ვაჟა ლორთქიფანიძე გაწირეს; სახელმწიფო მინისტრს ახალი სამსახურის პოვნა მოუწევს

ვაჟა ლორთქიფანიძე გაწირეს; სახელმწიფო მინისტრს ახალი სამსახურის პოვნა მოუწევს

        გუშინდელი დღე საქართველოს მთავრობისათვის დრამატული აღმოჩნდა. მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა კონსულტაციები პრეზიდენტსა და პარლამენტის ხელმძღვანელობას შორის. დილით ედუარდ შევარდნაძე შეხვდა მინისტრებს, რომლებმაც სულ ახლახან დაწერეს განცხადება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ.
        პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესაბამისად, თითქოს არაფერი მოასწავებდა მდგომარეობის გამწვავებას, მაგრამ საღამოს დადგა კულმინაციური მომენტი და მოხდა აფეთქება.
        სარწმუნო წყარომ პარლამენტიდან, რომელიც თავის მხრივ იმოწმებდა გუშინ გვიან ღამით პრეზიდენტთან გამართული თათბირის ერთ-ერთ მონაწილეს (პარლამენტარს) «7 დღეს» აცნობა, რომ ძალზე ემოციური განხილვის შედეგად პრეზიდენტი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ გარდაუვალია რადიკალური ცვლილებები მთავრობის შემადგენლობაში.
        იგივე წყარო პარლამენტიდან ამტკიცებს, რომ ედუარდ შევარდნაძემ მიიღო გადაწყვეტილება სახელმწიფო მინისტრის შეცვლის თაობაზე. მოსალოდნელია, რომ ის დასამტკიცებლად აღარ წარუდგენს პარლამენტს ვაჟა ლორთქიფანიძის კანდიდატურას. ყოველ შემთხვევაში, ასეთი შთაბეჭდილება გამოიტანეს დეპუტატებმა პრეზიდენტის ძალზე ცხარე განცხადებებიდან. მათი ინფორმაციით, შევარდნაძემ დაახლოებით ასეთი რამ თქვა: «ვაჟა ლორთქიფანიძე იყო ბრწყინვალე ელჩი, აპარატის ასეთივე შესანიშნავი ხელმძღვანელი, მაგრამ სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე მას უჭირდა (და საერთოდ არ შეეძლო) რადიკალური მათ შორის არაპოპულარული გადაწყვეტილებების მიღება».
        თუმცა, ვაჟა ლორთქიფანიძეს ალბათ შესთავაზებენ, კანდიდატურის წარდგენაზე თავად თქვას უარი. ახალი სახელმწიფო მინისტრის ვინაობა ჯერ-ჯერობით უცნობია. პარლამენტიდან იმავე წყაროს ცნობით, ახალი სახელმწიფო მინისტრის კანდიდატურის თაობაზე პრეზიდენტი დამატებით კონსულტაციებს გამართავს საპარლამენტო კომიტეტებისა და ფრაქციების ხელმძღვანელებთან.
        თანამდებობას ასევე გამოეთხოვება ფინანსთა მინისტრი დავით ონოფრიშვილი. სამაგიეროდ თანამდებობას შეინარჩუნებენ ე.წ. «ძალოვანები». გუშინ პრეზიდენტს უთქვამს, რომ ყველა მათგანს ბევრი ნაკლი აქვს, მაგრამ, რაც მთავარია, მათ პატრიოტიზმსა და «უღალატობაში» ეჭვი არ ეპარება.
        სათუოა სოფლის მეურნეობის მინისტრის საკითხი. შეინარჩუნებს თუ არა ბაკურ გულუა პორტფელს, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. სამაგიეროდ, უეჭველად შეინარჩუნებენ პოსტებს ირაკლი მენაღარიშვილი და ბადრი შოშიტაიშვილი, ოღონდ მრეწველობის მინისტრი შეიძლება დეპარტამენტის ხელმძღვანელადაც მოგვევლინოს.
        თათბირი გუშინ გვიან ღამემდე გაგრძელდა. ბოლოს პრეზიდენტს განუცხადებია, რომ არც ისე ბევრია მინისტრი, ვისაც შეიძლება პარლამენტისა და პრეზიდენტის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს.

7 დღე, 2 მაისი, 2000 წელი