საერთაშორისო მიმოხილვა. 7 იანვარი. 2025 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა.  7 იანვარი. 2025 წელი

President-elect დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჯო ბაიდენის „წარმავალი“ ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებს, რათა ძალაუფლების ტრანზიციის პროცესი გაართულოს.

ირკვევა, რომ გულისხმობდა პრეზიდენტ ბაიდენის ბრძანებულებებს ნავთობმოპოვების შეზღუდვის თაობაზე ეკოლოგიური მოსაზრებებით.

ეს ერთ-ერთი ფუნდამენტური უთანხმოებაა „დემოკრატებსა“ და „რესპუბლიკელებს“ შორის.

ტრამპი ირწმუნება, რომ როგორც კი ფიცს დადებს, ბაიდენის ამ ბრძანებულებებს გააუქმებს, რათა ამერიკის ენერგეტიკული დამოუკიდებლობა განამტკიცოს.

 

ირკვევა, რომ ტრამპი სულაც არ ხუმრობდა „უბრალოდ“, როცა კანადის ამერიკასთან შეერთებაზე ლაპარაკობდა.

გუშინ, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ კანადის პრემიერ-მინისტრი ჟასტინ ტრიუდო შესაძლოა გადადგეს პოსტიდან, დონალდ ტრამპმა დაწერა მის სოციალურ ქსელში Truth, რომ ოფიციალურად სთავაზობს კანადას, გახდეს აშშ 51-ე შტატი.

„კანადელებს ეს ძალიან უნდათ ხოლო ამერიკა დაიღალა კანადასთან მუდმივი სავაჭრო დეფიციტით და დოტაციებითო“.

„ერთად ჩვენ დიადი ნაცია ვიქნებითო“- ასკვნის ტრამპი.

უკვე ვწერდით, რომ ამგვარი გაერთიანება უბრალოდ გამორიცხულია.

ამას კანადის ელიტები, მოსახლეობა (განსაკუთრებით კანადელთა  ფრანკოფონიური ნაწილი) არასდროს დათანხმდება.

ხოლო ამერიკის კონსტიტუციაში კი, მათ შორის შტატების დონეზე, ფუნდამენტური ცვლილებების შეტანა იქნება საჭირო. მხოლოდ აშშ კონგრესის აქტი არაა ამისთვის საკმარისი: ამერიკა არის „შეერთებული სახელმწიფოები“ (States)

 

საინტერესო ნიუანსია, რომ დონალდ ტრამპი კვლავინდებურად იყენებს ესოდენ მნიშვნელოვანი განცხადებების გასაკეთებლად მის კუთვნილ სოცქსელს Truth Social მიუხედავად იმისა, რომ X (ყოფილი Twitter) ილონ მასკის საკუთრებაა, ხოლო ილონ მასკი პრეზიდენტის უახლოესი თანაგუნდელია.

რას შეიძლება ეს ნიშნავდეს? X ხომ სინამდვილეში ბევრად პოპულარულია და ბევრად მეტი Costumer ჰყავს ვიდრე ტრამპის TC-ს?

ალბათ იმას ნიშნავს, რომ დონალდი ილონს ბოლომდე მაინც არ ენდობა და საკუთარი რესურსების გაძლიერებას ცდილობს თავის სოციალურ პლატფორმაზე ესოდენ მნიშვნელოვანი განცხადებების გამოქვეყნებით.

 

ტრამპის მეორე სენსაციურმა განცხადებამ, გრენლანდიის შემოერთების შესახებ ის შედეგი გამოიღო, რომ....... დანიის სამეფო გერბი შეიცვალა!

 გრენლანდია დანიის სამეფოში შედის ავტონომიის უფლებებით. დღემდე დანიის სამეფო გერბზე გამოსახული იყო სამი გვირგვინი - XIV საუკუნის უნიის აღსანიშნავად დანიას, ნორვეგიას და შვედეთს შორის. ამ ისტორიულ უნიას ეწოდება „კალმარის უნია“. მაგრამ ახლა დანიის ჰერალდიკურმა საბჭომ გადაწყვიტა (სწორედ ტრამპის განცხადების შემდეგ გადაწყვიტა), ეს სამი გვირგვინი მოაშოროს გერბს და სამაგიეროდ მიუმატოს დანიის სამეფოს ტერიტორიული ერთეულების, მათ შორის გრენლანდიის სიმბოლოები.

გრენლანდიის შემთხვევაში ეს არის თეთრი დათვი.

დანიის არც ერთ ოფიციალურ პირს არც ერთი განცხადება არ გაუკეთებია ტრამპის კომენტირებით, მაგრამ სრულიად ცხადია, რომ დანიური ელიტები შეშფოთებულნი არინ ამერიკის მომავალი პრეზიდენტის განცხადებით.

ბუნებრივია, ისევე როგორც კანადის ელიტები არ დაეთანხმებიან არასდროს თავისი მძლავრი და აყვავებული, მსოფლიოში გავლენიანი სახელმწიფოს გაუქმებას (უბრალოდ ლაპარაკიც კი ზედმეტია ამაზე!!!) ასევე დანიის ელიტები არასდროს დაეთანხმებიან, რომ მათი სამეფოს ნაწილი გადაეცეს სხვა სახელმწიფოს....... ნებისმიერ ფასად!

რაც არ უნდა გადაიხადოს ტრამპმა, თუმცა ფასზე მას არც არაფერი უთქვამს.

დანიის სამეფო ოჯახს არავინ ჰკითხავდა რასაკვირველია ჰერალდიკურ ცვლილებებს. ეს სამეფო სახლი დანიაში ისეთივე სიმბოლურ როლს ასრულებს, როგორც დიდ ბრიტანეთში.

თუმცაღა სამეფო ჰერალდიკაში ცვლილებები ძალიან რთული საქმეა და ცუდ ტონადაც ითვლება, როცა ლაპარაკია ისტორიული „უნიის“ სიმბოლოს ამოღებაზე და ტერიტორიული სიმბოლოების ჩამატებაზე.

ეს არ არის ტოლფასი ცვლილება:

მონარქია, თუნდაც კონსტიტუციური ხომ ტრადიციას ეფუძნება?!

თუმცა..... მეორეს მხრივ...... როგორც ერთხელ უკვე ვთქვით, ძალიან უცნაურად ჟღერს მოარული კითხვა: „ასე სერიოზულად რატომ მოეკიდნენ ტრამპის ნათქვამს გრენლანდიაზეო და.....“

კი მაგრამ, აბა როგორ უნდა მოეკიდონ პასუხისმგებელი ელიტები ერთადერთი გლობალური ზესახელმწიფოს პრეზიდენტის სიტყვებს?

„მერე რაო“?

 

გუშინ დონალდ ტრამპმა თქვა, რომ მუდმივი კონტაქტი და დიალოგი აქვს ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან ოღონდ არა პირდაპირ, არამედ „წარმომადგენლების“ მეშვებით.

იმედიც გამოთქვა, რომ „ამ ძლიერ და Powerful ლიდერთან მომავალში წარმატებთ იმუშავებს, თუმცა ეს დიალოგი და თანამშრომლობა „ორმხრივი მოძრაობის ქუჩა არისო“

მივაქციოთ ყურადღება არსებით ნიუანსს: ტრამპი არ აკეთებს ტაივანის დამოუკიდებლობის შესახებ ისეთ სენსაციურ განცხადებებს, რასაც აჟღერებს გრენლანდიასთან ან კანადასთან დაკავშირებით.

ანუ ამერიკის პოტენციურ მტერს ბევრად ფრთხილად ეკიდება, ვიდრე ერთგულ და უღალატო მეგობრებს - მეზობელ კანადას (ამერიკის „უმცროს ძმას“ ყოველმხრივ) და NATO-ს წევრ დანიას, რომელიც რასაკვირველია არ ეტყოდა ტრამპს უარს გამოეყენებინა გრენლანდია ნებისმიერი სამხედრო-სტრატეგიული საჭიროებისთვის იმავე ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ფარგლებში, თუ ვაშინგტონს მიაჩნია, რომ ამის საჭიროება არსებობს.

მიმართა დანიას ოდესმე ამერიკის გენერალიტეტმა და უარი უთხრეს?

დამკვირვებლები ვერ ხსნიან რითაა ეს ყოველივე გამოწვეული. უბრალოდ საგონებელში არიან და „ლოგიკურ ძაფს“ ვერ პოულობენ, ფაქტია.

მხოლოდ პოპულიზმით ეს ვერ აიხსნება: ათასი ამერიკელიდან შესაძლოა მხოლოდ ერთისთვის თუ იყოს არსებითი კანადის შემოერთება. არავითარი „თემა“ ეს ამერიკაში არ არის. მით უმეტეს მის „აქტუალობაზე“ ხომ ლაპარაკი ზედმეტია - არასდროს ყოფილა დღის წესრიგში 150 წელია.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

 ჩრდილო კორეამ ახალი „ჰიპერბგერითი“ რაკეტა გამოცადა.

დიქტატორ კიმის თქმით, ამ რაკეტას ნებისმიერი „საზენიტოს“ გვერდის ავლა შეუძლია.

დამკვირვებელთა აზრით, ეს არის „ფასი“, რაც რუსეთმა გადაიხადა რამდენიმე ათეული ათასი კორეელი „საზარბაზნე ხორცის“ გაგზავნისთვის კურსკის ოლქში: მხოლოდ რუსეთს შეეძლო მიეწოდებინა ეს ტექნოლოგიები კორეისთვის. ჩინეთიც კი არ აკეთებს ამას, რაკი ღრმად არის დასავლეთთან და პირველ რიგში ამერიკასთან ეკონომიკური თვალსაზრისით ინტეგრირებული.

პუტინი კი თვლის, რომ დასაკარგი ბევრი აღარც არაფერი აქვს. მაინც ისედაც სანქცირებულია.

. . . . . . . . . . . . . . . . . . .

ყველანაირად ცდილობს პუტინი სანქციების გვერდის ავლას. მათ შორის სპორტული სანქციებისა.

საჩოგბურთო ტურნირზე Australian Open რუსი და ბელორუსი ჩოგბურთელები ნაციონალობის გრაფაში დეტერმინირებულნი არიან ერთი და იგივე აბრევიატურით RUS, რაც არა მგონია ბელორუსის ავტოკრატ ლუკაშენკოს მოეწონოს.

თუმცა ეს იმგვარი გაიძვერაა, იცის რა სიტუაციაში გამოხატოს პროტესტი და როდის არა.

გუშინ გატყობინებდით, რომ 2022 წლის თებერვლის ბოლოს ზელენსკისთან საუბარში თვალთმაქცურად ბოდიშებს იხდიდა რუსული აგრესიისთის მისი ქვეყნის ტერიტორიიდან

 

შეგახსენებთ მნიშვნელოვან გარემოებას: ლუკაშენკო 1994 წელს ხელისუფლებაში მოვიდა (პრეზიდენტი გახდა) იმ დაპირებით, რომ ბელორუსს რუსეთთან ინტეგრაციის გზით წაიყვანდა, რასაც ბევრი პრორუსულად განწყობილი ბელორუსი და ბევრი რუსი „თარგმნიდა“, როგორც რუსეთის შემადგენლობაში ბელორუსის შეყვანას, ან, როგორც მინიმუმ, სსრკ მსგავსი რაღაც ახალი კავშირის შექმნას ცენტრით მოსკოვში, მაგრამ.....სულ მალე დადასტურდა, რომ ლუკაშენკოს, ისევე როგორც ბევრ სხვა ლიდერს პოსტსაბჭოურ სივრცეზე „ინტეგრაცია“ სხვაგვარად ესმოდა: „რუსეთმა გვასვას, გვაჭამოს, ბაზრები გაგვიხსნას, ფული მოგვცეს, სამაგიეროდ ჩვენ - რუსეთს დავუთმობთ სამხედრო ბაზებს და ვიქნებით სამხედრო თვალსაზრისით ლოიალურნი“.

ჰოდა „ლოიალურია“ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დროს.

 ზელენსკისთან კი ითვალთმაქცა იმ საუბრისას „მე რა შუაში ვარო“.

ზუსტად ასეთივე ტექნოლოგიას, სხვათა შორის, იყენებს კრემლის მიმართ სულ სხვა სტატუსის მქონე წარმონაქმნი: სეპარატისტული აფხაზეთი.

. . . . . . . . . . . . . . . .

ჩინეთში მორიგი ეპიდემიის აფეთქებაა: მეტაპნევმოვირუსი Hmpv, რომელიც ფილტვებს აზიანებს ისევე, როგორც Covid-19. ჯერ-ჯერობით არავინ იცის, რამდენად სახიფათოა და რამდენად აქვს პოტენციალი, მორიგ გლობალურ პანდემიად იქცეს.

. . . . . . . . . . . . . . . . . . .

ანეკდოტი: მოლდავეთის საფეხბურთო კლუბმა „დაჩიამ“ კონტრაქტი შესთავაზა დიდ კრიშტიანუ რონალდუს, რომელიც საუდის არაბეთის „ალ ნასრში“ თამაშობს და იქ  კონტრაქტი უმთავრდება.

კლუბის განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს კონტრაქტი (თანხა დასახელებული არაა) კრიშტიანუსთვის მომგებიანი იქნება, რადგან.....„დაჩიას“ ფერი ასევე ლურჯ-ყვითელია, რასაც რონალდუ საუდის არაბეთში მიეჩვია.

კარიერის დასრულების შემდეგ კი რონალდუს „დაჩიას“ საფეხბურთო აკადემიის პრეზიდენტობას შევთავაზებთო.

ხუმრობენ ასე როგორც ჩანს.....

 ამ ისტორიაში ყველაზე სევდიანი მაინც კრიშტიანუს სატრანსფერო ღირებულებაა: სულ რაღაც 12 მილიონი ევრო.

რამდენიმე წლის წინ ამ ლეგენდარულ ფეხბურთელს ნახევარ მილიარდად აფასებდა ზოგი.

„დროულად უნდა დაამთავრო კარიერა და არ იხარბო“ - წერენ ევროპელი მიმომხილველები.