საერთაშორისო მიმოხილვა. 8 მარტი. 2025 წელი
ჩინეთის სამხედრო გემები ავსტრალიურ სიდნეისთან, 200 მილის მანძილზე ატარებენ მანევრებს.
საზღვაო მასშტაბებით ეს „იქვეა“.
უკვე სამი კვირაა ჩინური გემები წრეს წრეზე არტყამენ იმ ზონაში და ეს რასაკვირველია არის მუქარა ავსტრალიის მიმართ.
მოულოდნელი არ არის.
ბევრს უკვირდა კიდეც, რომ ჩინეთმა დიდი ხნის წინ არ დაიწყო ამგვარი მანევრები, როდესაც ვაშინგტონმა და ლონდონმა განაცხადეს AUKUS (Australia, UK, US) სამხედრო ალიანსის შეკვრა, რომელიც რა თქმა უნდა პეკინის „შესაკავებლად“ შეიქმნა და როგორც ბევრჯერ მოგახსენეთ წარსულში, ამ ალიანსის შესაკრავად ავსტრალიამ საფრანგეთიც კი გაანაწყენა: გაწყვიტა საფრანგეთთან მრავალმილიარდიანი კონტრაქტი დიზელძრავიანი წყალქვეშა ნავების ასაშენებლად და ამჯობინა ამერიკული ტექნოლოგიით ატომური წყალქვეშა ნავების აშენება ავსტრალიის საზღვაო ძალებისთვის.
ეს გასაგებია, მაგრამ.....AUKUS ბაიდენის დროს „შეიკრა“ და რაღა ახლა ატარებს პეკინი ამ სახიფათო და გამომწვევ მანევრებს სიდნეის ნაპირებთან, როცა თეთრ სახლში არა ბაიდენი, არამედ ტრამპია?
როგორც ჩანს ამოწმებს, რაზეა წამსვლელი ტრამპი გარდა რიტორიკისა იმ გლობალურ პაექრობაში, რასაც ჩინეთთან იწყებს.
და ისიც ანგარიშში ჩასაგდებია, რომ პეკინში თვლიან: უახლეს მომავალში უკრაინის პრობლემა იმდენად გამწვავდება, ტრამპს ავსტრალიისთვის აღარ ეცლება.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
ტრამპი აგრძელებს NATO-ს საწინააღმდეგო რიტორიკას. „მხოლოდ NATO-ს იმ წევრებს დავიცავთ, ვინც ბიუჯეტის მნიშვნელოვან წილს ხარჯავს თავდაცვაზეო“- განაცხადა გუშინ.
მერე დაამატა: „თქვენ გგონიათ ეგენი ჩვენ დაგვიცავენ რამე რომ იყოს?......“ და ჩაიცინა.
სამხედრო პროფილის Think Tanks აქვეყნებენ ევროპაში (!) ამერიკის სამხედრო პერსონალისა და ევროპული სახელმწიფოების სამხედრო პერსონალის რიცხოვნობის შესახებ ინფორმაციას:
ამერიკა - 80 000 სამხედრო
თურქეთი - 355 200
საფრანგეთი - 202 200
გერმანია - 179 850
პოლონეთი 164 100
იტალია 161 850
ბრიტანეთი 141 100
საბერძნეთი 132 000
ესპანეთი 122 200
უკრაინის არმია, ამჟამად 700-800 ათასია!
ეს ციფრები ბევრ რამეზე მეტყველებს.
გასაგებია, რომ მხოლოდ „ცოცხალი ძალა“ მით უმეტეს მხოლოდ Infantry ანუ სახმელეთო ჯარები არ არის გადამწყვეტი, თუმცა მაინც მნიშვნელოვანია.
ამერიკის არმია მთლიანობაში 1 მილიონ 284 ათასია. ოღონდ ეს ძალა მთელს პლანეტაზეა გაბნეული, ხოლო ევროპაში, ძირითადად გერმანიაში და იტალიაში - მხოლოდ 80 000.
კვლავ ვიმეორებ, რაკი ამას ამბობს ყველა სამხედრო სპეციალისტი და მეცნიერი: რა მრავალრიცხოვანი ავიაციაც არ უნდა გქონდეს, რა ფლოტიც არ უნდა გქონდეს, რა სამხედრო ტექნიკაც არ უნდა გქონდეს, დღესაც, ნებისმიერი დიდი ომის ბედს წყვეტს Infantry ანუ სახმელეთო ჯარები
. . . . . . . . . . . . . . . . . . .
The New York Post, რომელიც მნიშვნელოვანი რესურსია, თუმცა არ განეკუთვნება ამერიკული პრესის ფლაგმანებს, წერს, რომ უკრაინა მარტის ბოლოსთვის გეგმავს კურსკიდან ჯარის გაყვანას.
არ არის გამორიცხული ეს ვითარების „ზონდაჟი“ იყოს რადგან რასაკვირველია უკრაინის არმია და უკრაინის ხელისუფლება კურსკის ოლქის ხარკოვის ოლქთან მიერთებას ნამდვილად არ გეგმავდა.
სადავოდ სჭირდებოდა პუტინთან.
გააჩნია პუტინი რა დათმობაზე მოდის იმ მოლაპარაკებებზე, რაც საუდის სამეფოში იგეგმება.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
კურსკში ბრძოლები გრძელდება.
უკრაინა აქტიურად იყენებს ამერიკულ HIMARS, ხოლო რუსები - კორეულ „ბიორობოტებს“. „ჩრდილო კორეის სახალხო არმიის ჯარისკაცები“ რომ ჰქვიათ.
ყველა მათგანს რუსები უხდიან 1000-1500 დოლარს, თუმცა ისინი თვითონ ვერაფერს იღებენ - მხოლოდ კაპიკებს. დანარჩენი მიდის კორეის გენერალიტეტთან და კიმების რეჟიმის ბიუჯეტში.
Reuters პარასკევს გვიან ღამით დადო ინფორმაცია, რომ თითქოს უკრაინულ არმიას კურსკში „ალყა ემუქრება“.
. . . . . . . . . . . . . . . .
პუტინის გარემოცვა აქტიურად აწვდის ინფორმაციას დასავლურ რესურსებს (მაგალითად Bloomberg) იმ პირობების შესახებ, რის სანაცვლოდაც მოსკოვი დათანხმდება ცეცხლის შეწყვეტას უკრაინასთან ფრონტის ხაზზე:
პუტინი მზად არის შეწყვიტოს ცეცხლი, ოღონდ აქვს ერთი უცვლელი და უცვლადი პირობა: პ რ ი ნ ც ი პ ე ბ ი ს დონეზე მაინც უნდა იყოს წინასწარ შეთანხმებული საბოლოო დაზავების მოდალობა ანუ საბოლოოდ როგორ სრულდება კონფლიქტი: ზელენსკი გადადგება, ტარდება ახალი არჩევნები, იულია ტიმოშენკო (რომელთან კონტაქტებზეც მიანიშნა რესურსმა Politico) ხელს აწერს უკრაინის კაპიტულაციას და ა.შ. რა თქმა უნდა რუსეთის საწინააღმდეგო სანქციები ტოტალურად იხსნება.
საბედნიეროდ, ტრამპის გეგმა ეს არ არის. ტრამპის გეგმაა, რომ წყდება ცეცხლი და მხოლოდ ამის შემდეგ იწყება Substantial ანუ არსებითი მოლაპარაკება საბოლოო დაზავებაზე.
ევროპელებმა საკუთარი კორექტივი შეიტანეს ამ გეგმაში: სარაკეტო და დრონებით დარტყმები შეწყდეს ჯერ, ფრონტზე უკრაინული არმია ისედაც არ უშვებს რუსებს ქვეყნის სიღრმეშიო.
მოსკოვი ამასაც არ თანხმდება.
აქ სიტუაციის მთავარი მახასიათებელი ისაა, რომ გაურკვევლობა დიდხანს ვერ გაგრძელდება. ტრამპის „სტილიდან“ გამომდინარე, მას ეჩქარება „დადოს“ შედეგი და სიცხადეს მოითხოვს არა მხოლოდ კიევისგან, არამედ მოსკოვისგანაც.
ამაზე მეტყველებს ტრამპის გუშინდელი განცხადება, რომ არც რუსეთს აქვს სხვა გზა გარდა დაზავებისაო.
გუშინვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკული იარაღის მიწოდება უკრაინისთვის ნაწილობრივ გრძელდება მაინც.
და ტრამპის გარეშე ამას პენტაგონი ვერ გაბედავდა რასაკვირველია.
ასევე გრძელდება (მაინც) სადაზვერვო მონაცემების მიწოდება, რაც უკრაინის თავდაცვას ეხება და არა დარტყმებს რუსეთის ტერიტორიაზე.
მაგალითად უკრაინელები კვლავინდებურად იღებენ ინფორმაციას რუსული აეროდრომებიდან სტრატეგიული ბომბდამშენების აფრენის შესახებ.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ Starlink (ილონ მასკის კოსმოსური სანავიგაციო და სალოკაციო საკომუნიკაციო სისტემა) უკრაინაში ჩვეულებრივ აგრძელებს მუშაობას.
ანალიტიკოსები ასკვნიან, რომ ტრამპი ნელ-ნელა ხვდება: პუტინს იმაზე ნაკლებად უნდა დაზავება, ვიდრე თავს აჩვენებდა.
თუ რასაკვირველია „საკითხის ფასი“ უკრაინის სრული კაპიტულაცია არაა.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ამერიკულმა სპეცსამსახურებმა ამერიკის ტერიტორიაზე 2 მარტს დააკავეს ვინმე მუჰამედ შარიფულა, რომელსაც ბრალად ედება ავღანეთის ომის დროს ამერიკელი სამხედროების წინააღმდეგ ტრაქტების მოწყობა.
კონკრეტულად: ტერაქტისა 2021 წელს, რასაც 13 ამერიკელი სამხედრო და 170 მშვიდობიანი პრო-ამერიკელი ავღანელი ემსხვერპლა.
ამის შემდეგ ამერიკაში რა ჯანდაბა უნდოდა, მართლა გაუგებარია;
თუმცა ეს არ არის ყველაზე საინტერესო: FBI-მ ამერიკულ პრესაში „გაჟონა“ ინფორმაცია, რომ იგივე ტერორისტი ინსტრუქტაჟს უტარებდა ისლამისტური ორგანიზაციის „ვილაიათ ხორასან“ წევრებს, რომლებმაც შარშან, 2024 წლის 22 მარტს საზარელი ტერაქტი მოაწყვეს მოსკოვის საკონცერტო დარბაზ «Крокус»-ში და 145 ადამიანი მოკლეს.
კითხვა: FBI-ს ეს „გაჟონვა“ მოსკოვისა და ვაშინგტონის მორიგი Перезагрузка-ს ფაქტორი ხომ არ არის?
. . . . . . . . . . . . . . . . . .
ძალიან კარგი ამბავი ისაა, რომ დიდმა ბრიტანეთმა, როგორც ირკვევა, ოთხშაბათს უკრაინას ჩაურიცხა ერთი მილიარდი გირვანქა სტერლინგი რუსული „გაყინული„ აქტივებიდან დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე.
მოსკოვი ისტერიაშია და რუსული „გოსდუმის“ სპიკერ ვოლოდინის პირით ხავის, რომ თითქოს ეს „დაანგრევს ბრიტანული საბანკო სისტემისადმი ნდობას“ და ა.შ
ზუსტად არ არის ცნობილი, რა იგულისხმება ტერმინში Frozen Assets - დიდი ბრიტანეთის იურისდიქციაში (მათ შორის ოფშორებში) დაცული რუსული სახელმწიფო აქტივები თუ მოგება ანუ საპროცენტო დანარიცხი ამ აქტივებზე, რაც საკმაოდ დიდი თანხა შეიძლება ყოფილიყო.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
პირველად 15 წლის მანძილზე, ამერიკაში სიკვდილით დასჯის განაჩენი აღასრულეს დახვრეტის ფორმით.
იუტას შტატში დახვრიტეს ბრედ კეიტ სიგმონი, რომელმაც მეგობარი ქალის მშობლები ცემით მოკლა - ბეისბოლის ბიტა ურტყა სანამ არ გარდაიცვალნენ, მერე ის ქალი მოიტაცა. თუმცა იმას გაქცევა შეძლო და პოლიციას შეატყობინა.
სიკვდილით დასჯის ფორმა თვითონ აირჩია სამი ვარიანტიდან: დახვრეტა, ინიექცია და ელექტროსკამი.
სიკვდილამდე უკანასკნელი ვახშმის სახით შემწვარი ქათამი მოითხოვა.
ამერიკული ტრადიციით და ნარატივით, დღეს უკვე დახვრეტა „არაცივილიზებულ ფორმად“ ითვლება სიკვდილით დასჯისა, რაკი ბნელ, მათ შორის სამოქალაქო ომის პრაქტიკასთან „ილინკება“.
ამერიკის სამოქალაქო ომის დროს, XIX საუკუნეში, ელექტრობა არ იყო.
ჩამოხრჩობა კი აკრძალულია საერთოდ, რაკი ილინკება ლინჩის წესთან და შავკანიანთა ჟლეტასთან.
ამიტომ ეს სამი ვარიანტი დარჩა.
ოღონდ არცევანის საშაულებას ყველა შტატი არ აძლევს სიკვდილმისჯილს. იუტაშია ასეთი კანონი. სხვაგან ან ინიექციაა დაკანონებული, ან ელექტროსკამი ანუ გაზით მოგუდვა სპეციალურ კამერაში.