საერთაშორისო მიმოხილვა. 31 ოქტომბერი. 2023 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 31 ოქტომბერი. 2023 წელი

ისრაელის პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელმა `ჰამასის` წინააღმდეგ ოპერაციის `მესამე ფაზა` დაიწყო.

პირველი ფაზა, მისი თქმით, იყო `ჰამასის` ტერორისტების განდევნა

მეორე - საჰაერო დარტყმები

მესამე - სახმელეთო ოპერაცია.

ოღონდ სახმელეთო ოპერაცია თავის მხრივ იყოფა რამდენიმე ეტაპად:

პირველი ეტაპი ახლა მიმდინარეობს და გულისხმობს შეზღუდულ რეიდებს, ანუ `დაზვერვას ბრძოლით`

მეორე ეტაპია ქალაქ ღაზას სრული ალყა სამი მხრიდან (მეოთხე მხარე ზღვაა) და `ცახალი` ამჟამად ახლოსაა მეორე ფაზის დასრულებასთან

მესამე ეტაპი იქნება ქალაქ ღაზას დაყოფა კვადრატებად და მათი თანდათან გაწმენდა ტერორისტებისაგან. პირველ რიგში კი გვირაბების, კატაკომბების, ბუნკერების ისე აფეთქება, მათი აღდგენა საერთოდ შეუძლებელი გახდეს.

მეოთხე ეტაპი კი `ღაზაში უსაფრთხოების ახალი სისტემის` შექმნაა.

აი ეს ბოლო ეტაპი ყველაზე მეტ გაურკვევლობას იწვევს, რადგან ჯერ-ჯერობით გაუგებარია, იგულისხმება თუ არა ღაზას დაკავება არმიის მიერ და იქ სამხედრო ადმინისტრაციის შექმნა.

ცხადია, თუ ისრაელის არმია ორ მილიონიანი ქალაქიდან გამოვა, წლების შემდეგ იგივე განმეორდება. ისრაელი ამით მხოლოდ დროს მოიგებს.

ან მეორე ვარიანტია, რომ ღაზას მოსახლეობამ ნაცვლად `ჰამასისა`, პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაცია აირჩიოს საკუთარ ხელისუფლებად. ეს პოლიტიკური ძალა მართავს ამჟამად West bank-ს ანუ მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროს და შედარებით ზომიერია. ყოველ შემთხვევაში `ჰამასთან` და `ჰესბოლლასთან`  შედარებით - ნამდვილად!

 . . . . . . . . . . . . . . . . . .

გუშინ ისრაელმა განაცხადა, რომ საერთოდ ჩაკეტავს ეგვიპტესთან საზღვარს თუ გაირკვევა, რომ მედიკამენტებს და სურსათს არა მშვიდობიანი პალესტინელები, არამედ `ჰამასის` ტერორისტები იღებენ.

განცხადება, რომელიც ამ თემაზე ისრაელის მთავრობამ გააკეთა, საინტერესოა იმ მხრივ, რომ როგორც დასტურდება, ღაზას საზღვარს ეგვიპტესთან მთლიანად ისრაელის უსაფრთხოების სამსახური აკონტროლებს და ყველა ტვირთს ამოწმებს; თუმცა ისრაელი მოითხოვს, ტვირთზე კონტროლი დაწესდეს მას შემდეგ, რაც ეს ტვირთი შევა ღაზას ტერიტორიაზე.

ეს უდავოდ არის `შემზადება` იმ სისტემის ჩამოყალიბებისა, როცა ღაზაში ტერორისტული ბუდეები განადგურდება, თუმცა ისრაელი კონტროლის ახალ სისტემას შექმნის დამოუკიდებლად ან საერთაშორისო ორგანიზაციების თუ მესამე ქვეყნების მეშვეობით.

ამგვარი სისტემა ძნელად შესაქმნელია, თუმცა შეუძლებელი არ არის.

  . . . . . . . . . . . . . . . . . .

პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია აძლიერებს ზეწოლას ისრაელის ხელისუფლებაზე ღაზაში `ჰუმანიტარული პაუზების` გამოსაცხადებლად, რასაც ნეთანიაჰუ და მისი `ომს კაბინეტი` არ თანხმდებიან.

ისინი არ თანხმდებიან ღაზაში საწვავის შეტანას და ზოგჯერ მედიკამენტები, ასევე წყალიც ვერ აღწევს ღაზაში, სადაც უკვე 8 000 პალესტინელი დაიღუპა.

ვაშინგტონი ამის გამო სულ უფრო ღიად აკრიტიკებს ისრაელს. უკმაყოფილების `გამსიტყვებლები` გახდნენ სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უშიშროების საკითხებში, ჯეკ სალივანი; ისინი ერთხმად მოუწოდებენ `ომის კაბინეტს` და ნეთანიაჰუს, ისე განახორციელოს ანტიტერორისტული ოპერაცია, რომ მშვიდობიანი პალესტინელები არ იღუპებოდნენ. თუმცა `როგორ` არასდროს აზუსტებენ.

ცხადია, რომ სახელმწიფო მდივნისა და მრჩევლის პირით ბაიდენი აფრთხილებს ნეთანიაჰუს, არ გადავიდეს `წითელ ხაზებს`; პრეზიდენტის ამ პოზიციას სამი მიზეზი აქვს. სამივე სისტემურია. ოღონდ მათგან ორი საგარეო პოლიტიკურია და ერთი - სუფთად შიდაპოლიტიკური

ა) ამერიკას არ სურს ომი ირანთან; შესაძლოა იძულებული გახდეს იომოს, თუმცა ნამდვილად არ სურს ეს ომი მით უმეტეს იმ ვითარებაში, როდესაც აშშ ირიბად ჩართულია ომში რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ და შესაძლოა აღმოჩნდეს ჩართული ომში ტაივანის გარშემო, თუ ჩინეთის ავტოკრატი სი ძინპინი გადაწყვეტს შეუტიოს კუნძულს.

ამერიკა დიდი და ძლიერი ქვეყანაა. თუმცა ესოდენ დიდ  `გადაძაბვას`  მანაც კი შეიძლება ვეღარ გაუძლოს. 155 მილიმეტრიან ჭურვებს ვეღარ აწვდიან უკრაინას, რადგან ისრაელისთვისაც აღარ ჰყოფნით.

ბუნებრივია, ამერიკის გენიალურ ინდუსტრიას, შეკვეთების შემთხვევაში, შეუძლია მეტი ჭურვი გამოუშვას, ოღონდ  ეს დიდი ხარჯია და ასიგნება ხომ კონგრესმა უნდა დაამტკიცოს, სადაც ახლახან სპიკერად თავგადაკლული ტრამპისტი აირჩეს?!

 

ბ) ომი ისრაელში შლის ამერიკის გრძელვადიან სტრატეგიას, რომელიც გულისხმობდა ისრაელის მორიგება/შერიგებას არაბულ სახელმწიფოებთან. პირველ რიგში კი საუდის არაბეთთან, რომელიც დღემდე არ ცნობს ისრაელის არსებობის კანონიერებას.

საუდის არაბეთი არ არის ყველაზე დიდი არაბული სახელმწიფო, მაგრამ ყველაზე გავლენიანი არაბული სახელმწიფოა, რადგან ჯერ ერთი მდიდარია და მეორეც, ისლამის სიწმინდეებს იცავს მექასა და მედინაში.

ეგვიპტეს ისრაელთან შესარიგებელი აღარაფერი აქვს: 1979 წლის კემპ-დევიდის (აშშ) ისტორიული შეთანხმებით ეგვიპტემ უკვე ცნო ისრაელის არსებობა და ახლაც ყველანაირად ცდილობს ისრაელს არ მისცეს საბაბი, იგი `კემპ  დევიდის დარღვევაში` დაადანაშაულოს:  ღაზასთან საზღვარი ეგვიპტემაც  ჩაკეტა და არაფერს ატარებს სანამ ისრაელის თანხმობას არ მიიღებს.

საუდის რეალური მმართველი პრინცი მუჰამედ იბნ სალმანი თითქმის დაიყოლიეს გაეფორმებინა სამშვიდობო შეთანხმება ისრაელთან, რასაც აუცილებლად მოჰყვებოდა სხვა არაბული სახელმწიფოების მიერ (მსოფლიოში სულ 18 არაბული სახელმწიფოა) ისრაელის აღიარება.

ამ შეთანხმებებს უწოდებდნენ `აბრაამულ შეთანხმებებს` ანუ ისტორიულ შერიგებას ისლამურ სამყაროს, ისრაელსა და ქრისტიანულ სამყაროს შორის, რომელთა რელიგიური ფიგურალური პირველწყარო არის წმიდა მამა  აბრაამი. (აბრაჰამ, იბრაჰიმ)

აბრაამს აღიარებენ როგორც იუდეველები, ასევე ქრისტიანები და ასევე მაჰმადიანები.

ეს შეთანხმება შეიმუშავა ჯერ კიდევ ტრამპის ადმინისტრაციამ, - დონალდ ტრამპის სიძის, ჯერარდ კუშნერის (ისრაელის მოქალაქეა) ხელმძღვანელობით.

და მიუხედავად ბაიდენის დაპირისპირებულობისა ტრამპთან, ამერიკაში არსებობს `ორპარტიული კონსენსუსი`  ამ `აბრაამულ` შეთანხმებასთან მიმართებით, რაკი ეს კომპრომისი უზრუნველყოფს მშვიდობას ახლო  აღმოსავლეთში, რაც მთლიანად შეესაბამება ამერიკის გრძელვადიან, სტრატეგიულ ინტერესებს - ვინც არ უნდა იყოს აშშ ხელისუფლებაში.

ზუსტად ამიტომ, ბაიდენს არ სურს შევიდეს ისტორიაში ისეთ პრეზიდენტად, რომელმაც `დამარხა აბრაამის ისტორიული გარიგების შანსი`, რომელიც `მისმა წინამორბედმა ტრამპმა დაიწყო`.

 

გ) მესამე მიზეზი კი, თუ რატომ მოუწოდებს ბაიდენი ისრაელს, გამოიჩინოს თავშეკავება, მიმდინარე საარჩევნო კამპანიას უკავშირდება: ამერიკის მემარცხენე წრეები, სტუდენტობა, შავკანიანები, `ლათინოსები`, უდიდესი მაჰმადიანური დიასპორა ისრაელის წინააღმდეგ არიან ამჟამად.

არადა......ეს ხომ `დემოკრატების` ტრადიციული ელექტორალური ბაზაა?!

მაშასადამე, ბაიდენი, ვინც მაღალი ალბათობით იქნება `დემოკრატების` კანდიდატი მომავალ მძვინვარე და ბობოქარ საარჩევნო `კლინჩში` ტრამპთან, ამ ამბების გამო კარგავს ელექტორატს!

ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩამოთვლილი კატეგორია წავა და ტრამპს მისცემს ხმას `ჯინაზე` (თუმცა არც მთლად უამისობაა) მაგრამ უეჭველად ნიშნავს იმას, რომ ბევრი მათგანი უბრალოდ არ მივა არჩევნებზე და არ მისცემს ხმას ბაიდენს პროტესტის ნიშნად.

ამჟამად, ტრამპი და ბაიდენი `თანაბრად` მიდიან რეიტინგების თვალსაზრისით; თუმცა ტრამპმა შესაძლოა გადაასწროს კიდეც ბაიდენს.

მით უმეტეს თუ ასე გაგრძელდა.

  . . . . . . . . . . . . . . . . . .

პუტინმა განაცხადა, რომ არეულობა დაღესტნის დედაქალაქ მაყაჩკალაში, სადაც სისხლმოწყურებული ბრბო თელ ავივიდან ჩამოფრენილ თვითმფრინავში ეძებდა ებრაელებს....`ამერიკული და უკრაინული სპეცსამსახურების` მოწყობილია და ისინი, თურმე, ``რუსეთში პოგრომების ორგანიზებას ცდილობენო``

Погром (ქართულად `დარბევა`) ანტისემიტური ძალადობის აღმნიშვნელ ტერმინად დამკვიდრდა მთელს მსოფლიოში  XX საუკუნის დასაწყისიდან, როცა რუსეთის იმპერიაში ასეულობით ამგვარი დარბევის შედეგად ათი ათასობით ებრაელი დახოცეს ეთნიკური და რელიგიური ნიშნით.

ბევრს უკვირს, რა უნდოდათ ებრაელებს მაყაჩკალაში.

რეალურად იმ თვითმფრინავში ებრაელები არც ყოფილან: იყვნენ ის რუსები და დაღესტნელები, რომლებიც ისრაელის საავადმყოფოებში მკურნალობდნენ და ბოლო ტრაგიკული მოვლენების დროს გამოიქცნენ.

   . . . . . . . . . . . . . . . . . .

აფხაზური ანტიქართული შოვინიზმი ყოველგვარ ზღვარს სცილდება: აფხაზური `ისტორიის სახელმძღვანელოდან` ამოიღეს თავი არაბთა მმართველის, მურვან `ყრუს` ლაშქრობის შესახებ აფხაზეთში VIIIს. ასევე `გააქრეს` სასკოლო სახელმძღავნელოდან  ბრძოლა ანაკოფიასთან, რაკი იმ ბრძოლაში მურვანის დიდი ლაშქარი დაამარცხა ქართველებისა და აფხაზების გაერთიანებულმა ჯარმა.

ყოველნაირად ცდილობენ წაშალონ სულ მცირე ხსენებაც კი, რომ აფხაზეთს რაიმე ისტორიული `შეხება` ჰქონდა მთლიან საქართველოსთან.