საერთაშორისო მიმოხილვა. 5 სექტემბერი. 2024 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 5 სექტემბერი. 2024 წელი

 

სამხედრო კონტური:

უკრაინულმა წყაროებმა დაადასტურეს, რომ გუშინ რუსეთის საოკუპაციო ჯარმა აიღო სოფელი Пречистовка, ასევე სოფელი Карловка დონბასზე.

კარლოვკა მდებარეობს ავტომაგისტრალზე, რომელიც მიდის დაბაში  Покровск - უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პუნქტში, რომელიც უკრაინის თავდაცვითი ზღუდეს საკვანძო წერტილია.

პოკროვსკის დაკარგვა საფრთხეს შეუქმნის უკრაინის აღმოსავლეთ ფრონტის სტაბილურობას მთლიანობაში.

უკრაინულმა ძალებმა უკან დაიხიეს, რაკი არსებობდა ალყის საფრთხე.

ამჟამად ბრძოლები მიმდინარეობს კიდევ უფრო დასავლეთით: სოფლების Селидово და Украинск მიდამოებში. ანუ პოკროვსკის მიმართულებით სიტუაცია ძალიან რთულია.

გარდა ამისა, რუსები გააფთრებით უტევენ ქალაქს Торецк.

რაც შეეხება Пречистовка-ს, იგი მდებარეობს ქალაქ Угледар-ის დასავლეთით და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტია.

ანუ მთლიანობაში, პუტინი და მისი გენერალური შტაბი აგრძელებენ იმ ტაქტიკას, რაც აირჩიეს კურსკის ოლქში უკრაინული არმიის შესვლისთანავე: გამოჰყავთ რუსული ჯარის მცირე ნაწილი დონბასიდან კურსკის დასაცავად, თუმცა უკრაინულ ჯარს კი არ უტევენ, არამედ კონცენტრირდებიან უშუალოდ ქალაქ კურსკის მიდამოებში და სამაგიეროდ, აქტიურად უტევენ უკრაინულ პოზიციებს დონბასზე, რათა გაარღვიონ სტრატეგიული თავდაცვითი ზღუდე რომელიც (აქვე უნდა აღინიშნოს) 2014 წლიდან შენდებოდა - ანუ აღმოსავლეთ უკრაინაში რუსული საოკუპაციო არმიის შეჭრის მომენტიდან, როდესაც რუსებმა ილოვაისკთან და დებალცევოსთან ალყა შემოარტყეს უკრაინული ჯარის რამდენიმე ფორმირებას.

 

მიუხედავად დონბასზე შექმნილი ვითარებისა, უკრაინის გენშტაბს შესანიშნავად ესმის, რომ კურსკიდან უკან დახევა უკვე გვიან არის და სტრატეგიის განსავითარებლად ისინი ვალდებულნი არიან განაგრძონ შეტევა რუსეთის სიღრმეში.

ამიტომ აქტიურად იბომბება ბელგოროდის ოლქი და უკრაინული არმია რუსეთთან საზღვრის სხვა მონაკვეთებზეც აგრძელებს რუსული არმიის „შეწუხებას“.

 

აქ არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: პუტინს მთელი თავისი ბრძოლისუნარიანი შენაერთები გადასროლილი აქვს ახლა დონბასზე. ანუ ე.წ. „Контрактиники», ვისაც კონტრაქტი აქვს გაფორმებული რუსეთის სახელმწიფოსთან.

 ხოლო უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზე, მათ შორის უკრაინის საზღვრის მიმდებარედ დატოვა ე.წ. Срочники ესე იგი გაწვეულები, ვადიან სამსახურში მყოფნი......არადა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის პირველივე წელს პუტინი ხალხს დაჰპირდა, რომ Срочник-ებს არ აომებდა.

ახლა ეს „წვევამდელები“ იღუპებიან, რაც ზრდის რუსეთში პუტინით უკმაყოფილებას, თუმცა........ აგრესიის შედეგად უკვე იმდენი რუსი დაიღუპა, იმ საზოგადოებას რაიმე რეალური და ქმედითი პროტესტის უნარი რომ ჰქონოდა, უკვე დიდი ხნის წინ გამოამჟღავნებდა.

და ეს გარემოება ამ ომის კიდევ ერთი სისტემური „მარკერია“, რომელიც რუსული საზოგადოების საუკუნოვან თვისებრიობას გამოხატავს, რისი წყალობითაც რუსეთი გახდა იმპერია და უდიდესი ტერიტორიები დაიპყრო მიუხედავად საკუთარი და სხვისი მსხვერპლისა.

 

დონბასზე რუსული შეტევის პარალელურად, უკრაინის ჯარი იმ მიმართულებებზე აქტიურდება, სადაც ნამდვილად ჰქონდა თვალსაჩინო წარმატებები: შავ ზღვაზე მაგალითად.

ნოვოროსიისკის პორტს და სამხედრო-საზღვაო ბაზას კვლავ შეუტიეს უკრაინულმა საზღვაო უპილოტოებმა. ამ პორტში კი სევასტოპოლიდან გამოქცეული რუსული სამხედრო გემები აქვთ უკრაინელებს გადამალული.

 

ამასობაში, ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე დონბასზე რუსული არმიის „შეღრმავებამ“ ის განაპირობა, რომ ვაშინგტონში, თეთრ სახლში, პენტაგონში ალაპარაკდნენ უკრაინისთვის ძალიან ძლიერი იარაღის გადაცემის შესახებ: შორსწმვდომი რაკეტებისა JASSM (Joint Air-to-Surface Standoff Missiles)

მისი ერთ-ერთი სახეობა, JASSM-ER 1 000 (ათასი) კილომეტრის (!) შორსმწვდომობისაა.

და რაც განსაკუთრებით ნიშანდობლივია, JASSM ჰაერი-ზედაპირი კლასის რაკეტაა. მისი გაშვება შესაძლებელია თვითმფრინავიდან F-16, რომლის პირველი პარტია უკრაინამ უკვე მიიღო

 აქ განსაკუთრებით ნიშანდობლივი ისაა, რომ ამ იარაღის უკრაინული არმიისთვის გადაცემაზე ვაშინგტონში „ალაპარაკდნენ“ მას შემდეგ რაც რუსულმა არმიამ „წაიწია“ დონბასზე.

ანუ ამერიკასაც აქვს „წითელი ხაზები“, რომელთაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია, რუსული ჯარი არ მიუახლოვდეს დნეპრს ან კიევს.

JASSM რთული მოსაგერიებელია, რადგან მიუხედავად საჰაერო ბაზირებისა, იგი მიჰყვება რელიეფს დაბალ სიმაღლეზე ესე იგი „დიჯიტალზიებული“ აქვს მის კომპიუტერულ სისტემას ლანდშაფტი - სამიზნემდე.

პუტინის „ხმა-პირმა“ პესკოვმა უკვე განაცხადა, რომ ამ რაკეტების უკრაინისთვის გადაცემით აშშ „წითელ ხაზს“ გადალახავს.

მოსკოვში ეშინიათ, რომ უკრაინის არმია ამ ახალი იარაღით მოსკოვს და პეტერბურგს დაარტყამს.

პარალელურად, რუსეთი სასტიკად ურტყამს უკრაინის ქალაქებს SS-26 Iskander-ის ბალისტიკური რაკეტებით, რომელთა ჩამოგდება ძალიან ძნელია.

მაგალითად დარტყმა პოლტავაზე, სადაც 40-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ასეულობით დაიჭრა. ორი ერთეული Iskander-M ესროლეს რუსებმა ქალაქს.

ამ რაკეტის ჩამოგდება მარტოოდენ  ამერიკულ Patriot-ს ძალუძს, თუმცა უკრაინას მხოლოდ 4 ერთეული აქვს და ამ დღეებში რუმინეთმა გადაწყვიტა მიაწოდოს კიდევ ერთი სისტემა.

 

NATO არ დაეთანხმა, როგორც უკვე ვწერდით, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, როდისლავ სიკორსკის წინადადებას, ალიანსს ჩამოეგდო რუსული რაკეტები უკრაინის საჰაერო სივრცეში.

თუმცა ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის პოზიცია ჯერ კიდევ შეიძლება შეიცვალოს ხსენებული „წითელი ხაზების“ გადალახვის შემთხვევაში.

ჯერ-ჯერობით ალიანსის პასუხი რუსეთის ქმედებებზე ისაა, რომ პოლონეთის და სხვა აღმოსავლეთ ევროპული სახელმწიფოების საჰაერო სივრცეში მუდმივად მორიგეობს (ბარაჟირებს) ათეულობით სამხედრო თვითმფრინავი, რომელთა პილოტებს ზუსტი ინფორმაცია აქვთ რუსული ავიაციის, მათ შორის სტრატეგიული ავიაციის რუსეთის სიღრმიდან აფრენის შესახებ.

რამდენიმე დღის წინ ზელენსკიმ აღიარა, რომ კურსკში შეტევამ დონბასზე ვითარება ვერ შეცვალა.

და აქვე უნდა ითქვას, რომ სამხედრო ანალიტიკოსთა აზრით ვერც შეცვლის მანამ, სანამ უკრაინული არმია რუსეთის აღმოსავლეთით მდებარე დიდ რუსულ ქალაქებს, კურსკს და ბელგოროდს არ შეუტევს ან არ დაბომბავს ისევე „მწარედ“, როგორც რუსეთი ბომბავს უკრაინის ქალაქებს.

ან თუნდაც არ გადაჭრის რუსეთის სიღრმიდან ოკუპირებული ტერიტორიებისკენ მიმავალ კომუნიკაციებს.

 

პოლიტიკური კონტური

პრეზიდენტმა ზელენსკიმ თავისი ადმინისტრაციის რამდენიმე მაღალი რანგის თანამშრომელი გაათავისუფლა თანამდებობიდან.

მათ შორის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე როსტისლავ შურმა.

 ხოლო რამდენიმე მინისტრმა, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ რადას მიმართეს განცხადებით გადადგომის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ უკრაინა საპრეზიდენტო-საპარლამენტო რესპუბლიკაა. დამკვირვებლები ფიქრობენ, რომ ამ გზით უკრაინის ხელისუფლება ცდილობს „განახლების“ wave შექმნას უკრაინის ხელისუფლებაში და არგუმენტები წაართვას იმ ძალებს დასავლეთში, ვინც ზელენსკის ამუნათებს: „არჩევნებს რატომ არ ატარებო“

ცვლილებები ხდება, როტაცია ხდება, მაგრამ....რა დროს არჩევნებია სამკვდრო-სასიცოცხლო ომის დროს?

ამ არგუმენტს პუტინიც კი ეჭიდება: „ზელენსკი უკრაინის კონსტიტუციას არღვევს, რაკი არჩევნებს არ ატარებსო“.

თან კრემლის ბინადარი უკრაინის კონსტიტუციას იმოწმებს მისი (რუსული) კონსტიტუციის და მარადი პრეზიდენტობის „პატრონი“!!!

 

 ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აშშ პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეკ სალივანი იმყოფებოდა პეკინში, სადაც დახურულ კარს მიღმა გამართა მოლაპარაკებები.

ზოგიერთი ცნობით სი ძინპინსაც კი შეხვდა საიდუმლოდ, თუმცა ეს ინფორმაცია ბოლომდე ვერიფიცირებული არ არის.

მოლაპარაკების მთავარი თემაა უკრაინა.

აქ ორი ურთიერთდაკავშირებული ინტერესთა კვანძია: ჯო ბაიდენს და კამალა ჰარისს არჩევნების წინ ძალიან სჭირდებათ რაიმე „გარღვევა“ უკრაინის ტრეკზე და ამ მიმართულებით ისინი აშკარად ცდილობენ გამოიყენონ სი ძინპინის პოტენციალი - მისი „პატრონ-კლიენტელური„ ურთიერთიობა პუტინთან, რომელშიც სწორედ პუტინია „ყმა“ და „კლიენტი“.

რაც შეეხება  სი ძინპინს, მას  ბოლო დროს  ეკონომიკური იდილია დაერღვა: ჩინეთის ეკონომიკაში სერიოზული პრობლემებია, რაც დაიწყო სამშენებლო-იპოთეკურ ბაზრებზე კოლოსალური საპნის ბუშტის გასკდომით და ღრმავდება.

ამრიგად, სი ძინპინს ეშინია, რომ თუ ტრამპი მოვა თეთრ სახლში, მისი პრობლემები მხოლოდ გაღრმავდება: პეკინისთვის „დემოკრატიული ადმინისტრაცია“ „ნაკლები ბოროტებაა „რესპუბლიკურ ადმინისტრაციასთან“ და ტრამპთან შედარებით.

 გამოჟონილი ცნობით, პეკინში მოლაპარაკების საგანი ის იყო, თუ სად გაავლონ უკრაინის ახალი დე-ფაქტო საზღვარი: 2014 წლის ხაზზე თუ 2022 წლის ხაზზე.

ამერიკა პირველი ვარიანტის მომხრეა, ანუ რუსეთმა დააბრუნოს ყველაფერი, რაც 2022 წლის შემდეგ დაიპყრო.

პეკინი ამას არ თანხმდება, რაკი მისი კლიენტი პუტინი ცდილობს „შეირგოს“ ყოველივე, რაც დაიპყრო 2022 წლის შემდეგ.

კიევის პოზიციაა 1991 წლის საზღვრები ანუ ყირიმიც და დონბასიც მთლიანად, თუმცა გულწრფელად ვთქვათ: ეს მოთხოვნა (1991წლის საზღვრები) ევროატლანტიკურ ელიტებს მეტისმეტად „მაქსიმალისტურად“ მიაჩნიათ.

ამავე დროს, პრეზიდენტი ზელენსკი არ არის წინააღმდეგი, შემდეგი „მშვიდობის სამიტი“ სწორედ „გლობალური სამხრეთის“ რომელიმე ქვეყანაში გაიმართოს და ჩინეთის როლსაც აცნობიერებს.

ამ მხრივ „გლობალური სამხრეთის“ რეალური ლიდერი არა ჩინეთი, არამედ ინდოეთია, რომლის პრემიერ-მინისტრი ნარანდრა მოდი იმყოფებოდა კიევში.

როგორც ჩანს, უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში ურთიერთქმედება უკრაინის მიმართულებით სწორედ ამ ჩარჩოში გაიმართება - „კიევი-ვაშინგტონი-ბრიუსელი-პეკინი-დელი“.

თუმცა ბევრი რამ იქნება დამოკიდებული, შეძლებს თუ არა რუსეთი აშშ არჩევნებამდე ან ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე პოკროვსკის აღებას და შეინარჩუნებს თუ არა უკრაინა პოზიციებს კურსკის ოლქში.