საერთაშორისო მიმოხილვა. 29 ივნისი 2022 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 29 ივნისი 2022 წელი

ჩვენ ბევრჯერ ვივარაუდეთ, რომ NATO და პირველ რიგში აშშ გამონახავდნენ არგუმენტებს `თაფლაკვერისა და მათრახის` პოლიტიკის ტექნოლოგიით, რათა დაერწმუნებინათ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიიფ ერდოღანი, მოეხსნა `ვეტო` ფინეთის და შვედეთის ალიანსში გაწევრებაზე.

ასეც მოხდა: მადრიდის სამიზტე, რომელიც გუშინ დაიწყო, ერდოღანმა პრინციპული (თუმცა ჯერ წინასწარი და არა საბოლოო) თანხმობა მაინც განაცხადა. მხოლოდ დეტალებია დასაზუსტებელი.

როგორც სჩანს შეპირდნენ ჯერ ერთი იმას, რომ შვედეთი და ფინეთი ქურთ სეპარატისტებს `თავზე ხელს აღარ გადაუსვამდა` და, რაც მთავარია, შეპირდნენ გენიალურ ამერიკულ ავიაგამანადგურებელ-ბომდამშენ F-35, რომლის მიწოდება პენტაგონმა შეწყვიტა მაშინ, როდესაც ერდოღანმა რუსული საზენიტო სისტემა С-400 შეიძინა.

ანუ ახლა ერთიც ექნება და მეორეც.

კვლავ აღსანიშნავია, რომ ეს უდავოდ დიდი პოლიტიკოსი ძააააალიან წარამატებით იყენებს მისი დიდი და ძლიერი ქვეყნის გეოპოლიტიკურ კოზირებს.

აბსოლუტურად არანაირ ეჭვს არ იწვევს უკვე, რომ მუსტაფა ქემალ ათათურქის (თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლის) მერე თურქეთს ასეთი ძლიერი, ისტორიული  ლიდერი არ ჰყოლია, როგორიც ერდოღანია.

თუმცა მისი საპრეზიდენტო ვადა უსასრულო არ არის.....

მერე რა იქნება ძნელი სათქმელია, რადგან თურქეთში არმია მუდამ ჩასაფრებულია, მუდმივად სამხედრო გადატრიალებებით იმუქრება -  ქემალ ათათურქის ანდერძის დარღვევისთვის.

ეს ანდერძი კი ისაა, რომ თურქეთი საერო პროევროპული სახელმწიფო უნდა იყოს და არა ისლამური.

ერდოღანი `ცივილიზებული ისლამის` პოლიტიკური კონცეპტის გამტარებელია.

ჯერ ჯერობით ნიჭიერად, მაგრამ მისი შემცვლელიც შეძლებს ასე ბალანსირებას ქვეყნის შიგნით და გარეთ?

. . . . . . . . . . 

აშშ 45-ე და ისტორიაში ალბათ ყველაზე კონტრავერსიული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისთვის ძალიან ცუდად და სახიფათოდ ვითარდება მოვლენები `6 იანვრის აჯანყების` გამომძიებელი კომიტეტის მოსმენებზე.

ეს კომიტეტი კონგრესის წევრებისგან და სენატორებისგან შედგება.

იგი იძიებს 2021 წლის 6 იანვრის მოვლენებში, - ესე იგი ტრამპის მომხრეთა კონგრესის შენობის დარბევაში - თვით დონალდ ტრამპის მონაწილეობას და მის როლს.

არის თუ არა ეს როლი იმ დონის, რომ ტრამპი დააპატიმრონ მინიმუმ ძალადობის პროვიცირების, მაქსიმუმ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისთვის. არც ერთი და არც მეორე ოფცია უკვე გამორიცხული არაა.

გუშინ პრეზიდენტ ტრამპის ერთ ერთმა თანაშემწემ, ქალბატონმა Cassidy Hutchinson - მა..... (ბოდიში ჟარგონისთვის) პირწმინდად `ჩაუშვა` ტრამპი და კომიტეტს მოახსენა, რომ დონალდ ტრამპმა არათუ იცოდა, რომ მოსალოდნელი იყო ძალადობა, არათუ იცოდა, რომ ბევრი მომიტინგე იქ ჯავშანჟილეტებით იყო მისული (ეს ამერიკაში იარაღად ითვლება), არამედ სურდა პირადად მიეღო მონაწილეობა მოვლენებში და კატეგორიული უარი განაცხადა რჩევაზე, მოეწოდებინა მომხრეებისთვის, არ ეცადათ რადიკალური ქმედებები. ანუ არ ეცადათ კონგრესში შეჭრა

ქალბატონ ხატჩინსონის თქმით, ტრამპის გუნდის, მათ შორის მისი ოჯახის წევრთა (მაგალითად ივანკა ტრამპი) უდიდესი ნაწილი ტრამპის პოზიციას მეტისმეტად რადიკალურად და სახიფათოდ აფასებდნენ. კიდევ უარესი: აფრთხილებდნენ, რომ კონგრესთან მიტინგზე მისულთა ერთ ნაწილს არათუ ჯავშანჟილეტები ეცვა, არამედ იარაღიც კი შეიძლებოდა ჰქონოდა. იქ იმ შტატებიდან ჩამოსული ხალხიც იყო, სადაც იარაღის ტარება აბსოლუტურად თავისუფალია და დაშვებული.

აქ გასათვალისწინებელია, რომ რეალურად ჰქონდათ თუ არ ჰქონდათ იარაღი  (არავის უსვრია მათგან) ამერიკული სისხლის სამაღთლის კოდექსისთვის უკვე არ არის არსებითი. იმიტომ, რომ რაკი პრეზიდენტს მრჩევლები (ანუ ოფიციალური პირები) აფრთხილებდნენ მას, - `შესაძლოა იარაღი ჰქონდეთო` და ეს ოფიციალური (!)  გაფრთხილება მან `დააიგნორა`, უკვე სისხლის სამართლის დანაშაულია ამერიკული კანონმდებლობით!

კიდევ უარესი: ქალბატონმა ხატჩინსონმა თქვა, რომ ტრამპს ამ გზით სურდა ძალისმიერი მეთოდებით ხელი შეეშალა (!) კონგრესში სენატორებისა და კონგრესმენებისათვის, რათა მათ არ დაემტკიცებინათ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი.

ეს უკვე პირდაპირი ბრალდებაა არა სამსახურეობრივი უფლებამოსილების არაჯეროვნად შესრულების, არა ძალაუფლების გადაჭარბების და ბოროტად გამოყენების (Abuse of power) არამედ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში!

მოწმის თქმით, ტრამპს წამოსცდენია ოვალურ კაბინეტში ერთი მწვავე დისკუსიისას ამ თემაზე:  `მე სულ არ მანაღვლებს, ისინი შეიარაღებულნი  არიან თუ არაო`.

კატასტროფა!

ამ თემამ უკვე აბორტის საკითხიც კი გადასწონა ამერიკის გრანდიოზულ მედია-სივრცეში და ნიშანდობლივია, რომ ტელეკომპანიებმა ლეგენდარული ჟურნალისტი, ბობ ვუდვორდი მიიწვიეს ეთერებში: 1972-1974 წლების `უოთერგეითის` სკანდალის გამომძიებელი-ჟურნალისტი, ვის გამოც  პრეზიდენტი ნიქსონი გადადგა და პრეზიდენტ ფორდს რომ არ შეეწყალებინა, ციხეშიც წავიდოდა უეჭველად - დემოკრატიული პარტიის შტაბ-ბინაში მოსასმენი აპარატურის დამონტაჟებისთვის.

სხვათა შორის, ნიქსონი სულ ბოლომდე ამტკიცებდა (ცხოვრების ბოლომდეც და უშუალოდ სკანდალის დროსაც), რომ მან არაფერი იცოდა ამ მოსასმენი აპარატურის დამონტაჟებაზე და არც ერთ მისი პირად მცველს ან თეთრი სახლის თანამშრომელს, ვინც მოსასმენი აპარატურა დაამონტაჟა სასტუმრო `უოთერგეითში`, იმდროინდელი გამოძიაბისას არ უთქვამს: პრეზიდენტთან შევათანხმეთო.....

აქ კი, ტრამპის თანაშემწე პირდაპირ იძლევა ჩვენებას: ტრამპმა არათუ იცოდა მისი მომხრეები შეიარაღებულნი შეიძლება ყოფილიყვნენ, არამედ  ამბობდა: `სულაც არ მანაღვლებს თუ არიან- ძალიანაც კარგი თუ სენატში კენჭისყრას ჩაშლიან და ბაიდენს შედეგებს არ დაუმტკიცებენო`.

ეს უკვე ტოტალური კატასტროფა - ჩერნობილი! Total disaster.

და მაინც ამაზე უარესიც კია, რომ როგორც ხატჩინსონის ჩვენებიდან ირკვევა, როდესაც ტრამპის მომხრე ათასობით WASP ამერიკელი ჯერ თეთრი სახლის წინ პატარა მდელოზე შეიკრიბა, ტრამპმა თეთრი სახლის დაცვას უბრძანა, ლითონმძებნელი დიდი დეტექტორები (რომელშიც უნდა გაიარო იარაღზე შემწომებისას ვთქვათ აეროპორტში) მოეხსნათ და გაეტანათ. ანუ აღარ შეემოწმებინათ აქვთ თუ არა ადამიანებს იარაღი....... აი ამის მერე კი, მოუწოდა მომხრეებს თეთრი სახლიდან დაძრულიყვნენ კაპიტოლიუმისკენ, ანუ კონგრესის შენობისკენ!

ერთადერთი, რამაც ახლა, ხატჩინონის ჩვენების შემდეგ, შეიძლება გადაარჩინოს ტრამპი ციხეს (და ესეც საეჭვოა) ისაა, რომ მოწმის თქმით, პრეზიდენტი კი აპირებდა კაპიტოლიუმთან გამართულ ბობოქარ მიტინგს შეერთებოდა პირადად და მისი დაცვა უკვე წმენდდა კიდეც გზებს, თუმცა სულ უკანასკნელ მომენტში გადაიფიქრა - ძალადობის დაწყებიდან რამდენიმე წუთით ადრე და თქვა: `არა, იქ აღარ მივალო`.

თუმცაღა......ტრამპი რომ იქ მისულიყო, შესაძლოა ხალხი კონგრესში აღარც შეჭრილიყო.

ანუ მას გაეცნობიერებინა საფრთხე (მათ შორის პერსონალურად მისთვის) და მომხრეებისთვის იქვე მოეწოდებინა, - შენობაში არ შეიჭრათო.

 მაგრამ ახლა (რაკი არ მივიდა), უკვე ისეთი ინტერპრეტაციის შესაძლებლოაბს ქმნის ეს `არმისვლა`, რომ პირიქით, სწორედ იმიტომ არ მივიდა, მომხრეებისთვის `ეცლია` - შეჭრილიყვნენ კონგრესის შენობაში და ჩაეშალათ კენჭისყრა ბიულეტენების დამტკიცებაზე.

ეს მისი არათუ ტაქტიკური, არამედ სტრატეგიული შეცდომა გამოდგა, რასაც შესაძლოა შეეწიროს კიდეც.

ძნელი სათქმელია, შეიწყალებს თუ არა ტრამპს ბაიდენი, თუკი FBI-მ აღძრა სისხლის სამართლის საქმე ან სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ან Abuse of power მუხლით. თვით სისხლის სამართლის საქმის აღძვრა რომ ამ მოწმის ჩვენების შემდეგ გარდაუვალია, უკვე ყველასათვის ცხადია.

ტრამპს იმუნიტეტი აღარ იცავს. ის აღარ არის პრეზიდენტი!

ცხადი ჯერ ის არაა, ბაიდენი გაბედავს თუ არა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების და 2022 წლის კონგრესის არჩევნების  წინ ასეთი პოლიტიკური ფიგურის, ოპოზიციური ლიდერის, ესოდენ  ქარიზმატული პოლიტიკოსის ციხეში ჩასმას. ანუ შეიწყალებს თუ არა. როგორც ფორდმა შეიწყალა ნიქსონი.

თუ არ შეიწყალებს, 100%-ით ციხე ელის ტრამპს!

თუმცა ჯერ-ჯერობით ტრამპს  ისე უჭირავს თავი, რომ ეს ყოველივე სულაც არ ანაღვლებს და ბოლომდე იბრძოლებს როგორც წელს შემოდგომაზე, - კონგრესის შუალედური არჩევნებისას, - ასევე 2024 წლის საპრეზიდენტოზე.

. . . . . . . . . . 

ვინმე ჯანსუღ ადლეიბამ, რომელიც სოხუმის ცენტრში (!) 17 დღე შიმშილობდა `ბენზინზე ფასების რუსულ ფასებთან გათანაბრების` კომიკური მოთხოვნით, შიმშილობა შეწყვიტა და განაცხადა: მასთან მივიდნენ პრეზიდენტ ბჟანიას წარმომადგენლები (აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი ედუარდ ბუტბა ასევე `პრეზიდენტის` ადმინისტრაციის უფროსი ალჰას კვიცინია) და დაპირდნენ: აფხაზეთში ბენიზნის ფასების რუსეთის ფასებთან გათანაბრების პრობლემა 2 კვირაში გადაწყდებაო.

ანუ რუსეთს მოელაპარაკა აფხაზეთის პრეზიდენტი  ბჟანია?

მერედა რის ფასად?

მოსკოვი ხომ მიწების და ბინების რუსებზე თავისუფალ ყიდვა-გაყიდვას მოითხოვდა?

ამ ფასად თუ `მოელაპარაკა` ეს კიდევ უარესი მისთვის - აფხაზეთში შეიარაღებული აჯანყება დაიწყება.

თუმცა მაღალი ალბათობით ადლეიბას უბრალოდ ატყუებენ და არაფერზეც არ მოულაპარაკიათ.

მასაც მოშივდა და შეწყვიტა  ეს სულელური შიმშილობა `დამოუკდიებელი აფხაზეთის დედაქალაქის` ცენტრალურ მოედანზე.

. . . . . . . . . . 

რუსეთმა ნამდვილად მიაღწია გარკვეულ სამხედრო წარმატებას დონბასზე - ლისიჩანსკთან და სევეროდონეცკთან, თუმცა უდიდესი დანაკარგის ფასად.  ამიტომ, ჩეჩნეთის მიკრო-დიქტატორმა,  რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ 4 ახალ ბატალიონს შექმნის ჩეჩნეთში. ანუ დამატებით დაახლოებით 4 000 ჩეჩენს აგზავნის იმ სასკლაოზე....არადა ამ მცირერიცხოვანმა ერმა რამდენი დაკარგა ბოლო 30 წლის განმავლობაში მოსკოვის მოწყობილი გენოციდის შედეგად?!

პუტინი უხვად  უხდის იქაურ უმუშევარ ახალგარზდობას, რათა საზარბაზნე ხორცად გამოიყენოს.

დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებშიც მობილიზაცია გამოაცხადა ადგილობრივმა მარიონეტულმა რეჟიმმა, რაკი თვით რუსეთში ვერ ბედავს მობილიზაციის გამოცხადებას.

დონბასელი ქალები ჩივიან: `ამხელაა რუსეთი და მხოლოდ ჩვენი ქმრები მიჰყავთ ომში და არა მოსკოველი ქალებისა.....თან გვატყუებენ: ბელორუსიაში სწავლებებზე წავიყვანეთო`.

. . . . . . . . . . 

ნელ-ნელა...ნელ-ნელა....მაგრამ განუხრელად იწყებენ მოქმედებას დასავლური ტექნოლოგიური სანქციები რუსეთის წინააღმდეგ: მაგალითად რუსული კომპანიები, რომლებიც დასავლური გაჯეტების (ტელეფონები, სხვა აპარატურა და ტექნიკა) შეკეთების ბიზნესში არიან ჩართულნი, ჩივიან, რომ რუსეთში ნებისმიერი აპარატურის  სათადარიგო ნაწილებს ვერ იშოვი....იძულებულნი არიან ძველი სათადარიგო ნაწილები გამოიყენონ. ისინიც თავდება..... ახალი ვერ შემოაქვთ.

რუსები, ბოლო 25 წლის მანძილზე, ისე მიეჩვიენ კარგ ტელეფონებს, კარგ პლანშეტებს, კარგ დიდ კომპიუტერებსა და ნოუთბუქებს, რომ ეს  ცხოვრებას გაუმწარებთ და პუტინზე აუცილებლად გაბრაზდებიან...... ამას მხოლოდ დრო სჭირდება.

თუმაცღა....პუტინმა ეს იცის და აუცილებლად შეეცდება მეზობელი ქვეყნების გამოყენებას სანქცირებული პროდუქციის ფარული ტრანზიტისთვის ან ფარულად და უკანონოდ შემოტანისთვის.

რომელი ქვეყანა იქნება ეს `შავი ხვრელი`?  - ესაა საკითხავი!