ბიძინა და მიშა: „პარალელური ბიოგრაფიები“ ანუ ორიოდე შტრიხი საგარეოპოლიტიკური პრაქტიკის თაობაზე

ბიძინა და მიშა: „პარალელური ბიოგრაფიები“ ანუ ორიოდე შტრიხი საგარეოპოლიტიკური პრაქტიკის თაობაზე

 

რამდენიმე დღის წინ, რუსულ  ინტერნეტ-რესურსზე eurasia.expert გამოქვეყნდა ნიკოლაი სილაევის სტატია  სახელწოდებით რუსეთი და საქართველო - კვლავ საშიშ ზღვართან?“

თავდაპირველად უნდა ითქვას, რომ სილაევი არც ჟურნალისტია და არც უბრალოდ ექსპერტი: იგი სოლიდური მეცნიერია და რამდენიმე მოსკოვურ Think tank-ს უდგას სათავეში. ამასთან, სპეციალიზდება სწორედ კავკასიურ, მათ შორის სამხრეთ კავკასიურ პრობლემატიკაზე და მისი ანალიტიკური ცენტრები აქტიურად მონაწილეობენ კრემლის პოლიტიკის გამომუშავებაში ჩვენი რეგიონის მიმართ.

სწორედ ივან სილაევისა და მისი კოლეგების რეკომენდაციით, 2012 წელს, თბილისში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, მოსკოვმა წამოიწყო საქართველოს „მოთაფვლის“ პოლიტიკა და ეტაპობრივად გააუქმა არადეკლარირებული ემბარგო ქართულ პროდუქციაზე, აღადგინა ავიარეისები, შეარბილა სავიზო რეჟიმი და ა.შ.

ბუნებრივია, ამ „შერბილების“ მიზანი იყო თბილისის საგარეო პოლიტიკური ვექტორის თუ არა შეცვლა, ყოველ შემთხვევაში, მისი კორექტირება - მოსკოვის გრძელვადიანი ინტერესებიდან გამომდინარე.

გავიდა 5 წელი. ვნახოთ რას წერს თავის ანალიტიკურ ნაშრომში ივანე სილაევი, რომელიც რუსული ნეოიმპერიალიზმისა და პოსტსაბჭოური სივრცის „შემომტკიცების“ თავგადაკლული მომხრეა: ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე,  საქართველო ბევრად შორს წავიდა NATO-სთან ურთიერთობაშივიდრე ეს მიხეილ სააკაშვილმა მოახერხა თავისი პრეზიდენტობის დროსარსობრივადსაქართველო უკვე იქცა „შეკავების“ პოლიტიკის ნაწილადრომელსაც ევროატლანტიკური ბლოკი ატარებს რუსეთის მიმართ“.

ავტორი განმარტავს, რომ იგულისხმება ის ნაბიჯები, რაც სწორედ ბოლო წლებში გადაიდგა ალიანსთან დაახლოების თვალსაზრისით. მათ შორის უპრეცედენტო სამხედრო სწავლებები ამერიკული საბრძოლო ტექნიკის მონაწილეობით, სწრაფი რეაგირების ძალებში ქართული ქვედანაყოფის ჩართვა და ა.შ.

ამდენად, რუსი „მეცნიერ-იმპერიალისტი“ სილაევი თვლის, რომ საქართველო და რუსეთი კვლავ აღმოჩნდნენ ომის ზღვარზე და თუ ასე გაგრძელდა, მოსკოვი „იძულებული იქნება“  ისევ გამოიყენოს ძალა ამა თუ იმ ფორმით, რათა დასავლურ სამხედრო-სტრატეგიულ სისტემებში ჩვენი ქვეყნის შემდგომი ინტეგრაცია არ დაუშვას.

სილაევს ისიც შესანიშნავად ესმის, რომ NATO-ში ფორმალური გაწევრება ან ყბადაღებული MAP-ი იმდენად არსებითი არ არის, რამდენადაც უსაფრთხოების სფეროში დასავლეთთან ურთიერთქმედების სულ უფრო და უფრო მზარდი ტენდენცია.

რამდენად მზადაა მოსკოვი დღეს, ანუ უკრაინაში და სირიაში მიმდინარე  ომების პარალელურად, კიდევ საქართველოს წინააღმდეგ განახორციელოს რაიმე სამხედრო აქცია (ვთქვათ, გადაკეტოს თბილისი-ფოთის მაგისტრალი თბილისთან მორიგი სამხედრო წვრთნების დროს) სხვა საქმეა. საეჭვოა, რუსეთს ამჟამად შესაბამისი პოლიტიკური რესურსი ჰყოფნიდეს. მით უმეტეს, რომ ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან დაახლოების პროცესი ჯერ იმდენად შორს არ წასულა, საქართველოში დასავლეთის სახელმწიფოთა მუდმივი ბაზები გაჩნდეს.

თუმცა, ივანე სილაევის სტატია სხვა თვალსაზრისითაა საინტერესო: დისკურსში ამჟამინდელი ხელისუფლების და მისი რეალური  მმართველის, ბიძინა ივანიშვილის „პრორუსულობის“ შესახებ.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ზოგადად, ქართველ პოლიტიკოსებს განსაკუთრებული თავხედობა ახასიათებთ, როცა საზოგადოებაში მათთვის ხელსაყრელი სტერეოტიპების დამკვიდრებას ცდილობენ. მაგრამ ეს სწორედ საზოგადოების ბრალია: ელემენტარული „საღი აზრისა“ და იოტისოდენად კრიტიკული შეფასების შემთხვევაში, ცრუპენტელური სტერეოტიპები ხუხულასავით ინგრევა.

მით უმეტეს, თუ იმავე „საღი აზრის“ ისეთ განუყოფელ შემადგენელს მივმართავთ, როგორიც მეხსიერებაა. აი, რაც ყველაზე მეტად სძულთ ხოლმე ყოფილ ხელისუფალთ მას შემდეგ, რაც ოპოზიციაში გადაბარგდებიან.  სძულთ იმიტომ,  „აბეზარი მეხსიერება“  მუდამ წინააღმდეგობას უწევთ ცრუპენტელობისას.

ამ  დისკურსში ძალიან სასარგებლოა (თუმცა არანაკლებ „გამაღიზიანებელი“) ვითარების მოდელირება „ფაქტობრივი ჩანაცვლების“ ტექნოლოგიით. ასეთი მეთოდით სულ იოლად აღმოვაჩენთ ცუღლუტობას.

აბა წარმოვიდგინოთ:

ა) ბიძინა ივანიშვილმა საჯაროდ განაცხადა, რომ მისი პირველი ვიზიტი (პრემიერ-მინისტრის პოსტზე დამკვიდრების შემდეგ) მოსკოვში სტუმრობა იქნება.

ბ) მოსკოვიდან დაბრუნებისთანავე, ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ „თვალებში ჩახედა ვლადიმერ პუტინს“, „სჯერა მისი გულწრფელობის“ და, საერთოდ, მიიჩნევს მას „თანამედროვეობის ერთ-ერთ უდიდეს პოლიტიკოსად“. კეთილ სურვილებში პუტინის დასარწმუნებლად, ორი ჩეჩენი ლტოლვილი, ვინც საქართველოს სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო, რუსულ სპეცსამსახურებს ფარულად გადაეცემა. ერთი მათგანი საკონცენტრაციო ბანაკში წამებით იღუპება.

გ) ბიძინა ივანიშვილი, გახელისუფლებისთანავე,  საკუთარ მთავრობაში მოსკოვიდან იწვევს ქართული წარმომავლობის რუს მულტიმილიონერს, რომელიც მანამდე კურირებდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ზესაიდუმლო წყალქვეშა ნავების ბაზას.

დ) ბიძინა ივანიშვილის მიერ რუსეთიდან მოწვეული მულტიმილიონერი აცხადებს, რომ უნდა გაიყიდოს „ყველაფერი სინდისის გარდა“, ახორციელებს პრივატიზების პროცესს და ქვეყნის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საწარმოების უდიდესი ნაწილი გადადის რუსული ოლიგოპოლიის (მათ შორის წმინდად სახელმწიფო საწარმოების) ხელში

ე) ბიძინა ივანიშვილი გამოდის ინიციატივით, რუსეთ-საქართველო-სომხეთის სტრატეგიული გაზსადენი გადავიდეს „გაზპრომ“-ის გამგებლობაში. ამ პროექტის განხორციელება ვერ ხერხდება მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის თანაბლოკელი ირმა ინაშვილის (იმ დროს ნინო ბურჯანაძის-ავტ. შენიშვნა) კაპასი პროტესტისა და დასავლეთის ჩარევის შედეგად. ბიძინა ივანიშვილი უარს აცხადებს „დსთ“-დან გამოსვლაზე იმ მოტივით, რომ არ სურს „ქვეყანას შეუქმნას დამატებითი პრობლემები“  (2005წ), ანუ დსთ-ში ყოფნა საქართველოსთვის სასარგებლოა.

ვ) ბიძინა ივანიშვილი აღადგენს ავტონომიურ ოლქს, რომელიც, მოსკოვის გააფთრებული წინააღმდეგობის და სამხედრო აგრესიის მიუხედავად, 1990 წელს გააუქმა საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ.

ზ) ბიძინა ივანიშვილი სამარცხვინოდ აგებს ომს რუსეთთან და ხელს აწერს უპირობო კაპიტულაციას, რომლითაც მოსკოვი მკვიდრდება ორივე ანექსირებულ ტერიტორიაზე.  ახალგორის რაიონი, ასევე კოდორის ხეობა, სადაც მანამდე ვრცელდებოდა თბილისის იურისდიქცია, სამუდამოდ იკარგება, ხოლო აფხაზი სეპარატისტები იძენენ  მნიშვნელოვან  არგუმენტს იმაზე აპელირებისთვის, რომ უკვე აკონტროლებენ აფხაზეთის მთელს ტერიტორიას, ანუ აქვთ სახელმწიფოებრიობის ძალიან მნიშვნელოვანი ატრიბუტი

თ) ბიძინა ივანიშვილი ერთვება ე.წ. „ჟენევის მოლაპარაკებებში“, რომლებიც მოსკოვს სჭირდება მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის, რათა „გააპრავოს“ სოხუმისა და ცხინვალის პირსისხლიანი მარიონეტული რეჟიმები და შესძინოს მათ საერთაშორისო ლეგიტიმურობა. ამ მოლაპარაკებებზე საქართველოს, „სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის წარმომადგენლებს თანაბარი სტატუსი აქვთ

ი) წაგებული ომიდან ერთ თვეში (!), ბიძინა ივანიშვილი ხელს აწერს რუსულ ენერგოგიგანტთან მემორანდუმს, „ენგურჰესის“ მოსკოვისთვის გადაცემის თაობაზე

კ) ბიძინა ივანიშვილი თანხმობას აცხადებს რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შესვლაზე იმის მიუხედავად, რომ მოსკოვი არ ცნობს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ქმნის „სავაჭრო დერეფნებს“ აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ გავლით, რითაც სეპარატისტებს აძლევს თუნდაც დემაგოგიურ, მაგრამ იურიდიულად სადავო  საფუძველს, მოითხოვონ შესაბამის მოლაპარაკებაში თანასწორუფლებიანი მონაწილეობა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ახლა შევატრიალოთ კონსტრუქცია:

ა) მიხეილ სააკაშვილის მმართველობისას, საქართველოში არ შემოდის არც ერთი ახალი რუსი ინვესტორი. არც ერთი ქართული საწარმო (თუკი რამ დარჩა გასაყიდი „სინდისის გარდა“  წინა მთავრობის დროს) არ იყიდება რუს ოლიგარქებზე

ბ) მიხეილ სააკაშვილის მმართველობისას, საქართველო გადადის           NATO-სთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე „ინტენსიური დიალოგი“, ყოველწლიურად ტარდება სულ უფრო და უფრო მასშტაბური სამხედრო წვრთნები ამერიკული საბრძოლო ტექნიკის მონაწილეობით.

გ) მიუხედავად მოსკოვის გაავებისა, მიხეილ სააკაშვილის მთავრობა ხელს აწერს ევროპასთან ასოცირების შეთანხმებას, აგრეთვე შეთანხმებას „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონის შესახებ“

დ) მიხეილ სააკაშვილის მმართველობისას, ევროკავშირი საქართველოს მოქალაქეებისთვის აწესებს უვიზო რეჟიმს.

ე) მიხეილ სააკაშვილი უარს აცხადებს რეალურად განახორციელოს „საბაჟო დერეფნების“ შესახებ 2011 წელს მიღწეული შეთანხმება იმის მიუხედავად, რომ მოსკოვი იმუქრება ემბარგოს აღდგენით

ვ) მიხეილ სააკაშვილის მთავრობა, მოსკოვის მოთხოვნის მიუხედავად, ჯიუტად არ თანხმდება რკინიგზის აღდგენას რუსეთსა და სომხეთს შორის, რასაც კრემლისთვის სტრატეგიული გეოპოლიტიკური მნიშვნელობა აქვს

ზ) მიხეილ სააკაშვილი, მოსკოვის მრავალგზის მოთხოვნის მიუხედავად, უარს ამბობს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე. არც კი განიხილავს რუსეთის ინიციირებულ საინტეგრაციო პროექტებში მონაწილეობას („ევრაზესი“ და სხვა)

თ) საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფი უერთდება NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალებს. მიუხედავად დიდი მსხვერპლისა, მიხეილ სააკაშვილი ტოვებს ავღანეთში ქართულ კონტინგენტს, რომელიც კვლავინდებურად უდიდესია ალიანსის არაწევრს სახელმწიფოებს შორის.

ზემოთქმულის გათვალისწინებით, თუ თვალს არ დავიბრმავებთ და ცუღლუტ პოლიტიკანებს თავს არ „დავაბოლებინებთ“, ამასთან, ისევ და ისევ მოვუხმობთ საღ აზრს, რომელიც „ორჯერ-ორს“ მუდამ უტოლებს „ოთხს“ და არა „ჩვიდმეტს“ (როგორი უსიამოვნოც არ უნდა იყოს ეს ტოლობა), იძულებული ვიქნებით დავასკვნათ, რომ „პროდასავლელი“ და „პროამერიკელი“ პოლიტიკოსი სწორედ მიხეილ სააკაშვილია და არა „რუსი ოლიგარქი“ ბიძინა ივანიშვილი.

2017