საერთაშორისო მიმოხილვა. 28 ოქტომბერი. 2024 წელი.

საერთაშორისო მიმოხილვა. 28 ოქტომბერი. 2024 წელი.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებებს უკრაინა დათანხმდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი დაბრუნდება 2022 საზღვრებთან ანუ უკრაინაში შეჭრამდე - მიუხედავად იმისა, რომ იმ მომენტისთვის მოსკოვს უკვე დაპყრობილი ჰქონდა ყირიმი და დონბასის დიდი ნაწილი.

ეს განცხადება არ გულისხმობს ტერიტორიულ დათმობებს, არამედ გულისხმობს თვით მოლაპარაკების დაწყების პირობას.

დღევანდელ ვითარებაში გამორიცხულია ეს პირობა მიიღოს პუტინმა.

 როგორც ჩანს, ერმაკის განცხადება შეთანხმებულია ზელენსკისთან და ერთგვარი „მესიჯია“ იმ ძალებისთვის დასავლეთში, რომლებიც მუდმივად მიანიშნებენ უკრაინას შეურიგებელი პოზიციის არამიზანშეწონილებაზე. კიევი კი მუდმივად ცდილობს ამ ძალებს გააგებინოს ან.....შეაგნებინოს, რომ შეურიგებელი პოზიცია სწორედაც პუტინს აქვს და არა ზელენსკის.

აბა ვის როგორ წარმოუდგენია პუტინი დღეს დათანხმდეს 2022 წლის თებერვლის ბოლოს არსებულ ხაზზე გაიყვანოს ჯარები?

თანაც მხოლოდ მოლაპარაკების დასაწყებად?

 სამწუხაროდ, დღეს არ არის პუტინი ამგვარ მდგომარეობაში: მისი რიტორიკა უეჭველად გულისხმობს როგორც მინიმუმ (ეს სრული მ ი ნ ი მ უ მ ი ა) ისტორიული „ნოვოროსიის“ სრულად დაპყრობას - დონეცკისა და ლუგანსკის, ასევე ხერსონის და ზაპოროჟიეს რაიონების საზღვრებზე გასვლას, რომლებიც ოფიციალურად უკვე გააფორმა როგორც რუსეთის ფედერაციის სუბიექტები.

სხვას ყველაფერს რომ თავი დაანებოს პუტინმა (არადა ნამდვილად არ დაანებებს თავს) ამ რაიონებიდან ჯარების გაყვანის ალბათობა არის ნულის ტოლი.

თუ უკრაინამ არ გააძევა ძალით და არ აიძულა უკან დაიხიოს.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

საოცრებას სჩადის ლეგენდარული The New York Times არჩევნების მოახლოების კვალობაზე.

დღევანდელ ნომერში გამოაქვეყნეს ედითორიალი (!!!_ ხაზს ვუსვამ: არა პოლიტიკური რეკლამა  წინასაარცევნოდ, არამედ ედითორიალი, ესე იგი  რედაქციის პოზიცია): მრისხანედ შავ ფონზე წარწერები მოკლე სლოგანებით.

რას აპირებს ტრამპი?

ტრამპმა თქვა, რომ ის აპირებს:

დაიჭიროს და გაასამართლოს მისი მტრები;

ბრძანოს ემიგრანტთა მასობრივი დეპორტაცია;

გამოიყენოს ჯარისკაცები მოქალაქეთა წინააღმდეგ;

აკეთოს პოლიტიკა საშინელებებით და კატასტროფებით;

დაუკარგოს ამერიკას მოკავშირეები;

 

და ბოლოს წარწერა: დაუჯერეთ მას!!!

 

NYT „ედითორიალი“ ადასტურებს და მკაფიოდ ილუსტრირებს, რა ატმოსფერო სუფევს ამჟამად ამერიკაში.

 დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ ეს ჯერ-ჯერობით ქუჩაში არ იგრძნობა.

მაგრამ მხოლოდ ჯერ-ჯერობოთ.

არავინ იცის რა მოხდება On the ground, იმდენად მაღალი და სასტიკია ამჟამად პოლარიზაცია ამერიკულ საზოგადოებაში.

 

დონალდ ტრამპმა თავისი საარჩევნო კამპანია დააგვირგვინა მშობლიურ ნიუ იორკში - Madison Square Garden-ში, სადაც მორიგი მქუხარე სფიჩი გააჟღერა:

პუერტო რიკოს „ნაგვის კუნძული“ უწოდა…… „ლათინოსი“ ქალები დაადანაშაულა კონტრაცეპტივების იგნორირებაში…….

 ერთ-ერთმა გამომსვლელმა (MAGA-ს წევრმა) კამალა ჰარისს „მეძავი“ ეძახა, ხოლო მეორემ „ანტიქრისტე“.

გასაგებია, რომ ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნები ყოველთვის იყო „ტალახის სროლა“.

ამის გარეშე დემოკრატია არ არსებობს.

მაგრამ ის რაც ახლა ხდება რიტორიკის და არაპოლიტკორექტულობის თვალსაზრისით, აბსოლუტურად ყველა ნორმისა და ტრადიციის დარღვევაა.

არც მეორე მხარე აკლებს რამეს, თუმცა ტრამპის ბოლო შეკრება MSG-ში მაინც რაღაც განსაკუთრებული მოვლენა იყო და ისტორიაში შევა.

დონალდ ტრამპის და პუტინის მეგობარმა, ტელეწამყვანმა ტაკერ კარლსონმა განაცხადა, რომ თუ კამალას აირჩევენ, ამით „დაბალი IQ-ს მქონე კალიფორნიელ პროკურორს აირჩევენ პრეზიდენტად“

ტრამპი სულ უფრო ხშირად იმეორებს, რომ მთავარი მტერი ამერიკას „შიგნით ჰყავს და არა გარეთ“ (the enemy from within).

თუ ამ საზრისული დომინანტით აპირებს პრეზიდენტობას, სერიოზული პრობლემები შეექმნება ამერიკულ დემოკრატიას.....

 თუმცა რაციონალურ დამკვირვებელთა აბსოლუტური უმრავლესობა გვარწმუნებს, რომ პანიკა და ისტერიკა ამგვარი განცხადებების გამო არ არის საჭირო!

არაფერს განსაკუთრებულს დონალდ ტრამპი არც იზამს და ვერც იზამს რაც არ უნდა თქვას ახლა - არჩევნებამდე, ხმების მოსაზიდად.

ამის გარანტიაა თვით ამერიკული დემოკრატია - ხელისუფლებათა დანაწილება, კონგრესი და ძლევამოსილი სასამართლო სისტემა.

სინამდვილეში მთავარი საფრთხე ის კი არაა, რომ დონალდ ტრამპი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში რაიმე საშინელებებს მოიმოქმედებს (ვერაფერსაც ვერ იზამს განსაკუთრებულს!-დ.) არამედ ის, რომ წაგების შემთხვევაში ის არ შეურიგდება მარცხს და მოუწოდებს მომხრეებს ქუცაში გამოსვლისკენ

აი ეს ბევრად მეტი საფრთხეა სინამდვილეში, რაკი გააძლიერებს პოლარიზებას და საქმე შეიძლება მივიდეს შეტაკებამდე, უკიდურეს შემთხვევაში კი სისხლის ღვრამდე.

რიტორიკის დონეზე სასტიკი  დაპირისპირება უკვე დაწყებულია.

MSG-ში ყველაზე ხშირად ისმოდა სიტყვები „ნაბიჭვარი“  და „სატანა“ კამალა ჰარისისა და მისი მომხრე დემოკრატების მიმართ.

აქ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ნიუ იორკი (NYC) და თვით შტატიც New York ითვლება „ლურჯ შტატად“ ანუ დემოკრატიული პარტიის და კამალას მომხრე შტატად, ამიტომაც გადაწყვიტა ალბათ დონალდ ტრამპმა სწორედ ამ Blue state-ში შეეკრიბა თავისი „წითელქუდიანები“ (Red hats), როგორც უწოდებენ უკვე ამერიკაში MAGA-ს (Make America Great Again) მიმდევრებს.

. . . . . . . . . . . . . . . . . .

„ბალანსირების პოლიტიკა“ საგარეო სფეროში ზოგჯერ კომიკურ იერს იძენს.

ამის მაგალითია სერბეთის „საგარეო ვაჭრობის“ მინისტრის ნენად პოპოვიჩის განცხადება, რომ თურმე ბელგრადში უდიდესი ოპტიმიზმით აღიქვეს BRICS (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთ აფრიკა) ყაზანის სამიტის გადაწყვეტილებები ერთიანი ვალუტის და ერთიანი ბანკის შექმნის შესახებ.

თვით სერბეთი, როგორც ცნობილია, ოფიციალურად ისწრაფვის გახდეს ევროკავშირის წევრი.

NATO-ს წევრობაზე განაცხადი ღიად არ გაუკეთებია, რაკი ის სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაციაა, ხოლო ამერიკის მსგავსად კოსოვოს დამოუკიდებლობის ცნობისთვის სერბეთი მზად არაა.

მაგრამ ეკონომიკურად ახლავე სურს ისარგებლოს რუსეთ-ჩინეთის და სხვათა ალიანსით, რაკი გლობალური ბაზრების ლამის მესამედია.

BRICS სამიტზე მართლაც იყო მცდელობა რაღაც ერთიან საგადამხდელო ვალუტაზე მოელაპარაკათ.

ოდესღაც, საბჭოთა იმპერიის ეპოქაში, როცა არსებობდა „ვარშავის ხელშეკრულება“ და ე.წ. „კომუნისტური ბლოკი“, მოსკოვმა დააინიცირა განსაკუთრებული ვალუტა, რომელსაც უნდა „ესროლა თათმანი“ დოლარისთვის: Переводной рубль.

ფული არ იყო ანუ კუპიურები არ დაუბეჭდავთ - გადარიცხვები ხორციელდებოდა მხოლოდ.

BRICS-ში რაღაც ამის მსგავსზეა ლაპარაკი, ოღონდ ახლა სხვა დროა.

ჯერ ერთი, „აღმოსავლურ ბლოკში“ ცივი ომის დროს მთლიანად მოსკოვი დომინირებდა; დღეს ჩინეთს მეტი გავლენა აქვს ვიდრე რუსეთს და არც ბრაზილია, ინდოეთი, სამხრეთ აფრიკა ჰგვანან სსრკ დროინდელ უნგრეთს ან გდრ-ს.

გარდა ამისა, ის „კომუნისტური ბლოკი“ მთლიანად ჩაკეტილი სისტემა იყო -„კაპიტალისტურ სამყაროსთან“ ურთიერთქმედება არ ჰქონია.

ახლა კარდინალურად სხვა ვითარებაა: ყველა წევრი სახელმწიფო (რუსეთის, მით უმეტეს ჩინეთის) ჩათვლით, „დოლარის და ევროს ზონაში შედის და ამ ზონის მიღმა მანევრირების დიდი არჩევანი არ გააჩნიათ“.

თუმცა სადაც და რამდენადაც გააჩნიათ, ათამაშებენ ამგვარ სპექტაკლებს რაც ყაზანში დადგა პუტინმა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . .

ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა 26 ოქტომბერს ირანზე დარტყმის შესახებ ინფორმაცია.

გასაგებია, რომ „ცახალ“ დაინტერესებული მხარეა, თუმცა ირანზე შეტევის შედეგებს ობიექტური დამკვირვებლებიც აანალიზებენ.

თუ შევაჯერებთ ამ მონაცემებს, მეტნაკლები სიზუსტით შეიძლება ითქვას, რომ ისრაელის ავიაციის დარტყმამ ყველაზე დიდი ზიანი მიაყენა ირანის საზენიტო სისტემას: განადგურებულია საბჭოთა წარმოების С-300 დანადგარები და მისი ირანული ანალოგები.

ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ირანს აღარ ექნება მომავალში საშუალება თავი დაიცვას ისრაელის შეტევისგან თუ ეს შეტევა არა მხოლოდ სამხედრო ბაზებისკენ იქნება მიმართული, არამედ ენერგეტიკული და ატომური ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად.

26 ოქტომბერსვე ისრაელმა გაანადგურა დრონების რამდენიმე საწარმო, მაგრამ ვერ გაანადგურა ბალისტიკურ რაკეტათა საწყობები.

ირანს შეეძლო დაუყოვნებლივ გაეშვა ისრაელის მიმართულებით 2 000 ბალისტიკური რაკეტა, რომელთა დიდი ნაწილი მიაღწევდა მიზანს (ისრაელის ქალაქებს - თელ ავივს, ჰაიფას და ა.შ) მაგრამ ირანის სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ თავი შეიკავა, რაკი შენიშნეს, რომ „ცახალ“-ი ნამდვილად მხოლოდ „წერტილოვან დარტყმებს“ ახორციელებდა.