ვის არ აძლევს ხელს საქართველოს დროშის შეცვლა?

ვის არ აძლევს ხელს საქართველოს დროშის შეცვლა?

 

    ალბათ ყველას გვახსოვს შესანიშნავი და ღრმააზროვანი ზღაპარი «შიშველი მეფე», რომელშიც აღწერილია, თუ როგორ გადაარჩინა სრული გამოტვინებისაგან მთელი ერი ერთმა პატარა ბავშვმა მხოლოდ იმით, რომ თქვა ის, რასაც ხედავდა; ანუ შესძახა: «კი მაგრამ, მეფე ხომ შიშველია?!». ამ შეძახილის შემდეგ ერი თითქოს გამოფხიზლდა და გაბედა ღიად ეთქვა ის, რასაც თავადაც კარგად ხედავდა.

    არ მეგულება საქართველოში თუნდაც ერთი ადამიანი (ალბათ დალტონიკების გარდა) რომელსაც ქვეყნის ამჟამინდელი ჰერალდიკა (დროშა, გერბი, ჰიმნი) მოსწონდეს. მაგრამ ხმამაღლა ამის თქმას თითქმის ვერავინ ბედავს იმის შიშით, რომ «ანტიეროვნულობაში» დასდებენ ბრალს.
    არადა, სამარცხვინოა იმის გახსენება, თუ როგორ შეადარა ერთხელ გადაცემა «წითელ კვადრატში» გაიძვერა რუსმა ჟურნალისტმა, საშა ლიუბიმოვმა (სხვათა შორის, საქართველოს დაუძინებელმა მტერმა, რომელსაც პოზიციას ვერ შეაცვლევინებს «მანას» ფესტივალის ორგანიზატორთა პატივისცემა) საქართველოს დროშა - აფხაზურ დროშას ყოველგვარი კომენტარის გარეშე. არძინბას დროშა გაცილებით უფრო ესთეტური იყო, ვიდრე საქართველოს სახელმწიფო ალამი.
    ეს არ არის სუბიექტური შეფასება, არამედ სწორედ ობიექტური ფაქტის დაფიქსირებაა. რა თქმა უნდა, სისულელეა იმის მტკიცება, თითქოს ამერიკის დროშა უფრო ლამაზია, ვიდრე ვთქვათ საფრანგეთისა ან პირიქით. ამგვარი მტკიცება მართლაც აბსურდია, რადგან ორივე ეს დროშა ესთეტურია. ჩვენს შემთხვევაში კი, საქმე სწორედ არაესთეტურობის პრობლემასთან გვაქვს.
    ადამიანმა სპეციალურად რომ სცადოს, ძნელად თუ შეძლებს ფერთა უფრო მეტად შეუხამებელი და ულამაზო კომბინაციის მოფიქრებას, ვიდრე ეს საქართველოს დღევანდელ დროშაზეა.
    საშინელებაა, მაგრამ ფაქტია: საბჭოთა სოციალისტური საქართველოს დროშა გარეგნულად უფრო ესთეტური იყო, ვიდრე დღევანდელი. ჩემი ღრმა რწმენით, ეს გარემოება საქართველოში ეროვნული მოძრაობის დამარცხების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორიც გახდა. არადა, შეადარეთ, მაგალითად, ლიტვის დროშა ან უკრაინის ან თუნდაც იმავე რუსეთისაც კი. ნურავინ იტყვის, თითქოს ამას მნიშვნელობა არა აქვს - სახელმწიფო სიმბოლიკის ესთეტურობას დიახაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის სახელმწიფოებრივი სრულფასოვნებისათვის.
    როგორ შეიძლება საქართველოს დროშაზე არ იყოს ნათელი ფერები?  როგორ შეიძლება საქართველოს დროშა იმთავითვე შავი არშიით იყოს დაღდასმული და მუდმივი პანაშვიდისთვის განგაწყობდეს? არადა, ბოლოს და ბოლოს, რა გაგვიჭირდა ქართველებს ამის ფასი? - ჩვენი მართლაც ღვთაებრივად ლამაზი ბუნების, ჩვენი მზის, ჩვენი მიწის პატრონებს?

    როგორც ჩანს, ეს პრობლემა საქართველოში ბევრს აღელვებს. სხვათა შორის, ჯერ კიდევ 1990 წელს, ახლადარჩეული უზენაესი საბჭოს სხდომაზე, ზვიად გამსახურდიამ განაცხადა, რომ საქართველოს სახელმწიფო სიმბოლიკა არაესთეტურია და უნდა შეიცვალოს.
    კერძოდ, მან მიუთითა, რომ გერბზე წმინდა გიორგი «თითქოს სისხლის გუბეში დაცურავს» და ამიტომ «მისი ფონი ცისფერი უნდა იყოს და არა შინდისფერი».

    დღესაც მიმდინარეობს გარკვეული პროცესი, რომელიც სიმბოლიკის შეცვლას ისახავს მიზნად. როგორც ცნობილია, საქართველოს კონსტიტუცია ავალდებულებს პარლამენტს, ორი წლის განმავლობაში მიიღოს ყველა «ორგანული კანონი», მათ შორის კანონი სახელმწიფო სიმბოლიკის შესახებ.
    მაგრამ აქ წმინდა ესთეტურ საკითხებში პოლიტიკური მომენტიც ერევა. დღევანდელ ხელისუფლებას ასეთი ნაბიჯის გადადგმისა ძალიან ეშინია, ვინაიდან არ სურს შინდისფერი დროშა მთლიანად ოპოზიციას «გადაულოცოს». ეს უკანასკნელი ხომ უეჭველად აიტაცებს მას და ხელისუფლებასთან დაპირისპირების სიმბოლოდ აქცევს. შეიძლება დარწმუნებით ითქვას, რომ პარლამენტს გარეთ დარჩენილი უკლებლივ ყველა პარტია დროშის შეცვლის კატეგორიული წინააღმდეგი იქნება. განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, «ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია», «მერაბ კოსტავას საზოგადოება» და ა.შ.
    მათთან ერთსულოვანნი იქნებიან ამ საკითხში «სოციალ-დემოკრატები» და «ქართველი კომუნისტებიც» კი. ამავე პოზიციას გაიზიარებენ ტრადიციონალისტებიც. რაც შეეხება «ეროვნულ-დემოკრატებს» ისინიც ძნელად თუ დაეთანხმებიან სიმბოლიკის შეცვლის იდეას - იმავე პოლიტიკური მოსაზრების გამო.
    ამ საკითხში ბევრი რამ ხელისუფლების სიმტკიცესა და სახელმწიფოებრივ ნებაზეა დამოკიდებული. თუ იგი არ შეუშინდება ოპოზიციის ისტერიკებს და მიიღებს მტკიცე გადაწყვეტილებას, საბოლოო ანგარიშით უეჭველად მოიგებს, რაკი მხარს დაუჭერს საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა, რომელსაც ნამდვილად აღარ სურს კვლავაც შეინარჩუნოს დამარცხებისა და არასრულფასოვნების სიმბოლო.

«მიმომხილველი», 16 იანვარი, 1996 წელი.