არძინბას საქართველოში საარჩევნო კამპანიის იმედი აქვს

არძინბას საქართველოში საარჩევნო კამპანიის იმედი აქვს

        მეტოქის შიდა წინააღმდეგობებისა და პრობლემების გამოყენება პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი კანონია. აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი (უნდა ვაღიაროთ) სრულყოფილად ფლობს პოლიტიკის ხელოვნებას. მისი ეშმაკობის გამოვლენაა თუნდაც ის ფაქტი, რომ, ეგრეთ წოდებული «საპრეზიდენტო არჩევნები» და «რეფერენდუმი» აფხაზეთის დამოუკიდებლობის თაობაზე დანიშნა 3 ოქტომბერს და არა სხვა დროს – იცის, რომ, სულ ცოტა, 2000 წლის მაისამდე საქართველოს «ხელ-ფეხი» შეკრული აქვს.
        ბუნებრივია, ხელისუფლება (აფხაზეთში «რეფერენდუმის» ჩატარების შემდეგ) სეპარატისტებს ვერაფერს დაუპირისპირებს. მან უკვე გააკეთა განცხადება: «ზოგიერთებს თბილისში სურთ აფხაზეთში რეფერენდუმი გამოიყენონ თავიანთი წინასაარჩევნო პრობლემების გადასაწყვეტად», ანუ, თუ მაგალითად, 3 ოქტომბერს აფხაზეთში «რეფერენდუმის» ჩატარების საპასუხოდ საქართველოს ხელისუფლება მოითხოვს რუსეთის ეგრეთ წოდებული «სამშვიდობო ძალების» გაყვანას კონფლიქტის ზონიდან და შეიყვანს ჯარებს აფხაზეთის ტერიტორიაზე (სხვა რა შეიძლება დავუპირისპიროთ ამ რეფერენდუმს რეალურად?), მაშინ არძინბა უეჭველად იტყვის: ედუარდ შევარდნაძესა და «მოქალაქეთა კავშირს» 31 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვების იმედი არ აქვთ და ამიტომ აფხაზეთში ახალი ომის პროვოცირებას ცდილობენო».
        რაც მთავარია, იცის არძინბამ, რომ ამ არგუმენტს უეჭველად «აიტაცებს» და მხარს დაუჭერს «ოპოზიცია» თვით საქართველოში. «ოპოზიციას» ხომ, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი პოზიციების გაძლიერება და მტრის («მოქალაქეთა კავშირისა» და შევარდნაძის) პოზიციების დასუსტება აინტერესებს.        ეგღა აკლია, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, რაიმე არგუმენტის (თუნდაც არძინბას არგუმენტის) ტირაჟირებასა და გამოყენებაზე თქვას უარი.
        როგორც ჩანს, ასე იყო და ასე იქნება საქართველოში. არძინბამ ბრწყინვალედ, გენიალურად ისარგებლა შიდაქართული დაპირისპირებით 1992-93 წლებში, თუმცა ყველა ქართველი (განურჩევლად «ისტობისა»  ერთნაირად სძულდა და ეზიზღებოდა).
        აქედან გამომდინარე, არძინბა, რომელმაც ქართული ეთნოფსიქოლოგია და ჩვენი პოლიტოკრატიის ზნე-ჩვეულება შესანიშნავად შეისწავლა; იგი დარწმუნებულია, რომ 3 ოქტომბრის «რეფერენდუმის» საპასუხოდ საქართველო რეალურად ვერაფერს მოახერხებს – არჩევნების წინ ვითარების დესტაბილიზაცია და ახალი ომის წამოწყება (ზემოხსენებული არგუმენტი რომც არ არსებობდეს) წარმოუდგენელია.
        31 ოქტომბრის შემდეგ კი იწყება ახალი საარჩევნო კამპანია: 2000 წლის 9 აპრილს უნდა გაიმართოს საპრეზიდენტო არჩევნები. მაშასადამე, 31 ოქტომბრიდან - 9 აპრილამდე უზარმაზარ ქრონოლოგიურ მონაკვეთში, საქართველო, აგრეთვე «ხელფეხშეკრული» იქნება.
        მთავარი «პრეტენდენტები» აგრეთვე, გამოიყენებენ იმავე არგუმენტს და შეინარჩუნებენ სტაბილურობას» - მაშასადამე, ამ სტაბილურობის პირობებში არძინბას დამპალი ხახვივით შერჩება 3 ოქტომბრის «არჩევნები» და «რეფერენდუმი» - 2000 წლის მაისში კი, როდესაც ვითარება «დალაგდება» და ხელისუფლება სტაბილურობას მოიპოვებს, «აფსუანური რეფერენდუმიდან» უკვე 6 თვეზე მეტი იქნება გასული, ანუ ახალი პოლიტიკური რეალობაც შეიძენს სტაბილურობას.
        სწორედ ამის იმედი აქვს მას და არცთუ უსაფუძვლოდ – ამიტომ დაამთხვია რეფერენდუმი საქართველოში «დიდ საარჩევნო ციკლს», რომ დიდოსტატურად (მერამდენედ, მერამდენედ (?!!!) გამოეყენებინა ჩვენივე შიდა წინააღმდეგობა, შიდა დაპირისპირებულობა.
        თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ შიდა წინააღმდეგობა და შიდა დაპირისპირება (ზოგადად) ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის დამახასიათებელია – ყოველთვის არსებობს, იარსებებს ოპოზიცია და ხელისუფლება, ყოველთვის იქნება ინტერესთა შეჯახება – მთავარი ის არის, ერს, საზოგადოებას თუ ეყოფა პოლიტიკური, სახელმწიფოებრივი კულტურა, ამაღლდეს ამ წინააღმდეგობაზე და გაარჩიოს უზენაესი ინტერესი.
        დაბალი სახელმწიფოებრივი კულტურის ერს ამის უნარი არ აღმოაჩნდა და არც აღმოაჩნდება.
        ის, რომ, ეგრეთ წოდებული «რეფერენდუმი» შეთანხმებულია რუსეთთან (მიუხედავად გაიძვერა ივანოვის ფორმალური, წყალ-წყალა განცხადებებისა) ელემენტარულად თვალსაჩინოა: სწორედ ამიტომ მოითხოვდნენ ესოდენი დაჟინებით «სამშვიდობო ძალებისთვის» მანდატის დადასტურებას, «სარეფერენდუმოდ» თავადაც ჰქონოდათ მყარი იურიდიული არგუმენტი – საქართველოს სასოწარკვეთილი პროტესტების საწინააღმდეგოდ.
        რა თქმა უნდა, საქართველოს შეუძლია, მოითხოვოს რუსული ჯარების გაყვანა, მაგრამ ამას უეჭველად მოჰყვება ომი, რის თაობაზეც უკვე აღვნიშნეთ ზემოთ.
        ერთადერთი, რასაც საქართველო შეძლებს, არის სწორედ სასოწარკვეთილი პროტესტების გაგზავნა «ყველა საერთაშორისო ინსტანციაში», მაგრამ პარადოქსი ის არის, რომ ამით ისევ და ისევ სეპარატისტთა წისქვილზე დავასხამთ წყალს – რაკი თავად გავუსვამთ ხაზს საკუთარ უმწეობას, აფხაზეთის დე-ფაქტო დამოუკიდებლობას და თავადვე მოვახდენთ მათი «რეფერენდუმის» შედეგთა პოპულარიზაციას.
        მაშასადამე, სჯობს (ნამდვილად სჯობს), რეაქცია ზომიერი და ფორმალური იყოს (ვთქვათ, ცივი განცხადება პრეზიდენტის ან შინაგან საქმეთა მინისტრის მხრიდან) მაგრამ... მაგრამ ესეც გათვალა! მან ხომ შესანიშნავად უწყის: თუ «რეფერენდუმს» ხელისუფლების მკვეთრი რეაქცია არ მოჰყვება – ოპოზიცია წინასაარჩევნოდ უეჭველად ააგორებს ახალ არგუმენტს: «წარმოგიდგენიათ, სეპარატისტებმა რეფერენდუმი გამართეს და ხელისუფლება ხეირიანად პროტესტსაც კი არ აცხადებსო» - ამიტომ, რეალურად ხელისუფლება იძულებული იქნება (ოპოზიციის ეს არგუმენტი აიძულებს), სრულებით ფუჭი და არაფრისმომცემი ისტერიკები მოაწყოს და ძალაუნებურად ისევ სეპარატისტთა წისქვილზე დაასხას წყალი.
        საერთოდ, ვლადისლავ არძინბას თაობაზე უნდა ითქვას, რომ 1989 წლის მაისიდან (ანუ იმ დღიდან, როდესაც პირველად გამოვიდა საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობაზე გველური სპიჩით, რომელშიც თითოეულ სიტყვას, თითოეულ ფრაზას თავისი დატვირთვა ჰქონდა)- დღემდე, მას არც ერთი შეცდომა არ დაუშვია. მისი ქმედება იმდენად გამიზნულია, ეშმაკურია, იმდენად ჭკვიანური, ნიჭიერი და გონებამახვილურია, შეიძლება, ბოღმით გული გაგისკდეს ადამიანს.
        ისღა დაგვრჩენია, რეალობას შევურიგდეთ და განვაგრძოთ «მცირე ინტენსივობის» (ოღონდ, არა მეტისმეტი - როგორც შარშან) პარტიზანული ბრძოლა სამურზაყანოში.
        ეს ერთადერთი საშუალებაა, ვინაიდან საქართველოს რესურსები ამოუწურავი არ არის.

რუსული სტანდარტი

        რუსეთის სახელმწიფო მოხელეები კვლავ აგრძელებენ ინსინუაციებს, თითქოს იარაღი დაღესტანსა და ჩეჩნეთში საქართველოდან შედის. ამ ბრალდებებს ოფიციალური სახე შესძინეს პრემიერ-მინისტრმა პუტინმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა იგორ ივანოვმა.
        აქვე უნდა ითქვას, რომ, რასაკვირველია, საქართველოს (აფხაზეთის ომის დროს რუსეთის ქმედების გათვალისწინებით) სრული მორალური უფლება აქვს გადაუხადოს მას სამაგიერო, მაგრამ პოლიტიკაში ასეთი კატეგორიებით ოპერირება დაუშვებელია.
        მით უმეტეს, რომ საქართველოს სათანადო არც რესურსი გააჩნია (მატერიალური თვალსაზრისით) და არც პოლიტიკური «ზურგი», ჯერჯერობით.
        ამრიგად, საქართველოდან ჩრდილოეთ კავკასიაში იარაღის ვითომდაც «შეგზავნა» წმინდა წყლის სიცრუეა, მაგრამ რუსული მასმედიით ისტერიკა გრძელდება, რასაც კონკრეტული პოლიტიკური მიზანი აქვს.
        საქმე ის არის, რომ რუსეთის ხელისუფალთ ტკბილად ახსოვთ ის დრო, როდესაც საქართველოს საზღვრებს თავად აკონტროლებდნენ. ამჟამად ვითარება შეიცვალა – რუსი მესაზღვრეები იძულებული გახდნენ, დაეტოვებინათ ჩვენი ქვეყნის ტერიტორია, მაგრამ დაღესტნის მოვლენებმა დაადასტურა, რომ საქართველოს საზღვრების გაკონტროლება რუსეთისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია.
        მერედა, განა ასეთი ვითარება არ იყო სულ ცოტა ხნის წინ? რუსეთი აკონტროლებდა არა მხოლოდ საქართველოს გარე საზღვრებს, არამედ საქართველო-ჩეჩნეთის საზღვარსაც (საქართველოს მხრიდან), სანაცვლოდ, ოფიციალური თბილისი 4 წლის განმავლობაში დაბეჯითებით მოითხოვდა მხოლოდ ერთს: აფხაზეთის საზღვაო ბლოკადის განხორციელებას, მაგრამ რუსეთს აფხაზურ-ადიღეური ხალხების «წყენინება» არ ეპიტნავებოდა. თუმცა, იმავდროულად, საქართველო-ჩეჩნეთის საზღვარზე მესაზღვრეების შენარჩუნებაც ძალიან სურდა, ანუ ორი კურდღელი ერთდროულად უნდოდა დაეჭირა - არც სეპარატისტებისთვის ეწყენინებინა და ჩრდილოეთ კავკასიის «მზის წნულში» გართულებათა თავიდან ასაცილებლად, ჩეჩნეთის საზღვარიც გაეკონტროლებინა საქართველოს მხრიდან.
        საქართველოდან რუსი მესაზღვრეების გაპანღურების შემდეგ, მოსკოვი ცდილობს ჩეჩნეთის მონაკვეთზე (თუ სხვაგან არა) მაინც დაიბრუნოს დაკარგული პოზიციები, ამიტომ ახორციელებს ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას საქართველოზე – თავისი საინფორმაციო იარაღის გამოყენებით.
        სწორედ ამ მიზანს ემსახურება ნამუსგარეცხილი შოვინისტი რუსი ტელეჟურნალისტების მიერ რუსეთის უკლებლივ ყველა არხზე საქართველოს წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებათა გაუთავებელი მუსირება – მათ იმედი აქვთ, რომ ქართული საზოგადოება ამგვარ ზემოქმედებას ვერ გაუძლებს (ისევე, როგორც ვერ გაუძლო 1990-91 წლებში სამაჩაბლოს მოვლენებთან დაკავშირებით) და აიძულებს საკუთარ ხელისუფლებას, «შემოუშვას» რუსი მესაზღვრეები საქართველო-ჩეჩნეთის საზღვარზე საქართველოს მხრიდან.
        ანუ რუსეთი ისევ ცდილობს იმავე ორი კურდღლის დაჭერას, მაგრამ მოსკოვში არ ითვალისწინებენ, რომ, საბედნიეროდ, 8 წლის განმავლობაში საქართველოს საინფორმაციო სივრცეში ძალიან ბევრი რამ შეიცვალა – ქვეყანამ შეძლო ეროვნული საინფორმაციო სივრცის დაცვა რუსული საინფორმაციო იარაღის დივერსიებისა და ფსიქოლოგიური ზემოქმედებისაგან.

        დღეს რუსულ მედიას აღარ აქვს საშუალება საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ზემოქმედება განახორციელოს ქართულ საზოგადოებაზე და თავს მოახვიოს ის სტერეოტიპები, რომლებიც შეესაბამება რუსეთის და არა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.
        თუმცა, მეორე მხრივ, ქართული ტელეარხებიც ჩრდილოკავკასიაში მიმდინარე მოვლენების გაშუქებისას, ძირითადად, რატომღაც «რუსულ ვერსიას» იმეორებენ.
        არადა, ეს ვერსია გაყალბებულია რუსეთის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე.
        მიუხედავად ამისა, საეჭვოა, საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის შეფარული მოთხოვნა შეასრულოს და რუსი მესაზღვრეები დააბრუნოს ჩეჩნეთის საზღვარზე (საქართველოს მხრიდან) – მით უმეტეს, მაშინ, როდესაც რუსეთის დაცვითა და მხარდაჭერით, აფხაზეთში, ეგრეთ წოდებული «რეფერენდუმი» იმართება.

ამაყი ჩერქეზეთი - «დიდი რუსი ხალხის შემადგენლობაში»

        რამდენიმე დღის წინ ჩერქეზთა მსოფლიო ასოციაციის პრეზიდენტმა ბორის აკბაშევმა, თავის ძველ თანამებრძოლს (აფხაზეთის ომიდან) შამილ ბასაევს შეურაცყოფა მიაყენა. აკბაშევის თქმით, ბასაევი ვიგინდარა ავანტიურისტია, ხოლო მის მიერ დაღესტნის გასათავისუფლებლად წამოწყებული ომი - «პროვოკაცია».
        აკბაშევი რუსული პრესისთვის გადაცემულ ინფორმაციაში აცხადებს, რომ «ჩერქეზეთი მარად დარჩება დიდი რუსი ხალხის შემადგენლობაში და ვერანაირი პროვოკაციით ვერავინ ააცდენს მას დიდ რუს ხალხთან მეგობრობის გზიდან».
        ამას რომ ჩერქეზეთის რომელიმე ყოფილი პარტიული მუშაკი ამბობდეს - გასაკვირი არ იქნებოდა, მაგრამ იცით ვინ არის ბორის აკბაშევი? ეს ნაძირალა 1988-89 წლებში (როდესაც საქართველოში პირველი მიტინგები დაიწყო ანტირუსული ლოზუნგებით), თითქმის კვირაში ერთხელ ჩამოდიოდა თბილისში, ხვდებოდა ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას, გია ჭანტურიას, სხვა ლიდერებს, - არწმუნებდა მათ, რომ «თუ ქართველი ხალხი წამოიწყებს ანტიიმპერიულ ბრძოლას, მოძმე ჩერქეზი ხალხი, ვისაც რუსეთის იმპერიამ გენოციდი მოუწყო და სამშობლოდან გააძევა – გულმხურვალედ ჩაებმება ამ ბრძოლაში».
        თქვენც არ მომიკვდეთ – ამ გულმხურვალებას სრულებითაც არ შეუშლია ხელი იმავე აკბაშევისთვის, რუსეთის სპეცსამსახურებთან ეთანამშრომლა საქართველოს წინააღმდეგ. ოღონდ არა იმიტომ, რომ იმთავითვე «კრემლის აგენტი» იყო – უბრალოდ, აკბაშევსა და აკბაშევებს, თავიანთი ინტერესების შესაბამისად, ზნეობრივი კომპრომისი დასაშვებად მიაჩნიათ.
        მათ სრულებით განსხვავებული მენტალიტეტი აქვთ – მაგალითად, 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ ქართველებმა არ იკადრეს ემტკიცებინათ, რომ მიტინგის (და ანტირუსული გამოსვლების) მიზეზი ლიხნის შეკრება გახდა. გარწმუნებთ, თუ შევძლებდით დაგვეფიქსირებინა (თუნდაც გვეცრუა), რომ საქართველოში ანტირუსულ განწყობას სწორედ აფხაზ სეპარატისტთა მოთხოვნები აღვივებდნენ – ამით უეჭველად მოვიგებდით და დღეს არძინბები, შამბები და მათი ქვეშევრდომები სულ სხვა ხასიათზე იქნებოდნენ.
        მაგრამ ქართული საზოგადოების ფსიქოლოგიამ ქართველ პოლიტიკოსებს ამგვარი ცინიკური და პოლიტიკურად გამართლებული ქმედების უფლება არ მისცა.
        «აკბაშევებს» კი სულ სხვა მენტალიტეტი აქვთ: ეს არ არის ასიმილირებული მარგინალის მენტალიტეტი. ამას დროულად უნდა მივხვდეთ და დავანებოთ თავი სულელურ საუბარს რაღაც «კავკასიურ ერთობაზე» - ჩრდილოკავკასია უკვე მარგინალურია და ეს რეალობა აღარ შეიცვლება.

დილის გაზეთი, 20 სექტემბერი, 1999 წელი