ნინო ბურჯანაძე პრეზიდენტ სააკაშვილს წარსულს ახსენებს

ნინო ბურჯანაძე პრეზიდენტ სააკაშვილს წარსულს ახსენებს

          იშვიათად ხდება, რომ კვირის მთავარი ინტრიგა პოლიტიკოსის მიერ წარსულის შესახებ გაკეთებული განცხადება იქცეს. გასულ კვირას პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ და «ვარდების რევოლუციური ტრიუმვირატის» წევრმა, ამჟამად ყველაზე რადიკალურმა, შეურიგებელმა ოპოზიციონერმა, ნინო ბურჯანაძემ ერთ-ერთ ინტერვიუში თითქოსდა უცნაური განცხადება გააკეთა: «იმისათვის, რათა ქართველ ხალხს უბედურება თავიდან აეცილებინა, მას ლიდერის არჩევისას პრაგმატული, დაფიქრებული გადაწყვეტილება უნდა მიეღო და არა ემოციური».
          რას გულისხმობდა ნინო ბურჯანაძე? ბუნებრივია 2008 წლის 5 იანვრის არჩევნებს არ იგულისხმებდა, რაკი ამ დროს თავად ასრულებდა პრეზიდენტის მოვალეობას და ყველაფერს აკეთებდა მიხეილ სააკაშვილის დასახმარებლად.
          ეს რომ ეგულისხმა, გამოვიდოდა, რომ თავადაა დამნაშავე იმაში, თუ სააკაშვილი მეორედ პრეზიდენტი გახდა.
          ამავე მიზეზით იგი არც 2004 წლის 4 იანვრის არჩევნებს იგულისხმებდა.
          როგორც ჩანს, ზემოთმოყვანილი განცხადებით ქალბატონი ბურჯანაძე უბრუნდება 2003 წლის ნოემბრის იდუმალებით მოცულ მოვლენებს.
          2 ნოემბრის არჩევნებში ბურჯანაძემ და «ჟვანიას გუნდმა» ანუ «ბურჯანაძე-დემოკრატებმა» პირწმინდად წააგო. თანაც წააგო არა მხოლოდ და არა იმდენად სახელისუფლებო პარტიასთან, არამედ პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილის «ნაციონალურ მოძრაობასთან».
          შევარდნაძემ და მამალაძემ თუ არჩევნები გააყალბეს, გააყალბეს სწორედ სააკაშვილის «ნაციონალური მოძრაობის» წინააღმდეგ, თორემ «ბურჯანაძის ბლოკმა» 7 პროცენტიანი ბარიერი ძლივს-ძლივობით გადალახა. თუ გადალახა საერთოდ – ესეც საკითხავია.
          რაკი ეს სათუო გახდა, ბურჯანაძისა და მისი პარტნიორების ერთადერთი შანსი ხელისუფლებაში თავის შესანარჩუნებლად რევოლუცია გახდა და მხოლოდ ამის მერე დაიძრენ ფილარმონიიდან – თავისუფლების მოედნისაკენ, სადაც «ნაციონალური მოძრაობა» მართავდა მიტინგს და გაისმოდა პირველი მოწოდებები «შევარდნაძის გადაგდების» შესახებ.
          ნინო ბურჯანაძეს ყოველთვის მიაჩნდა და დღემდე მიაჩნია (თუმცა ამას ღიად რა თქმა უნდა არ იტყვის არასდროს), რომ «ხალხმა» შეცდომა სწორედ 2 ნოემბერს დაუშვა, როდესაც (მისი თქმით) «ემოციური» და არა «რაციონალური» გადაწყვეტილება მიიღო მომავალი ლიდერის არჩევისას - «ნაციონალურ მოძრაობას» უფრო დაუჭირა მხარი, ვიდრე «ბურჯანაძე – დემოკრატებს», ანუ მიხეილ სააკაშვილი არჩია მას.
          ცოტამ თუ იცის, რომ მთელი ნოემბრის განმავლობაში, ნინო ბურჯანაძე და ზურაბ ჟვანია არ წყვეტდნენ მცდელობას, მოელაპარაკათ შევარდნაძესთან, რათა მას გაეუქმებინა საპარლამენტო არჩევნების შედეგი და დაენიშნა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები.
          სარწმუნო წყაროთა ცნობით, 2003 წლის 18 ნოემბერს ნინო ბურჯანაძე და ზურაბ ჟვანია უნდა მისულიყვნენ შევარდნაძესთან ამერიკის ელჩ რიჩარდ მაილზის თანდასწრებით და ერთობლივად მოწყობილ ბრიფინგზე განეცხადებინათ საპარლამენტო არჩევნების შედეგთა გაუქმება.
          ეს., რასაკვირველია, იცოდა მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც იმ დღეებში (თუ გახსოვთ) «ნაციონალთა აქტივს» უბრძანა შეჭრილიყვნენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ე.წ. «იმელის») შენობაში, რათა «არ დაეშვათ საარჩევნო ბიულეტენების განადგურება ან შეცვლა».
          რევოლუციის შემდეგ ამ დაპირისპირების გახსენება არც მიხეილ სააკაშვილს აძლევდა ხელს და არც ნინო ბურჯანაძეს. პირიქით: პრეზიდენტი – პარლამენტის თავმჯდომარეს ტკბილად უმღეროდა «სიყვარულის ისტორიას» ფორტეპიანოზე აკომპანიმენტით.
          მაგრამ გავიდა დრო, დადგა ახალი სიტუაცია და ნინო ბურჯანაძემაც გაამხილა გულისნადები – წყენა ხალხის მიმართ, რომელმაც 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნებში «ემოციური გადაწყვეტილება მიიღო» და ჭკვიან, შორსმჭვრეტელ, დინჯ, გამოცდილ პოლიტიკოსს (ანუ მას) მხარი არ დაუჭირა - «ემოციური» პოლიტიკოსი (სააკაშვილი) არჩია.
          თუმცა საეჭვოა ქალბატონმა ბურჯანაძემ ეს ბრალდება და საყვედური ხშირად გაიმეოროს ან პირდაპირ, დაუფარავად თქვას, რაკი როგორც ჭკვიანი პოლიტიკოსი, ალბათ ხვდება, რომ მისთვის მომგებიანი არ იქნება.

2009 წლის 6 მარტი