საერთაშორისო მიმოხილვა. 8 ივლისი. 2024 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 8 ივლისი. 2024 წელი

საფრანგეთი დიადი ქვეყანაა.

დიადი დემოკრატიაც.

მაგრამ ის, რაც ახლა მოხდა საპარლამენტო არჩევნებზე, ცოტა არ იყოს კომიკურ შთაბეჭდილებასაც კი ტოვებს.

იმიტომ, რომ პირველად არ ხდება ამ ნამდვილად დიადი დემოკრატიის ისტორიაში, როცა მემარჯვენე-ექსტრემისტები არჩევნების პირველ ტურში დიდ წარმატებას აღწევენ, ამით შეშინებული ფრანგი ბიურგერები მეორე ტურში უპრეცედენტო აქტივობას ამჟღავნებენ და „ვაითუ ფრანგმა ნაცისტებმა გაიმარჯვონო“, გაფაციცებით, „ფართხა-ფურთხით-შიშნეულად“ მონაწილეობენ მეორე ტურში, რათა „ფრანგული დემოკრატია გადაარჩინონ“.

მაგალითად: 2002 წელს საფრანგეთის საპრეზიდენტო (და არა საპარლამენტო) არჩევნების მეორე ტურში გავიდა ამჟამინდელი ფრანგი ნაცისტების ლიდერის, მარინ ლე პენის მამა, ჟან-მარი ლე პენი.

 თუ ამომრჩევლის აქტივობა მეორე ტურში იქნებოდა დაბალი, ლე პენის „პასსიონარულ“ ამომრჩეველს ნამდვილად შეეძლო, თეორიულად „მიეყვანა“ ჟან-მარი ლე პენი ელისეის სასახლეში.

ის ჟან-მარი ლე პენი, რომელიც ამბობდა: „ებრაელების გაზის კამერებში ამოხუთვა“ მეორე მსოფლიო ომის დროს მხოლოდ „ეპიზოდი იყოო“.

2002 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ ატყდა ამბავი.......გადაირია ტრადიციულად ზემძლავრი ფრანგული პრესა.......ვინ აღარ გამოვიდა........ვინ არ მოუწოდა ფრანგებს „არ დაეღუპათ ქვეყანა“, „მისულიყვნენ არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მისაღებად“: „გადაარჩინეთ სამშობლოოოოოოოოო!!!“ - ასეთი იყო საერთო რეფრენი, სლოგანი, მესიჯი თუ რაც გნებათ.

მივიდნენ ფრანგები საარჩევნო ყუთებთან, გადაარჩინეს ქვეყანა (ბრჭყალების გარეშე - ნამდვილად გადაარჩინეს-დ.) და 2002 წელს პრეზიდენტი ჟაკ შირაკი გახდა.

ახლა განმეორდა დაახლოებით იგივე, ოღონდ უკვე საპარლამენტო არჩევნებზე: მარინ ლე პენის „ეროვნულ გაერთიანებას“, რომელიც სენსაციური წარმატებით გამოვიდა არჩევნებზე, ნამდვილად ჰქონდა შანსი, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგად მოეპოვებინა მანდატების უმრავლესობა, შესაბამისად ჩამოეყალიბებინა მთავრობა მაგრამ......ისევ ატყდა ამბავი......ვინ არ გამოვიდა პანიკური განცხადებით, ქვითინით, ტირილით....„ნუ დაღუპავთ სამშობლოს“....და ა.შ.

შედეგად, „გამოცხადებამ“ მეორე ტურში შეადგინა ლამის ისტორიულად უპრეცედენტო (ევროპული ქვეყნისთვის საპარლამენტო არჩევნებზე) 67%!

აქ ფრანგულ დემოკრატიას ნამდვილად დაეხმარა ფრანგული საარჩევნო სისტემის თავისებურება, როდესაც მეორე ტურში გადის არა მხოლოდ 2 საუკეთესო შედეგის კანდიდატი, არამედ ყველა კანდიდატი, ვინც 12% ბარიერი გადალახა.

უმრავლეს შემთხვევაში ეს იყო პრეზიდენტ მაკრონის პარტიის კანდიდატი, მარინ ლე პენის კანდიდატი და მემარცხენე „ფრონტის“ კანდიდატი.

შესაბამისად, პირველმა და მესამემ ერთმანეთის ამომრჩევლებს მოუწოდეს, ხმა მიეცათ იმ კანდიდატებისთვის, ვისაც მეტი შანსი ჰქონდა მეორე ტურში, ოღონდ კი მარინ ლე პენის პარტიის კანდიდატის წინააღმდეგ

 ამგვარმა მიდგომამ შედეგი გამოიღო: მეორე ტურის რეზულტატით, ემანუელ მაკრონის (ესე იგი მოქმედი პრეზიდენტის) პარტიამ მოიპოვა დაახლოებით 165-170 მანდატი (ბოლომდე, გამოწვლილვით ჯერ არ დათვლილა-დ.); მემარცხენე „ახალი სახალხო ფრონტი“ - დაახლოებით 180 მანდატი; მარინ ლე პენის „ეროვნული გაერთიანება“ დაახლოებით 150 მანდატი.

რეალურად ეს იმას ნიშნავს, რომ მომავალი ფრანგული მთავრობა იქნება „მემარჯვენე-მემარცხენე“ კოალიცია, რადგან ემანუელ მაკრონის პარტია ვერანაირად ვერ მოახერხებს მთავრობის ჩამოყალიბებას „მემარცხენეებთან“ ალიანსის გარეშე, ოღონდ......ვინ არიან ეს „მემარცხენეები“ ანუ „მემარცხენე სახალხო ფრონტი“? - ესენი არიან სოციალისტები, კომუნისტები, მწვანეები, მელანშონის მსგავსნი და რეჟისორ გოდარის თაყვანისმვემელი სოციოპათები, გიჟები და გადარეულები, რომლებიც კვლავინდებურად ცხოვრობენ XX საუკუნის საზრისული კონსტრუქტებით.

ანუ.....დავაკვირდეთ რა მოხდა: იმის შიშით, „ვაითუ ფრანგი ნაცისტები არ მოვიდნენ ქვეყნის სათავეში და საფრანგეთში სამოქალაქო ომი არ გაჩაღდესო“ (არაბებმა რამდენიმე ქალაქში პირველი ტურის შემდეგ უკვე მოაწყვეს „გამაფრთხილებელი ამბოხებანი“), ხელისუფლება გაუყვეს ფაქტობრივად „მემარცხენე ექსტრემისტებს“, რადიკალებს, ლამის კომუნისტებს, რომლებიც ყველაფერს გააკეთებენ, რათა საფრანგეთი, რომელსაც ისედაც უდიდესი პრობლემები აქვს საბიუჯეტო წესრიგის თვალსაზრისით, კიდევ უფრო მეტ ხიფათში ჩააგდონ საბიუჯეტო დეფიციტის ზრდით, სოციალური ხარჯების გაბერვით და ა.შ და ა.შ.

ეს ალბათ მაინც „ნაკლები ბოროტებაა“ – „მეტ ბოროტებასთან“ შედარებით. მაგრამ..... რა იქნება 2027 წელს, როცა საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს?!

 მარინ ლე პენმა განაცხადა, რომ აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას იმ არჩევნებში და იქ მეორე ტური თუ დაინიშნა, მხოლოდ ორი კანდიდატი გავა.

საფრანგეთი საპრეზიდენტო-საპარლამენტო რესპუბლიკაა.

 კონსტიტუციით, უმაღლესი მთავარსარდალი და პოლიტიკის განმახორციელებელი სწორედ პრეზიდენტია და არა მთავრობა.

 

 მთელი ამ უბედურების მიზეზი კი მაინც ის არის, რომ 1970-იანი წლებიდან დაწყებული საფრანგეთს ძალიან „აწვება“ დემოგრაფიული თვალსაზრისით აფრიკა.

ბევრ ფრანგს ეს არ მოსწონს.

 ამგვარი „არმოწონება“ კი იმანენტური თვისებაა და მხოლოდ პოლიტკორექტულობით არ აღმოიფხვრება:

 არიან ფრანგები, რომლებიც ამაყობენ, რომ არაბმა ზინედინ ზიდანმა და აფრიკელმა მარსელ დესაიმ მოუპოვათ ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონობა 1998 წელს;

თუმცა  ისეთი ფრანგებიც არსებობენ (და ბევრნი) ვისაც არ მოსწონთ, რომ საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე მატჩის წინ „მარსელიეზას“ შემსრულებელ ნაკრების წევრი 11 ფეხბურთელიდან მხოლოდ სამია ეთნიკურად ფრანგი.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ზოგიერთი ცნობით, უკრაინაში უკვე ჩავიდა 24 საბრძოლო თვითმფრინავი F-16, რომელიც ნიდერლანდმა გადასცა უკრაინის არმიას.

წინასწარ დასავლეთი არასდროს აცხადებს იარაღის „ადგილზე ჩასვლის“ შესახებ.

 ალბათ მაშინ გავიგებთ რეალურად, როდესაც უკრაინელები (მფრინავებს იგივე ნიდერლანდი ამზადებდა) On the ground დაიწყებენ ამ თვითმფრინავების გამოყენებას.

ნიდერლანდური პრესის მონაცემებით, ამ ქვეყანამ უკრაინას არა მხოლოდ 24 თვითმფრინავი გადასცა, არამედ 7 სათადარიგო ძრავაც.

ჰოლანდიაში რუსეთის ელჩმა დაიმუქრა: „ამას შედეგები მოჰყვებაო“ თუმცა ნიდერლანდის „საგარეომ“ ჩააკმენდინა ხმა: „ვერ შეგვაშინებთ სამართლიანობისთვის ბრძოლაშიო“.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . .

 რუსული ФСБ ამტკიცებს, რომ უკრაინული დაზვერვა ცდილობდა „დაევერბოვკებინა“ სტრატეგიული რაკეტმზიდ/ბომდამშენის Ту-22М3 მფრინავი, რათა მას თვითმფრინავი გადაეფრინა უკრაინაში.

ამის სანაცვლოდ მფრინავი იტალიის მოქალაქეობას მიიღებდა;

ანუ ეს სპეცოპერაცია, მაღალი ალბათობით, NATO-სთან და ამერიკელებთან შეთანხმებული იყო.

შესაძლოა ამჯერად მართლაც „ჩავარდა“ ოპერაცია, თუმცა მანამდე უკრაინამ და დასავლეთმა ნამდვილად წარმატებით განახორციელა სხვა ოპერაცია, როცა რუსმა მფრინავმა უკრაინაში გადააფრინა საბრძოლო ვერტმფრენი და ამის სანაცვლოდ არა მხოლოდ ფულადი სარგო, არამედ ევროპაში თავშესაფარი მიიღო.

ამან პუტინი პირდაპირ გააცოფა და მფრინავის უსასტიკესად დასჯა ბრძანა.

 ის მფრინავი თავად უპასუხისმგებლოდ მოიქცა: რუსეთიდან მეგობარი ქალი მიიწვია, ამ ქალს უჩუმრად „გამოჰყვნენ“ რუსული სპეცსამსახურები (ან მანამ ისიც „დაავერბოვკეს“) და ის მფრინავი მოკლეს.

ზოგადად, უკრაინაში მიმდინარე  საზარელი ომის პარალელურად,  გრძელდება სპეცსამსახურთა გააფთრებული ომიც მთელს მსოფლიოში რუსეთსა და დასავლეთს შორის.

 მათ შორის რასაკვირველია საქართველოშიც.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ბელორუსეთის „თავდაცვამ“ დაიწრუწუნა, უკრაინა ჩვენს საზღვრებთან სამხედრო კონტინგენტს აძლიერებს და ამას ასე არ დავტოვებთ, აუცილებლად ვუპასუხებთო.

თითქოს არ იციან, რატომ აძლიერებს უკრაინა თავის კონტინგენტს: ბელორუსიაში შეჭრას კი არ აპირებს, არამედ იქიდან ელის რუსული არმიის შემოტევას, როგორც 2022 წელს.

2022 წელს რუსულმა არმიამ უკრაინაში შეჭრა, კიევის ალყა იმიტომ მოახერხა, რომ ეს საზღვარი ფაქტობრივად დაუცველი იყო - უკრაინა არ ელოდა ასეთ მზაკვრობას ლუკაშენკოს მხრიდანაც კი.

ახლა ბევრად უკეთ არიან მომზადებულნი: უხვად დანაღმულია იქაურობა და საკმაოდ მძლავრი კონტინგენტიც დგას.

სხვათა შორის, პოლონეთში და არა მხოლოდ პოლონეთში აქტიურად განიხილება პროექტი, რომ უკრაინული ჯარები გადაისროლონ ბელორუსიის საზღვრიდან დონბასზე ან ყირიმის მიმართულებით, ხოლო ბელორუსიის საზღვარზე განლაგდეს პოლონური არმია ან NATO-ს წევრი რომელიმე სხვა ქვეყნის ქვედანაყოფები.

ეს ჯერ ჯერობით მხოლოდ პროექტია, თუმცა რეალურად არსებობს.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . .

CNN იტყობინება, რომ აშშ კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატიული უმცირესობის ლიდერმა Hakeem Jeffries ჩაატარა „სატელეფონო კონფერენცია“, რომლის დროსაც ათამდე კონგრესმენმა მას სთხოვა, მიმართოს ბაიდენს კანდიდატურის მოხსნისა და საპრეზიდენტო რბოლიდან „ჩახნის“ თაობაზე: „ვიღუპებით, ბაიდენი ან წააგებს ან მისი პრეზიდენტობა საწოლიდან კატასტროფა გამოვა ქვეყნისთვისო“

ანუ.... აქ კიდევ არაფერია გარკვეული და სერიოზული კრიზისი მწიფდება.

მით უმეტეს, რომ ფაქტია, ალტერნატივა „დემოკრატებს“ არ ჰყავთ. აბსოლუტურად ყველა სხვა კანდიდატი (ამაზე ბევრჯერ დაგვიწერია) 100% ალბათობით აგებს დონალდ ტრამპთან.

უგებს მას მხოლოდ „რესპუბლიკელი“ ნიკი ჰეილი, თუმცა „რესპუბლიკელი“ჰეილის დასახელება „დემოკრატიული პარტიის“ ნომინანტად ისეთი კატასტროფული გადაწყვეტილება იქნება, ამით „დემოკრატიული პარტია“ ჰარაკირის ჩაიტარებს ისტორიულად და........ თავადაც რატომ დათანხმდება ამას ნიკი ჰეილი, როცა სრულებით შესაძლებელია მშობლიური „რესპუბლიკური“ პარტიის კანდიდატი გახდეს 2028 წელს, - გაუგებარია.