საერთაშორისო მიმოხილვა. 28 მაისი. 2024 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 28 მაისი. 2024 წელი

მსოფლიო მეინსტრიმული მედიის მთავარი თემაა ისრაელის დარტყმა რაფახის ლტოლვილთა ბანაკზე, რომლის შედეგადაც უამრავი უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა.

 ევროკავშირი უკვე სანქციების შესაძლებლობასაც კი განიხილავს ისრაელის წინააღმდეგ, თუ რაფახში ოპერაცია არ შეწყდება.

ჯერ-ჯერობით პერსონალურ სანქციებზეა საუბარი....თუმცა ვინ იცის რა იქნება?

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ისრაელის „ეკონომიკური სასწაული“ თითქმის მთლიანად იმით იყო განპირობებული, რომ ამ ქვეყნის პროდუქციას ნულოვანი საბაჟო განაკვეთი ჰქონდა და აქვს ევროპის ბაზრებზე. ისევე, როგორც ამერიკულ ბაზრებზე, თუმცა ამერიკა შორსაა, ევროკავშირი კი - იქვე.

. . . . . . . . . . . . . . . .

გუშინ ისრაელ-ეგვიპტეს საზღვარზე, იმავე რაფახის მიდამოებში, შეიარაღებული შეტაკება მოხდა ისრაელისა და ეგვიპტის სამხედროებს შორის!!!

პირველად 1973 წლის „განკითხვის დღის ომის“ შემდეგ.

ჯერ-ჯერობით სერიოზული თითქოს არაფერია, მაგრამ......ფაქტი-ფაქტია.

პრემიერმა ნეტანიაჰუმ ინციდენტს „სამწუხარო შეცდომა“ უწოდა რითაც ფაქტობრივად აღიარა, რომ ცეცხლი „ცახალის“ მებრძოოლებმა გახსნეს და არა ეგვიპტელებმა.

შეგახსენებთ: ღაზას სექტორს, ისევე, როგორც მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროს არაბულ წარმონაქმნს, აქვთ ავტონომია, მაგრამ ამ ავტონომიათა საზღვრებს ერთის მხრივ ეგვიპტესთან და მეორე შემთხვევაში სახელმწიფო იორდანიასთან ისრაელი აკონტროლებს ამა თუ იმ ფორმით.

ზოგჯერ ჰაერიდან, ზოგჯერ უშუალოდ ხმელეთიდან.

. . . . . . . . . . . . . . . .

ზელენსკიმ ესპანეთში პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ ამჟამად ყველაზე დიდი პრობლემა ფრონტზე რუსული „პლანირებადი“ ბომბებია, რომლებსაც რუსები დიდი მანძილიდან უშვებენ და მათ წინააღმდეგ ბრძოლა არც ერთ „საზენიტოს“ არ ძალუძს.

რეალურად, ამ პრობლემის გადაწყვეტა (ვიმეორებთ ადრე ნათქვამს) შეუძლია ამერიკულ  F-16 საჰაერო კომპლექსებს მათი უახლესი „ჰაერი-ჰაერის“ კლასის რაკეტებით რუსული СУ-34 წინააღმდეგ, რომელიც უშვებს  ამ პლანირებად ბომბებს, მაგრამ უკრაინამ ეს თვითმფრინავები დღემდე ვერ მიიღო.

მიზეზი კი ისაა, რის გამოც გერმანია, მაგალითად, არ აწვდის უკრაინას Taurus რაკეტებს: ვაითუ მოსკოვი და პეტერბურგი დაბომბონო: საქმე ის გახლავთ, რომ F-16 სტრატოსფეროს სიმაღლიდან გაშვებული „ჰაერი-მიწის“ კლასის რაკეტები რუსეთის ამ „ორივე დედაქალაქს“ ნამდვილად მისწვდება.

. . . . . . . . . . . . . . . . .

მოსკოვი ინტენსიურად „აყეფებს“ თავის გოშიებს ჟენევის სამშვიდობო სამიტის მოახლოების კვალობაზე - უკრაინის შესახებ.

მაგალითად, ვენესუელას ავტოკრატმა მმართველმა მადურომ განაცხადა, რომ თურმე „დასავლეთმა აუკრძალა უკრაინას 2022 წელს სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება“.

იგულისხმება ე.წ. „სტამბულის შეთანხმებანი“, რაც სხვა არაფერი იყო თუ არა კიევის კაპიტულაცია.

ბუნებრივია, მოსკოვი შეეცდება, მადუროს მსგავსნი მრავლად იყონ წარმოდგენილნი ჟენევის სამიტზე. თვით მოსკოვი რომც არ მონაწილეობდეს...... მაინც.

. . . . . . . . . . . . . . . . .

როგორც გატყობინებდით რუსეთის ელჩი ვაშინგტონში, გენერალი (!) ანატოლი ანტონოვი ხშირად აკეთებს ანტიამერიკულ განცხადებებს დიპლომატიური ეთიკის დარღვევით.

ახლაც „აეწვა“ ბაიდენის ნათქვამი, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს „ამერიკელმა ჯარისკაცმა გადაარჩინა მსოფლიო და გაათავისუფლა ევროპა“.

 აბა რა უნდა ეთქვა ამერიკის პრეზიდენტს? - ევროპა კომუნიზმმა და სტალინმა გადაარჩინესო?!

 თუმცა გენერალ ანტონოვს დერჟავული იდიოსინკრაზია გაუმწვავდა და საპასუხო განცხადებაში ერთი საინტერესო ნიუანსი წასცდა: „მაშინ(აც) მთელი ევროპა გვებრძოდა მაგრამ გავუძელითო“.

იგულისხმება: ახლა(ც) მთელი ევროპა გვებრძვის და დღესაც გავუძლებთო.

. . . . . . . . . . . . . . . . .

გუშინ ვწერდით, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი ქვეყანაში სავალდებულო სამხედრო გაწვევის მომხრეა და საკუთარ ქალიშვილებს აგზავნის ჯარში უპირველესად.

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა დევიდ პისტორიუსმა კი განაცხადა, რომ დიდი სურვილი ექნებოდა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში აღედგინა სამხედრო გაწვევა, თუმცა.....ამისთვის გერმანული საზოგადოება მზად არ არისო.

ამიტომ არმიის რიცხოვნობის გაზრდას (უკრაინის საზარელი ომისა და ყველა ევროპული რისკის ფონზე) გერმანია აპირებს ახალგაზრდების „შემოტყუებით“ არმიაში არა მხოლოდ კონტრაქტებით და ხელფასით, არამედ სხვადასხვა სოციალური პრივილეგიით და ექსკლუზივით. მაგალითად ავტომანქანის მართვის მოწმობის უფასოდ აღებით და ა.შ და ა.შ

დღეს გერმანიის არმიის რიცხოვნობაა 181,5 ათასი.

სავალდებულო გაწვევა გერმანიაში 2011 წელს გაუქმდა.

საეჭვოა ახლა შეძლონ აღდგენა.

გერმანული სოციუმი კარდინალურად განსხვავდება (დიდწილად ისტორიული მიზეზების გამო) ინგლისური სოციუმისა და სოციო-ფსიქოლოგიისაგან, რაკი ინგლისელებს მიაჩნიათ (და სწორადაც მიაჩნიათ), რომ გამარჯვებული ერი არიან და არც ერთი ომი არ წაუგიათ.

. . . . . . . . . . . . . . . . . .

ერევანში დიდი დემონსტრაციებია პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით. ნიკოლ ფაშინიანს სამშობლოს ღალატში ადანაშაულებენ არა მხოლოდ ყარაბაღის, არამედ  საზღვრის დელიმიტაციის პროცესში რამდენიმე სომხური სოფლის აზერბაიჯანისთვის გადაცემის გამო.

თუმცა ამ ანტისამთავრობო გამოსვლებს „დრაივი“ აკლიათ და ჯერ-ჯერობით უშედეგოა.

მათი ლიდერია ტავუშის პროვინციის არქიეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი.

. . . . . . . . . . . . . . . . .

ჩრდილო კორეამ სცადა პირველი სამხედრო დანიშნულების კოსმოსური თანამგზავრის გაშვება დედამიწის ახლო ორბიტაზე!

ცდა წარუმატებელი იყო, რაკეტა, რომელსაც ხელოვნური თანამგზავრი ორბიტაზე უნდა გაეტანა, ყვითელ ზღვაში ჩამოვარდა.

თუმცა ეს „წარუმატებლობა“ სისტემური ხასიათის არ არის: რაც მთავარია, კიმების რეჟიმს აქვს უკვე სამხედრო დანიშნულების თანამგზავრი და ადრე თუ გვიან მას „აიტანს“ კოსმოსურ ორბიტაზე.

ისევე, როგორც „ადრე თუ გვიან“ შეძლო ატომური ბომბების დამზადება.

საოცარი ფაქტია, რომ შედარებით პატარა ქვეყანა, რომლის მოსახლეობა ლამის შიმშილით კვდება, - ბრინჯი ენატრება, - იმ სახელმწიფოების მცირერიცხოვან კლუბშია, რომლებსაც გააჩნიათ საკუთარი კოსმოსური თანამგზავრები.

მით უმეტეს სამხედრო დანიშნულებისა.

ამ მცდელობასთან დაკავშირებით განცხადება ვაშინგტონს არ გაუკეთებია.

განცხადება გააკეთა აშშ შეიარაღებულ ძალთა ინდო-წყნარი ოკეანის სარდლობამ (IndoPac) და სამხედრო თანამგზავრის გაშვების მცდელობას „სახიფათო“ უწოდა.

თან დაამატა, რომ ამერიკა მთელი ძალით დაიცავს თავის მოკავშირეებს: იაპონიასა და სამხრეთ კორეას.

აქ ყველაზე ცუდი ისაა, რომ ამგვარი „გამაღიზიანებლები“, როგორიცაა ბირთვული (!) ჩრდ.კორეის ესოდენი აქტიურობა კოსმოსში, „დღაბნის“ ამერიკის რესურსებს, რომლებიც უფრო უკრაინაზე უნდა იყოს ახლა კონცენტრირებული.

ჩრდ. კორეის „წარმატებები“ რომ მოსკოვის „მეგობრულ სარაკეტო ტექნოლოგიათა მიწოდებით“ აიხსნება, არავითარ ეჭვს არ იწვევს.

თუკი რამ შერჩათ რუსებს ხარისხიანი და მაღალტექნოლოგიური საბჭოთა პერიოდიდან, როცა გენ-კონსტრუქტორმა კოროლიოვმა ეს სარაკეტო ტექნოლოგიები ნაცისტ ვერნერ ფონ ბრაუნისგან მოიპარა, სწორედ რაკეტებია.

 

ამ ფონზე ძალიან საინტერესო ფაქტია, რომ სამხრეთ კორეაში გაიმართა ჩინეთ-კორეა-იაპონიის სამიტი.

მონაწილეობდნენ ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს პრემიერი ლი ციანი, სამხრეთ კორეის პრეზიდენტი იუნ სოკ იოლი და იაპონიის პრემიერი ფუმიო კისიდა.

სამიტის თემატიკა ეკონომიკურ-სავაჭრო ურთიერთობები იყო და ჩინელი პრემიერი სწორედ ამაზე პედალირებდა: ეკონომიკაზე ვილაპარაკოთ, პოლიტიკა გვერდზე გადავდოთო, თუმცა ეს რომ ცარიელი რიტორიკაა ყველას ესმის: ამ მასშტაბის „ეკონომიკა“ და „ვაჭრობა“ არ არსებობს დიდი პოლიტიკის გარეშე.

ჩინეთი, ასევე მისი ორი ვიზავი ძალიან რაფინირებულად „თამაშობენ“ ამ „საჭადრაკო დაფაზე“, თუმცა „დაფის“ მიღმა ამერიკაც მოიაზრება, რომელიც ყურადღებით აკვირდება მოვლენებს და მხარეთა „სვლებს“.

აქ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩინეთთან ურთიერთობა, არამედ სეულისა და ტოკიოს ისტორიული „მორიგება“, რაკი სამხრეთ კორეას არანაკლები რესენტიმენტები აქვს იაპონური მილიტარიზმისა და WW2 პერიოდში იაპონური მილიტარიზმის ჩადენილი მხეცობების (ნამდვილად ჩადენილი მხეცობების) მიმართ, ვიდრე ჩრდილო კორეას.

უბრალოდ, სამხრეთ კორეა ცივილიზებული ქვეყანაა და ეს რესენტიმენტები პოლიტიკურ პათოლოგიაში არ გადაეზარდა.

თუნდაც ერთ ნიუანსს დავაკვირდეთ იმის საილუსტრაციოდ, რა „ფილოსოფიის“ სამიტია ეს სამმხრივი შეხვედრა: იაპონიის პრემიერმა ჩინელ კოლეგას სთხოვა, გააუქმოს აკრძალვა იაპონური ზღვის პროდუქტების ჩინურ ბაზარზე (მათ შორის ჰონკონგში!) იმპორტის შესახებ, რაც დაწესდა იაპონურ ატომურ ელექტროსადგურ „ფუკუშიმას“ ავარიისა და ზღვაში ნარჩენების ჩაღვრის შემდეგ. უფრო ზუსტად, ამ საბაბით.

ჩინელმა პრემიერმა კი, ფუკუსიმაზე საუბრის ნაცვლად საპასუხოდ ტაივანზე და ტაივანის რეჟიმის ტოკიოს მხრიდან მხარდაჭერის დაუშვებლობაზე დაიწყო ლაპარაკი.

 კომენტარი ზედმეტია.