საერთაშორისო მიმოხილვა. 5 მაისი. 2024 წელი
ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი ევროპაში ჩადის. იგი ეწვევა საფრანგეთს, უნგრეთს (!) და სერბეთს.
ეს მნიშვნელოვანი ვიზიტია - პირველად 5 წლის შემდეგ.
5 წლის წინ იტალიაში ჩავიდა, სადაც უდიდესი აღფრთოვანებით დახვდნენ, თუმცა მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა: იტალიამ დატოვა „გზა-სარტყლის“ გაერთიანება იმ მოტივით, რომ იგი მის ინტერესებს არ შეესაბამება, ევროპელები სულ უფრო ხმამაღლა ჩივიან ჩინური ეკონომიკურ/სამხედრო შპიონაჟის გამო....რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ აძლიერებს ევროპელთა უკმაყოფილებას პეკინის მხრიდან მოსკოვის მხარდაჭერის გამო......ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ აკრძალა ჩინური 5G ტექნოლოგია.
საეჭვოა სი ძინპინის ვიზიტმა რომელიმე პრობლემა გადაწყვიტოს. ამაზე მისი ევროპული ტურნეს გეოგრაფიაც მეტყველებს: საფრანგეთთან ერთად.......უნგრეთი და სერბეთი. „უბედურება“ ისაა, რომ ევროპელებმა იმდენად ღრმად შეტოპეს ამ ავტოკრატიულ ქვეყანასთან სამრეწველო/ინდუსტრიული ინტეგრაციის თვალსაზრისით, რომ ახლა უკვე იქიდან თავის დაღწევა ძალიან ძნელია.
. . . . . . . . . . . . . . . . .
საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი სულ უფრო რადიკალურ და პრინციპულ განცხადებებს აკეთებს მოსკოვის მიმართ.
იმდენად მკაცრს, რაც დე გოლსაც კი არ გაუბედავს, თუმცა მეორეს მხრივ პრეზიდენტ დე გოლის ეპოქა მაინც სხვაა - მაშინ ევროპაც და მსოფლიოც და ძალთა განლაგებაც განსხვავებული იყო.
მაკრონმა გუშინ თქვა, რომ უდიდესი შეცდომაა რაღაც „თვითშეზღუდვების დაწესება“ დასავლეთის მხრიდან რუსეთის მიმართ და მით უმეტეს ამ „თვითშეზღუდვების“ საჯაროდ გახმოვანება. ორგზის უმეტეს, როცა, მისი თქმით, რუსეთი საკუთარ თავს არანაირ „თვითშეზღუდვას“ არ უწესებს.
ანუ მაკრონი გულისხმობს, რომ დასავლეთმა თვითონ დაუწესა საკუთარ თავს რამდენიმე „წითელი ხაზი“ და საჯაროდ თქვა, რომ ამ „წითელ ხაზებს“ არ გადავა.
მაგალითად დასავლეთმა დაუწესა საკუთარ თავს ის „წითელი ხაზი“, რომ არასდროს არ ჩაერევა პირდაპირ, საკუთარი შეიარაღებული ძალებით რუსეთ-უკრაინის ომში, ანუ NATO უშუალოდ არ მიიღებს მონაწილეობას სამხედრო კონფლიქტში რუსეთის წინააღმდეგ და უკრაინის მხარდასაჭერად.
მეორე „წითელი ხაზი“, მაკრონის თქმით, ისაა, რომ დასავლეთი უზღუდავს უკრაინას დასავლური იარაღის გამოყენებას რუსეთის ტერიტორიაზე, რაც ობიექტურად ასუსტებს უკრაინის წინააღმდეგობას.
მაკრონი აშკარად გულისხმობს ორივე წითელი ხაზისა და თვითშეზღუდვის მოხსნას იმ არგუმენტით, რომ ასე დასავლეთი ვერანაირად ვერ „შეაკავებს“ რუსეთს.
მისი ძალიან ღრმა და მახვილგონივრული (აბსოლუტურად სწორი, ჩემი აზრით-დ.) მოსაზრებით, „შეკავების“ წყარო უფრო გაურკვევლობა და ორაზროვნება უნდა იყოს და არა ერთმნიშვნელოვნება. ანუ (გულისხმობს) რუსეთი არ უნდა იყოს დარწმუნებული იმაში, რას გააკეთებს დასავლეთი. მაგალითად, არ უნდა იცოდეს წინასწარ, რომ დასავლეთი არ ჩაერევა თუ ოდესისკენ წაიწევს რუსული საოკუპაციო არმია და ა.შ.
მაშასადამე, სხვაგვარად თუ ვიტყვით, მაკრონი (აბსოლუტურად ლოგიკურად მეთქი) მოუწოდებს დასავლეთს, გაურკვევლობაში ამყოფოს მოსკოვი, რათა იგი „შეაკავოს“ ახალი ტერიტორიების დაპყრობისგან.
მანამდე მაკრონმა დააანონსა ფრანგული ჯარების გაგზავნა უკრაინაში, რაც რა თქმა უნდა ორივე ამ „წითელი ხაზის“ გადალახვას ნიშნავს.
მოსკოვში მაკრონის განცხადებები მზარდ შეშფოთებას იწვევს. რუსული საგარეოს სფოუქსპერსონმა, მარია ზახაროვამ თქვა, რომ მაკრონის ინიციატივები „სახიფათო ტენდენციის მაჩვენებელიაო“.
ყველაზე მეტად რუსებს ის აშფოთებთ, რომ მაკრონი არ არის პოპულისტი და სიტყვებს „ჰაერზე არ ისვრის“. მათ იციან, ხვდებიან და აშკარად ეშინიათ, რომ საფრანგეთის შემთხვევაში, რომელიც დიდი ბრიტანეთის გასვლის შემდეგ ევროკავშირის სამხედრო-პოლიტიკური ლიდერია, ამ „სიტყვებს“ შესაძლოა „საქმეც“ მოჰყვეს.
ზოგადად, პოპულიზმი ნაკლებად ახასიათებს აქტუალურ ფრანგულ პოლიტიკურ კულტურას. იმ აზრით, რომ პოპულისტი არასდროს ყოფილა საფრანგეთის პრეზიდენტი: შარლ დე გოლი, ვალერი ჟისკარ დე ესტენი, ფრანსუა მიტერანი, ჟაკ შირაკი, თუნდაც ნიკოლა სარკოზი, გრანსუა ოლანდი, თვით მაკრონი - პოპულისტური კულტურა მათთვის უცხო იყო.
და მაინც, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული ამერიკაში 5 ნოემბრის არჩევნების შედეგზე.
როგორი გავლენიანიც არ უნდა იყოს საფრანგეთი ევროპაში, მაკრონი მარტო ვერ მიიღებს ამგვარ გადაწყვეტილებებს, რაკი ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის სამხედრო პოტენციალის 80% ამერიკაა!
NATO-ს ევროპელი წევრები მაინც პირველ რიგში ამერიკას უყურებენ და მის გადაწყვეტილებებს ელიან.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
ამასობაში, ძალიან ცუდად ვითარდება მოვლენები უკრაინაში, დონბასის ფრონტზე.
რუსებმა დაიპყრეს კრასნაგოროვკა, რომელიც უკრაინის სტრატეგიული თავდაცვითი ხაზის ერთ-ერთი საყრდენი პუნქტია.
ისევ და ისევ რუსების შეტევებს განსაკუთრებულ ძალას მატებს ე.წ. „მოფარფატე“, „პლანირებადი“ ორტონიანი ბომბები, რომელთაგან თავდაცვის არანაირი საშუალება არ არსებობს, რაკი ამ ბომბებს რუსული ბომბდამშენები ყრიან (უფრო ზუსტად „უშვებენ“) 40-50 კილომეტრის სიშორიდან; შესაბამისად, უკრაინული საზენიტოებისთვის მიუწვდომლები არიან.
ბუნებრივია, ამერიკული Patriot მათ იოლად მისწვდებოდა, მაგრამ..... ამერიკული სისტემის გამოსაყენებლად უკრაინელებმა უნდა მოხსნან მაშინ 4 ერთეულიდან ორი მაინც, ანუ გადაისროლონ ფრონტის ხაზთან ახლოს. ოღონდ ეს იმას ნიშნავს, რომ ჯერ ერთი Patriot უძვირფასესი სისტემები ბევრად „მოწყვლადნი“ გახდებიან რუსული არტილერიისა და დრონებისთვის ფრონტის ხაზთან და მეორეც, უკრაინული ქალაქები, ენერგეტიკული ობიექტები კიდევ უფრო „მოშიშვლდებიან“.
ასე თუ გაგრძელდა, სამწუხაროდ, რუსეთი მოახერხებს მისი ტაქტიკური სამხედრო ინიციატივის რეალიზებას უკვე სერიოზულ სტრატეგიულ უპირატესობაში მინიმუმ ქალაქ დნეპრის მიმართულებით.
გავითვალისწინოთ, რომ სწორედ ამ ხაზზე, რომლის ერთ-ერთი შემადგენელი იყო კრასნაგოროვკას Укрепрайон-ი, უკრაინელებმა (2014 წლის რამდენიმე ძალიან მწარე დამარცხების შემდეგ) ააშენეს თავდაცვითი, საფორტიფიკაციო ნაგებობები.
მათი გადალახვა რუსეთის არმიამ 2022 წელს ვერაფრით შეძლო.
ახლა თუ მოახერხა.....ამ ზღუდის მიღმა სერიოზული თავდაცვითი ხაზები აღარც არსებობს ლამის კიევამდე.
ბუნებრივად ისმის კითხვა: რატომ ვერ იყენებს უკრაინა საკუთარ ავიაგამანადგურებლებს, რათა ჩამოაგდოს „ჰაერი-ჰაერის“ კლასის რაკეტებით რუსული СУ-34 ბომბდამშენები, საიდანაც ხდება „პლანირებადი ბომბების“ გაშვება? ამას რამდენიმე მიზეზი აქვს:
ა) უკრაინული ავიაგამანადგურებლები (მაქსიმუმ СУ-27 და МИГ-29) თავისი შესაძლებლობებით ჩამოუვარდებიან რუსულ Су-30СМ, მით უმეტეს СУ-57 ავიაგამანადგურებლებს, რომლებიც უზრუნველყოფენ რუსული ბომბდამშენების დაცვას.
ბ) უკრაინამ ვერა და ვერ მიიღო დასავლეთისგან F-16 მოდერნიზებული თვითმფრინავები; F-22-ზე და F-35-ზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია;
შესაბამისად არ გააჩნია ის რაკეტებიც, რომელთა გაშვება ამ თვითმფრინავების მოდიფიცირებული ვარიანტებიდან არის შესაძლებელი დიდი მანძილიდან.
გ) რუსი მფრინავები, სამწუხაროდ, პროფესიონალიზმით აღემატებიან უკრაინელებს.
ამას აქვს სისტემური მიზეზი: ბოლო 25 წლის მანძილზე რუსეთს ბევრად მეტი რესურსი ჰქონდა მაღალი კლასის სამხედრო მფრინავების მოსამზადებლად, მაშინ როდესაც უკრაინა კორუფციაში იყო ჩაფლული.
რამდენად რთულია მაღალი კლასის მფრინავის მომზადება, იქიდანაც ჩანს, როგორ გაიწელა დასავლეთში უკრაინელი მფრინავების სწავლება.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
ისრაელსა და საბერძნეთს შორის სერიოზული დიპლომატიური კონფლიქტია: იერუსალიმის „უფლის საფლავის ტაძარში“ ღვთაებრივი ცეცხლის გარდამოსვლის ცერემონიისას ისრაელის პოლიციამ ჩხუბის გამო დააკავა საბერძნეთის კონსულის დაცვის წევრი. ზუსტად მაშინ, როცა წმიდა ცეცხლი გარდამოდიოდა.
ასეთი რამ არასდროს მომხდარა, თორემ ჩხუბის მეტი რა ყოფილა იმ ტაძარში ამ ცერემონიისას? - მუდამ ხალხით არის ხოლმე გაჭედილი.......ანუ აღდგომის დღესასწაულზე ყოველთვის გაწევ-გამოწევა, მიწოლა...... და ა.შ.
ბოდიში ჟარგონისთვის, ამ ტაძარში ტრადიციულად „სტოსი“ მიჰყავთ ბერძნებს.
ისინი არიან იქ მთავარნი.
გრანდიოზული კათოლიკური სამყარო, მაგალითად, ერთ პატარა კაპელაშია შეყუჟული.
სომხური კაპელაც ბევრად პატარაა, ვიდრე ამ ტაძრის ბერძნული განყოფილება. ა
ნუ მაცხოვრის საფლავის გარშემო რამდენიმე ეკლესიაა იქ მოწყობილი - ბერძნული ანუ მართლმადიდებლური, კათოლიკური, სომხური.....
ბერძნების Supremacy მაცხოვრის ტაძარში ბიზანტიის ეპოქის გადმონაშთია.
როგორც ჩანს ისრაელელებმა ახლა, ღაზას ომის დროს, გადაწყვიტეს ბერძნებისთვის იმის ჩვენება, ვინ არის სინამდვილეში იმტაძარში სუვერენიტეტის მატარებელი.
რასაკვირველია ისრაელი! ისრაელის სახელმწიფო.
ასეთი ფორმით დაკავება იყო პატარა „წკიპურტი ცხვირში“ ბერძნებს ებრაელების მხრიდან.
ორივე ლეგენდარული ეთნოსია: მითური „ტროას ომი“ გარკვეულწილად ბერძნულ-ებრაული დაპირისპირება იყო, რაკი ბერძნებმა შეუტიეს ტროელ სემიტებს.
. . . . . . . . . . . . . . . . .
კანის 77-ე კინოფესტივალი, რომელიც 14 მაისს იხსნება, შესაძლოა ჩაიშალოს თანამშრომელთა გაფიცვის გამო.
კინომექანიკოსები, მესუბტიტრეები, თარჯიმნები და ა.შ გაფიცვით იმუქრებიან, თუ ხელფასს არ მოუმატებენ.