5 დეკემბერი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

5 დეკემბერი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

        გასულ კვირას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო განყოფილების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ თუ 5 დეკემბრამდე საქართველო არ გააგზავნის მოსკოვში სავიზო რეჟიმის საკუთარ ვარიანტს, რუსეთი იძულებული იქნება, ცალმხრივად შემოიღოს (5 დეკემბრიდან) სავიზო რეჟიმი საქართველოსთან.
        თანაც, ეს რეჟიმი (მანვე უმალვე აღნიშნა) გაითვალისწინებს შეღავათებს «საზღვრისპირა რაიონების», ანუ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისათვის:
        ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთი საბოლოოდ დარწმუნდა: თბილისი არ აპირებს დათმობას «ბაზების» საკითხში, ამიტომ «აუცილებელი ხდება» საქართველოს დასჯა სავიზო რეჟიმით.
        აკი წერდა «ნეზავისიმაია გაზეტა»-ში ჩვენი «დიდი მეგობარი» კონსტანტინე ზატულინი: «პუტინმა ნაბან წყალს ბავშვი გადააყოლა, რა საჭირო იყო ბიშკეკის ხელშეკრულებიდან გამოსვლა საიმისოდ, რათა მხოლოდ საქართველო დაგვესაჯაო?»
        დასჯის «მექანიზმი» კი ადვილად აღსაწერია: გადაიკეტება საზღვრები, შემცირდება ექსპორტი, გაიზრდება სოციალური დაძაბულობა და ასე შემდეგ.
        იმავდროულად, აფხაზ და ოს სეპარატისტებს «სასათბურე პირობები» შეექმნებათ. მაგრამ ამჯერად მოსკოვში აშკარად აჭარბებენ თავიანთ შესაძლებლობებს და «სავიზო რეჟიმის» ქმედითობას: საქართველოს სრული ბლოკადა გამორიცხულია, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში სომხეთიც ბლოკადაში ექცევა, რასაც მოსკოვი და ერევანი არ დაუშვებენ.
        გარდა ამისა, «როკის» გვირაბით ექსპორტი მაინც განხორციელდება და, საერთოდ, საქართველოსათვის რუსეთის ბაზარი არც ისე «უალტერნატივოა», როგორც გვეჩვენება.
        «ბაზების» პრობლემა რუსეთს შეეძლო გადაეწყვიტა მხოლოდ აფხაზეთის საკითხში პოზიციის შეცვლით, რაც არ მოინდომა და ვერც შეძლო, ვინაიდან ჩეჩნეთის ომის პერიოდში ჩრდილო-დასავლეთ კავკასიაში მცხოვრები ხალხების გაღიზიანება არ ისურვა.
        ამრიგად, სავიზო რეჟიმი გარდაუვალი ხდება, მაგრამ საქართველო ყოველნაირად უნდა ეცადოს, არ მიიყვანოს საქმე «ცალმხრივ რეჟიმამდე», ანუ 5 დეკემბრამდე აუცილებელია, მოსკოვში გაიგზავნოს შესაბამისი დელეგაცია, დოკუმენტით (სავიზო რეჟიმის ჩვენეული პროექტით), რომელიც გამორიცხავს აფხაზეთისა და «სამხრეთ ოსეთისთვის» ყოველგვარი შეღავათების დაწესებას.
        რუსეთი ამას არ დაეთანხმება და ნურც დაეთანხმება! ყოველ შემთხვევაში, მოსკოვს აღარ ექნება საშუალება თქვას, რომ იძულებული გახდა, «ცალმხრივად მიეღო» გადაწყვეტილება, რაკი საქართველომ უარი განაცხადა მოლაპარაკებათა გამართვაზე.
        ნებისმიერ შემთხვევაში, «სავიზო» მიმოსვლა რუსეთთან უკვე გარდაუვალია. 5 დეკემბერს (საქართველოსთან მოლაპარაკებით თუ მოლაპარაკების გარეშე) რუსეთი მაინც დააწესებს «სავიზო რეჟიმს», ანუ პირველად, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა ისტორიაში, საქართველო მოიპოვებს დამოუკიდებლობის მთავარ ნიშანს – რეალურ საზღვარს მეზობელ სახელმწიფოსთან.

დილის გაზეთი, 9 ოქტომბერი, 2000 წელი