საერთაშორისო მიმოხილვა. 7 ნოემბერი 2024 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 7 ნოემბერი 2024 წელი

დონალდ ტრამპის გამარჯვებაზე და ამ გამარჯვების მიზეზებზე ყველგან უამრავი რამ ითქვა და ეს არანაირი ექსკლუზივი არ იქნება.

ახლა საინტერესოა მხოლოდ ორი საკითხი:

 

ა) ვინ იქნებიან მისი ადმინისტრაციის წევრები, ანუ ვის დანიშნავს სახელმწიფო მდივნად, თავდაცვის მდივნად.....ამაზე დიდწილად იქნება დამოკიდებული მისი პოლიტიკა

 

ბ) ჯერ საკუთარ თავს შეიწყალებს მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებზე თუ ჯერ იმათ შეიწყალებს, ვინც უკვე იხდის სასჯელს 2021 წლის 7 იანვარს კონგრესის შენობაში შეჭრისა და ამერიკული (ასევე მსოფლიო) დემოკრატიის ტაძარში მოწყობილი „პოგრომის“ გამო.

 

გ) ასეთი „კომფორტი“, როგორიცაა ორივე პალატის ანუ მთელი კონგრესის კონტროლი, დონალდ ტრამპს პრეზიდენტობის პირველი კადენციის დროს (2016-2020წწ) არ ჰქონია.

ეს მას „ხელ-ფეხს უხსნის“ რათა ყველაფერი ისე გააკეთოს, როგორც მას უნდა და დემოკრატებს ვეღარაფერს დააბრალებს.

 

ჯერ ადრეა თითქოს ლაპარაკი საგარეო პოლიტიკურ ტრენდებზე დონალდ ტრამპით თეთრ სახლში, მაგრამ....ზოგი რამ ივარაუდება საკმაოდ მაღალი ალბათობით.

მაგალითად ის, რომ ტრამპის მთავარი პრიორიტეტი იქნება არა იმდენად უკრაინა, რამდენადაც ისრაელი, ახლო აღმოსავლეთი და ირანი.

ისრაელის ხელისუფლება და ამერიკის ებრაული ლობი ერთმნიშვნელოვნად ტრამპის მხარეს იყო ამ „კლინჩში“, რაც წელს ამერიკამ გადაიტანა.

შესაბამისად, დონალდი აუცილებლად შეეცდება გააძლიეროს წნეხი ირანზე და რაკი ამერიკელებს შეჰპირდა „არ ვიომებო“, ამის ერთადერთი ბერკეტია, კიდევ უფრო შეზღუდოს, საერთოდ გამორიცხოს ირანული ნავთობის ექსპორტი.

ჩინეთის მიერ ირანული ნავთობის შესყიდვას როგორ შეზღუდავს თუ ორმუზის სრუტეს არ გადაკეტავს რაც ომია?

მხოლოდ იმით, რომ ჩინეთი აღარ იყოს ესოდენ დაინტერესებული მაინცდამაინც ირანული ნავთობის შესყიდვით..... ეს კი მიიღწევა ნავთობის გაიაფებით.

და ამ დროს ტრამპი დაინტერესებული იქნება განა, რუსული ნავთობიც შეზღუდული იყოს გლობალურ ენერგო-ბაზრებზე?

კითხვები....კითხვები.....ძალიან რთული თამაშია მოსალოდნელი ერთდროულად ორ „საჭადრაკო დაფაზე“.

ისევ და ისევ, აქ ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული არა იმდენად თვით ტრამპის „საჭადრაკო ხელოვნებაზე“, არამედ თუ ვინ ეყოლება სახმდივანი და ის „სტაფი“ კონკრეტულად, ვინც უნდა „ითამაშოს“ On The ground.

 

ამერიკული მედია აქტიურად ავრცელებს ცნობას, რომ უახლოეს მომავალში (უკვე ნოემბერშიც კი) დონალდ ტრამპი კიევში, შემდეგ კი მოსკოვში გააგზავნის თავის წარმომადგენელს...... ვიღაც იდუმალ უცნობს, რათა გამართოს წინასწარი მოლაპარაკება, ანუ დიპლომატიურ ენაზე „ზონდირება“, ქართულად „ნიადაგის მოსინჯვა“ მომავალი Deal თაობაზე.

აქ უამრავი უცნობი დეტალია რასაკვირველია

არავინ იცის ვინ იქნება „მესენჯერი“ ან რას წარმოადგენს ეს Deal დონალდ ტრამპის გაგებით.

 რამდენიმე თვის წინ ტრამპმა მხოლოდ ის თქვა, რომ მისი აზრით “Any deal, even the worst deal, would have been better than what we have right now.”

ანუ „ნებისმიერი გარიგება, თუნდაც ცუდი გარიგება, უკეთესია იმაზე რაც ახლა გვაქვსო“

ძალიან საკამათო გამონათქვამია.

რა იგულისხმება კონკრეტულად და „პუნქტუალურად“, ალბათ მალე გავიგებთ

მაღალი ალბათობით, იგულისხმება „კორეული ვარიანტი“ ანუ დიდი ხნით, ისტორიულადაც კი „ფრონტის ხაზის გაყინვა“ ამჟამინდელ პერიმეტრზე და უკრაინის „გადარჩენილი“ ტერიტორიის დემოკრატიული განვითარება.

დათანხმდება ამას ზელენსკი? დათანხმდება ამგვარ Deal-ს პუტინი? საკითხავი აი ეს არის.

. . . . . . . . . . . . . . . . . . .

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გუშინ უკრაინამ დაარტყა რუსეთის სამხედრო-საზღვაო ბაზას კასპიის ზღვაში. რუსეთის სანაპიროზე.

ამ ბაზას ეწოდება Каспииск.

პატარა ქალაქიცაა იქვე.

უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 1700 კილომეტრია.

უფრო შორსაც კი დაურტყამს უკრაინის არმიას აგრესორისთვის, მაგრამ აქ რამდენიმე ნიშანდობლივი მომენტია:

ა) საზღვაო ბაზაზე დარტყმა, თანაც არა მიმდებარე ზღვაზე, მუდამ იწვევს განსაკუთრებულ რეზონანსს და ადასტურებს მეომარი მხარის შესაძლებლობებს იმაზე მეტადაც კი, ვიდრე 2 000 კილომეტრის მანძილზე სამხედრო აეროდრომის დაბომბვა, რაც უკრაინას უკვე არაერთხელ განუხორციელებია. კასპიის ზღვას კი პირვეალდ „მისწვდა“

 

 ბ) კასპიის ზღვა არის მთავარი კომუნიკაცია ირან-რუსეთს შორის იარაღის გაცვლისა.

ანუ სწორედაც კასპიის ზღვიდან აწვდის რუსეთი ირანს ყველაფერს, რაც აიათოლების რეჟიმს ესაჭიროება არმიის გასაძლიერებლად და ასევე კასპიის ზღვის გავლით იღებს რუსეთი ირანისგან იარაღს. მათ შორის დრონებსა და რაკეტებს.

შესაბამისად, ამ დარტყმამ უმალვე შეიძინა „ახლო აღმოსავლური“, „ისრაელური“ განზომილება, რაკი ირანსა და ისრაელს შორის, შეიძლება ითქვას, „დაბალი ინტენსიურობის ომი“ მიმდინარეობს, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება გადაიზარდოს დიდ ომში - ამერიკის ჩართულობით.

 

არც არის გასაკვირი, რომ უკრაინამ ირანის ინტერესებს დაარტყა ასე პირდაპირ - ამით ისრაელის, ამერიკის მხარდაჭერაც დატესტა და ირანიც გააფრთხილა კრემლის სამხედრო დახმარებისთვის.

ირანსა და რუსეთს სხვა კომუნიკაცია არ აქვთ!

ეს უნდა გავითვალისწინოთ აუცილებლად, რადგან სახმელეთო ტრანზიტი საქართველოს ან აზერბაიჯანის გავლით გ ა მ ო რ ი ც ხ უ ლ ი ა. ამას ამერიკელები და ისრაელელები უბრალოდ არ დაუშვებენ არც ერთ და არც მეორე შემთხვევაში.

ისრაელის სამხედრო დახმარება აზერბაიჯანისთვის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი გახდა ყარაბაღის ტრიუმფალურად დაბრუნებაში

 

გ) უკრაინამ Каспииск-ზე დარტყმისთვის გამოიყენა აპარატი A-22 Flying Fox drones, რომელიც არც არის კლასიკური გაგებით „დრონი“: პილოტი არ ჰყავს რასაკვირველია, თუმცა ესაა პატარა თვითმფრინავი, პროპელერიანი, რომელსაც აღმოაჩნდა ერთი უძვირფასესი თვისება: ძალიან ძნელად შესამჩნევია რადარებისთვის.

ანუ ნელა დაფრინავს, სამაგიეროდ შორს დაფრინავს და რაც მთავარია, შეუმჩნევლად დაფრინავს რადარებისთვის.

კასპიის ზღვას რუსეთის არმია ძალიან აქტიურად იყენებს სწორედაც უკრაინის წინააღმდეგ აგრესიისთვის: კასპიის ზღვიდან ესვრიან Калибр-ის რაკეტებს რუსული სამხედრო გემები უკრაინის ქალაქებს.

კასპიის ზღვის ციდან ესვრიან უკრაინას ფრთოსან რაკეტებს რუსული სტრატეგიული რაკეტმზიდებიც.

. . . . . . . . . . . . . . . . . .

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტამ უმეროვმა (ეროვნებით თათარია, თუმცა უკრაინის პატრიოტი) The Financial times დაუდასტურა, რომ „კურსკის ოლქში მოხდა პირველი შეტაკება უკრაინულ არმიასა და ჩრდილო კორეელებს შორის“.

აქ რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალია:

უმეროვს არ დაუკონკრეტებია რამდენად ინტენსიური იყო ბრძოლა, დარჩა თუ არა მსხვერპლი ან ტყვეები, მაგრამ თქვა, რომ „ჩრდილო კორეელები ცალკე ქვედანაყოფი კი არ ყოფილან, არამედ შერეულნი იყვნენ“ რუსულ ქვედანაყოფში.

მეორე მნიშვნელოვანი დეტალი ისაა, რომ აშშ თავდაცვის მინისტრის, ლოიდ ოსტინის განცხადებით „თუ ჩრდილო კორეელები მონაწილეობას მიიღებენ საბრძოლო მოქმედებებში, ისინი იქცევიან ლეგიტიმურ სამიზნეებადო“ და ახალი ციფრიც დასახელდა ჩრდილო კორეელთა რაოდენობის უკრაინა-კურსკის ფრონტზე: 12 000.

 კაცმა რომ თქვას, ჩრდილო კორეას და მის დიქტატორ „კიმების ოჯახს“ მილიონიანი არმია ჰყავს. აბსოლუტური უმრავლესობა სიხარულით წავა საომრად იმ 2 000 დოლარისთვის, რასაც პუტინი გადაუხდის.

აქვე აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერი კონფიგურაციისას, როგორც არ უნდა განვითარდეს მოლაპარაკება ვაშინგტონს, კიევსა და მოსკოვს შორის „მშვიდობის კონფიგურაციაზე“ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობისას.....ძალიან სერიოზული საკითხი ანუ შესაძლებლობაც, არგუმენტიც და, იმავდროულად სისუსტეც იქნება ის, „რა უყონ“ კურსკის ოლქში გამაგრებულ დაახლოებით 20 000 უკრაინელ სამხედროს, რომელსაც რუსებმა ძვრა ვერ უყვეს. არც უცდიათ სერიოზულად, სანამ კორეელები არ ჩავიდნენ იქ.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . .

უდიდესი რუსული სამხედრო ქარხნის Уралвагонзавод თანამშრომელი, 32 წლის დანიილ მუხამედოვი (გვარს დავაკვირდეთ) ნიჟნი ტაგილის სასამართლომ 16 წლით ჩასვა ციხეში უკრაინის დაზვერვისთვის საიდუმლო ინფორმაციის მიწოდების გამო.

ამ შორეულ ქარხანაში მზადდება რუსული ტანკები Т-90М და Т-72. ანუ ნიშანდობლივია, რომ უკრაინა არა მხოლოდ „დრონებით“ სწვდება რუსეთის შორეულ ლოკაციებს, არამედ სპეცსამსახურთა „ხელითაც“.

კიდევ რამდენი ასეთი „წყარო“ ჰყავთ, ვინც რუსულმა სპეცსამსახურმა ვერ გამოავლინა, ვინ იცის?