი ინტერესების გამომხატველი ორბანი მოსკოვზე იმითაა დამოკიდებული, რომ სწორედ რუსეთიდან იღებენ ნავთობს სტრატეგიული ნავთობსადენით, რომელიც ჯერ კიდევ СЭВ (Совет экономической взаимопомощи) ეპოქაში აშენდა.
ანუ, ფიგურალურად თუ ვიტყვით, ის ამაზრზენი იმპერია, რომელიც სტალინმა შექმნა და გორბაჩოვამდე არსებობდა 40 წლის მანძილზე, ჩვენ რომ გვეგონა მოკვდაო.....არ მომკვდარა ბოლომდე და ახლაც მოსკოვზე მუშაობს!
რობერტ ფიცომ ისიც დაამატა, რომ თუ უკრაინა მართლა შეწყვეტს ბუნებრივი აირის მიწოდებას ევროპისთვის, ევროპა 120 მილიარდ ევროს დაკარგავს.
აქედან 50 მილიარდს დაკარგავს იმიტომ, რომ იძულებული იქნება ამერიკული თხევადი გაზი იყიდოს და კიდევ 70 მილიარდს დაკარგავს იმის შედეგად, რომ ამ იაფი ბუნებრივი აირის გამოყენებით ელექტროენერგიას ვეღარ გამოიმუშავებს ევროპის თბო-ელექტროსადგურებზე, ხოლო ამერიკული თხევადი აირით გამომუშავებული ელექტროენერგია ბევრად ძვირი იქნება.
სხვათა შორის, თუ მხოლოდ მათემატიკური კალკულაციით მივუდგებით, ფიცო ტყუილს არ ამბობს: რუსული გაზის შეწყვეტა ევროპისთვის ნამდვილად პრობლემაა ამ ზამთარში მით უმეტეს.
ოღონდ ეს პრობლემა უკრაინის „გაწირვით“ და პუტინისთვის მისი „ჩაბარებით“ არ გადაიჭრება, როგორც ფიცოს და მისნაირებს უნდათ.
გეოპოლიტიკური, გეო-ეკონომიკური და სტრატეგიული ენერგეტიკული თვალსაზრისით, პრობლემის გადაჭრა იქნება აწ გათავისუფლებული სირიის ტერიტორიაზე კატარიდან ახალი დიდი გაზსადენის გაყვანა (სულ 2 წელია საკმარისი მის ასაგებად) თურქეთის ტერიტორიის გავლით და ამის შედეგად რუსეთზე ენერგეტიკული დამოკიდებულების ერთხელ და სამუდამოდ მოსპობა.
ოღონდ ამისთვის ისევ და ისევ აუცილებელია თანამედროვეობის ყველაზე ძლიერ და რეალურად წარმატებულ პოლიტიკოსთან: თურქეთის დიდ პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიიფ ერდოღანთან მოლაპარაკება, რაც არ არის იოლი, თუმცა შესაძლებელია.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . .
პუტინმა უკვე დაადასტურა, რომ რუსული გაზის ეპოქა ევროპაში დასასრულს უახლოვდება. გუშინ კრემლის ბინადარმა თქვა: უკრაინა აღარ გაატარებს ჩვენს ბუნებრივ აირს 1 იანვრამდე, ხოლო ამ დარჩენილ 3 დღეში ახალი კონტრაქტის გაფორმება ნამდვილად ვერ მოესწრებაო.
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა კი სხვა ფორმულირებით თქვა: „უკრაინა მზად არის თავის ტერიტორიაზე გაატაროს ნებისმიერი წარმომავლობის ბუნებრივი აირი, გარდა რუსულისა“.
ანუ მაგალითად, ყაზახეთი ან თურქმენეთი თუ გაატარებენ უკრაინის გავლით ბუნებრივ აირს - კი ბატონო. თუმცა მოსკოვი ამას ელცინის ეპოქაშიც კი არ თანხმდებოდა და მით უმეტეს ამჟამად არ დათანხმდება.
დანიის პრემიერ-მინისტრმა, ქალბატონმა ფრედრიკსენმა ერთ-ერთ ინტერვიუში „ვითომსასხვათაშორისოდ“ განაცხადა: კონსერვები მოვიმარაგე სამი დღის სამყოფი, რათა რუსული აგრესიის დროს მცირე ხანს მაინც თავი შევინარჩუნო მე და ჩემმა ოჯახმაო.
ასეთი რამ ევროპაში ხუმრობით არ ითქმის არასდროს!
ევროპელი პოლიტიკოსები ასე არ ხუმრობენ! „ვითომსასხვათაშორისო“ ტონით შეიძლება თქვან, მაგრამ ფრედრიკსენი საკმაოდ გამოცდილი პოლიტიკოსია და მან იცის: ყოველი მისი სიტყვა აღიქმება, როგორც „Message“ შინ თუ გარეთ.
ამ შემთხვევაში კი მისი „შეტყობინების“ არსი ისაა, რომ რუსული აგრესია ევროპის, კონკრეტულად დანიის წინააღმდეგ სრულებით რეალურია.
დანია და სხვა პატარა სახელმწიფოები ამ აგრესიას დიდხანს ვერ გაუძლებენ. შესაძლოა სულ რამდენიმე დღე გაძლონ, სანამ NATO-ს სხვა დიდი სახელმწიფოები ჩაერთვებიან საქმეში და როგორც ჩანს ახლა ამით დანიის პრემიერი (ლიტვის, ლატვიის, ესტონეთის, პოლონეთის, შვედეთის, ფინეთის სახელით) სწორედ ამერიკას მიმართავს ტრამპის ინაუგურაციის წინ: „არ მიგვატოვოთო“.
უფრო მეტიც: „არ მიგვატოვოთ“ კი არა, დროულად იმოქმედეთ და სამხედრო რესურსები გაზარდეთო აღმოსავლეთის ფლანგზე.
სსრკ დანგრევის შემდეგ იქ NATO-ს მნიშვნელოვანი ძალები არ განულაგებია.