საერთაშორისო მიმოხილვა. 9 მაისი. 2024 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 9 მაისი. 2024 წელი

აფხაზეთის ე.წ. „პრეზიდენტმა“ ასლან ბჟანიამ თანამდებობიდან გადააყენა აფხაზეთის ე.წ. „საგარეო საქმეთა მინისტრი“ ინალ არძინბა.

გუშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს არძინბა დააპატიმრეს კიდეც; ყოველ შემთხვევაში დაკითხვაზე იყო დაბარებული და აფხაზეთიდან არ უშვებდნენ მოსკოვში -  რაღაც  „გამოძიებას“ იმიზეზებდნენ;

 თუმცა სარწმუნო წყაროთა ცნობით, მოსკოვიდან ბჟანიას დაურეკეს, მაგრად „შეჯორეს“ და იძულებული გახდა არძინბა აფხაზეთიდან მოსკოვში გაეშვა.

თანაც ეს არ არის პირველი შემთხვევა: რამდენიმე თვის წინ, როდესაც აფხაზეთის ე.წ. „პარლამენტმა“ მორიგ ჯერზე გადადო გაურკვეველი ვადით  „უცხოელი აგენტების კანონის“ მიღება, არძინბა პროტესტის ნიშნად აპირებდა გადადგომას, აფხაზეთიდან წასვლას, მაგრამ საზღვარზე აფხაზებმა არ გადაუშვეს და თანამდებობაზეც ლამის ძალით დატოვეს.

თან რაც ყველაზე საინტერესოა, აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ხშირად აკეთებდა განცხადებებს ისე, არძინბას არც უთანხმებდა.

მაგალითად, როდესაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუს მოქალაქეებს მოუწოდა არ ჩავიდნენ ტურისტებად აფხაზეთში „უსაფრთხოების არარსებობის გამო“, აფხაზეთის ე.წ. „საგარეომ“ მკაცრი საპასუხო განცხადება გააკეთა; ოღონდ ეს განცხადება არა ინალ არძინბამ, არამედ აფხაზეთის უშიშროების საბჭოს  მდივანმა, სერგეი შამბამ დაწერა. ინალს არც ჰკითხეს.

არძინბა  აფხაზ სეპარატისტულ ელიტას „ბუტაფორიად“ სჭირდებოდა.

მაგრამ მოსკოვს არ სჭირდებოდა იგი მხოლოდ „ბუტაფორიად“ და ცდილობდა არძინბას მეშვეობით განეხორციელებინა კრემლის და რუსეთის ინტერესები: „უცხოელი აგენტების კანონი“; „ახალი ათონის მონასტრის“ რუსული ეკლესიისთვის დაბრუნება; დიდი პრივატიზება რუსული კაპიტალის პრეროგატივით; ენგურჰესის რუსული კომპანიისთვის გადაცემა და ა.შ და ა.შ.

შესაბამისად, არძინბას „გაშვება“ შესაძლოა იქცეს „რეპერულ წერტილად“ ურთიერთობაში რუსეთსა და სეპარატისტულ აფხაზეთს შორის.

როგორც ჩანს უახლოეს მომავალში უნდა ველოდოთ „დამსჯელ“ ღონისძიებებს კრემლის მხრიდან, რომელთა ნაწილი უკვე ხორციელდება კიდეც. მაგალითად, სულ უფრო და უფრო მეტ აფხაზს აღარ უშვებენ რუსეთში, ართმევენ რუსულ პასპორტებს „საზღვარზე“ და ა.შ.

ინალ არძინბა აფხაზეთის პირველი სეპარატისტი პრეზიდენტის, ვლადისლავ არძინბას ახლო ნათესავია.  ზოგიერთი ცნობით მისი უკანონო (ქორწინების გარეშე) შვილიც კია.

წლების განმავლობაში პუტინის ადმინისტრაციაში მუშაობდა კრემლის ცნობილი პოლიტტექნოლოგის, ვლადისლავ სურკოვის მოადგილედ და პირველ რიგში უკრაინას კურირებდა.

სწორედ ინალ არძინბას „მოღვაწეობის“ შედეგია ის, რომ 2014 წელს უკრაინამ კინაღამ დაკარგა ოდესა და მთლიანად ოდესის ოლქი.

მიშამ სავიკ შუსტერის თოლქ-შოუში გამოსვლისას მას „ნაბიჭვარი“ უწოდა ამის გამო: «Вот этот вот  ублюдок…..»

როგორ განვითარდება მოვლენები ძნელი საპროგნოზოა: აფხაზური ელიტები არ აპირებენ მოსკოვის არც ერთი მოთხოვნის შესრულებას. 

მათ შორის არც „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონის მიღებას, რაკი უცხოურმა ორგანიზაციებმა 25 წლის მანძილზე მილიარდობით დოლარი დახარჯეს აფხაზეთში. იმაზე არანაკლები, რაც რუსეთმა დახარჯა.

მოსკოვს ეშინია რადიკალური ზომების მიღება სეპარატისტული აფხაზეთის წინააღმდეგ, რაკი აფხაზური ელიტები, მათთვის ჩვეული ეშმაკობით, აქცენტს აუცილებლად გადაიტანენ პუტინის პირად წყენაზე („აი პიცუნდას აგარაკი რომ მაინც სსაბოლოოდ არ მივეცით უპირობოდ და.....“) ანუ ამით „ითამაშებენ“ აწ განსვენებული ალექსეი ნავალნის „მოედანზე“ ისედაც ომით გადაღლილ რუსულ სოციუმში.

გარდა ამისა, აქვთ გარკვეული ლობისტური ბერკეტები ჩრდილო კავკასიაში, რუსულ „სახელმწიფო სათათბიროში“ და ა.შ.

ერთი რამ ცხადია აბსოლუტურად: აფხაზ სეპარატისტთა „თამაშები“ და „სპექტაკლები“ სულ უფრო მეტად უთხრის ნერვებს პუტინს.

ოღონდ როდის ამოხეთქავს ეს ბრაზი და რაში გამოიხატება - ჯერ არ ვიცით.

 . . . . . . . . . . . . . . . . . .

უახლოეს მომავალში პუტინი პეკინს ეწვევა ვიზიტით.

ეს არის ბუნებრივი „გაგრძელება“ ჩინელი ლიდერის, სი ძინპინის ტურისა „ევროპის გარშემო“ თუ შეიძლება სრულფასოვან ევროპად ჩაითვალოს უნგრეთი და სერბეთი.

მანამდე საფრანგეთში ვიზიტმა არანაირი შედეგი არ გამოიღო ჩინეთ-რუსეთის ტაქტიკური ალიანსის გახლეჩის თვალსაზრისით: სი ძინპინი კი ეხმარება რუსეთს სანქციათა გვერდის ავლაში, მაგრამ არ დავივიწყოთ, რომ ამგვარი „ფინტი“ პეკინისთისაც ძალიან მომგებიანია და სი ძინპინი ქველმოქმედებას სულაც არ ეწევა:

 ა) ასეულობით მილიარდი დოლარი შედის ჩინეთის ბიუჯეტში, რაკი ჩინეთი იქცა „ჰაბად“ რუსეთში „პარალელური იმპორტისა“.

თუკი სომხეთის ბიუჯეტი გაზარდა ოთხჯერ ამ „პარალელურმა იმპორტმა“, ხომ წარმოგვიდგენია ჩინეთის ბიუჯეტს რა სარგებელს მოუტანდა?! ჩინეთი ხომ ათჯერ და ოცჯერ მეტს ვაჭრობს რუსეთთან.

 

ბ) ჩინეთს შეუძლია რუსეთისგან მიიღოს ბევრი რამ, რაც თავად არ გააჩნია და რუსეთი რაშიც კვლავინდებურად ლიდერია: მაგალითად სარაკეტო ტექნოლოგიები, ბირთვული ტექნოლოგიები და ა.შ.

 . . . . . . . . . . . . . . . . . . .

Bloomberg აქვეყნებს ძალიან უცნაურ ანალიტიკურ მასალას, რომელიც იმდენად არაკომპეტენტურია, აშკარად არ ეკადრებოდა ესოდენ სერიოზულ რესურსს.

კერძოდ, Bloomberg აღწერს ბოლო დროინდელ ტენდენციას, როდესაც რუს მილიარდერებს „გააქვთ“ თავისი კაპიტალი დასავლური იურისდიქციებიდან (მათ შორის კვიპროსიდან, შვეიცარიიდან) და აბრუნებენ ისევ რუსეთში.

„დაბრუნებული“ კაპიტალის საერთო მოცულობა 350 მილიარდი დოლარია. ანუ კოლოსალური თანხა.

 „ნუთუ არ ეშინიათ, რომ პუტინის სახელმწიფო ამ კაპიტალის ნაციონალიზაციას განახორციელებსო?“ - განცვიფრებული კითხულობს და „იჩეჩს მხრებს“ ავტორი.

რამდენად ცუდად უნდა იცნობდე პუტინის რეჟიმს, ასევე შექმნილ ვითარებას, ესოდენ პრიმიტიული კითხვა დასვა!

სინამდვილეში, აბსოლუტურად გამორიცხულია პუტინის „ჩეკისტ-კაპიტალისტთა“ რეჟიმმა, რომელიც ოლიგარქებს ეყრდნობა, ამ მილიარდების  კონფისკაცია განახორციელოს.

იმ ტოტს ხომ არ მოჭრიან, რომელზეც სხედან?

პირიქით: რუს ოლიგარქებს ის უფრო აშინებთ ახლა,რომ დასავლეთმა შეიძლება განახორციელოს მათი აქტივების სრული კონფისკაცია, რაც დღემდე არ გაუკეთებია.

რა თქმა უნდა, კაპიტალის რუსეთში გადატანას ის რისკი ახლავს თან, რომ ამერიკამ და ევროკავშირმა ბოლოს და ბოლოს შესაძლოა დაბლოკონ რუსული საბანკო სისტემა მთლიანად და დოლარით ოპერირება აუკრძალონ (ეს დღემდე არ გაუკეთებიათ მიუხედავად უკრაინის თხოვნის და მოთხოვნისა), მაგრამ რუს მილიარდერებს, როგორც ჩანს, აქვთ განცდა, რომ ამის ალბათობა იმაზე ნაკლებია, ვიდრე შვეიცარიის ბანკებში მათი ავუარების კონფისკაცია.

სხვათა შორის, რუსი მილიარდერები, რომლებიც განცხრომით ცხოვრობდნენ ლონდონში, პარიზში და ასე შემდეგ, რუსული აგრესიის გამო სანქციების ფონზე კრუსუნებდნენ: „მოჯამაგირეების და სახლის დამლაგებლების ფულს ვეღარ ვიხდით, ეს რა დღეში ჩავვარდითო“. მაგრამ ეს იყო არა კაპიტალის კონფისკაცია, არამედ ამ კაპიტალით ოპერირების „გაყინვა“, რაც სხვაა.

ეს კიდევ უფრო უცნაუირია. თავად განსაჯეთ: ამ ფულის დასავლეთში გამოყენებას უბლოკავენ რუს მილიარდერებს, პლასტიკურ ბარათებს უყინავენ, მაგრამ......გადარიცხვებს არ უჩერებენ?!

ევროკომისიამ ამ მხრივ მხოლოდ ის გაბედა ჯერ-ჯერობით, რომ ევროკავშირში გაყინული რუსული სახელმწიფო (!) აქტივებიდან მოგებას, დაახლოებით 3 მილიარდ დოლარს გადასცემს უკრაინას, მაგრამ......როგორ განვითარდება მოვლენები, თუკი დონბასის ფრონტზე რუსული არმიის ტაქტიკური წარმატებები გადაიზრდება სტრატეგიულ შეტევაში ქალაქ დნეპრის, კიევის, ოდესას მიმართულებით?

მაშინ უკვე ყველაფერია შესაძლებელი. ანუ გაიზრდება ლბათობა რუს ოლიგარქთა კაპიტალის კონფისკაციისა.

სხვათა შორის, ანალიტიკოსები, ვინც იცნობს დასავლურ პოლიტიკურ კულტურას და პოლიტიკურ ტექნოლოგიას, მუდამ აღნიშნავენ, რომ დასავლეთი აგრესორების მიმართ მუდამ „ზომიერი“ და „თანდათანობითია“, რადგან მაშინვე თუ მიიღებენ ყველაზე რადიკალურ ზომებს, „მოსალაპარაკებელი“ ანუ პოლიტიკურად „სავაჭრო“ აღარაფერი დარჩება.

 . . . . . . . . . . . . . . . . .

EUobserver წერს, რომ EU აპირებს დაბლოკოს რუსეთის მხრიდან ევროკავშირში მედიისა და პოლიტიკური პარტიების დაფინანსება.

კი მაგრამ......ახლაღა აპირებენ ამას?

იმავე რესურსის ცნობით, პუტინმა დაახლოებით 300 მილიარდი ევრო დახარჯა ევროპული პარტიებისა და მედიის მოსასყიდად.

აქ პუტინი მოქმედებდა და მოქმედებს ძალიან ტექნოლოგიურად და „გველურად“: იგი ყიდულობს პატარა, რეგიონულ ტელევიზიებს, რაკი ახლა ციფრული ეპოქაა და ციფრულ მატრიცაში თუნდაც ათასობით TV შეიძლება არსებობდეს.

შემდეგ ამ ტელევიზიებს, ამ პროვინციულ მცირე გაზეთებს და საინფორმაციო სააგენტოებს იყენებს საინფორმაციო დივერსიებისთვის: გაუშვებს ფეიკს, შემდეგ სოციალურ ქსელებში  „ბუსტავს“ ამ ფეიკს ევროპულ რესურსზე დალინკვით, მისი მითითებით როგორც „წყაროსი“  და დიდი, სერიოზული ევროპული TV თუ სხვა რესურსებიც იძულებულნი ხდებიან ირეაგირონ. 

თუნდაც უარყოფის სახით, თუმცა მასობრივი კომუნიკაციის და სოციალური ფსიქოლოგიის თვალსაზრისით, ესეც „რეაგირებაა“.

 . . . . . . . . . . . . . . . . . .

სომხეთმა, გუშინდელი დღიდან, შეწყვიტა ОДКБ (Организация договора о коллективной безопасности) დაფინანსება.

მანამდე შეაჩერა წევრობა. „რატომ უნდა დავაფინანსოთ ორგანიზაცია, რომელიც არაფერში გვადგია აზერბაიჯანისგან თავის დასაცავად?“ - კითხულობენ სომხები აბსოლუტურად ლოგიკურად.

თუმცა ორგანიზაციას დემონსტრაციულად ჯერ არ ტოვებენ.

კარის ამგვარი „მქუხარე გაჯახუნება“ კიდევ წინ არის.

თუმცარა საქმე იქით მიდის ნამდვილად.