საერთაშორისო მიმოხილვა. 7 აპრილი. 2025 წელი
კვირას დილით რუსეთმა კიევს დაარტყა. ერთი ადამიანი დაიღუპა.
ამგვარ დარტყმებს რუსეთი ახორციელებს ძირითადად იმ მიზნით, რათა „შეამოწმოს“ უკრაინული „საზენიტოს“ მდგომარეობა.
მანამდე, კრივო როჰზე დარტყმის შედეგად, 16 ადამიანი დაიღუპა და პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკმაყოფილება გამოთქვა ამერიკის საელჩოს „სუსტი“ განცხადების გამო, რომელშიც რუსეთი საერთოდ არ ყოფილა ნახსენები.
ბუნებრივია, სახელმწიფო დეპარტამენტს რომ გაეკეთებინა რაიმე განცხადება, მით უმეტეს ტრამპის ადმინისტრაციას, უკრაინის პრეზიდენტი საელჩოს არ გააკრიტიკებდა, თუმცა ისინი საერთოდ სდუმდნენ.
ტრამპმა რუსეთს საბაჟო ტარიფებიც არ დაუწესა - „მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ უკრაინის თემაზეო“. არადა 5 მილიარდი დოლარის იმპორტს ახორციელებს ამერიკა რუსეთიდან.
ოღონდ ესაა ან წიაღისეული, ფერადი ლითონები ან სარაკეტო ტექნოლოგიები, რაც ამერიკას ძალიან სჭირდება.
ტრამპი ახლა გააფთრებით ცდილობს გაამართლოს მისი გადაწყვეტილებები „სავაჭრო მსოფლიო ომის გამოცხადებასთან“ დაკავშირებით.
ძალიან საინტერესო ბრიფინგი ჰქონდა თვითმფრინავის ბორტზე.
სხვათა შორის ნიშანდობლივია, რომ ხშირად მიმართავს მედიასთან კომუნიკაციის ამ ფორმას, რასაც შედარებით იშვიათად იყენებდნენ მისი წინამორბედი პრეზიდენტები.
ტრამპის თქმით NAFTA-ს გაფორმების შემდეგ North American Free Trade Agreement კანადასთან და მექსიკასთან, ამერიკაში 90 000 საწარმო დაიხურა და 6 მილიონი სამუშაო ადგილი დაიკარგა.
ნიშანდობლივი იყო შემდეგი ფრაზა: „უკვე ტრილიონობით დოლარის უცხოური ინვესტიციები მზადდება ამერიკის ეკონომიკაშიო“.
ანუ ტრამპის ეკონომიკურ მრჩევლებს აქვთ იმედი, რომ ინვესტორები შეეცდებიან „ჩაასხან ფული“ ამერიკის ინდუსტრიებში და ზოგადად წარმოებაში, რაკი ამერიკა ტრამპმა აქცია „საბაჟო ტარიფებით დაცულ ციხე-სიმაგრედ“ და ინვესტორთა გათვლა ის იქნება, რომ პროდუქციას ამერიკის „დაცულ“ ბაზარზევე გაყიდიან მისი მაღალმსყიდველუნარიანი მოსახლეობით.
ალბათ არ არის სულ უსაფუძვლო გათვლა, თუმცა ტრამპმა მიანიშნა, რომ სამუშაო ადგილების შექმნას და ინდუსტრიათა „ამოქოქვას“ წლები დასჭირდება.
„უნდა მოვითმინოთ და დაველოდოთ“ - ესაა ტრამპის საზრისული რეფრენი.
თუმცა მანამდე დოლარი უფასურდება ძირითად ვალუტებთან და ამერიკული ბირჟების ინდექსებიც იკლებენ.
ტრამპი იმედოვნებს, ეს დროებითია.
აქ კიდევ ერთხელ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ერთი სისტემური გარემოება: ამერიკას უარყოფითი სავაჭრო სალდო აქვს თითქმის ყველა ძირითად სავაჭრო პარტნიორთან. ანუ როდესაც ევროკავშირი, ჩინეთი, ინდოეთი, იაპონია და სხვები ლაპარაკობენ „საპასუხო ზომებზე“ და არ თანხმდებიან საკუთარი საბაჟო ტარიფების შემცირებას ამერიკულ პროდუქციაზე ისინი რისკავენ, რომ ტრამპი ამ „საპასუხო ზომების საპასუხოდ“ კიდევ უფრო გაზრდის ტარიფებს.
ამის გაკეთება ამერიკას უფრო შეუძლია ვიდრე იმ სახელმწიფოებს, ვისაც სავაჭრო პროფიციტი აქვთ მასთან.
და მაინც, ტრამპი ახლა კოლოსალურად რისკავს.
ლამის სამკვდრო-სასიცოცხლოდ.
მაგალითად: მისი განცხადებებისთანავე კომპანიების NVIDEA (AI), Apple და Amazon აქციები დაეცა; არადა......ამერიკელი პენსიონერების დიდ ნაწილს სწორედ ამ აქციათა აქციებში აქვთ თავისი საპენსიო დანაზოგი შენახული.
აშშ პრეზიდენტის რეიტინგი 43%-მდე დაეცა. ამერიკაში დაიწყო საპროტესტო აქციები. მონაწილეობს ათი ათასობით ადამიანი, ვინც ტრამპმა და მასკმა „გაუშვეს“ სამსახურებიდან.
დონალდ ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში Truth აღიარა, რომ პირველ ხანებში ამერიკას ნამდვილად გაუჭირდება მაგრამ მერე...... ეს პოსტი ტრამპმა გამოაქვეყნა მას შემდეგ, რაც მის ფლორიდას რეზიდენციასთან 400 ადამიანი შეიკრიბა საპროტესტოდ, როდესაც ის მეგობრებთან ერთად გოლფს თამაშობდა.
Golf ამერიკაში არისტოკრატიულ გართობად ითვლება. როგორც შუა საუკუნეებში ნადირობა.
წინა მიმოხილვაში მივანიშნეთ, რომ ევროპელებიც და ჩინელებიც შეეცდებიან საპასუხო დარტყმა მიაყენონ ამერიკას არა საქონლის (Goods) არამედ სერვისების სფეროში.
მათ შორის ციფრული მომსახურებისა. საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა უკვე თქვა, მაგალითად, რომ EU-მ შესაძლოა საპასუხოდ დაარტყას Marketplace-სს Amazon და ილონ მასკის X-საც კი, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი (ანუ ილონ მასკი) ცოტა არ იყოს კომიკურ სიტუაციაშიც აღმოჩნდება.
ოღონდ მაკრონს Google და მისი სერვისები არ უხსენებია, რადგან 450 მილიონიან ევროპას მისი ჩანაცვლების რესურსი არ გააჩნია.
Google და მისი პროგრამები, აპლიკაციები, თანამედროვე კომუნიცირებულ სამყაროში ზოგადად ამერიკის უდიდესი უპირატესობაა. ისეთი უპირატესობა, რომ ბევრ რამეს „გადაწონის“ გლობალურად.
ეს მხოლოდ აპლიკაციები და პროგრამებიც არაა. YouTube ხომ იგივე Google-ია.
პუტინმა რაღაც ნაგავი შექმნა მის ჩასანაცვლებლად და არაფერი გამოუვიდა („Смотрим“ ჰქვია - ტოტალური მარაზმი ტექნოლოგიურად)
ევროპელები ალბათ კი შექმნიან, მაგრამ დრო (დ რ ო!!) დასჭირდება, ხოლო თანამედროვე მსოფლიოში 2-3 წელი უკვე სტრატეგიული ჩამორჩენაა.
დღეს ამერიკის გლობალურ დომინირებას, მის პლანეტარულ „ჰეგემონიას“ (ზბიგნევ ბჟეზინსკის ტერმინით) განაპირობებს დოლარი და მაღალი ტექნოლოგიები კომუნიკაციის სფეროში.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . .
პუტინის არმიამ განაცხადა, რომ საგაზაფხულო გაწვევით, რეკრუტირებით, 160 000 წვევამდელის გაწვევას აპირებს არმიაში.
ეს ბევრად მეტია, ვიდრე საშემოდგომო გაწვევისას და ირიბად ადასტურებს, რომ პუტინი მაინც ემზადება ახალი დიდი შეტევისთვის დნეპრის ან კიევის თუ ოდესას მიმართულებით.
პუტინის პროპაგანდისტები აცხადებენ: „ნუ გეშინიათ, ეს ხომ მობილიზაცია არ არის - წვევამდელებს ფრონტზე არ გააგზავნიანო“. თუმცა, როგორც ყოველთვის, ეშმაკობაა: გაწვეულ ჯარისკაცთან მუდამ შეიძლება (და უფრო ადვილიცაა) კონტრაქტის გაფორმება, 2-3 ათასი დოლარის დაპირება და „საზარბაზნე ხორცად“ გამოყენება.
მობილიზაციისა კი პუტინს ძალიან ეშინია!
მხოლოდ ერთხელ გამოაცხადა - 2022 წლის შემოდგომით....... მაშინ, როდესაც უკრაინამ - რამდენჯერმე.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
ისრაელი მოითხოვს სირიის გაყოფას ზონებად.
ეს შესაძლოა გახდეს სირიის ერთიანი სახელმწიფოს საბოლოო გაყოფის საწინდარი და წინაპირობა.
თუმცა დე-ფაქტო უკვე ისედაც გაყოფილია სირია.
ისრაელის პროექტით, სირიაში 4 გავლენის სექტორი უნდა ჩამოყალიბდეს: ისრაელის, ამერიკის, თურქეთის და.....რუსეთის!
ირანი გამორიცხულია რასაკვირველია, თუმცა მივაქციოთ ყურადღება, რომ როგორც ერთ-ერთ წინა მიმოხილვაში ვწერდით დასავლურ მედიაზე დაყრდნობით, ისრაელის სახელმწიფო სულაც არ არის წინააღმდეგი, რუსეთმა შეინარჩუნოს სამხედრო ბაზები ტარტუსსა და ხმენინში.
იმიტომ, რომ ყველა წინააღმდეგობის მიუხედავად, ისრაელს ბევრად მეტად „ეკომფორტულებოდა“ ურთიერთქმედება რუსეთთან (მიუხედავად სამხედრო ინციდენტებისა სირიის ცაში) ვიდრე თურქეთთან.
ისრაელი შეშფოთებულია იმით, რომ ნაცვლად რუსული კონტინგენტისა, თურქული კონტინგენტი, სირიის ახალი ხელისუფლების ხელდასხმით, შესაძლოა განლაგდეს სტრატეგიულ „ჰოლანის სიმაღლეებთან“.
იერუსალიმი აცხადებს, რომ ამას უბრალოდ არ დაუშვებს!
იმიტომ, რომ თურქეთმა იმ რეგიონში შესაძლო განალაგოს „საზენიტოები“, დრონები და რადიოსალოკაციო ბრძოლის საშუალებანი.
განსხვავებით რუსეთისგან, თურქეთი „პოლიტიკური ისლამის“ სახელმწიფოა და აქვს ამბიცია, „ჩაანაცვლოს“ ღაზას სექტორში (სადაც სუნიტები ცხოვრობენ) შიიტური ირანის გავლენა - სუნიტური თურქეთის გავლენით.
სირიაში ხელისუფლების შეცვლით და ბაშარ ალ ასადის მოსკოვში გაქცევით რეალურად არაფერი დამთავრებულა: მიმდინარეობს ძალიან რთული „საჭადრაკო პარტია“ ერთდროულად რამდენიმე „დაფაზე“ ამ ოთხი მოთამაშის მონაწილეობით, ხოლო ირანი, მათი გადაწყვეტილებით, თითქოს „გაგდებულია“ სათამაშო ასპარეზიდან.
თუმცაღა სირიაში უამრავი შიიტი და მათთან დაახლოებული ალავიტი ცხოვრობს.
ჰოლანის სიმაღლეები ისრაელმა 1967 წელს „ექვსდღიანი ომისას“ დაიპყრო.
იქ განალაგა უდიდესი სამხედრო ინფრასტრუქტურა რომლითაც სირიის მიმდებარე ტერიტორიას მთლიანად აკონტროლებს.
მოსალოდნელია, რომ ეს საკითხები განიხილება პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნათანიაჰუს მომავალი ვიზიტისას ვაშინგტონში.
და არა მხოლოდ ტრამპის 17%-იანი საბაჟო ტარიფები ისრაელის პროდუქციაზე.
ამ პატარა ქვეყანას ისეთი ეგზისტენციალური გამოწვევები აქვს, „სატარიფო ომი“ ნაკლებ არსებითია მისთვის.
ტრამპის ერთ-ერთი მოტივი ესეც იყო: სხვა ქვეყნებმა მიკერძოებაში არ ჩამითვალონ - ხომ ხედავთ უახლოეს მოკავშირე ისრაელსაც კი დავუწესე საბაჟო ტარიფებიო.
6 აპრილს ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლლა ჰომენეის ბრძანებით, ირანის შეიარაღებული ძალები სრულ სამხედრო მზადყოფნაში მოიყვანეს.
თეირანმა გააფრთხილა ამერიკა „საპასუხო ზომების გარდაუვალობაში“, თუ აშშ შეიარაღებული ძალები ან ისრაელი თავს დაესხმიან ირანის ბირთვულ ობიექტებს.
აქ საინტერესო საკითხი ისაა, ხომ არ შეეცდება ამჟამად ირანის „მულლათა ხელისუფლება“ გააქტიურდეს რეგიონში ამერიკის და ისრაელის წინააღმდეგ....... იმ ფონზე, როცა არსებობს გლობალური უკმაყოფილება ტრამპის სატარიფო/საბაჟო პოლიტიკით?
ძალიან ხელსაყრელი ფონია ამერიკის ყველა მტრისთვის.