მშობელთა კრება საქართველოს პარლამენტში

მშობელთა კრება საქართველოს პარლამენტში

      

        გუშინ კიდევ ერთხელ ჩაიშალა პლენარული სხდომა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში. ნიშანდობლივია, რომ ასეთი რამ სულ უფრო ხშირად ხდება: დილით იკრიბებიან დეპუტატები, ვერ აგროვებენ კვორუმს, სხდომა იხურება ან გადაიდება მეორე დღისათვის.
        ერთ-ერთმა დეპუტატმა იხუმრა კიდეც: მშობლები დავიბაროთ და კრება მოვაწყოთო. მაშასადამე, დეპუტატები «შატალოზე» მიდიან და ერთადერთი გამოსავალი მართლაც «მშობლების კრებაა». იგულისხმება «დედების კრება», ვინაიდან მამები ამ კრებებზე იშვიათად დადიოდნენ.
        თუ სერიოზულად ვილაპარაკებთ, პარლამენტში მომხდარი ძალიან სერიოზული კრიზისის მაჩვენებელია და ეს კრიზისი სულ უფრო გაღრმავდება. მიაქციეთ ყურადღება: 235 დეპუტატიდან 206-208 დეპუტატი ესწრებოდა სხდომებს, სადაც წყდებოდა პარლამენტის ახალი თავმჯდომარის არჩევის საკითხი. ასეთივე რაოდენობა გროვდებოდა მინისტრების დამტკიცებისას, ანუ როდესაც «გასარიგებელ-მოსარიგებელი იყო».
        ყოველდღიური მუშაობა კი იმდენად უსარგებლო და უინტერესო რუტინაა - დროის მოსაკლავადაც არ უღირთ. არადა, თუ ასე გაგრძელდა, როგორ უნდა მოიქცეს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო? რეგლამენტით დაწესებულია, რომ სხდომის დასაწყებად აუცილებელია მას ესწრებოდეს დეპუტატთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი, ანუ 118 დეპუტატი. ერის ამდენი რჩეული კი დილაობით სამსახურში არ ცხადდება. შეიძლება (ყოველ შემთხვევაში, თეორიულად) ისეც მოხდეს, რომ პარლამენტში კვორუმის არარსებობა ქრონიკულად იქცეს და დეპუტატებმა მოინდომონ შესწორების შეტანა რეგლამენტში (ბოლოს და ბოლოს კონსტიტუცია ხომ არ არის?!) და შეამცირონ კვოტა, დავუშვათ, მესამედამდე, ან კიდევ უკეთესი, მეოთხედამდე თუ მეათედამდე.
        ან 23 დეპუტატი თუ დაესწრება სხდომას, რატომ არ უნდა იყოს იგი უფლებამოსილი? სულ ერთია, «ჩვეულებრივი საკანონმდებლო საქმიანობისას» მეტი მაინც არ ზის ხოლმე დარბაზში. ან, კიდევ უკეთესი, თითოეული დეპუტატი იმდენად ძვირფასია საქართველოსათვის, თუ პატივს დასდებენ ქვეყანას და რიგ-რიგობით შევლენ (დღეგამოშვებით მაინც) სხდომათა დარბაზში, მივიჩნიოთ, რომ სხდომა შედგა და ერის რჩეულმა ვალი მოიხადა - 4-წლიანი ციკლის განმავლობაში თითო-თითოჯერ მაინც მოუწევთ პარლამენტის სხდომათა დარბაზში შესვლა.
        თუმცა, ეს ყოველივე მაინც უეჭველად მეტყველებს, რომ ამჟამინდელი პარლამენტი ვერც ერთი სერიოზული გადაწყვეტილების მიღებას ვეღარ შეძლებს და 2003 წლამდე საკუთარი თავის მიტანითღა იქნება დაკავებული. მეორე მხრივ, საქართველოს კონსტიტუცია არ იცნობს რიგგარეშე საპარალმენტო არჩევნების ინსტიტუტს. «ამერიკული მოდელის» შესაბამისად, პარლამენტი თავისი გადაწყვეტილებითაც კი ვერ გამოაცხადებს თვითლიკვიდაციას, რაც, ცოტა არ იყოს, უცნაურია.
        მაშასადამე, თუ პარლამენტარები საერთოდ აღარ მივლენ სხდომათა დარბაზში და არც ერთი სხდომა, არც ერთი კენჭისყრა არ გაიმართება 2003 წლამდე, ფორმალურად საქართველოს მაინც ეყოლება პარლამენტი. კანონიერი და კონსტიტუციური გზა კი ერთადერთია - შეგროვდეს 118 ხელმოწერა, დაინიშნოს რიგგარეშე სესია, რიგგარეშე დღის წესრიგით, აღიძრას საკონსტიტტუციო ცვლილებათა პროცესი, გამოქვეყნდეს ცვლილებათა პროექტი, გაიმართოს საერთო-სახალხო განხილვა, შემდეგ პროექტი დაბრუნდეს პარლამენტში, შეთანხმდეს პრეზიდენტთან (მოხსენდეს მაინც), ისევ დაინიშნოს რიგგარეშე სესია, გაიმართოს კენჭისყრა და 2/3-ით იქნეს მიღებული გადაწყვეტილება.
        ბუნებრივად ისმის კითხვა: ეს პარლამენტი სხდომის გასასხნელად ვერ აგროვებს 118 ხმას და 118 ხელმოწერა შეგროვდება ახალი საპარლამენტო არჩევნების დასანიშნად? სინამდვილეში, ერთადერთი ქმედითი ღონისძიება შეიძლება იყოს ხელფასის დაქვითვა ყოველი გაცდენისათვის. დეპუტატთა ნახევარს ეს სასაცილოდ არ ეყოფა, მაგრამ მეორე ნახევარ შეფუცხუნდება.

დილის გაზეთი, 7 დეკემბერი, 2001 წ.