შევარდნაძემ და ჟვანიამ საპარლამენტო «სმუტა» ჩანასახშივე ჩაახშეს

შევარდნაძემ და ჟვანიამ საპარლამენტო «სმუტა» ჩანასახშივე ჩაახშეს

        გუშინ გვიან საღამოს დამთავრდა მოქალაქეთა კავშირის მთავარი საბჭოს სხდომა, რომელზეც მმართველ პარტიაში ბოლო დროს მომხდარი აურზაურის საკითხი განიხილეს.
        მკითხველს შევახსენებთ, რომ ტრადიციონალისტთა ფრაქციის ინიციატივით მმართველი პარტიის ათეულობით წევრმა ხელი მოაწერა მოთხოვნას საქართველოში მინისტრთა კაბინეტის შემოღების შესახებ. სულ ამ მოთხოვნას 120 დეპუტატი დაეთანხმა, მათ შორის 60 ოპოზიციიდან, დანარჩენი უმრავლესობის ფრაქციებიდან.
        გარდა ამისა, მოქალაქეთა კავშირის წევრთა ინიციატივით დაიწყო ხელმოწერების შეგროვება 1999 წლის ბიუჯეტის შეუსრულებლობისათვის მინისტრების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნით, რამაც აღმასრულებელ ხელისუფლებაში ნამდვილი ფურორი მოახდინა.
        ეს ყოველივე მოხდა მაშინ, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია და ფრაქციის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი სტრასბურგში იმყოფებოდნენ ევროსაბჭოს სესიაზე. საფრანგეთიდან დაბრუნებულმა ჟვანიამ კატეგორიულად მოსთხოვა იმ კომიტეტების თავმჯდომარეებს (რა თქმა უნდა, იგულისხმებიან უმრავლესობის წევრები), რომლებმაც ხელი მოაწერეს ორივე დოკუმენტს, დაეწერათ განცხადება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ.
        ნიშანდობლივია, რომ მათ ჟვანიას მოთხოვნა უდრტვინველად შეასრულეს. თუმცა, «გაუგებრობამ» იმდენად დიდი ხმაური გამოიწვია, რომ პრეზიდენტმა აუცილებლად ჩათვალა «მოქალაქეთა კავშირის» მთავარი საბჭოს სხდომა მოეწვია.
        სხდომის მონაწილე ერთ-ერთი დეპუტატის ინფორმაციით, შევარდნაძემ და ჟვანიამ «მეტისმეტად თამამი ინიციატივისათვის» პარტიის წევრებს თითი დაუქნიეს და პარტიული დისციპლინის დაცვისაკენ მოუწოდეს.
        როგორც ჩანს, შევარდნაძეს ეჭვი არ ეპარებოდა, რომ ხელმომწერებს მცდარი ინფორმაცია ჰქონდათ თვით პრეზიდენტის განწყობის თაობაზე და ეგონათ, რომ მინისტრთა კაბინეტის შექმნის ან ყოფილი მინისტრების გასამართლების იდეა თვით პრეზიდენტისგან, ან, როგორც მინიმუმ, პარლამენტის თავმჯდომარისგან მოდიოდა, მაგრამ სულ მალე მიხვდნენ, რომ შევარდნაძეც და ჟვანიაც საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდეს და ბრწყინვალე გამარჯვება მოაპოვებინეს აკაკი ასათიანს, რომელიც მინისტრთა კაბინეტის ჩამოყალიბების ინიციატორი იყო.
        როგორც ჩანს, კომიტეტის თავმჯდომარეები თანამდებობას არ დატოვებენ, ვინაიდან პარლამენტის თავმჯდომარეს აქვს მათი შეწყნარებისა და განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უფლება.
        მაგრამ თვით ფაქტმა ასეთი, «მეტისმეტად თამამი ინიციატივისა» ეტყობა პრეზიდენტს შეახსენა, რომ იგი, ამასთანავე, პარტიის თავმჯდომარეცაა და ფრაქციულობა მმართველ პარტიაში ვნებს მის ინტერესებს.
        ამიტომ, იმავე წყაროს ცნობით, გუშინდელი სხდომა დასრულდა საყოველთაო შერიგებით და ერთობლივი გადაწყვეტილებით, რომ მომავალში ასეთი მნიშვნელოვანი საკითხები მხოლოდ პარტიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით გადაწყდება.
        არ არის გამორიცხული, ყოფილი მინისტრების დაპატიმრების იდეაზე მეტად პრეზიდენტი მინისტრთა კაბინეტის ჩამოყალიბების მცდელობამ შეაშფოთა, ვინაიდან ეს, ფაქტობრივად, მთელი კონსტიტუციური წყობის შეცვლას მოითხოვს.
        მოქალაქეთა კავშირში აშკარად არ არის ერთიანი აზრი ასეთი ცვლილების მიზანშეწონილობის თაობაზე, მაგრამ შევარდნაძემ და ჟვანიამ ჩანასახშივე აღკვეთეს «ფრონდა პარტიის შიგნით.
        ჯერ-ჯერობით არ არსებობს არანაირი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რაიმე ცვლილებები მოხდება პარტიის ხელმძღვანელობაში.
        შესაძლოა, მოქალაქეთა კავშირის მთავარი საბჭო უფრო ხშირად შეიკრიბოს პრეზიდენტის თავმჯდომარეობით და გაძლიერდეს გენერალური მდივნის (ედვარდ სურმანიძის) ფუნქციები.
        რაც შეეხება მინისტრთა კაბინეტს, რაკი 120 ხელმოწერა არსებობს, საკონსტიტუციო ცვლილება უკვე ინიცირებულია და კომიტეტის თავმჯდომარეთა გადადგომა-არგადადგომა აქ ვერაფერს შეცვლის. ერთი თვის შემდეგ კონსტიტუციის შესაბამისად უნდა ჩატარდეს კენჭისყრა პარლამენტში და სავარაუდოა, რომ უმრავლესობა ასე ჰაიჰარად ამგვარ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, მით უმეტეს, პრეზიდენტს არაერთგზის უთქვამს, რომ საქართველოში არსებული ეკონომიკურ და ფინანსური კრიზისის მიზეზი აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურა არ არის, მას სხვა მიზეზები აქვს. მინისტრებს შეუძლიათ, მშვიდად იყვნენ.
        გუშინდელ სხდომაზე, შევარდნაძემ და ჟვანიამ ჩაახშეს მინისტრთა სისხლმოწყურებული დეპუტატების ამბოხი და მინისტრები ციხეს თუ არა, კონტროლის პალატის მონაცემთა საფუძველზე «საპარლამენტო სასამართლოს» მიანც გადაარჩინეს.
        თუმცა, ის, რაც უკვე მოხდა, უეჭველად ნიშნავს, რომ ახალ მთავრობაში მინისტრთა უმრავლესობა პოსტებს ნამდვილად ვეღარ შეინარჩუნებს.

დილის გაზეთი, 9 მაისი, 2000 წელი