საერთაშორისო მიმოხილვა. 3 თებერვალი. 2024 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 3 თებერვალი. 2024 წელი
CNN იტყობინება ამერიკულ დაზვერვაზე დაყრდნობით, რომ რუსეთმა დაიწყო რესურსების სტრატეგიული „გადალაგება“ უკვე ოკუპირებული ტერიტორიების შენარჩუნებაზე ნაცვლად ახალი ტერიტორიების, კიევის, დნეპრის, ხარკოვის, ოდესის დაპყრობის გეგმებისა. 
               რეალურად არსებობს უამრავი მარკერი, ნიშანი, რომელიც საშუალებას და საფუძველს უქმნის ისეთი მაღალი კვალიფიკაციის სპეცსამსახურებს, როგორიც ამერიკული სადაზვერვო თანამეგობრობაა (უპირველესად CIA რასაკვირველია) ამგვარი  დასკვნა „დადონ“. 
               მაშასადამე პუტინი თანდათან უახლოვდება იმ აზრს, რომ უკრაინაში მეტს ვეღარაფერს დაიპყრობს ყირიმის, დონბასის და ყირიმთან დამაკავშირებელი სახმელეთო დერეფნის (მარიუპოლის) გარდა. 
               ესეც არ არის ცოტა, რასაკვირველია, თუმცა იმის მინიმუმია, რასაც 2022 წელს გეგმავდა. 
               ესე იგი „ფრონტის გაყინვაზეც“ უკვე თანახმაა და ერთადერთი, რასაც  მოითხოვს, სანქციების მოხსნაა. 
               ამავდროულად, პრეზიდენტ ტრამპის მაგიდაზე დევს მისი მეგობრისა და მოკავშირის, სენატორ ლინდსი გრემის წინადადება (კანონპროექტი) 500%-იანი საბაჟო ტარიფის შემოღების შესახებ იმ ქვეყნების წინააღმდეგ ვინც რუსულ ნავთობს და თხევად გაზს ყიდულობს. 
               . . . . . . . . . . . . . . . . . . 
               NATO-ს ახალი გენმდივანი რიუტე გულმოდგინედ იმეორებს დონალდ ტრამპის ნარატივებს და აცხადებს, რომ ალიანსის წევრებმა თავდაცვის ბიუჯეტები მთლიანობაში (ინფრასტრუქტურის ჩათვლით) არა 2%-მდე, არამედ 5%-მდე უნდა გაზარდონო. 
               . . . . . . . . . . . . . . . . . .
               აზერბაიჯანის პარლამენტის ერთ-ერთი კომიტეტის ხელმძღვანელმა, რამიდ ნამაზოვმა განაცხადა, რომ ოფიციალურმა მოსკოვმა ჰაკერული თავდასხმა განახორციელა აზერბაიჯანულ მედიაზე. 
               მათ შორის სამთავრობო მედია-რესურსებზე, სამთავრობო ტელევიზიების ჩათვლით. 
               ნამაზოვმა პირდაპირ თქვა, რომ მსოფლიოში „კარგად“ ცნობილი ჰაკერული ჯგუფი Cozy Bear რომელიც ამ შეტევის მიღმა დგას, რუსეთის ხელისუფლებასთან, კერძოდ СВР (Служба внешней разведки - საგარეო დაზვერვა) ეგიდით მოქმედებდა...„
               და რომ თურმე ჯერ კიდევ 2 წლის წინ შეაღწია აზერბაიჯანის საიტებზე. 
               ხოლო თავდასხმა განხორციელდა იმის პასუხად(ო), რომ აზერბაიჯანმა დახურა ბაქოში Русский дом და Россотрудничесство. 
               პუტინი ამის გამო რა თქმა უნდა ძალიან გაბრაზდა. 
               აქ ნიშანდობლივია, რომ მოსკოვი კრინტს ვერ ძრავს. 
               არ პასუხობს ბაქოს. 
               არც რუსული ორგანიზაციების დახურვა დაუკომენტარებია და გასაგებია რატომაც: თუ საპასუხო ისტერიკას მოაწყობს, მოსკოვის უმწეობა მით უმეტეს მკაფიოდ წარმოჩინდება მას შემდეგ რაც აზერბაიჯანმა რუსეთის ისტორიული მოკავშირე სომხეთი პირწმინდად დაამარცხა 2020-2023 წლებში და ყარაბაღი დაიბრუნა. 
               რუსეთი სომხეთს არაფრით და ვერაფრით დაეხმარა. 
               ახლა ამ უსუსური „კიბერშეტევებით“ უხდის სამაგიეროს. 
               მეტს ვერაფერს უბედავს. 
               აზერბაიჯანის პარლამენტის დეპუტატი რომ პირადად ილჰამ ალიევის ნებართვის გარეშე ამ განცხადებას არ გააკეთებდა, ცხადია. 
               ანუ მოსკოვისა და ბაქოს ფარული (ჯერ ჯერობთ ფარული) დაპირისპირება ახალ სტადიაზე გადადის. 
               აზერბაიჯანს მძლავრი თურქეთი უდგას მხარში. 
            სწორედ თურქული სპეცსამსახურები დაეხმარნენ აზერბაიჯანულ სპეცსამსახურებს ამ დივერსიის გამოვლენაში. 
               დიდ ბრიტანეთში ადგილობრივი არჩევნები ტოტალურად, ერთმნიშვნელოვნად, გამანადგურებელი უპირატესობით მოიგი ნაიჯელ ფარაჯის რადიკალურად მემარჯვენე პოპულისტურმა „რეფორმების პარტიამ“. 
               676 მანდატი მოიპოვა 1600 მანდატიდან ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე ანუ ბევრად მეტი, ვიდრე „კონსერვატორებმა“ და „ლეიბორისტებმა“: შესაბამისად 317 და 99 მანდატი. 
               ფარაჯი აცხადებს, რომ ამით დასრულდა „ორპარტიულობა“ დიდ ბრიტანეთში. 
               ფარაჯი „ბრექსიტის“ ანუ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის მთავარი იდეოლოგი და არქიტექტორი იყო. 
               მისი პარტია მოითხოვს გადასახადების რადიკალურ შემცირებას, ბრიტანეთის საზღვრების საბოლოოდ ჩაკეტვას და ყოველგვარი „კლიმატური“ შეზღუდვების გაუქმებას. 
               . . . . . . . . . . . . . . . . . . 
               გუშინ უკრაინამ მძლავრად შეუტია დრონებით ოკუპირებულ ყირიმს. 
               კონკრეტულად სევასტოპოლთან მდებარე სარაკეტო ბრიგადას. 
               ასეულობით დრონი გაუშვა უკრაინის არმიამ. 
               თანაც არა მხოლოდ საჰაერო უპილოტო აპარატები არამედ საზღვაო წყალზედა და წყალქვეშა დრონები და რაც ყველაზე საინტერესოა, დრონებით შეუტიეს არა მხოლოდ ყირიმს, არა მხოლოდ სევასტოპოლს, არამედ....ნოვოროსიისკს. 
               გუშინ ნოვოროსიისკის სანაპიროდან, რომელიც ასეულობით კილომეტრითაა დაშორებული ყირიმის ნახევარკუნძულს, დამსვენებლების ევაკუაცია განხორციელდა. 
               განგაში მას შემდეგ ატყდა, რაც სანაპიროს რამდენიმე უკრაინული საზღვაო დრონი მიახლოვდა. 
               ნოვოროსიისკში რამდენი დამსვენებელიც არ უნდა იყოს, ეს ქალაქი რუსეთის უდიდესი სამხედრო-საზღვაო ბაზაა, ანუ აბსოლუტურად ლეგიტიმური სამიზნეა და თუ იქ რუსები „ჭყუმპალაობენ“ (თითქოს არ იციან, მათი ქვეყანა აგრესიულ ომს აწარმოებს), ეს მათივე პასუხისმგებლობაა და არა უკრაინისა. 
               უკრაინა მხოლოდ თავს იცავს. 
               ყველაფრით ჩანს, რომ ამ ზაფხულს კარგი„ საკურორტო/საზღვაო სეზონი“ შავი ზღვის „რუსულ“ სანაპიროზე არ იქნება. 
               ალტერნატივად რჩებათ აფხაზეთი და აჭარა. 
               . . . . . . . . . . . . . . . . . 
               დონალდ ტრამპმა გამოაქვეყნა, შეიძლება ითქვას, სენსაციური განცხადება ამერიკის როლზე პირველ და მეორე მსოფლიო ომში. 
               ჯერ ერთი, მან განაცხადა, რომ ამერიკამ ორივე ომში სხვებზე მეტი წვლილი შეიტანა. 
               „სხვები ზეიმობენ 8 მაისს“, თუმცა ამერიკის წვლილი ბევრად მეტიაო. 
               ეს განცხადება, რასაკვირველია, ძალიან არ მოეწონება პუტინს, რომელსაც „Великая отечественная война“ და ამ ომთან დაკავშირებული ნარატივები საკუთარი რეჟიმის საყრდენად აქვს ქცეული. 
               ტრამპი კი ამბობს (და მართალია), რომ საბჭოთა კავშირისთვის გაწეული დახმარება, ლენდ-ლიზი იყო ყველაზე ღირებული და გადამწყვეტი. 
               გასაგებია რატომ „8 მაისს“ - იმიტომ, რომ როდესაც 1945 წლის 8 მაისს 23 00-ზე, ბერლინის რაიონ (შემოგარენ) კარლსჰორსტსში ხელი მოეწერა გერმანიის კაპიტულაციას, ევროპაში მაგ დროს ჯერ კიდევ 8 მაისი იყო, ამერიკაშიც, შესაბამისად, „ჯერ კიდევ“ 8 მაისი იყო, ხოლო მოსკოვში „უკვე“ 9 მაისი იყო გასაგები მიზეზების გამო.
             არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ დონალდ ტრამპი აპირებს 11 ნოემბერი გამოაცხადოს პირველ მსოფლიო ომში ამერიკის გამარჯვების დღედ. 
               ეს უკვე „ევროპული კონტექსტის“ გამოა მნიშვნელოვანი: 
               1918 წლის 11 ნოემბერს პარიზში ხელი მოეწერა სამშვიდობო შეთანხმებას ე.წ. Great war დასრულების შესახებ. 
               ოღონდ საქმე ის გახლავთ, რომ ევროპული ელიტები იმ „დიად ომთან“ მიმართებაში შეთანხმებულები არიან, ეს დღე შერიგების და ურთიერთმიტევების სიმბოლოდ აქციონ. 
            იმიტომ, რომ პარიზის 11 ნოემბრის შეთანხმება იმდენად დამამცირებელი და კაბალური იყო გერმანიისთვის, ზუსტადაც ამან განაპირობა მეორე მსოფლიო ომი. 
               ტრამპის მიერ ამერიკის წვლილის ასეთი „გამოკვეთა“ არც ევროპელ მოკავშირეებს, უპირველესად ფრანგებსა და ბრიტანელებს მოეწონებათ. 
               თუმცა დონალდ ტრამპი ასეთ „წვრილმანებზე“ არ ფიქრობს. 
               მისი „ფილოსოფიაა“ Make America Great Again. 
               „ძალითა და ვაჟკაცობით ამერიკელებს ვერავინ შეედრებოდა იმ ომში“ - ამბობს აშშ 45/47 პრეზიდენტი. 
               და განა რა არის გასაკვირი, პრეზიდენტი თავისი ნამდვილად დიდი ქვეყნის როლზე, მის მეომართა ექსკლუზიურ თვისებებზე და უნიკალურობაზე საუბრობდეს?! 
               არც არაფერი, ოღონდ......პრობლემა ისა, რომ ადრე ამგვარი ნარატივი ევროატლანტიკური სოლიდარობის კონტექსტში ესე იგი NATO-ს კონტექსტში „მოვე - ტონად“ ესე იგი ცუდ ტონად ითვლებოდა. 
               შესაბამისად დღემდე (ტრამპამდე) ამერიკის პრეზიდენტები ამგვარ რიტორიკას არ მიმართავდნენ. 
               თორემ პუტინი, მაგალითად, ახლაც აცხადებს მორიგი იუბილეს წინ: „ჩვენ მაინც გავიმარჯვებდით იმ ომში არანაირი ლენდ-ლიზი რომ არ ყოფილიყო, ესე იგი ამერიკის სამხედრო დახმარება არ მიგვეღო და მხოლოდ რუსებს რომ გვეომა უკრაინელების და უზბეკების გარეშეცო“. 
            და ბოლოს: დავაკვირდეთ, რომ დონალდ ტრამპი „მეორე მსოფლიო ომში ამერიკის გამარჯვების დღედ“ აწესებს 8 მაისს ესე იგი გერმანიის კაპიტულაციის დღეს. 
               რატომ? 
               საყოველთაოდ ცნობილია: მეორე მსოფლიო ომი დასრულდა მაშინ, როდესაც ამერიკამ იაპონიის იმპერიას მოაწერინა ხელი კაპიტულაციაზე 1945 წლის 2 სექტემბერს. 
               ყველაზე დიდი და ეგზისტენციალური ბრძოლები, ამერიკას, სინამდვილეში წყნარ ოკეანეზე ჰქონდა იაპონიასთან და არა ევროპაში - ნაცისტურ გერმანიასთან.
                მაშ რაზე მეტყველებს ის, რომ დონალდ ტრამპი სწორედ ევროპაში ომის დასრულებასთან „ლინკავს“ მისი ქვეყნის გამარჯვებას? 
               უდავოდ მეტყველებს იმაზე, რომ დონალდ ტრამპი, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, თავის ქვეყანას კვლავ ევროპული კულტურული და ცივილიზაციური „სივრცის“ კონტექსტში განიხილავს. 
               და ასეც არის ნამდვილად: როგორი მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს წყნარი ოკეანის აუზი, ჩინეთი და მთელი ის დიდი რეგიონი გეოპოლიტიკურად და გეოეკონომიკურად დღეს, ამერიკის იდენტობა ისევ და ისევ ევროპას უკავშირდება.